დასანანი იყო ბავშვი - ვანო სირადეღიანი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Վանո Սիրադեղյան / «Ափսոս էր երեխան»

ვანო სირადეღიანი

ცნობილი სომეხი პროზაიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე (დაიბ. 13.11.1946 წელს, სომხეთში). 90-იანი წლებში, დამოუკიდებელი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი. გარდაიცვალა 2021 წლის 15 ოქტომბერს.

 

დასანანი იყო ბავშვი

როდესაც კაცმა დრო მონახა და უკან მიიხედა, დაინახა, რომ წარსული მივიწყებაში იძირება. „არ შეიძლება მოხდეს“, - ეს იყო პირველი, რაც გაიფიქრა. ყოველთვის, როცა წარსულისთვის თვალი გადაუვლია და მალევე ყოველდღიურობაში დაბრუნებულა, შთაბეჭდილება დარჩენია, რომ იქ ყველაფერი რიგზეა, რომ იქ, მეხსიერების სამალავში, დღეთა მსვლელობა უდანაკარგოდ ჩაბეჭდილა და მხოლოდ დროა საჭირო, რომ ფიქრში გამოსახულებათა მწკრივი მოქმედებაში მოვიდეს. მაგრამ აი, დრო მოძებნა და ნახა, რომ ცხოვრება თავის კვალს მეორე ბოლოდან შლის.

„რა საწყენია!“, - გაიფიქრა კაცმა და უკვე გასაგები იყო, რომ წინ უფსკრული არაა, რომლის კიდესთან ცხოვრება შეწყდება. სიკვდილი წინ, სადმე, ჩასაფრებული კი არ გიცდის, არამედ ზურგიდან მოდის, გეპარება, ნაცხოვრები წლების კვალს უჩუმრად შლის და, როცა შენამდე მოვა, წინ არაფერი დაგრჩება და აღარც წარსულში დაგრჩება რამე, რომ დაგენანოს... და მაინც, დასანანი იყო ცხოვრება. დასანანი იყო, ასე ზედმიწევნით გეცხოვრა და შემდეგ ყველაფერი მივიწყებას მისცემოდა. დასანანი იყო იმ ნათელი ბავშვის მოციმციმე გამოსახულებაც, რომელიც შეუცნობელია, როგორ შეერია წყვდიადით მოცული მეხსიერების მოქუფრულ მასას, გაუგებარია, ან თავად როდისღა გაუჩინარდა. „ეშმაკმა წაიღოს შენი უჟმური თავი“, - გამწარდა მარტოხელა კაცი.

- რა კარგი იყო, იმ ბავშვმა რომ შენი არსებობა არ იცოდა!

და შემდეგ ფრთხილად, სხეულში სადმე, რომელიმე კუნთი მტკივნეულად რომ არ დაჭიმვოდა, ფრთხილად და ყურადღებით წამოდგა - ყავის  მოსადუღებლად. ახლა ის ვაშლს უნდა ფცქვნიდეს ან შვილის ველოსიპედის შეკეთებით უნდა იყოს დაკავებული, ანდა, სხვა მსგავსი რამეებით, რასაც სახლში 50-ის შემდეგ აკეთებენ ხოლმე. მთელი ამჟამინდელი ცხოვრების არსი კი საკუთარი თავის მომსახურებისკენაა მიმართული. მისი თითოეული  მოქმედება უაზრო თუ არა, მოსაბეზრებელი მაინცაა. არავინ არის, რომ გათლილი, დაჭრილი და თეფშზე წრიულად დაწყობილი ვაშლი მიირთვას ან ველოსიპედის, მწყობრში სწრაფად მომყვანი მამის სიმარჯვით იამაყოს. ახლა ის თავისივე შესაძლებლობების მომხმარებელი გამხდარა, სალათის სუნისა და გემოს შემფასებელიც თავადაა და თავისივე თავის მსმენელიც, რადგან უკვე საკუთარ თავთან ლაპარაკობს. მისი სახლიდან ზღვა სამას ნაბიჯზე უნდა ყოფილიყო, რომლის არც სუნთქვა იგრძნობოდა და არც ხმა, ვინაიდან ქალაქის ტიპის დასახლებას ზღვისგან დღე და ღამე მოხმაურე ავტომაგისტრალი ჰყოფდა.

მაგისტრალს მიკრული ერთსართულიანი სახლების დაბა დღისით თითქოს არც კი ცხოვრობდა. ადამიანები გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდიოდნენ, მზის ჩასვლისთანავე კი, ბავშვებს სახლებში ექაჩებოდნენ, ვინაიდან მზის ამოსვლამდე, ბევრად ადრე, პაპანაქება სიცხე დგებოდა და ბავშვებს ძილი უნდა მოესწროთ - სკოლაში რომ წასულიყვნენ.

სახლი თითქოს კეთილსინდისიერად იყო აშენებული - გარე სამყაროსგან შეძლებისდაგვარად იზოლირებული, თუმცა ხვლიკის წიწილები ნახვრეტებს მაინც პოულობდნენ და ამ გრილ სამოთხეში ძვრებოდნენ, რომლის ერთადერთი ბატონ-პატრონი მარტო კაცი იყო - თავისი უაზროდ დიდი ეზოს ტერიტორიით, სადაც დღის მწველი სიცხისგან, მილიონობით ხვლიკს შეეძლო სულის მოთქმა. მაგრამ ხვლიკებს არ გაუმართლათ, რადგან სახლის მობინადრეს ქვეწარმავლები და საერთოდ, სრიალ-პრიალა ლორწოვანი რაღაცეები სძულდა - მას, სანამ ოცი წლის გახდებოდა, მაკარონიც კი არ გაუსინჯავს, ხოლო ბრინჯს კი იმიტომ არ ჭამდა, რომ უფროსი ძმაც არ ჭამდა და, როდესაც ოჯახის წევრები სადილად სხდებოდნენ, ყოველ ჯერზე, დედა, გადანახული მარაგებიდან მისთვის რაღაცას მოძებნიდა ხოლმე.

ხაშის მიმართ ზიზღი კი, ნებისყოფის უდიდესი დაძაბვის ფასად გადალახა, თუმცა ეს, ალბათ, გარდაუვალიც იყო, ვინაიდან, კვირაობით, დილაადრიან ხაში არა მარტო მეგობრების შეკრების შესაძლებლობას იძლეოდა, არამედ რიტუალებს მოკლებულ სომხურ ყოფაში ერთადერთი სრულყოფილი რიტუალი იყო, რომელიც დაკრძალვას, გენოციდს ან სხვა რაიმე უბედურებას არ უკავშირდებოდა.

არყის სმაც სწორედ მაშინ ისწავლა. დღემდე არ ესმის, რატომ სვამენ არაყს სხვა სამხრეთელები, თავად კი სმა ხაშის მიმართ ზიზღის დასაძლევად დაიწყო, თუმცა არაყიც ცალკე საზიზღრობა იყო. ხაშის შიგნეულის ნაჭრებს, ყოველი შემთხვევისთვის, თავის თეფშიდან ყოველთვის მოშორებით დებდა, ისევე, როგორც ხახვს.

...გაირკვა, რომ ტელევიზორის ეკრანიდან მოუწყვეტლობის ადამიანური შესაძლებლობა უსაზღვროა - დაუსრულებლად უყურებდა, დღე და ღამე, მრავალი კვირის განმავლობაში, დივანზე წამოწოლილი, თვლემისას და არ იცოდა, რას მოუტანდა ეს - სიზარმაცესა და უცოდველ იდიოტიზმს, თუ შინაგანი დაჭიმული სიმის უცაბედ გაწყვეტას? ყველა შემთხვევაში, ფიქრის უნარის დაკარგვა საჭირო არ იყო, ხოლო წერა - ფიქრის საუკეთესო საშუალებაა. ასეთ დროს, პირველი, რაც აზრად მოსდის უმნიშვნელო და პატარა ქვეყნის, თანამდებობიდან გადაყენებულ გენერალს, ერთგულებისა და ღალატის, რევოლუციისა და კონტრრევოლუციის მარადიული თემებია, მაგრამ ჯერ იმდენ დროს არ გაევლო, რომ პოლიტიკისგან დატოვებული სიძულვილი გამქრალი ყოფილიყო. შთაბეჭდილებებიც არც ისე ახალი იყო, რომ წყენას ამოხეთქვისკენ ებიძგა, და კიდევ, იმდენად უჭკუოც არ იყო, ეფიქრა - მისი ცხოვრების მაგალითი ვინმესთვის გაკვეთილი იქნება.

