როგორ უნდა დაუკანონოს იუსტიციის სახლმა დევნილებს ოკუპირებულ სოხუმში ბინები - ადვოკატის განმარტებები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„დღეს იუსტიციის სახლს მივმართე სოხუმში ქონების რეგისტრაციის მოთხოვნით. კი, ოკუპირებული ტერიტორიაა, მაგრამ იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები დაიცვას სახელმწიფომ, ვფიქრობ, უარი არ უნდა მივიღო იმიტომ, რომ ოკუპირებულია... შენობა დგას. საკუთრების უფლებას ვადასტურებ დოკუმენტურად... აბა, შენ იცი, სახელმწიფოვ!“.

დეტალების გასარკვევად „ვერსია“ კონსტანტინე გელაშვილს დაუკავშირდა:

„ამ შემთხვევაში, მაქვს კონკრეტული მტკიცებულება, რომ ადამიანს ჰქონდა იქ ქონება, ანუ დოკუმენტურად დასტურდება. ეს ადამიანი გარდაიცვალა და მემკვიდრეებს გაუჩნდათ სურვილი, მიიღონ სამკვიდრო ქონება, რომელიც აფხაზეთში დარჩა. გაკეთდა სამკვიდრო მოწმობა ნოტარიუსის დახმარებით, რომ ნამდვილად ფლობდნენ ეს ადამიანები იქ ქონებას. მივმართე რეესტრს იმისთვის, რომ ეს ქონება დარეგისტრირებულიყო.

ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ყველა მოქალაქის ქონებრივი უფლების გარანტიას, მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა. საქართველოს კონსტიტუციაში რაიმე შეზღუდვა, რომ ოკუპაციიდან გამომდინარე არ არის დაწესებული, ვინმეს რამე შეზღუდვა ჰქონდეს. ნებისმიერი კანონი, დადგენილება ან ბრძანება, რაც კი ქვეყანაში სამართლებრივი აქტია, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ იუსტიციის სახლმა აუცილებლად უნდა განახორციელოს რეგისტრაცია. მით უმეტეს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაქვს ინტერესი კორპუსში მდებარე ბინაზე. კორპუსი რომ ნამდვილად არსებობს, ამის მარტივად დადასტურება შეიძლება ბევრი ხერხით, თუნდაც, დავუშვათ, რომ სხვა ვინმეა ახლა დაპატრონებული ამ ბინას, მას ხომ ბუნებრივია, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ამისა და შესაბამისად, რეესტრს ვალდებულება აქვს, დაადგინოს, რომ ამ ქონების მესაკუთრე ნამდვილად მემკვიდრეა“

ადვოკატის თქმით, ეს საქმე შესაძლოა, კარგი პრეცედენტი გახდეს:

„ თუ მანამდე არ გაუკეთებია სახელმწიფოს ეს და ინფორმაცია არ მაქვს, სამწუხაროდ, ამის შესახებ... იყო საუბარი, რომ გარკვეული მონაცემები, საკადასტრო ფენები არ არის იქ გაკეთებული, რადგან შესაბამის სამსახურებს იქ ამაზე წვდომა არ აქვთ. ამიტომ შეიძლება შემაფერხებელ გარემოებად რეესტრმა ეს მოიტანოს. სიმართლე გითხრათ, დიდი ოპტიმიზმით არ ველოდები გადაწყვეტილებას, რომ მაინცდმაიანც დადებითი იქნება. თუმცა იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო დაუშვებს ასეთ რამეს, რომ თუნდაც, აზომვითი ნახაზის გარეშე, გააკეთოს ეს რადგან ნამდვილად  დოკუმენტი ამაზე შემონახულია.

 მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთში არქივი განადგურდა და ძალიან ბევრი ადამიანი, დოკუმენტების გარეშე, წამოვიდა იქიდან, მაგრამ მათ, ვისაც წამოღებული აქვთ საკუთარი ბინის ორდერები ან სხვა ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ფლობდნენ ქონებას, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს საკმარისი საფუძველი , რომ გარკვეული ბაზა შიქმნას ამ ადამიანებისთვის სამომავლოდ. ყველა იმედით ველოდებით ოკუპაციის დამთავრებას და შემდგომში, უფრო გამარტივდება ყველაფერი ეს.

