ექსკლუზივი: მამაკაცების ტყვე - ცნობილი სომეხი პროზაიკოსის ვანო სირადეღიანის მოთხობების პირველი თარგმანი

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვანო სირადეღიანი - დაიბადა 13.11.1946 წელს. ცნობილი სომეხი პროზაიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. 90-იანი წლებში, დამოუკიდებელი სომხეთის ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერი, ქ.ერევნის ყოფილი მერი, სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი. მის პიროვნებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება ურთიერთგამომრიცხავია, ნაწილი მას საუკეთესო პროზაიკოსად და პოლიტოლოგად მიიჩნევს, ნაწილი კი მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და მოქალაქეების დევნაში ადანაშაულებს. 2000 წლიდან მასზე გამოცხადებულია ძებნა და მიმალვაში იმყოფება. ვანო სირადეღიანის  მოთხრობები ქართულ ენაზე დღემდე არ თარგმნილა და არ გამოქვეყნებულა. ახლახანს რამდენიმე საინტერესო მოთხრობა თარგმნა გელა გელაშვილმა, რომელსაც „არტ ვერსია“ ექსკლუზიურად პერიოდულად შემოგთავაზებთ. მადლობა ავტორს თანამშრომლობისთვის.

 ერთ დღეს, ამდენი წლის განმავლობაში ჩავლილი მატარებლებიდან ერთ-ერთში ჩაჯდებოდა და ჯანდაბაში გადაიკარგებოდა. სასადილოდან სადგურის ბაქანი რამდენიმე ნაბიჯზე იყო. დღეში, ერთი მიმართულებით ოთხი სამგზავრო მატარებელი დადიოდა და ოთხიც - საპირისპიროდ. შავი დღისთვის მცირეოდენი ფული ჰქონდა გადანახული. თან წაიღებდა და ყველაფერ დანარჩენს მიაფურთხებდა, - ცოტა ფული, ერთი ჩემოდანი და თავისი ახალგაზრდობა საკმარისი იქნებოდა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო.

ოცდათხუთმეტი წელი ეს დღე მის წინაშე იდგა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს დღე მოსდევდა, ამდენი დროის განმავლობაშიც კი ვერ მოახერხა სასადილოდან ბაქნამდე მისვლა.

ახლა უკვე გვიანი იყო. დიდი ხანია გვიანი იყო. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. გამგზავრებასაც თავისი დრო აქვს. ზურგის ქარს მზად უნდა დახვდე - ბაბუაწვერასავით პარაშუტმომარჯვებული, მსუბუქი, თავისუფალი და რომელიმე ადგილზე აღმოცენების ინსტიქტით აღსავსე... მაგრამ, იცი კი რომელია შენი ქარი? შენ პოულობ მას თუ პირიქით? ან იქნებ, შენ ის ეკალი ხარ, რომელიც ადამიანებისგან დაწყევლილ მდელოსა და მდინარის ნაპირებზე გართხმული იზრდება, რომელიც მგელსა და ნადირსაც კი არ ეკვრის ფეხზე...

დახლზე იდაყვებით ჩამოყრდნობილი და გაშლილ ხელისგულებს შორის მოქცეული სახით, ორმოცდაათს გადაცილებული ქალი, რკინიგზის სასადილოს ფანჯრებიდან ბაქანზე ჩამომდგარ ღამის მატარებლებს უცქერდა. ვაგონებიდან ნაზი შუქი გამოჰკრთოდა. შუშებსმიღმა გარეთ მომზირალი, ძილმორეული, მშვიდი სახეები მოჩანდა, რომლებიც ხედავდნენ ან ვერ ხედავდნენ მებუფეტე ქალს, სასადილოს მაგიდასთან მთვლემარე მთვრალ მოხუცს, ბაქნის შუქზე მოქანავე შუაღამის ქარიან სადგურს და მთქნარებამორეულ მორიგეს, რომელსაც სასიგნალო ალამი უადგილო თავაზიანობით სახეზე აეფარებინა. მათ ესმოდათ ან არ ესმოდათ უხილავი მდინარის ხმაური, - და ეს ყველაფერი, ვაგონში მყოფთათვის რაღაც არარეალურ, ლამაზ სამყაროს ქმნიდა, რომელსაც, ერთხელ ნანახი სიზმრის მსგავსად, არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალური სამყაროს დიდ ტკივილებთან ისევე, როგორც - ხალხმრავალი გზის კიდესთან ამოსულ მარტოხელა ყაყაჩოს.