როდის ყოფილა ისტორია ვინმესთვის გაკვეთილი, რომ ახლა იყოს? თითოეული ადამიანი, ყოველი თაობა, საკუთარ შეცდომებზე სწავლას თავის ხელშეუვალ უფლებად თვლის და ამ უფლების მაქსიმალური აგრესიით სარგებლობს. და როდესაც საკმარისად შემცდარია ხოლმე იმისთვის, რომ საკუთარ შეცდომებზე გაკვეთილი იწვნიოს, უკვე მომდევნო თაობების შეცდომების ჯერი დგება.

გამოსავალი - შეულამაზებელი დღიურის წერა იყო. ოთხ კედელს შორის გატარებული არაფრის მსგავსი დღეების აღწერა ერჩივნა, შეუმჩნევლად ხმამაღლა ფიქრზე  გადასვლას, რისი ნიშნებიც უკვე ჩანდა. ისღა დარჩენოდა, შორს განედევნა დღიურის მწარმოებელი თოთხმეტი წლის გოგონას გამოსახულება, რომელიც სენტიმენტალურ ტალახში ჩაფლობის საფრთხეს ახსენებდა და ეს კი, ნაადრევ მარაზმზე უკეთესი არაფრით იყო - სენტიმენტები და მარაზმი, ალბათ, ერთი და იგივე მოვლენის ორი გამოვლინებაა.

მაგრამ საწერკალამი დიდხანს ხელში ვერ უჩერდებოდა - ხელი თითქოს ვერ ეგუებოდა.

ალბათ ასე იყო პირველი გაპარსვის დროსაც. ნამდვილად ასე ხდება, როცა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პერანგის ღილებს იკრავ, ასე ხდება, როცა წლიდან წლამდე ყავას თანაშემწეები გიდუღებენ, ტექსტს თანაშემწეები გიწერენ, იარაღს ზეთავენ, ტელეფონის ანგარიშს გივსებენ... და იძულებითი მუქთამჭამელის ამ ყოველდღიურობაში, წერის მაგივრად მხოლოდ რეზოლუციის დადებაღა გრჩება, ფიქრის მაგივრად - სხვისი ნაფიქრალის მოწონება ან დაწუნება, ხოლო სხვა დანარჩენიდან მხოლოდ ის, რასაც დღე და ღამ პირადი დაცვით გარშემორტყმული გენერლებიც კი, სხვისი თანდასწრებით არასდროს სჩადიან და, როცა ადამიანი ბოლოს და ბოლოს მარტო რჩება, კარგა ხანს უჭირს გაერკვეს -  ეს მოუხერხებლობა სიბერითაა გამოწვეული, თუ უსაქმურობაში გაწაფულობით?

ასე დაბნეულნი არიან ბავშვები სკოლაში საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ, როცა ხელში საწერკალამი არ უჩერდებათ ან კარნახზე კონცენტრაციას ვერ ახდენენ, მასწავლებელი კი ჩლუნგია და ვერ ხვდება, რომ ზაფხულის დღეებიდან ბავშვი კლასში თანდათანობით უნდა დააბრუნოს - კარნახის მაგივრად მარტივი ტექსტები უნდა მისცეს... 

… ყავა ამჯერადაც დაექცა. ადუღებას დაჟინებული მისჩერებოდა, მადუღარას ორი ნაბიჯითაც არ მოსცილებია, მაგრამ ქაფის ამოსვლა მაინც ვერ შენიშნა. ახლა პრობლემა ის იყო, დაქცეული მასა მაშინვე მოეწმინდა - ვიდრე  გახურებულ მინანქარს შეახმებოდა, თუ ჯერ ყავა დაელია და შემდეგ? შემდეგისთვის გადადება დროს დააკარგვინებდა. „და შენ დროს რა მოუვა, რო?“, - ირონიით გაიფიქრა კაცმა.

დროდადრო, სატვირთოს გრიალი ან სამგზავრო ავტომობილის საყვირის ხმა შეახსენებდა ხოლმე, რომ სახლის კედლებს მიღმა რაღაც სიცოცხლე მაინც არის. სიცოცხლის არსებობას, მზის ჩასვლის შემდეგ ბეღურების ჟღურტულიც მოწმობდა. საინტერესოა, ამ უჩრდილო ქვეყანაში, სად აფარებენ თავს ბეღურები დღის განმავლობაში? ან განა, რამდენ ხანს უნდა იცხოვროს აქ, რომ ფინიკის ჩრდილი ჩრდილად ჩათვალოს და მის ტოტებში კი ბეღურების ჟღურტული დამაჯერებლად ჟღერდეს? უფრო დამაჯერებელი, ალბათ, კაჭკაჭის ან სხვა რომელმე ნაირფერი ფრინველის არსებობა იქნებოდა, ბეღურა კი ადრეულ გაზაფხულზე ნაჟურ წყლებში მოჭყუმპალავე წარმოედგინა.

