რას ურჩევს ნიკა მელიას და მოვლენების რა სცენარით განვითარებას პროგნოზირებს გია ხუხაშვილი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ვასაძეს დალხენილი პოლიტიკური ცხოვრება არ ექნება!“

 

 ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, რამაც შესაძლოა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი უფრო საინტერესო გახადოს... ციხიდან გამოსულ მელიას საკუთარ პარტიაში დიდი ვნებათაღელვა ელოდება - ენმ-ში ამჯერად პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხმა გამოიწვია განხეთქილება და ამ პროცესში, მოარული ხმით, მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამრიგად, საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებს პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც საპატიმროში პოლიტიკური პრობლემები ვერა, მაგრამ ზედმეტი კილოგრამები ნამდვილად დატოვა... მელიას გათავისუფლების მიუხედავად, ენმ 15 მაისისთვის მასშტაბურ აქციას ისევ აანონსებს, ყოველ შემთხვევაში, უკვე დაანონსებული აქცია ჯერ არავის გადაუტანია. საგულისხმოა, რომ 16 მაისს, მასშტაბურ მიტინგს პოლიტიკაში ახლადშემოსული რაინდი, ლევან ვასაძეც გეგმავს. მოკლედ, ერთსა და იმავე პერიოდში, ორი კარდინალურად განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური ძალა საპროტესტო აქციას რომ მართავს, ეს უკვე მოვლენების საინტერესოდ განვითარების სერიოზული ინდიკატორია... არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ექსპერტ გია ხუხაშვილს დავუკავშირდი და ვკითხე, რა შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლით:

 - დიაპაზონი საკმაოდ დიდია. წინასწარ ძნელი სათქმელია, მელიას საკმაოდ რთული ამოცანები აქვს უახლოეს პერიოდში გადასაწყვეტი და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გადაწყვეტს ამას, შეიძლება, მისგან მოხდეს სერიოზული პოლიტიკური მოთამაშის ფორმირება. თუ მოახერხებს პარტიაზე კონტროლის აღებას და ჩვენ ვხედავთ, რომ ენმ-ში, ორი საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობაა ანუ ერთმანეთისგან განსხვავებული, ორი ძირითადი ხაზი ვითარდება - თუ მელია კონტროლს აიღებს, გარკვეულწილად, შეავიწროვებს სააკაშვილის პოზიციებს და აღადგენს ოპოზიციაში იმ თანხმობას, რომელიც ბოლო დროს დაირღვა, შეიძლება, გახდეს სერიოზული მოთამაშე. თუმცა, ამის გაკეთება საკმაოდ რთული იქნება.

- ის თუ არის მნიშვნელოვანი, რა პოზიციას დაიკავებს მელია პარლამენტში შესვლაზე? - ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილების მიზეზი, ახლა, სწორედ ეს თემაა...

- რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. ოპოზიციაში ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა  პარლამენტში შევა. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურადაც სწორია იმიტომ, რომ შეურიგებელ წინააღმდეგობებზე გადასვლის პოლიტიკა არ ამართლებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ის ზომიერი და უფრო ზეპარტიული პოზიციებიდან გამოდის და რატომღაც მგონია, უფრო იქით გადაიხრება, რომ კრიზისი პარლამენტში გადატანოს. ის კი არა, რომ კრიზისი ჩაცხრეს, არამედ, კრიზისი საპარლამენტო ფორმატში გადავიდეს.

- ბატონო გია, 15 მაისისთვის, ენმ მასშტაბურ აქციას აანონსებს და გუბაზ სანიკიძემ საინტერესო რამ თქვა, ლევან ვასაძე იწყებს აქციებს და შესაძლოა, ოპოზიციას ქუჩა წაართვასო. რას იტყვით, ეს მოსალოდნელია?

 - ქუჩის წართმევა რა არის?.. იმასაც შეუძლია, გამოვიდეს და ამასაც...

- გასაგებია, მაგრამ მთავარი ისაა, ხალხი ვისთან გავა, ბატონო გია ...

- საერთოდ, აქციების დატოლება ძალიან მაგონებს ბავშვურ თამაშებს. კაცები რომ ატოლებენ რაღაცებს (იცინის)... სისულელე და პოლიტიკური ინფანტილიზმია იმიტომ, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობა საზოგადოების განწყობის სწორი ინდიკატორი არაა. ვასაძე, როგორც ვიცი, აქციის გამართვას 16-ში აპირებს და ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის ადგილზე, 15-ში აქციას არ ჩავატარებდი იმიტომ, რომ თუ ისინი გადადიან პრაგმატულ, საპარლამენტო ფორმატში, 15 მაისის აქცია, გარკვეულწილად, აზრს კარგავს. მით უმეტეს, 16-ში მოჰყვება ვასაძის აქცია, რაღაც ცუდი კავშირებია და რაც მთავარია, რადიკალურად დაპირისპირებული იდეოლოგიით. ასე რომ, პირადად მე, ჩავხსნიდი ამ საკითხს. აქციის ჩატარებას აზრი მაშინ ჰქონდა, სანამ მელია ციხეში იჯდა, ახლა კი გამოვიდა და ამ ფორმატს ახლა არ გამოვიყენებდი.

ცოტა ხანს ასპარეზი დავუთმოთ კონსერვატიულ ძალებს, შევხედოთ და გავიგოთ, მათ რა უნდათ.

- ისე, ლევან ვასაძეს როგორ პოლიტიკურ მომავალს უწინასწარმეტყველებთ? თუ თბილისის მერობის არჩევნებში მიიღებს მონაწიელეობას, გამარჯვების შანსი ექნება?

- ვფიქრობ, თბილისში არ იქნება ის ძალიან მოთხოვნადი იმიტომ, რომ ულტრაკონსერვატიული განწყობები თბილისში ნაკლებადაა. რა განწყობებზე ვსაუბრობთ? - რელიგიურ საფუძველზე აგებული ნაციონალიზმი, ევროსკეპტიციზმი, ანტიგლობალიზმი, ანტივაქსერი და ა.შ. მთელი ეს „ბუკეტია“.

- რუსეთთან დიალოგის მომხრეებიც არ დაგვავიწყდეს...

- კი, ევროსკეპტიციზმში, თავისთავად, ეს იგულისხმება. ერთმორწმუნეობის თემაცაა შემოსული... ასე რომ, ეს სერიოზული სეგმენტია ქართულ პოლიტიკაში და ამას არასერიოზულად არ უნდა შევხედოთ, მაგრამ ჯერ ბოლომდე კარგად გაზომილი არაა. ვფიქრობ, ეს 10-15%-ის ფარგლებშია, ქვეყნის მასშტაბით, თან ამასაც უნდა ათვისება და  კონკურენტიც ჰყავს „პატრიოტთა ალიანსის“ სახით, რომელსაც პოლიტიკაში მეტი გამოცდილება აქვს.

ასე რომ, ვასაძეს არ ექნება დალხენილი ცხოვრება ამ სეგმენტზე, მათ შორის, შიდა კონკურენციის თვალსაზრისით. დავაკვირდეთ მოვლენებს, ეს ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ არ მგონია, რომ უნდა ვილაპარაკოთ ვასაძის მიერ არჩევნების მოგებაზე ანუ 50%-ზე და ასეთ ციფრებზე. 10-15% არის მაქსიმუმი, ჩემი აზრით, რისი კაპიტალიზაციაც მას შეუძლია.