ახალი რუსული ბომბი - ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით შეწყდა!

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს მოღალატეობრივი პოზიციაა“, - რამდენი დაჯგუფება არსებობს აფხაზურ ეკლესიაში და რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო

  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება დროებით ანუ იქამდე შეწყდა, ვიდრე ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი არ განისაზღვრება. ტაძრები არ დაკეტილა და შესვლა ყველა მომლოცველს შეუძლია, - ამ ინფრომაციას, „რია ნოვოსტიზე“ დაყრდნობით, „ექსკლუზივნიუსი“ ავრცელებს. რუსულ მედიას კი აღნიშნულ ინფორმაციას ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მეთაური, ბესარიონ აპლია აწვდის.

ღვთისმსახურებმა, რომლებიც გაშვებულნი არიან განსაზღვრულ ეპარქიებში, დაე, დააყენონ მღვდელმთავრების წინაშე აფხაზეთის ეკლესიის საკითხი, რომლებიც თავის მხრივ, დააყენებენ საკითხს პატრიარქ კირილთან, როგორ განვითარდეს მოვლენები სამომავლოდ. ოცდაათი წელი ასეთ ვითარებაში ყოფნა უკვე შეუძლებელია. ამიტომაც შევწყვიტე ტაძრებში მსახურება“, - ამბობს აპლია.

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში კანონიკური გადაწყვეტილების გარეშე შეიყვანა. აპლია იმედოვნებს, რომ მოსკოვის საპატრიარქო გადაწყვეტს ოკუპირებული აფხაზეთის საეკლესიო ვითარებას და განსაზღვრავს მის სტატუსს:

რუსეთის ეკლესიის მიერ ხელდასხმული სასულიერო პირების კანონიკური სტატუსი უნდა განისაზღვროს. მთავარი ის არის, რომ ისინი აქ უნდა დაბრუნდნენ, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კონკრეტული სტატუსით. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ საქართველოს ეკლესიის ნაწილი, ჩვენ არ ვყოფილვართ საქართველოს ეკლესიის ნაწილი და ვერ ვიქნებით“.

ამ საკითხის გადასამოწმებლად, „ვერსიამ“ საქართველოს საპატრიარქოს მიმართა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განგვიცხადა, რომ ამ საკითხს არკვევენ და პასუხი ჯერ არ აქვთ. ამიტომ, თეოლოგ ვლადი ნარსიას დავუკავშირდით, რომელიც განმარტავს, რომ აფხაზეთის ეკლესიას არ ჰყავს ადმინისტრაცია და იქ ორი, ე.წ. დაჯგუფებაა:

 - ერთის მეთაური ბესარიონ აპლიაა, მეორე კი დოროთეიდ ბარისა და დავით სარსანიას დაჯგუფებაა. სარსანია საქართველოს ეკლესიაში ეკურთხა და გარკვეული მიზეზების გამო, იქ აღმოჩნდა. აპლიაც, ასევე, საქართველოს ეკლესიაში ეკურთხა, მაგრამ შემდეგ რუსების დაქვემდებარების ქვეშ აღმოჩნდა და რუსები მას იყენებენ, რათა ვითომ აფხაზეთის ეკლესიის სახელქვეშ, რუსული ინტერესები გაატარებინონ.

- ანუ, აპლია რუსეთის კაცია აფხაზეთში?

- დიახ, აპლია თვითმარქვიაა და აცხადებს, რომ წარმოადგენს აფხაზეთის ეკლესიას, თუმცა მას დიდი დაპირისპირება აქვს დოროთეიდ ბარისა და დავით სარსანიას ჯგუფთან. ეს შედარებით ახალგაზრდა ეროვნული ძალების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი გახლავთ, რომელიც მოღვაწეობს ერთ-ერთ მონასტერში, ჰყავს დიდი მრევლი და საკმაოდ გავლენიანია, ამიტომ იმის თქმა, რომ იქ მღვდელმსახურება არ აღსრულდება, შეიძლება, რუსების პროვოკაციად ჩაითვალოს და გავრცელდეს მხოლოდ იმ სამრევლოებზე, რომლებსაც რუსეთი, აპლიას საშუალებით აკონტრლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ აღსრულდება ეკლესიაში ლოცვა იქ, სადაც დავით სარსანიასა და ბარის მღვდელმსახურებაა. ასე რომ, ცენტრალიზებული ადმინისტრაცია იქ არ არის.

- ბატონო ვლადი, სარსანიას დაჯგუფებაც პრორუსულია?