და, თუ ამ გამოსახულებათა შორის ხის არსებობა გარდუვალია, მაშინ ის ტირიფის უნდა იყოს ან გარგარის - ნესტიანი და ჩამუქებული შტოების ამოყრის მოლოდინში. და, თუ ნაჟურ წყლებში, გაზაფხულის ღელეზე მისული, ზამთრის უსაკვებო დღეებგამოვლილი გამხდარი ბეღურაც დათამაშობს, შეუძლებელია, რომ იქვე, მახლობლად შარვალაკაპიწებული, შიშველ ფეხებზე სანდლებამოცმული და წკეპლამომარჯვებული, ბეღურების მდევნელი ბავშვიც არ გამოჩნდეს.

„განა შენი შვილი შენი დაკარგული ბავშვობის ძიება არ არის?“, - ფრთხილად, მდუღარე ყავის პირველი ყლუპის მოსმასავით, გაიფიქრა კაცმა.

ახლა ყავა კაბინეტში  ფრთხილად უნდა გაეტანა, რომ არ დაქცეოდა - ასე უწოდებდა ორი ოთახიდან ერთ-ერთს, სადაც არ იძინებდა. საფერფლეც თან წაიღოს, თუ ცალკე მობრუნდეს?.. თან წაიღო. რა თქმა უნდა, არსად ეჩქარებოდა, მაგრამ, როცა მთელი ცხოვრება მოძრაობები შედეგებზე გაქვს გათვლილ-გავარჯიშებული, ამის შეცვლა უკვე შეუძლებელია, თუნდაც შენი დღე უსასრულო იყოს და დროც უსაზღვრო გქონდეს.

სამზარეულოდან ოთახში თეფშით ყავის გატანა ვერა და ვერ ისწავლა - ჭიქიდან ყავა თეფშზე ეღვრებოდა და, როცა ამ რამდენიმე წლის წინათ მიხვდა, რომ ჭიქა და თეფში ცალ-ცალკე უნდა დაეჭირა, უკვე გვიანი იყო.

საწყენიც კი იყო ასე გვიან მიხვედრა. რამდენადაც თავისი მოუხერხებლობა სწყინდა, იმდენად უფრო მეტად შვილის მოხერხებულობით ამაყობდა, როცა ნახა, მისი ჯერ კიდევ ექვსი წლის ვაჟიშვილი, ცალ ხელში მართკუთხა საპონს როგორ ატრიალებდა. ამ ასაკში, როცა ფეხსაცმლის თასმების შეკვრის სწავლაზე ერთ სიცოცხლეს კარგავ, ძნელია იფიქრო, რომ - ბავშვმა სადღაც ერთხელ ნახა და ისწავლა. საბედნიეროდ, რაღაც-რაღაც გაწაფულობები ადამიანს მაიმუნისგან ჯერ კიდევ შემორჩა და თუ ისინი ჩვენში არ ვლინდებიან, ჩვენგან შვილებს მაინც გადაეცემა. ერთი სიტყვით, როცა ყავას თვითონ იდუღებდა, თეფშის გარეშე სვამდა, ხოლო თუ საზეიმო განწყობა ჰქონდა, სამზარეულოში თეფშის ასაღებად ცალკე ბრუნდებოდა და თან საფერფლეც მიჰქონდა.

„და თუ ასეა, - გაიფიქრა კაცმა ისე, რომ ტელევიზორის კადრებს ვერც კი ამჩნევდა, - თუ შენი შვილი შენი დაკარგული ბავშვობის ძიებაა, მაშინ შენი ბავშვობა რაღა იყო, თუ არა - შენი მშობლის მიერ თავისი ბავშვობის ძიება?..“

... სიგარეტის ღერს ფილტრიანი ბოლოდან მოუკიდა. ასეთ დროს პირველი რეაქცია, რაც ჰქონდა, ღერს ინსტინქტურად აბრუნებდა და დამდნარი ფილტრით ენას იწვავდა. მხოლოდ შემდეგ აგდებდა სიგარეტს საფერფლეში. ამასაც უკვე შეგუებოდა.

„ასეთ შემთხვევაში, ცხოვრების ამ ჯაჭვში,  რომელია შენი მონაკვეთი? შვილი მშობლისგან როდის თავისუფლდება? რომელ ასაკში? რას რომ მიხვდება?“. ნუთუ ყოველი შვილის დაბადებისას, ახლიდან იბადებიან და იმ ასაკს იხსენებენ, როცა სიკვდილზე იმდენივე წარმოდგენა ჰქონდათ, რამდენიც სიცოცხლეზე, ანუ - არანაირი... სიცოცხლის უსასრულობის შეგრძნების ეს მოკლე პერიოდი, როგორც ნამდვილი ჰიპოთეზა, ალბათ მუდმივ გადათამაშებას საჭიროებს ზრდასრული ადამიანის, მგონი, აწ უკვე არყოფილ სიცოცხლეში... „არყოფილი“ იმიტომ, რომ ნამდვილი სიცოცხლე მანამდეა, ვიდრე სიკვდილის შეცნობა არ დამდგარა. სიკვდილის შეცნობას კი, რომელიც გასაოცრად მოდის, მაშინვე თან სდევს პირველი თავზარი და დაეჭვება - გაუგებარის მიმართ... რატომ?

იმიტომ, რომ ამის შემდეგ სიცოცხლე უკვე ის აღარაა, რაც პირველი თავზარის დაცემამდე იყო, არამედ - სიკვდილის მოსატყუებელი ხრიკების ერთი გრძელი ჯაჭვია და ღმერთისადმი დაუცხრომელი პირმოთნეობა.

ყავა მწარე ეჩვენა. იმაზე უფრო მწარე, ვიდრე უშაქრო ყავა უნდა ყოფილიყო. ღირდა, რომ დღე ერთი ნატეხი შაქრით დაეტკბო, სხვა რომ არაფერი, ახალი კვირა იწყებოდა. განვლილი თერთმეტი თვის დღეთა თანმიმდევრობაში მხოლოდ ის ხდებოდა, რომ კვირა იწყებოდა და კვირა მთავრდებოდა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დღე თენდებოდა და დღე ღამდებოდა. მაგრამ, იმის მიუხედავად - დღე გვიან დაღამდება თუ ადრე გათენდება, მთვარე შეივსება თუ მიილევა, დროის სულთამხდელ მსვლელობას წილადებით ხელოვნური დაყოფა სჭირდება: დღე - პირველი ჭიქა ყავის შემდეგ, შაბათი - კვირადღის წინ, მსუბუქი სამშაბათი - მძიმე ორშაბათის შემდეგ...

დედამიწის მიზიდულობის ძალა ადამიანის ფიზიკური წონასწორობის შესანარჩუნებლად საკმარისია, მაგრამ დროის უწყვეტ მსვლელობაში მისი სულიერი წონასწორობისთვის საკმარისი არ არის. ადამიანს არ შეუძლია დროის დინებას მდუმარედ მისდიოს და სამყაროს უკიდეგანობით ამოივსოს.

„ყავის ახლანდელი გემოთი დაკმაყოფილდი“, - თავის თავს ურჩია კაცმა. უნდა დატკბე შეგრძნებით, რომ დღესაც იგივე ყავას სვამ, რასაც - თხუთმეტი წლის წინათ, თუმცა არ გამოირიცხება, რომ ყავა, დიდი ხანია, იგივე არ არის და არც გემოა იგივე, მაგრამ გემოს მეხსიერება გეუბნება - იგივეა! არც ის გამოირიცხება, რომ ოდესმე გემოს შეგრძნებას თუ დაკარგავ, გემოს მეხსიერება ამის მიხვედრის საშუალებას არ მოგცემს. ისიც შესაძლებელია, რომ, როცა სიკვდილი ახლოს იქნება, სიცოცხლის ჩვეულება ამის ჩაწვდომის ნებას არ მოგცემს.

ყველა ჯერზე, სამზარეულოს ფანჯრიდან გარეთ გახედვას გამბედაობა სჭირდებოდა. გარეთ კი, მეზობლის ეზოში, უძრავად ფინიკის ხე და მისი სახლის გალავანი იყო, რომელიც დამაბრმავებელი სითეთრით ქათქათებდა. ეს სითეთრე რაღა საჭიროა? ზღვა ხომ ისედაც ულმობლად აბრმავებს და ნუთუ, ხმელეთის ეს ყოვლისმომცველი სითეთრე იმისთვისაა, რომ ტანჯვა სრულყოფილი გახადოს?

