„ბედისწერას ღმერთი საზღვრავს, მაგრამ ის ჩვენი ხელწერით იწერება“.

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ლევონ სარგსიანი (1957-2021) - ჟურნალისტი, პუბლიცისტი

ლიტერატორი და პოეტი. სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა

 

სიკვდილის მერე ნახავ სად მიდიან სიტყვები, რომლებიც არასდროს თქმულან“.

 

  • „მე მაცხოვრეს ოცნებებმა, რომლებიც სინამდვილედ ქცევას გადაურჩნენ“.
  • „პატარა სული ყველაზე მოსახერხებელი ადგილია დიდი შურისთვის“.
  • „სიტყვები ჩვენთან ერთად ბერდებიან და სულ ბოლოს მათი სიჩუმე გვრჩება“.
  • „რა დიდებული იქნებოდა, რომ სიკვდილზეც გვეთქვა - ესეც გაივლის...
  • „... და მთელი სიცოცხლე არ გვყოფნის, რომ სიკვდილს ვუთხრათ - მე მზად ვარ!“
  • „ბედნიერებას პირობას ნუ წაუყენებთ - ის უპირობოა“.
  • „სიყვარული ვაი რომ სიცრუე იყო, მაგრამ რაოდენ ჭეშმარიტი იყო ტანჯვა“.
  • „მე ვიცი ტკივილის სინონიმი - უშენობა“.
  • „გენიოსს მომავალი ახსოვს“.
  • „თითოეულ ჩვენგანს თავისი თავი ცოტათი მაინც დაუტოვებია იქ, სადაც როდესმე გაუვლია“.
  • „წვრილმან სულში ღმერთი არ ცხოვრობს - მასაც კომფორტული გარემო უყვარს“.
  • „ღმერთის ძებნაში არ გაგიკვირდეს, რომ შენს თავს მიადგე“.
  • „სიცოცხლე ზოგჯერ თავს ხრის სიკვდილის დაჟინებული მზერის წინაშე“. 
  • „თავის თავზე რა დიდი წარმოდგენა აქვთ სიტყვებს სიყვარულის განსაზღვრა რომ უნდათ“.
  • „თუ გყვარებია, ესე იგი ერთი წამით მაინც შეხებიხარ უკვდავებას“.
  • „სიკვდილი შეუმჩნევლად იკავებს სულის იმ კუნჭულებს, საიდანაც სიყვარული გავიდა“.
  • „ცოდვილი სიყვარული ქვებით ჩაქოლეს და მერე ამ ქვებით სამლოცველო ააგეს“.
  • „უშენობა ჩემში შენით სავსეა...“
  • „ფრინველისთვის ცა - სივრცეც არის და დროც“.
  • „ნაწერს სიფრთხილით მოეკიდეთ -  ვის შესახებაც არ უნდა დაწეროთ, მაინც თქვენს შესახებ წერთ“.
  • „სიტყვებს არაფერი უთხრა შენს სიყვარულზე, თორემ მოგროვდებიან, სიტყვას სიტყვა მოჰყვება, სათმელად იქცევა და მთელი ქვეყანას მოსდებენ“.
  • „უცნაურია ადამიანი, ყველა ტანჯვას შორის უდიდესს ირჩევს - სიყვარულს“.
  • „დაგვიანებულ სიყვარულს ერთი უპირატესობა აქვს - ჩვეულებრივ სიყვარულად ქცევის დრო აღარ აქვს“.
  • „მხოლოდ ერთხელ გიყვარს, სხვა დანარჩენი კი ამ ერთადერთის გახსენებაა“.
  • „ჯვარი რომ ატარო, ჯერ ჯაჭვს უნდა ატარებდე“.
  • „ვცდებით, როცა ვფიქრობთ, რომ ჩვენი სიმდიდრე ცოდნაა. ჩვენი სიმდიდრე - გრძნობებია“.
  • „როგორი ანგარებიანია სიყვარული - ღარიბ სულში ბინას არ იდებს“.
  • „ჩვენ მხოლოდ დაწერილი ლექსების კითხვა შეგვიძლია, ღმერთმა კი დაუწერელიც ზეპირად იცის“.
  • „შესანიშნავია, როცა შეხვედრის შუამავალი ბედისწერაა“.
  • „სიტყვებმა ბოლოს და ბოლოს სიჩუმე მასწავლეს“.
  • „ჩვენ ყოველთვის შეუძლებლის გაკეთებას ვცდილობთ, რადგან შესაძლებელი არ გვიკეთებია“.
  • „ფრთხილად, ფიქრთა ჯურღმულში ჩაძირვისას შეიძლება იქ აღმოჩნდე,  სადაც სიტყვები აღარ არიან“.
  • „ჩემში ტკივილი გულივით ფეთქავს“.
  • „სადაც არ უნდა იყო, შენში ჩემი დრო იფეთქებს“.
  • „რა გარკვევით ისმის ჩემი გულისცემა შენს დუმილში“.

 

„ქალის ისე უნდა შეიყვარო, რომ მიხვდეს - საკუთარ სულს ეძებ მასში“.

  

 

***

„შენი სიყვარულისთვის

თვალები ცოტა იყო,

შენი სიყვარულისთვის

ხელები ცოტა იყო,

შენი სიყვარულისთვის

სიტყვები ცოტა იყო,

და ლოცვებიც ცოტა იყო

შენი სიყვარულისთვის.

შენი სიყვარულისთვის

მე ცოტა ვიყავი“.

 

***

„მოდიოდი,

შეუძლებელი სიშორიდან მოდიოდი,

მთელი სიცოცხლე მოდიოდი,

და მოხვედი, როცა ღრმა შემოდგომა დადგა“.

***

„ღმერთს სიყვარული ვთხოვე და

შენი თავი გამომიგზავნა,

ღმერთს ტანჯვა ვთხოვე და

მითხრა - უკვე გაქვს!“

***

„დილით

არ დაგავიწყდეს

შენი მორთვა

ჩემი მონატრებით“.

***

„ცას ავხედე -

სიყვარული

მშორდებოდა...

სიყვარული

თბილ ქვეყნებში

მიფრინავდა“.

***

„ყველა(ფერს) შორის

ყველაზე მეტად

შენ მიყვარდი“.

***

„ჩემი დღეები

საპატარძლო კაბასავით

მინდა ჩაგაცვა

და გულისპირი

საათებით დაგიმშვენო.

როგორ გიხდება

შენ ჩემი დღეები“.

***

„ჩემს ერთგულებას

კოცნით

ბეჭედი დაუსვი,

შენი ერთადერთობა

სიყვარულით

დამიმოწმე

და

დიდი ხანია

ყველა ქალი

ძალადაკარგულია ჩემთვის“.

***

„შენს ოთახში,

სადაც არასდროს ვყოფილვარ

და არ ვიქნები,

ზაფხულის ღამის

შეუვალ სიბნელეში

შენ ანათებს

და ამ სინათლეზე

ჩემს ლექსებს ვწერ“.