- საკმაოდ რთული კითხვაა. თუ ნათლად დაინახავს, რომ მიიღებს რაღაც სტატუსს, არ ვიცი, საით წავა, მაგრამ დღეს პოზიციონირებს, როგორც არაპრორუსული, არამედ, უფრო კონსტანტინეპოლზე ორიენტირებული, რომელიც ფიქრობს, რომ აფხაზეთის ეკლესიას, როგორც ეროვნულ ინსტიტუტს, გააჩნია ლეგიტიმური საშუალება, მიმართოს კონსტანტინეპოლს და არა - რუსეთს, მაგრამ კონსტანტინეპოლმა რომ უარი უთხრას და რუსები დათანხმდნენ, ასეთ შემთხვევაში, რას იზამს ეს ხალხი, ამაზე პასუხი არ არის.

- მოკლედ, აპლიას მსგავსად, ცალსახად არ არის გამოხატული ამ ჯგუფის რუსული ვექტორი, არა?

- დიახ, ნამდვილად ასეა.

- გასაგებია... აფხაზეთის ეკლესიისთვის სტატუსის მინიჭების უფლება, სასულიერო კანონის მიხედვით, კონსტანტინეპოლის ეკლესიას აქვს?

- იცით, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, არის საუკუნოვანი ტრადიცია და ეს უფლება კონსტანტინეპოლს, დაახლოებით, მე-5 საუკუნეში მიენიჭა. კონსტანტინეპოლს აქვს უფლება, მართლმადიდებლურ ეკლესიათა ოჯახში ითვლებოდეს უპირატესად, როცა საკითხი ეხება ავტოკეფალიის მინიჭებას და ა.შ. ამიტომ ეს უფლება, ცალსახად, აქვს კონსტანტინეპოლს. მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, დღეს მიმდინარე პროცესები შეიძლება, სწორედ ამ კითხვით გავყოთ შუაზე, რომ რუსეთს აქვს ამბიცია, მაგრამ არ აქვს ის უფლება, რაც ისტორიულად კონსტანტინეპოლს აქვს.

- ბატონო ვლადი, ამ ამბავს წინ უძღვოდა სკანდალური ვერსია, რომ შესაძლოა, საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ტახტიდან გადაეყენებინათ. გასაგებია, რომ ასე არ მოხდა, მაგრამ ამ ორ საკითხს შორის, რაიმე ლოგიკურ კავშირს ხედავთ?

- არ ვიცი, რატომ გაავრცელეს პატრიარქის გადადგომაზე ინფორმაცია, ძალიან არარელური იყო. არ შეიძლება, რაღაც კავშირებზე ილაპარაკო, როცა თავიდანვე იცი, რომ ამის თქმა სისულელეა.

- კეთილი. საქართველოს ეკლესიას რა ბერკეტი აქვს აფხაზური ეკლესიის სტატუსის საკითხის განსაზღვრაში?

- ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც აქვს ეს ბერკეტი. როცა საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ალფაევი და თქვა, რომ რუსეთი დაპატიჟებს ქართველებსა და აფხაზებს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინვე ვთქვი, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, შემოვიდეს მედიატორად, რადგან ის განიხილება, როგორც მხარე და პროვოკატორი ამ საკითხებში. ერთადერთი უფლება აქვს საქართველოს ეკლესიას, რომელიც ამ უფლებას არ იყენებს და ათეული წლებია, ერთი ღონისძიებაც კი არ გაუმართავს ამ პრობლემაზე სასაუბროდ.

არის უამრავი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც შეიძლება, რელიგიური მედიატორები ჩაერთონ და რაღაც დონეზე მაინც, ფასილიტაცია გასწიონ, მაგრამ არაფერს აკეთებს საპატრიარქო და პირდაპირ ჩანს, რომ აქვს ერთგვარი ინტერესი, ითამაშოს რუსული, რაც დადასტურდა კიდეც... როცა ვეუბნებოდი, ჩაგვერთო კონსტანტინეპოლი, მანამდე საპატრიარქოს უნდოდა, რუსეთისთვის მიეცა დროებით მმართველობის უფლება და რადგან ამაზე განგაში ავტეხეთ, შეიკავა თავი. რადგან ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რუსეთს გადავცეთო და დღემდე აქვს ასეთი პოზიცია საქართველოს ეკლესიას...

არ ვიცი, ამას რა ჰქვია, ალბათ, თამამად და გულწრფელად უნდა ითქვას შეფასება - მოღალატეობრივი პოზიციაა, როცა საკუთარი ინტერესების გაწევის ხარჯზე, იმისთვის, რომ არსებობს რაღაც ფარული გარიგება თუ კავშირი რუსეთთან და ეს არის დახურულ კარს მიღმა შეთანხმება, რომ არ გამწვავდეს ეს საკითხი, წირავენ არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ, საეკლესიო ინტერესსაც.