აქედან გამომდინარე,  ძალიან დიდი ინტერესით ველოდები რეესტრის გადაწყვეტილებას და წესით, უნდა მივიღო პასუხი მომავალ კვირაში. მიღებისთანავე გამოვაქვეყნებ აუცილებლად, რადგან საზოგადოების ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს პოსტს ამ საკითხზე სოციალურ ქსელში.“

ადვოკატი განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს გაიცემოდა ორდერები ბინებზე და საარქივო ცნობები იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მფლობელობაში ჰქონდათ მოქალაქეებს გადაცემული:

 „შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ამ ორდერების საფუძველზე კეთდებოდა პრივატიზება ქონებისა და დანარჩენ საქართველოში ბინები ამ პრივატიზების ხელშეკრულებით აქვთ გადაცემული პირებს. პრივატიზება, ბუნებრივია, აფხაზეთში არ და ვერც მოხერხდებოდა, მაგრამ საკმარისი საბუთები ნამდვილად არის იმისა, რომ სახელმწიფომ გარკვეულ მონაცემთა ბაზაში მიუთითოს, რომ კონკრეტულ ქონებებზე, კონკრეტულ ადგილებზე ადამიანებს აქვთ საკუთრების უფლება და ეს არ იყოს მხოლოდ ზოგადი დოკუმენტი, ახლავე უნდა გაკეთდეს ეს. რადგან მოტივაციაც მეტი იქნება საზოგადოებას და დარწმუნდებიან,  იმედი ნამდვილად არსებობს, რომ დაბრუნდებიან და საკუთარ უფლებას ისევ დაეუფლებიან“.

კონსტანტინე გელაშვილის არ გამორიცხავს, რომ თუ პასუხად რეესტრისგან უარს მიიღებს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს:

„იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს სასამართლო, შესაძლოა, სხვა გზები დავსახო. ისიც საინტერესო იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რეესტრი. შეიძლება, არც ჩავთვალო აუცილებლად გასაჩივრება, თუკი რეესტრი, ზოგადად, აღიარებს საკუთრების უფლებას, მაგრამ, დავუშვათ, ტექნიკური მიზეზების გამო და არა იურისდიქციის მიზეზის გამო, მეტყვის, რომ ამ ეტაპზე ვერ ვაკეთებო. თუ რეესტრმა უარი მითხრა, მითუმეტეს იმ მოტივით, რომ იურისდიქცია არ ვრცელდება და ამას ვერ გავაკეთებო, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივმართავ სასამართლოს. ვფიქრობ, ეს პრეცედენტი იქნება და წესით, სასამართლოსაც არ უნდა ჰქონდეს უფლება, უარყოს ადამიანის საკუთრების უფლება, როცა ეს დოკუმენტურად დასტურდება.

„ვერსია“ დაუკავშირდა „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ კითხვით - თუ ყოფილა პრეცედენტი, რომ დევნილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონება დაეკანონებინოს, როგორც საკუთარი ქონება საჭირო დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში და რას გულისხმობს კანონი აღნიშნული საკითხის შესახებ? - უწყება კითხვაზე ასე გვპასუხობს:

„ჯერჯერობით, ასეთი პრეცენდენტი არ ყოფილა. არსებობს პრემიერ-მინისტრის (მამუკა ბახტაძე) მე-400 დადგენილება, რომლის შესაბამისად, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  უძრავი ქონების აღრიცხვის პროცესი, თუმცა, დოკუმენტაციის სრულყოფასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროცესი,  50 საპილოტე ვერსია უკვე გადაგზავნილია საჯარო რეესტრში , საიდანაც 31 საქმემ დააკმაყოფილა სტანდარტი, დარეგისტრირდეს კერძო საკუთრებად. ეს ყველა საქმე საჯარო რეესტრს აღრიცხული აქვს შემდგომი რეგისტრაციისთვის. დანარჩენ საქმეებთან დაკავშირებით, გამოიკვეთა გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დადგენილებაში ცვლილებებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტექნიკური ხარვეზების გამოსწორების პროცესი.“