15 სექტემბერს საქართველოში ახალი საგანმანათლებლო წელი დაიწყო, თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია, როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც თითქმის ორი წელია, რაც მუშაობს.
ამა წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და „საქსტატის” კვლევა, რომლის თანახმად საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა, როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე საკმარისი თანხის არქონა.
ამასთანავე, გამოკითხულთა უმრავლესობა, 74.2%, მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლები, ამბობენ, რომ მზად არიან გადაიხადონ თანხა სასკოლო კვების პროგრამისთვის, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმსაწვდომი იქნება.
მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვთ სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა. საქართველოს ხელისუფლება თვეებია ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა, ჯერჯერობით უცნობია.
„ვერსია“ დაინტერესდა, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა მოსწავლეების ჯანმრთელობის და სწორი განვითარებისთვის, რაზეც ბავშვთა ენდოკრინოლოგს, თეკლა ფორჩხიძეს ესაუბრა.
_თეკლა, რა ესაჭიროება მოსწავლეს ყოველდღიურ რაციონში, რისგან უნდა შედგებოდეს მისი დღის მენიუ სრულფასოვანი ზრდისთვის?
_სკოლის მოსწავლეთა ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიური საკვები რაციონი. ბავშვთა ასაკში ჯანსაღად კვება მოიცავს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორს. მრავალფეროვანი სხვადასხვა საკვები პროდუქტით დაბალანსებული კვების რაციონი ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას. დაბალანსებულია კვება, რომელიც შეიცავს ორგანიზმის უჯრედების გამართული ცხოველქმედებისთვის საჭირო ყველა მიკრო და მაკრონუტრიენტს:
- ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, როგორებიცაა პური, წიწიბურა, კარტოფილი, შვრია...
- ხილი
- ბოსტნეული
- რძის პროდუქტები
- წითელი ხორცი, ქათმის ხორცი, თევზი, კვერცხი, ბარდა და ლობიო
_რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო კვების პროგრამის არსებობა და როგორი უნდა იყოს ის?
_სკოლებში ლანჩის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი ლანჩის მიღება სკოლის მოსწავლისთვის აქვეითებს სიმუსქნისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკებს. ლანჩის შემადგენლობა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია იმ დღეს მიღებული საუზმის პროდუქტებზე. თუმცა, სტანდარტულად ლანჩზე წარმოდგენილი უნდა იყოს: ნახშირწყლების შემცველი საკვებიდან ერთერთი კვირაში 3-ჯერ მაინც, როგორებიცაა პური, წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი... ერთი სახეობის რძის პროდუქტი, ხილის ერთი პორცია და ბოსტნეული. სასურველია, ლანჩში შედიოდეს, ასევე, ცილოვანი პროდუქტები: ხორცი, თევზი, კვერცხი ან ცილის მაღალი შემცველობის ბოსტნეული (ოსპი, მუხუდო, ლობიო, ბარდა...)
_ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი ბავშვი საუზმობასაც ვერ ასწრებს და სკოლაშიც არ იკვებება, ფაქტობრივად მათი პირველი კვება შეიძლება 2-3 საათზე იყოს, როგორ აისახება ეს მათ ორგანიზმზე?
_არსებობს კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სასკოლო ასაკის ბავშვებში ჭარბი წონისა და სიმსუქნის ჩამოყალიბების რისკი იზრდება საუზმის გამოტოვების შემთხვევაში. მეტწილად, ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ, საუზმის არარსებობის დროს, ბავშვები მოგვიანებით უფრო ხშირად იღებენ არაჯანსაღ, სწრაფი კვების პროდუქტებს. საუზმის გამოტოვების შედეგები შეიძლება იყოს უენერგიობა დღის მანძილზე, განწყობის შეცვლა, კონცენტრირების უნარისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითება. მოსწავლეები, რომლებიც იღებენ სრულყოფილ საუზმეს გამოირჩევიან უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით.
_სკოლების უმეტესობაში იყიდება ისეთი საკვები, რომელიც ჭარბი რაოდენობით შეიცავს მარილს, შაქარს, ცხიმებს და ცომეულს. რამდენად ცუდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და ჯანმრთელობაზე ასეთი საკვების მიღება?
_სასურველია, სკოლებში არსებული დაწესებულელები მოსწავლეებს თავაზობდეს ზევით აღნიშნული პროდუქტების ფართო არჩევანს. თუ, ყოველდღიურ რაციონში ჭარბობს მარილი, შაქარი და არაჯანსაღი ცხიმები, ბუნებრივია, სამომავლოდ, ეს მოსაწვლეების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. იზრდება ჭარბი წონის, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების რისკი. ასევე, ხშირად ვხვდებით სიმაღლეში ზრდისა და სასქესო განვითარების შეფერხებას, რაც ასევე შეიძლება იყოს დაკავშირებული კვების არასწორ რაციონთან.
_როგორ და რით შეიძლება ჩაანაცვლონ მშობლებმა არაჯანსაღი საკვები, ბავშვისთვის მიმზიდველი და გემრიელიც რომ იყოს?
_თუ სკოლა არ უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის კვების ჯანსაღ რაციონს, სასურველია, ბავშვებმა სახლში მომზადებული საკვები წაიღონ და მიირთვან სკოლაში. ბავშვისთვის არაჯანსაღი ე.წ. „სასუსნავების“ ჩანაცვლება შეიძლება ხილით, ბოსტნეულით, იოგურტებით, თხილეულით, ქიშმიშით, ჩირით და ა.შ.
ავტორი: ია გრიგალაშვილი
რატომაა აუცილებელი სკოლებში კვების პროგრამის დანერგვა და როგორი უნდა იყოს მოსწავლის რაციონი - ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი