ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც მიწისქვეშა გადასასვლელი ციხედ აქცია

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თუ არასდროს ყოფილხართ რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და ვერც კი წარმოგიდგენიათ, სად იმყოფებიან ეჭვმიტანილები და ბრალდებულები,  მაშინ გაქვთ შესაძლებლობა, ყველაფერი ეს კიევის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ნახოთ.


უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიხსნა სამხატვრო ობიექტი "მიწისქვეშა სასოწარკვეთა", სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი სტილიზებული იქნა, როგორც ციხის დერეფანი რუსეთის მიერ დაკავებული ყირიმელების მხარდასაჭერად.

არასამთავრობო ორგანიზაცია CrimeaSOS-ისა და თბილისში არსებული ARTIF-ის პლატფორმის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ქართველმა მხატვარმა დავით კუხალაშვილმა, რომელსაც რუსეთთან საკუთარი ანგარიში აქვს, კიევის ცენტრში ჩვეულებრივი მიწისქვეშა გადასასვლელი ციხის დერეფნად აქცია, ყირიმის ციხეებში მყოფი 98 პოლიტპატიმართან სოლიდარობის ნიშნად. გადასასვლელში ნაჩვენები საკნების კარებს აქვთ QR კოდები, რომლის საშუალებითაც სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ პატიმართა ისტორიებს.

არტ-ობიექტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, "CrimeaSOS"-ის წარმომადგენელმა, მილა შევჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელებმა, სამწუხაროდ, საერთოდ არ იციან, რა ხდება ყირიმში, არ იციან 98 ყირიმელი პატიმრის ბედი, რომელთა შორის 71 ყირიმელი თათარია და დაამატა: „ამ ხელოვნების ობიექტის მიზანია - შეგახსენოთ, რომ ყირიმში ცხოვრობენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებსაც დევნიან და აპატიმრებენ".

ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიტპატიმრმა ისმაილ რამაზანოვმა ხაზი გაუსვა, რომ სიმფეროპოლის ციხე, ყირიმში, საშინელი ადგილია, რომელსაც განადგურება სჭირდება და მის ნაცვლად მემორიალის გაკეთებაა საჭირო.

KrisSOS-ის კოორდინატორმა დენის სავჩენკომ, ტელეარხის "კიევის" გადაცემა "Kiiv.NewsRoom"-ში თქვა, რომ სწორედ ეს გადასასვლელი შეარჩიეს კიევის ადმინისტრაციასთან ერთად და პროექტი განხორციელდა მათთან თანამშრომლობით.
მხატვარმა კორესპონდენტს განუცხადა, რომ ის ათი დღის განმავლობაში მუშაობდა ხელოვნების ობიექტზე და ცდილობდა, რაც შეიძლება რეალისტური ყოფილიყო ილუსტრაცია, რათა ადამიანებს, ვინც მას ნახავდა, მძაფრი ემოციები განეცადათ.

კუხალაშვილის თქმით, მოხარულია, რომ უკრაინაში ასეთი პროექტი განახორციელა და დასძინა: „საქართველომ ასევე განიცადა რუსული ოკუპაცია და, ისევე როგორც ყირიმელები, ციხეში არიან ქართველებიც. ჩემი სურვილია მსგავსი პროექტი საქართველოშიც განვახორციელო.“