საკალათბურთო ნაკრებში ზუროსის ეპოქა დასრულდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ილიას ზუროსზე დიდხანს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი არავინ ყოფილა და არც მასზე დიდი შედეგისთვის მიუღწევია ვინმეს. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობის წარმატებები იყო თავის დროზე B-დან A დივიზიონში გადასვლა, ევროპის ჩემპიონატზე პირველად და მას შემდეგ, ზედიზედ ოთხჯერ გასვლა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა პირველი და უპრეცედენტო შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობითა და სამწვრთნელო შტაბის დახმარებით მოახერხა“, - წერია კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართლაც, ბერძენმა სპეციალისტმა, რომლის მოხსნასაც არცთუ იშვიათად ითხოვდა ქართველი გულშემატკივარი, აქამდე შეუძლებელი შეძლო და ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშა, ჯგუფიდანაც გაიყვანა და საუკეთესო 16 გუნდშიც მოახვედრა. ეს ძალიან, ძალიან კარგია, მაგრამ პროგრესი გვჭირდება და მიღწეულის მიუხედავად, ნათლად ჩანდა, რომ ზურისის ხელში ნაკრები დამუხრუჭდა, ვეღარ ვითარდებოდა, წინ ვერ მიიწევდა და ცხადია, დღის წესრიგში ახალი სისხლის საჭიროება დადგა. კარგია, რომ ამას ფედერაციაც დროზე მიხვდა და იმედია, ზუროსის შემცვლელი ღირსეული იქნება, ისეთი, რომელმაც მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მყოფი საქართველოს ეროვნული გუნდი უნდა ჩაიბაროს.

„ბოლო რვა წელი ჩემთვის ფანტასტიკური მოგზაურობა იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას საოცარი მოგონებებისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ნდობისა და მხარდაჭერისთვის! წლების განმავლობაში, ნიჭიერ მოთამაშეებთან მუშაობა და განვითარება იყო პრივილეგია. ვგრძნობ, რომ ეს იყო პატივი, რადგანაც წარმოვადგენდი ასეთ მშვენიერ და ლამაზ ქვეყანას. ყველა შრომამ და მსხვერპლმა შედეგი გამოიღო და მსოფლიოს ტოპ-16 ქვეყანაში მოხვედრა აჩვენებს, რომ დისციპლინასა და მიზანზე ფოკუსირებას ასეთი შედეგის მოტანა შეუძლია. ყველას წარმატებას ვუსურვებ მომავალში და მოუთმენლად ველი ახალ გამოწვევებსა და სხვა ისტორიების შექმნას“, - ეს უკვე ილიას ზუროსის საპასუხო განცხადებაა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე