„გამოსვლები იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ოპოზიციის ეს ფრთა ელოდება“- ვახტანგ ძაბირაძე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 რატომ ვერ მოსთხოვს დასავლეთი ხელისუფლებას პასუხს სააკაშვილის დაკავებაზე

 თათია გოჩაძე

 წინასაარჩევნოდ Edison Research-ის კვლევის შედეგები ასეთია:ქართული ოცნება- 36%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 27%; გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 11%; ლეიბორისტული პარტია - 4%; ლელო - 4%; ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4%; ევროპული საქართველო - 2%; გირჩი - 2%; მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი - 2%; პატრიოტთა ალიანსი - 2% ელენე ხოშტარია - დროა - 1%; ანა დოლიძე - ხალხისთვის - 1%; მოქალაქეები - 1%; სხვა - 3%.

თბილისის მერის არჩევნები კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა კი ასე განაწილდა:

კახა კალაძე - 43%; ნიკა მელია - 30%; გიორგი გახარია - 12%; ანა დოლიძე - 6%;
ანა ბიბილაშვილი - 3%; სხვა - 6%.

IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით:ქართული ოცნება- 35%; ნაციონალური მოძრაობა - 30%; საქართველოსთვის - 9%; ევროპული საქართველო - 4%; ხალხისთვის - 4%; ლელო - 3%; მესამე ძალა - 3%; ლეიბორისტული პარტია - 3%;
გირჩი - მეტი თავისუფლება - 2%; პატრიოტთა ალიანსი - 2%; დროა - 1%; მოქალაქეები - 1%; სხვა პარტიები - 3%.

თბილისის მერის არჩევნები კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა, IPSOS-ის კვლევის მიხედვით, ასე განაწილდა: კახი კალაძე - 41%; ნიკა მელია - 36%; გიორგი გახარია - 13%; ანა დოლიძე - 4%; ანა ბიბილაშვილი - 2%; დანარჩენი კანდიდატები - 4%.

კვლევის შედეგებსა და სხვა პოლიტიკურ თემებზე „ვერსია“ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

 - სამწუხაროდ, საქართველოში კვლევები უფრო პოლიტიკური პიარის ელფერს იძენს, თუმცა ტენდენციები სწორია, თბილისში კანდიდატების განლაგება - კალაძე, მელია, გახარია, ჩემი აზრით, რეალურია, მაგრამ ვის რამდენი პროცენტი ექნება, კითხვის ნიშნის ქვეშაა. გახარიას შემოსვლამ მეორე ტურის ალბათობა გაზარდა, მაგრამ რომ არც იყოს მეორე ტური, ყველა ნეიტრალური თუ საექსპერტო წრე თვლის, რომ გამარჯვებული იქნება კალაძე და არ მგონია, მეორე ტურში ეს პოზიცია შეიცვალოს. არ ვფიქრობ, რეალობას შეესაბამებოდეს, რომ გახარიას ხმები მეორე ტურში მელიასკენ წავა. დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება და კალაძე მაინც გაიმარჯვებს, რადგან ის დღეს უალტერნატივო კანდიდატია.

- პარტიულ მონაცემებზეც ვისაუბროთ ანუ მმართველი ძალა, კვლევების მიხედვით, 40%-ზე მეტს ვერ აგროვებს, არადა, თავის დროზე, როცა მიშელის დოკუმენტში 43%-იანი ბარიერი ჩაიწერა, „ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ამ მონაცემზე მეტსაც აიღებდნენ. თუ კვლევის შედეგები გამართლდა და „ოცნებამ“ 40%-ზე ნაკლები აიღო, მოვლენები როგორ განვითარდება?

- გახარიას პოლიტიკაში შემოსვლამ კორექტივები აქაც მნიშვნელოვნად შეიტანა, გახარიას ხმების ძირითადი ნაწილი მაინც „ოცნების“ ყოფილი ხმებია. ამიტომ „ოცნებისთვის“ 43% საკმაოდ მძიმე ტვირთი აღმოჩნდა, მაგრამ პროცესები ჯერ არ დასრულებულა. ახლახანს, ძალიან საინტერესო რამ მოხდა, რაც ძლიერი დარტყმაა გახარიაზე ელექტორალური თვალსაზრისით. ეს არის ის ბილეთი, რომელიც ვიხილეთ და ვნახეთ, რომ კიევიდან ვიზიტორი ჩნდება არჩევნების დროს და ამაზე აწყობილია ახალი კამპანია. არ ვარ დარწმუნებული, რომ რეისი არ გადაიდება ან სხვა რამ მოხდება, მაგრამ საკმაო დროა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს ისევ მმართველი ძალის პოლუსზე. ვნახოთ, როგორ გამოიყენებენ ამას „ქართული ოცნება“ და ნაციონალური მოძრაობა და აქედან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ „ოცნებამ“ 43% აიღოს, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილის მიერ ჩამოსვლის დაანონსება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვს გაზრდის?

