კ’ვარაცხეილა - იტალია ღირსია, კვარა ინგლისში წავიდეს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის საფეხბურთო ასოციაციამ გასული სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა. საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი ხვიჩა კვარაცხელიას ერგო და სწორედ ეს პრიზი გახდა მთავარი სკანდალის მიზეზი. არავინ დაობს, რომ გასული სეზონის მშვენება და საუკეთესო გოლი სწორედ ქართველი შემტევის იყო, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პრიზზე ჩვენებურის გვარში ორი შეცდომა იყო დაშვებული და ასე ეწერა - Khvicha K’varatskheila.

„ქართველ ჩემპიონს, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს, ნამდვილ ვარსკვლავს, ასევე სერია A-ს ნამდვილ რევოლუციონერს, უპატივცემულოდ მოექცნენ. ეს მეტყველებს, რა დონეზე დავეცით: საუკეთესო ფეხბურთელს, დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცეს პრიზი, რომელზეც მისი გვარი ორი შეცდომით ეწერა. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ კვარაცხელია პრემიერლიგაში, რაც შეიძლება მალე წავიდეს“, - ეს განცხადება ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო ძილიანიმ გააკეთა.

მის გარდა, სხვა ჟურნალისტებმაც აღნიშნეს, რომ იტალიის საფეხბურთო ასოციაციაში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ და მათ არათუ საუკეთესო გოლის ავტორის გვარი არ იციან სწორად, არამედ, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისაც. მოგეხსენებათ, მანამდე ხვიჩამ სწორედ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი ჩაიბარა.

8 დეკემბერს, კვარაცხელიას „ნაპოლი“ ტურინში „იუვენტუსს“ სტუმრობდა და ტურის მთავარი შეხვედრაც სწორედ ეს იყო. ნეაპოლელებმა მინიმალური სხვაობით წააგეს, თუმცა პირველი ტაიმის შუაწელს, კვარაცხელიას მეკარესთან პირისპირ გასვლის დროს რომ გაეტანა (და უნდა გაეტანა), არავინ იცის, მატჩის სცენარი როგორ განვითარდებოდა.

12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში, კვარაცხელიას „ნაპოლი“ პორტუგალიურ „ბრაგას“ მასპინძლობს და ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან მარტივი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - იტალიელებმა ორი ბურთით არ უნდა წააგონ და შემდეგ ეტაპზე გადიან.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე