99 ახალი სტატია

მთავრობის დილემა - სწავლების ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელება თუ კორონას გავრცელების რისკი

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

18 იანვარს დიდ ქალაქებში სწავლა ისევ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება და ეს მაშინ, როცა უნისეფში ამბობენ, რომ დისტანციური სწავლება განათლების დონეს სცემს. ამ საკითხზე „ვერსია“ განათლების საკითხების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას ესაუბრა:

„მთავრობას უწევს ორ რისკს შორის არჩევა - თუ განაახლებს ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლებას, ჯანმრთელობის დაზიანების და პანდემიის გამწვავების რისკი ჩნდება. მეორე მხრივ, თუ დისტანციურად ისწავლიან, არის რისკი, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი საერთოდ ვერ მიიღებს განათლებას და ნაწილი იღებს არასათანადო ხარისხის განათლებას. ამას კი სხვა რისკებიც ებმება, მაგალითად ის, რომ ყოველთვის არაა კარგი, ბავშვები მთელი დღეები სახლში რომ რჩებიან ან ქუჩაში არიან, ბევრს სოციალური პრობლემები აქვს, მათი მშობლები ვეღარ მუშაობენ და ა.შ. ასე რომ, ამ ორ რისკს შორის რთულია განსაზღვრა, რომლის გაუთვალისწინებლობა ან რომელიმე მიმართულებით კონპრომისზე წასვლა სჯობს, თუ არ გვაქვს შეფასებული ეპიდემიის გავრცელების რისკები. რადგან არსებობს დისტანციურად სწავლების გზა, სწორია, რომ ამ მიმართულებით გადადგა სახელმწიფომ ნაბიჯები, თუ მაღალია პანდემიის რისკი, მაგრამ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დისტანციური ფორმა იყოს წარმატებული, ეს ცალკე საკითხია.“- აცხადებს ჯანაშია.

ექსპერტის თქმით, ძალიან ნელა მუშაობს სახელმწიფო, რომ შესაძლებლობები შეუქმნას ბავშვებს:

„მაგალითად, მარტის შემდეგ პირველად გამოცხადდა, რომ მოსწავლეებს შეუმსუბუქდებათ ინტერნეტის გადასახადი. დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდათ ასეთი შედეგის მისაღწევად. რამდენად საკმარისი იქნება ეს ინტერნეტი, კიდევ საკითხავია, რადგან ზოგს რამდენიმე შვილი ჰყავს და არ ეყოფა. ცალკე საკითხია, იმ ბავშვებს როგორ უნდა მიხედოს სახელმწიფომ, ვის მშობლებსაც პროლემა აქვთ... დღეს სხვა პრობლემაც არსებობს, მაგალითად ის, რომ პედაგოგიურად მასწავლებლები არ არიან მზად, დისტანციურად ასწავლონ, აღჭურვილობა არ აქვთ არც მასწავლებლებს და არც - ბავშვებს. მარტივი რაღაცები არ გაკეთებულა, სახელმწიფოების უმეტესობაში მინახავს, რომ არსებობს სპეციალური ვებგვერდი, სადაც მშობელს შეუძლია, შევიდეს და ნახოს, რა პროგრამებს იყენებენ სკოლები და როგორ შეიძლება მათი მოხმარება, რომ დაეხმარონ საკუთარ შვილებს. ჩვენთან კი ეს არ გაკეთებულა“.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სამინისტროს უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, ისაა, რომ მასწავლებლებს არ ასწავლა, როგორ უნდა მიზნების მოდიფიცირება:

„არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა და მასწავლებლებს უნდა შეეძლოთ, რომ ეს მიზნები განსაზღვრონ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც არიან. ზოგი ნახევარი წელი ასწავლიდა ჩვეულებრივ რეჟიმში, ზოგს ჰყავს მოსწავლე, რომელიც ერთვება ონლაინ სწავლებაში, ზოგი ვერ ერთვება, მაგრამ აქვს კონტაქტი და ნებისმიერი ასეთი ბავშვისთვის უნდა გაკეთდეს მოდიფიცირება გეგმების და უფრო ინდივიდუალიზებული უნდა იყოს პროცესი. ეს სივრცეები თუ არ მიაწოდე მასწავლებლებს, შეიძლება ვერც ხვდებოდნენ, რომ ამის უფლება აქვთ და არც აკეთებენ ამას. ცალკე საკითხია ის, რომ ელექტრონული ინსტრუმენტების დანერგვა დაიწყეს ცენტრალიზებულად, რამაც გაჭედა სისტემა. ეს კიდევ ცალკე საკითხია, რამდენად ღირს ისეთი სერვისების ამუშავება, რომელიც არა უბრალოდ ცენტრალიზებულია, არამედ ბიუროკრატიის ნაწილია“.

პანდემიის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლიდან თითქმის ერთი წელი სრულდება და ექსპერტს ვკითხეთ, რა ისწავლა სახელმწიფომ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით და რა გააუმჯობესა იმისთვის, რომ ბავშვებმა უფრო ხარისხიანი, სრულყოფილი განათლება მიიღონ. ჯანაშია გვპასუხობს, რომ ამ ხნის მანძილზე სახელმწიფომ ორი მიმართულებით იმუშავა:

„კარგია, რომ არსებობს პლატფორმა, რომელსაც ყველა სკოლა იყენებს. რომელსაც მოჰყვება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ვგულისხმობ "მაიკროსოფტ თიმსს" და ასევე, გარკვეული რესურსებიც გაჩნდა, ვთქვათ "ტელესკოლა" და ზოგი ელექტრონული მასალის პორტალი, მაგრამ მასალების შექმნა და პლატფორმების შემუშავება არაა საკმარისი , რომ მოტივაცია ჰქონდეთ მოსწავლეებს ან მათ შეძლონ ამ მასალების გამოყენება. ამისთვის საჭიროა მეთოდოლოგია, მხარდაჭერა, რომ ხელმისაწვდომი იყოს აღჭურვილობა და ინტერნეტი. აქ კი ძალიან იგვიანებს სახელმწიფო და რაც ვერ ისწავლა არის ის, რომ თუ ამ პროცესში არ ჩართავ ბევრ ორგანიზაციას, მოხალისეებს; თუ არ მისცემ შესაძლებლობას იმ სკოლებს, რომელთაც კარგად გამოსდით ეს საქმე, რომ სხვა სკოლებში დაეხმარონ ბავშვებს ან მასწავლებლებს, სადაც უჭირთ ამის გაკეთება; თუ რეგულაციებს არ გაამარტივებენ, რომ მაგალითად, სკოლებმა გადაწცენ საკუთარი აღჭურვილობა დროებით ბავშვებს ან მასწავლებლებს და ა.შ. მაშინ იქნება ეს ძალიან მოუქნელი ნაბიჯების კრებული. ახლა შეიძლება, სახელმწიფო მიდიოდეს გარკვეულ კომპრომისზე იმ რაღაც რისკებთან მიმართებაში და იმიტომაც ცდილობდეს, რომ მხოლოდ ნაწილში იყოს დისტანციური სწავლება.

განათლების ხარისხისთვის კიდევ რაც არ გააკეთა სახელმწიფომ ისაა, რომ საკომპენსაციო პროგრამები უნდა გაეკეთებინა სექტემბრიდან. ვინც ვერ მიიღო გაზაფხულზე ნორმალური განათლება, მათზე უნდა ეზრუნათ შემოდგომაზე. ხოლო, შემოდგომის სემესტრში ვინც ვერ მიიღო, გაზაფხულის სემესტრიდან უნდა დაწყებულიყო. ეს უნდა იყოს სპეციალური პროგრამები, სადაც იმ ბავშვებისთვის, ვინც ვერ ახერხებს ნორმალური განათლების მიღებას, ცალკე ხალხი, სკოლები და ორგანიზაციები ჩაერთონ, ტელეფონით დაუკავშირდნენ და მიაწოდონ მასალები. ასეთი პროგრამები კი საერთოდ არ ჩანს ჰორიზონტზე. შეიძლება, რაღაცას ამზადებენ, მაგრამ იმდენად ნელა და მოუქნელად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მერე უკვე გვიან არის ხოლმე.

თათია გოჩაძე