მამარდაშვილის ცუდი მატჩი, კვარაცხელიას თადარიგი და მიქაუტაძის ძირითადი - ქართული ლეგიონის გამოსვლა სანაკრებო თამაშებამდე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 და 19 ნოემბერს, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას გამართავს. სანამ ნაკრებში ჩამოვიდოდნენ, ეროვნული ლიდერებმა კლუბებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ლიდერები მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში, „რეალს“ სტუმრობდა. ქართველ მეკარეს მასპინძლებმა „ღია კარის დღე“ მოუწვეს და 5 გოლი გაუტანეს. მამარდას ყველაზე ცოტა, ორი ბურთის აღება მართებდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მისი გუნდის დაცვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მადრიდელები ქართველი კიპერის საჯარიმოში, როგორც სურდათ, ისე ლაღობდნენ. დაცვის ხაზს თუ არ მიხედეს ვალენსიელებმა, დარჩენილ ტურებში ძალიან გაუჭირდებათ.

თადარიგში დაიწყო „ემპოლისთან“ შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიამ. გუნდის თავკაცმა ლიდერის სათადარიგოთა სკამზე დასმა შემდეგნაირად ახსნა - ის მეორე ტაიმში შემოვა და ცეცხლს დაანთებსო. ხვიჩა მართლაც მეორე ნახევარში გამოჩნდა, ორჯერ გატანაც მართებდა, მაგრამ იმ დღეს სტუმართა კიპერი შეუვალი იყო და აკი, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. „ემპოლიმ“ მინიმალური სხვაობით იმარჯვა და ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საქართველოდან გაბრუნების შემდეგ, ახალი მწვრთნელი დახვდეს. რუდი გარსიას ხელში, იტალიის მოქმედი ჩემპიონები ისე ვერ თამაშობენ, როგორც გულშემატკივარს და კლუბის პრეზიდენტს სურს და სწორედ აღნიშნულ მატჩამდე წერდა იტალიური მედია, „ემპოლისთან“ შეხვედრა გარსიასთვის გადამწყვეტი იქნება, თუ ვერ მოიგებს, კარისკენ მიუთითებენო.

როგორც იქნა, „აიაქსის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა გიორგი მიქაუტაძე. ჟორჟმა „ალმერესთან“ გასვლით შეხვედრაში პირველი ტაიმი ითამაშა, მეორე ნაევარში კი მწვრთნელმა შეცვალა. მისი ასპარეზობა მოკლედ რომ მიმოვიხილოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის თანაგუნდელებთან შეთამაშებული არ არის, თანაც რამდენჯერმე ხელსაყრელ პოზიციაში გაიხსნა და ფეხბურთელებმა პასი ან საერთოდ არ მისცეს, ან დაუგვიანეს და ძალიან კარგი იქნება, თუ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გიორგი კვლავ „მეცში“ დაბრუნდება. ფრანგულმა კლუბმა მისი იჯარით აყვანის თაობაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო.

და ერთიც - ნაკრების წევრმა, აზერბაიჯანულ „საბაჰში“ მოთამაშე დავით ვოლკოვმა, ზედ სანაკრებო შეკრების წინ, „თურანთან“ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და საქართველოში აშკარად გადასარევ ხასიათზე ჩამოვიდა.

 

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე