ვინ არის გოგო, რომელმაც „მედგიდი“ შექმნა და ადამიანებს კორონას დამარცხებაში ეხამრება

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოვიდპანდემიის დროს ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. ზოგი უფასოდ არიგებს პურს, ზოგმა ექიმმა კი თავისი საკონტაქტო ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რათა ადამიანებს ნებისმიერ დროს დაეხმაროს. ამ ადამიანთაგან ერთ-ერთი სოფო ჯაფარიძეა. „მედგიდი“ - ასე ჰქვია სოფოს მიერ სოციალურ შექმნილ ჯგუფს, რომელშიც უამრავი ადამიანია გაწევრიანებული. ამასთან, „მედგიდის“ ექიმები ხალხს დისტანციურად უწევენ დახმარებას. ჩვენი რუბრიკის - „სხვა საქართველოს“ სტუმარია სოფო ჯაფარიძე, რომელიც „მედგიდის“ შექმნის ისტორიას დაწვრილებით გვიყვება:
- ამ იდეის ინსპირაციის წყარო კოვიდი არ იყო, ანუ მე და ჩემს მეგობარს გვაქვს „ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა“ და 8 წელია, მასშტაბურ კონფერენციებს ა და საქველმოქმედო ღონისძიებებს ვატარებთ. ჩვენი მიზანია, ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. პანდემიის გამო, ჩვეულ ფორმატში მუშაობა ვეღარ შევძელით, თან ქვეყანაში ასეთი რთული ვითარება შეიქმნა, გადავწყვიტეთ, რომ ზემოხსენებული ჯგუფი შეგვექმნა.
„მედგიდის“ დამფუძნებლები მე და ჩემი მეგობარი ნუცა ზურაბიანი ვართ. დედაჩემი და ბებიაჩემი ინფექციონისტები არიან და ბავშვობიდან მიწევს ყურება, რა რთულ ვითარებაში უწევდათ მუშაობა, რამხელა შრომას წევდნენ მათი კოლეგები და როგორ ჭირდა პაციენტისა და ექიმის კომუნიკაცია. სწორედ ბებიაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც მარტივად მოხდებოდა ექიმისა და პაციენტის დაკავშირება. თვენახევარია, ეს ჯგუფი არსებობს და ვცდილობთ, პაციენტებს მაქსიმალურად დავეხმაროდ და შესაბამის ექიმთან დავაკავშიროთ.
- ჯგუფის აქტიურობით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავთ, როგორ ახერხებთ პასუხების ოპერატიულ გაცემას და ადამიანების ექიმთან დაკავშირებას?
- ხშირად მეკითხებიან, რა გაძლევს ძალას?! ალბათ, ამ ძალას იმ პაციენტების კარგად ყოფნისგან ვიღებ, ვისაც უჭირდა და ჩვენი დახმარებით, უკვე კარგად არიან. რაც „მედგიდი“ შეიქმნა, პრაქტიკულად, არც დღე გვძინავს და არც - ღამე, ხანდახან საკვების მიღებაც კი გვავიწყდება. გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს დავეხმაროთ, რათა თავი მარტოდ არავინ იგრძნოს. თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი ბედნიერებაა, სწორედ მათი კარგად ყოფნა მაძლევს ძალას! ჩვენი ჯგუფის წევრები საოცრად ოპერატიულად მუშაობენ, მიმართულებები გადანაწილებული გვაქვს და შემოვა თუ არა კითხვა, შესაბამის ექიმთან ვამისამართებთ. ექიმებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს და ცდილობენ, მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი მიაწოდონ პაციენტებს.
- როგორ აფასებენ ექიმები თქვენს წამოწყებას?
- ერთ-ერთმა ძალიან სერიოზულმა ექიმმა მითხრა, ასე მგონია, ექიმების ცალკე სამყარო შექმენი, ამდენი ხანია, ექიმი ვარ და მსგავსი ერთსულოვნება არ მინახავსო. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რადგან ეს ადამიანი ერთ-ერთ საუკეთესო მედიკოსია და მისი აზრი ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიყოთ თქვენთან და გავამართლოთ თქვენი იმედები! დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი კარგად იქნება!
ნუკი გაგულიძე