ზღვის სიახლოვე არაფრით იგრძნობოდა. სამხრეთის ზღვა უდაბნოს თხევადი გაგრძელება იყო. მადლობელი უნდა იყოს ზღვის, რომ თევზებს არ ხარშავს და ნაპირზე არ ყრის.

...უდაბნოს ულმობელო ღმერთო, შენ ხომ კარგად იცი, რომ კაცობრიობის მხსნელის ლეგენდა აქ უნდა დაბადებულიყო. სამოთხის იმედი აქ უნდა ჩასახულიყო, ვინაიდან აქ მთელ წელიწადს, დღისით ჯოჯოხეთია და სიბნელე, ისე ცხელა, როგორც კუპრის ქვაბში, აქ ჰაერის შერხევა არა თუ ქარია, არამედ ცეცხლის ალები. აქ არ შეიძლებოდა, რომ რწმენა ფანატიკური არ ყოფილიყო, ვინაიდან ამქვეყნიური ჯოჯოხეთიდან ხსნის სხვა გზა არ არსებობდა, გარდა რწმენისა და გამალებული ძიების. და არ შეიძლებოდა, რომ მხსნელს ადამიანის სახე არ ჰქონოდა, რადგან ქვიშნარსა და კლდოვანში სასარგებლო და საიმედო სხვა არაფერი იყო, რომ ტოტემის როლის შესასრულებლად გამომდგარიყო. არ შეიძლება აქლემს ჭამდე, მასზე ჯდებოდე და მისი გწამდეს კიდეც, იმავდროულად. ამიტომ, საკულტო საგანი ადამიანის სახისა უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩვენსავით უმწეოდ დაბადებული იქნებოდა.

და არ სცოდნოდა გზა იმ მეორე, ნამდვილი სიცოცხლის. „ნამდვილი“ იმიტომ, რომ ეს, პირველი, მგონი, არ გამოვიდა. არ გამოვიდა იმიტომ, რომ არყოფნის საპირისპიროდ არ შეიძლება ტანჯვა იყოს. არყოფნიდან ამქვეყნად თავისი ნებით  არავინ მოსულა და, მაშასადამე, სიცოცხლე არ შეიძლება, რომ სასჯელი იყოს, რადგან სასჯელი უდანაშაულოს არ ეზღვება. თავისი ნებით არავინ მოსულა და, შესაბამისად, არც იმისთვის მოსულა, რომ ამ ქვეყნიდან წასვლა მტკივნეულად შესაცნობი იყოს. საბოლოო ჯამში, სიცოცხლე ხომ ისეთი ფასია, რომლის სანაცვლოდ, ბუნებას არ შეეძლო მზაკვრობით გადაეხადა.

არარსებობაში გადასვლა, მინიმუმ, შეუცნობლად უნდა მოხდეს, ისევე, როგორც დაბადება არ შეცნობილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ატომ-ატომ ლოგიკურად განსჯილ კოსმოსური არსებობის ჯაჭვში ეს მომენტი ალოგიკური იქნებოდა. არსებობის დასასრულის შეცნობა არ ხდება, რადგან არ ხდება სიცოცხლის ბოლო წამის შეცნობა. ბოლო წამის შეცნობა შეუძლებელია, რადგან მას ბოლოს წინა წამის შეგრძნება უსწრებს. მთელი პრობლემა კი ისაა, რომ სწორედ ამ წამის ჩაწვდომაა შეუძლებელი, ვინაიდან, უკანასკნელი წამის გარდაუვალობის ბოლომდე არავის სჯერა. „არც უნდა დაიჯეროს“, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა კაცმა.

ამ დღეებიდან ერთ დღეს, უეცრად, მძინარეს გამოეღვიძა და მიხვდა, რომ წინა წამებში გული გაჩერებოდა. მიხვდა, როგორც ხდება - შეწყვეტას, დროებითსა თუ სამუდამოს, ვერ გრძნობენ და გრძნობენ მხოლოდ შეწყვეტიდან დაბრუნებას, ისევე, როგორც გონზე მოსვლას გრძნობენ და გონების დაკარგვას კი - ვერა.

2000-2001 წწ.