- დიახ.

- გახარიასთვის?

- ამიტომ ვთქვი, რომ ელექტორალური დარტყმა მიიღო გახარიამ და ის ხალხი, ვინც თვლიდა, რომ მისთვის უნდა მიეცა ხმა, დიდი ალბათობით, დაუბრუნდება მმართველ ძალას. სააკაშვილის ფაქტორი, როცა ლაპარაკია 2-ში, საღამოს ჩამოსვლაზე, მობილიზებას გაუკეთებს „ოცნების“ ამომრჩეველს, თორემ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ისედაც მობილიზებულია. ეს ფაქტორი წვრილი პარტიების ელექტორატს გადაანაწილებს არა „ნაციონალების“, არამედ, „ოცნების“ სასარგებლოდ.

- ბატონო ვახტანგ, ხედავთ საფრთხეს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლით საქართველოში ვითარება დაიძაბოს?

- თუ იმ სცენარის შემდეგ, რაც გათამაშდა, სააკაშვილი არ ჩამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მან ითამაშა ივანიშვილის თამაში. შეჩვეული ვიყავით, რომ აკეთებდა განცხადებას, მაგრამ არ ჩამოდიოდა, თუმცა რადგან გამოაქვეყნა ბილეთი, უარის თქმა და არჩამოსვლა ნიშნავს, რომ სიტყვა შეაშველა „ოცნებას“, 43% მიეღო, სხვა ლოგიკა არ არსებობს. რაც შეეხება შემდგომ პროცესებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენები გამოქვეყნდა და თქვეს,  ყველას გვისმენენო, საზოგადოებაში მუხტი არ აიწია და განწყობა საკმაოდ ინდიფერენტულია ანუ განწყობა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, არ არსებობს. თუ სააკაშვილი ჩამოვა და ხელისუფლება არ განახორციელებს მის იზოლირებას, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება, უბრალოდ, აბარებს ძალაუფლებას ოპოზიციას, ხოლო თუ ხელისუფლება შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და დააპატიმრებს, ჩემი შეფასებით, გამოსვლები იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი, როგორსაც ოპოზიციის ეს ფრთა ელოდება.

- საერთაშორისო მხარდაჭერაზე რას იტყვით, ბატონო ვახტანგ?

- როცა სააკაშვილმა ეს თქვა, დასავლეთში საკმაოდ ფრთხილი განცხადებები გააკეთეს. აქ პრობლემა გაცილებით მარტივია „ოცნებისთვის“, ვიდრე იყო მელიასთან დაკავშირებით. სააკაშვილის განაჩენი, დიდი ხანია, გამოტანილია და ეს მოულოდნელი არაა დასავლეთისთვის. რამდენადაც ვიცი, ეს განაჩენი არ გასაჩივრებულა, ყოველ შემთხვევაში, საქმე სტრასბურგამდე არ მისულა, ამიტომ არგუმენტი, რომ „ტყულად მომისაჯეს“, ამ შემთხვევაში, არ იმუშავებს. რა უნდა ქნას დასავლეთმა, არ აღასრულოს ხელისუფლებამ განაჩენი - ეს მოსთხოვოს? მელიას ვითარება სიტუაციურად სხვა იყო. ამასთან, კი ბატონო, დასავლეთი კრიტიკულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ასევეა განწყობილი ნაციონალების მიმართაც. დასავლეთი საქართველოს იმ საზოგადოების პოზიციას იზიარებს, ვისაც არც „ნაციონალები“ უნდა და არც - „ქართული ოცნება“. ამიტომ, რომ გითხრათ, დასავლეთის დიდი მხარდაჭერა ექნება პატიმარ სააკაშვილს-მეთქი, ასე არ მგონია. თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვა აბსურდული შეცდომები, ეს საპროტესტო ტალღა ერთ თვეში მინელდება და ჩაქრება. იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რუსთაველზე რამდენი კაცია, არამედ, იმ ხალხს სახლიდან რამდენი ადამიანი ეთანხმება. როცა ეს თანხვედრაა, მაშინ ხელისუფლების ბედი გადაწყვეტილია. 2012 წელს, ენმ-მ მთელი სტადიონი გაავსო, მაგრამ მთელი მოსახლეობა იმ სტადიონს, მაპატიეთ და, აგინებდა. ამიტომაც ვთქვი, რომ არჩევნებზე მივლენ, მაგრამ ქუჩაში არ გამოვლენ. ძალით თავს ხალხს ვერაფერს მოახვევ.

- ასე რომ იყოს, როგორ ფიქრობთ, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, ამას ვერ მიხვდებოდა?

- სააკაშვილის ტიპაჟის ლიდერისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება მომგებიანია. ამიტომ მას ან არასწორ ინფორმაციას აწვდიან, ან სხვა თამაშთან გვაქვს საქმე, რომელზეც მხოლოდ ვერსიებით შეგვიძლია საუბარი.