სამწუხაროდ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი ესალმება სიცოცხლეს საკუთარი სურვილით. სუიციდისკენ მიდრეკილება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული და პრობლემური საკითხია, რომლის პრევენცია საკმაოდ რთულია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები, ტრავმა, ცხოვრებისეული სტრესი, ნარკოტიკები და სხვა. თვითმკვლელი ადამიანის ოჯახის წევრებისთვის კი ერთადერთი ნუგეში შესაძლოა მათზე ლოცვა და სულის მოხსენიება იყოს, თუმცა, ეკლესიურად ყველაზე მძიმე და მიუტევებელი ცოდვა თვითმკვლელობაა. თუ ადამიანმა ეს შეგნებულად ჩაიდინა, მისთვის წესის აგება, პანაშვიდის გადახდა და წირვაში მოხსენიება აღარ შეიძლება.
საინტერესოა, რატომ არ უგებს წესს ეკლესია თვითმკვლელ ადამიანს, რა შემთხვევაშია სუიციდი გამართლებული და როგორ უნდა მოვიხსენიოთ მათი სულები. ამის შესახებ, „ვერსია“ თბილისის „ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის“ დეკანოზს, მამა საბა ჭიკაიძეს ესაუბრა.
_მამაო, რატომ არ უგებს წესს ეკლესია თვითმკვლელ ადამიანს?
_როდესაც ეკლესია თვითმკვლელს წესს არ უგებს, ეს არ არის მისი დასჯა. მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს, არც ღმერთი და არც ეკლესია არავის არ სჯის, ადამიანს ყოველთვის სჯის თავისი არასწორი ქმედება. წესის არ აგება, თვითმკვლელისთვის პირიქით წყალობაა. შეგნებული თვითმკვლელობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ეწინააღმდეგება ღმერთს, არის უმადური ღვთისა, სხვადასხვა პრობლემების გამო ეს უმადურობა პიკს აღწევს და პროტესტის ნიშნად, ის შეგნებულად იკლავს თავს. ასეთ დროს, ეკლესია გარდაცვლილს არ უგებს წესს, რადგან ეს მისი არჩევანი იყო. ეკლესიური სწალებით, ადამიანი რა მდგომარეობაშიც გარდაიცვლება ის ამ მდგომარეობაში ხვდება თავის მარადისობას და იქ ცვლილების საშუალება აღარ არის. შენანების საშუალება მანამ აქვს სანამ სული სხეულშია.
თუ ეკლესია ასეთი ადამიანის სულისთვის ილოცებს, მისთვის გაცილებით უფრო საზიანო იქნება. როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, შედეგი დადგა ის, რომ უფალი იძულებული გახდა ისინი სამოთხიდან გამოეძევებინა. მათი სამოთხეში ყოფნა მტანჯველი გახდა, რადგან სინდისი წვავდათ, მის გარეთ ყოფნა უფრო კომფორტული იყო. დღეს რომ ჰგონიათ ეს იყო სასჯელი, ასე არ არის, სასჯელი იყო ის, რაც თავად დამართეს საკუთარ თავს. ამ ცოდვამ დასაჯა ისინი, სამოთხიდან გაძევება იყო წყალობა. ასევე, ადამიანის ბუნება რომ არ გაუკვდავებულიყო უფალმა საზღვარი დაუდო ხორციელი სიკვილით. ეკლესიამ რომ ილოცოს და სთხოვოს უფალს შეგნებული თვითმკვლელებისთვის ცოდვების მიტევება, მათი სული უფრო მეტად დაიტანჯება, რადგან არასწორი მიმართულებით გარდაიცვალნენ. ასევე, ეს არის გარკვეული ბერკეტი ეკლესიისთვის, რომ არ მოხდეს სუიციდის წახალისება. ყველა თვითმკვლელს თუ ეკლესიამ წესი აუგო, ჩათვლიან, ამით არაფერი დაშავდება და ეკლესია მათთვის ჩვეულებრივ ილოცებს.
_როგორც ვიცი, არის გამონაკლისები შემთხვევები, როდესაც თვითმკვლელობა გამართლებულია...
_დიახ, სუიციდის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, არის გამართლებული შემთხვევები, ასევე, ისეთებიც, რომელიც არათუ ცოდვად არამედ დიდ მოწამეობად ითვლება, მაგალითად, როდესაც ადამიანი თავს იკლავს იმის გამო, რომ გაუპატიურებით ემუქრებიან. ომში წასვლისას ჯარისკაცებმა კარგად იციან, შეიძლება მტრის მოკვლა მოუწიოთ ან თავადაც მოკვდნენ, ამ შემთხვევაში კაცის მკვლელობად არ ეთვლებათ. ის იმიტომ კიარ კლავს ვინმეს, რომ კონკრეტულ ადამიანზეა გაბრაზებული, ის ქვეყანას, რწმენას და ოჯახს იცავს. ასევე, თუ ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და რაიმე ფსიქოტროპულ მედიკამენტს იღებს. ამ მედიკამენტებს უწერია ანოტაციაში, რომ იწვევს სუიციდის სურვილს, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ასეთ შემთხვევას, ჩვენ არ მივიჩნევთ შეგნებულ თვითმკვლელობად. მიზეზს აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა.
_თვითმკვლელის ახლობლემა როგორ უნდა მოიხსენიონ მისი სული და საკურთხის გაკეთება თუ შეიძლება?
_პირად ლოცვებში მათი მოხსენიება ყველას შეუძლია. ილოცონ და ფსალმუნი წაუკითხონ, უბრალოდ ეკლესიური წესით ვერ მოვიხსენიებთ, პანაშვიდს ვერ გადავუხდით, წირვას ვერ დავაყენებთ მის სახელზე და წირვის დროს ვერ მოვიხსენიებთ. ოჯახში საკურთხის გაკეთებაც შეიძლება.
ავტორი: ია გრიგალაშვილი
რატომ არ უგებს წესს ეკლესია თვითმკვლელ ადამიანს და რა შემთხვევაშია სუიციდი გამართლებული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი