ვლადი ნარსია: „წლებია, მარგინალიზაცია მიდის მუსლიმი თემის“

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბუკნარში დაპირისპირება პიკს აღწევს - რელიგიურ თემაზე დაწყებული კონფლიქტი გრძელდება. ადგილობრივ მუსლიმ თემს ქრისტიანი მოსახლეობა სამლოცველოს მოწყობის საშუალებას არ აძლევს. ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ მივიდნენ, კონფლიქტის ადგილზე გადაყვანილია სპეცდანიშნულების რაზმიც.
რა ვითარებაა ბუკნარში და რამ განაპირობა რელიგიური შუღლის გაღვივება - ამ საკითხზე „ვერსია“ თეოლოგ ვლადი ნარსიას ესაუბრა, რომელიც 2014 წელს რელიგიის სააგენტოში მუშაობდა და როგორც ამბობს, მუსლიმი თემის პრობლემებზე ბევრი უმუშავია და საკითხს კარგად იცნობს:


„წლებია, მარგინალიზაცია მიდის მუსლიმი თემის და ეს არ ეხება მხოლოდ ამ ხელისუფლებას, არც წინა ხელისუფლების ხელში იყო კარგად საქმე. ამ ხელისუფლებამ ცხადი გახადა ის ფარული ჩანაფიქრები, რაც მუსირებდა ქართული სახელმწიფოს ისტებლიშმენტში მუსლიმი მრევლის მიმართ და ეს ზოგადად, იყო ირაციონალური შიშები, რომელიც დაუსაბუთებელი და სრულიად გაუგებარია, რისგან შეიძლება იყოს ნაწარმოები, თუ არა ისტერიული აკვიატებით, რომ მუსლიმი ქართველები სასაზღვრო ზოლში წარმოადგენენ ეროვნული პოლიტიკისთვის თუ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ვინაიდან ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და პროფესიული ინტერესი გამაჩნდა ამ საკითხების მიმართ, პირადად ვიმოგზაურე ამ რეგიონში და ფეხდაფეხ მოვიარე მედრესეები და მეჩეთები ზემო აჭარაში ზოგ ისეთ ადგილებში, რომელსაც, ალბათ, იქაური მთავრობაც კი არ სტუმრობს ხოლმე და შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ არავითარი ამგვარი საფუძველი არ გააჩნია ხელისუფლებას, თუ მას არ აქვს აკვიატებული აზრი, რომ მოხდეს მარგინალიზაცია და გარიყვა ამ მრევლის და ამის გამო მუდმივად არსებობდეს კონფლიქტური კერა, რომელიც იყოს საჯილდაო ქვა რაღაც პოლიტიკური განაზრახებისთვის. პირიქით, შეიძლება ითქვას, გაოცებული ვიყავი ზოგ მედრესეში ბავშვების კურიკულუმები ვნახე, ეროვნული ჩვენი ყოფის, ისტორიის, ლიტერატურის ამსახველი, რაც მიქმნიდა განსხვავებულ წარმოდგენებს, ვიდრე ეს ჩემთვის ცნობილი იყო სახელმწიფოს მხრიდან.“

როგორც ვლადი ნარსია აღნიშნავს, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ხალხი მიტოვებული ჰყავს ხელისუფლებას ათეული წლებია:

„როგორც მოქალაქეებს, მათ განცდა არ აქვთ, რომ სარგებლობას იღებენ სახელმწიფოს მიერ წარმოებული გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური თუ სხვა ტიპის პოლიტიკისგან. არიან სრულიად მიტოვებულნი, ყოველგვარი დახმარების გარეშე და იქ რომ მედრესეები არ იყოს, რთულია, ისეთი საჯარო სკოლები მოძებნო, რომელთაც ყურადღებას აქცევს განათლების სამინისტრო. ამ მიტოვებულობამ გააჩინა განცდა ზოგიერთ ადამიანში, რომ თავი დაცულად ეგრძნო და გარკვეული თავშესაფრის ძიება დაიწყო. ზოგი წავიდა, თურქეთში მიიღო განათლება და დაბრუნდა ისევ საქართველოში და ვინაიდან მოხდა რამდენიმე ასეთი პრეცედენტი, ქართულმა სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ამ განათლებით შესაძლებელია, ეს ადამიანები ახდენდნენ გარკვეული ტიპის ექსპანსიას და ამის გამო არიან ისინი გარკვეული ლუპის ქვეშ, რაც ადამიანურადაც ძალიან რთულად გასაგებია, როცა განიცდი, რომ ვიღაც გითვალთვალებს და ფიქრობს, რომ ხარ მისთვის საშიში და ა.შ. ამან მოახდინა მარგინალიზაცია და გარიყვა ამ ხალხის“.

თეოლოგის თქმით, ყველაფერ ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ 2014 წელს რელიგიის სააგენტოს შექმნის შემდეგ განზრახვები, რაც მანამდე ფარული იყო, სააშკარაოზე გამოიტანა:

„ისეთი თამაშის წესები დაამკვიდრა, რომ ვინც უფრო მაგარია და ხელს გადაუგრეხს, ის იქნება მოგებული და ასე დაუწყო მუსლიმ თემს ურთიერთობა. ათჯერ კი არა, მილიონჯერ მოატყუეს და მათ შორის მოტყუებული ჰყავს მუსლიმი თემი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ თემიდანაა ამოზრდილი. მუფტი უნდა ამბობდეს სიმართლეს და არ ამბობს იმიტომ, რომ მას აკონტროლებენ და უწევს რაღაც ტიპის დიპლომატიური ნაბიჯები თუ ლექსიკით საუბარი ადამიანებთან და მათ უკვე იციან, რომ მუფტი ატყუებთ . ამან საზოგადოება ორ ნაწილად გაყო - ერთი ნაწილი აღმოჩნდა მუფტის ვითომც დაქვემდებარების ქვეშ და მეორე ნაწილია ის, ვისაც არ სჯერა მუფტის“.

რაც შეეხება ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, ვლადი ნარსიას თქმით, ასეთი კონკრეტული შემთხვევების გაღვივება და ანთება შესაძლებელია, მოხდეს ნებისმიერ დროს, როცა ასეთი ფონი არსებობს:

„რატომაა ფონი ისეთი, რომ იქ ჩადიან აჭარიდან ახალგაზრდა ადამიანები და აშკარად იგრძნობა, რომ პროვოცირებენ, არიან მომართული და ძალადობაზე უკან არ დაიხევენ. ეს არავისთვის არაა სასიამოვნო სანახავი, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი. ათასჯერ მოტყუებული, დამცირებული და ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე, მაგრამ გადაგდებული ხალხი ნებისმიერ ასეთ ანთებაზე მოახდენს რეაგირებას, თუ კი არ მოხდება პოლიტიკის შეცვლა.
რელიგიურ ლიდერებს გააჩნიათ უმნიშვნელოვანესი როლი რელიგიური კონფლიქტების მოგვარების დროს. თუ რელიგიური უმაღლესი ლიდერი მისცემს ბიძგს და მაგალითს, რომ პოლიტიკის ასეთი ფორმა - დამცირება, მოტყუება და მარგინალიზაცია ჩანაცვლდეს სიყვარულის, ურთიერთგაგების, თანასწორობის და მეგობრობის ფორმით, დარმუნებული ვარ, მოიხნება ეს დაძაბულობა და აღდგება ნდობა. დღეს პატრიარქს ან საპატრიარქოს წარმომადგენელს მისი სახელით, შეუძლია, გააკეთოს ისეთი განცხადება არა მარტო ერთჯერადად, არამედ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და დაიწყოს პროცესი, რომ ამ ადამიანების ინტერგრაცია ქართულ საზოგადოებაში მოხდეს და ჰქონდეთ განცდა, რომ ისინიც ითვლებიან ამ ხელისუფლების მიერ თანასწორ მოქალაქეებად. ამ პოლიტიკას უნდა დაწყება და ერთჯერადი მოწოდებით არ დამშვიდდება სიტუაცია. დამშვიდდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფრის ჩავლის შემდეგ დაიწყება საგანმანათლებლო პროექტები, კულტურული ღონისძიებები, ამ ხალხთან ინტეგრაცია. ეს ხომ ჩვენი ხალხია, მათ ხომ ვერ ეტყვი, წადი აქედანო?! ჩვენი მოქალაქეები არიან და როგორ შეიძლება, შენს მოქალაქეს საფრთხედ აღიქვამდე?!“

ვლადი ნარსია ბათუმში არსებულ მეჩეთის თემასაც ეხმაურება:

„ბათუმის ცენტრშია მეჩეთი და მუსლიმ თემს უთხრეს, ამ მეჩეთზე პრეტენზია არ განაცხადოთ და სამუფტოს მივცემთ რეზიდენციასო. ამ რეზიდენციაში 4 მილიონი გადაიხადეს, ხომ არ შეიძლება სახელმწიფო უშვებდეს შეცდომას, რომელიც ფსკერზე დასცემს სახელმწიფოს ყველა სტრატეგიულ მიმართულებას და ინტერესს ?კაცმა არ იცის, ვისგან იყიდეს ეს შენობა, ვისი იყო ეს ფული, ვისზე გადაფორმდა... ეს რეზიდენციაც გადასცეს მუსლიმ თემს და ამის მიუხედავად, მუსლიმმა თემმა არ შეაჩერა პრეტენზიები და მოთხოვნა მეჩეთის დაბრუნებისა და სწორადაც მოიქცნენ. ამდენჯერაა მოტყუებული ეს ხალხი და მესმის, ძნელია, როცა ეკრანზე უყურებ ამ ყველაფერს, მაგრამ ასე მარტივად არ დგას საკითხი იმიტომ, რომ ის ადამიანია გულგატეხილი, რამდენჯერმე მოტყუებული, მოუჭრეს მინარეთი, დაუნგრიეს და დღემდე არც ერთი საქმე გამოძიებული არაა. პირდაპირ ეუბნებიან, სახელმწიფოს ნუ ეჭიდავებით, თორემ ასე და ისე გიზამთო, რაც იწვევს ძალადობას მეორე მრიდან, რაც არის შესაცვლელი.“

თათია გოჩაძე