ღამის მატარებლები დღისას არ ჰგვანან, სადგურში მოულოდნელად ჩნდებიან, როგორც უდაბნოს ბაქანზე არსაიდან მოსული მატარებლები, რომლებიც თითქოს არც კი ფიქრობენ გაჩერებას, თითქოს ბაქნის არსებობა საჭირო არც იყოს, მაგრამ დათქმულ დროს მიმოსვლის განრიგის ფხიზელი ხელი მათ დედამიწის ელექტროქსელიდან რთავს და ფოლადის რელსებზე აჭედებს. რომელიღაც ეზოში ძაღლი ჰყეფს - „თქვენი მოსვლა დავინახეთ!“, მოხუცი ხველებისას თვალებს ხუჭავს და ცახცახებს, სახურავიდან აყრილ თუნუქის ფურცლებს ქარი ათრევს და ერთმანეთს ახეთქებს, მატარებლის გრუხუნში მიყუჩებული მდინარე დინებას ჩუმი ჩხრიალით აგძელებს და მომაკვდავი მასის არსებობით სადგურის უდაბურობა უფრო მეტად მკაცრდება.

ღამის მატარებლები თითქოს უნებლიედ მოძრაობენ, აკვანივით ირწევიან, გადამწყვეტ სიჩქარეს კრეფენ და წითელი შუქებით ღამის წყვდიადში იკარგებიან. ძაღლი ნაძალადევად ჰყეფს, ქარი სახურავის თუნუქის ფურცლებს აფრიალებს და ერთმანეთს ახეთქებს, მდინარე, საუკუნეთა უხმაურო სიღრმიდან, კვლავ ყრუდ ჩხრიალებს, უქმად დარჩენილი ლიანდაგის ხაზებიდან ნელთბილი სევდა უბერავს და არუსის თვალებს ავსებს.

დღის მატარებლები ღამისას არ ჰგვანან, გამგზავრების სურვილს არ აღძრავენ, თავიანთი წასვლით მიტოვებულის განცდას არ ტოვებენ, მოდიან და მიდიან ყოველდღიური აუცილებლობასავით... დღის განმავლობაში, ვაგონებიდან, დაუდევრად ჩაცმული მამაკაცები შინაურულად ჩამორბიან და არუსისგან ისეთ რამეებს ითხოვენ, რაც რკინიგზის გაყვანის დღიდან სადგურში არასდროს ჰქონიათ. არუსი მათ ხუთ და სამოციან ძეხვს, ლიმონათს, ტკბილ კვერსა და ზოგჯერ ბოთლის ლუდსაც სთავაზობს, თუ წვიმების სეზონი არ არის და ლუდის ქარხანა ნიაღვარს არ წაუღია.

მამაკაცი მგზავრები უმეტესწილად ნასვამები, შეგულიანებულები ან აღგზნებულები არიან და ძირითადად, თავაშვებულად იქცევიან, ხოლო ზღვისპირა ქალაქების მატარებლებიდან ხომ ისინი ნახევრადშიშვლები ჩამოდიან. წყლის უნახავები - ფეხშიშველი დადიან. ნავარჯიშევი და დაკუნთული აღნაგობის მქონენი ზღვაზე სანაპიროს ქალების მოსახიბლად მიდიან, ხოლო კუნთების არმქონენს თან მთელი შეკვრა ფული მიაქვთ, რომ ზღვისპირა ფუნდუკ-რესტორნებში სატყუარა ჩააგდონ... ისინი, ჯერ კიდევ გზიდან ხედავენ გრძელფეხება, ქერა ქალების გუნდებს, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროსკენ ცურვით მოემართებიან, სადაც სამხრეთის ზღვა, მზე და სამხრეთელ მამაკაცთა საზაფხულო შეკრება ელოდებათ. წელმაგარი, ხელგაშლილი, ჯიშიანი მამაკაცებით გადავსებული ვაგონები ზღვისკენ ისე მისრიალებენ, თითქოს ფრონტისკენ კავალერიის ცხენებს მიერეკებოდნენ, რომლებიც ზღვის უკიდეგანობაში გაჭრის სიშმაგითა და ქერა სტიქიის მოლოდინით შეპყრობილნი ფლოქვებს მოუსვენრად სცემენ.

... მამაკაცები, როგორც კი ფული გამოელევათ, მაშინვე დაბრუნდებიან - თუნდაც ერთი კვირის შემდეგ, რადგან უფულო მამაკაცი ერთ დღესაც ვერ იცხოვრებს სხვისი ქალის გვერდით. დაბრუნდებიან - გარუჯული კანითა და ზღვის მარილიან  წყალში ნაჩქარევად დამუშავებულნი, ზღვის გარეშე ცხოვრების ვაჟკაცური მზადყოფნით და კავკასიის რკინიგზის სადგურების გავლისას, ზღვიდან დაშორების პარალელურად ფასდაკარგული თავიანთი ბანჯგვლიანი მხრების შემყურე იფიქრებენ, რომ სამხრეთელი გოგონები ძალიან წუნია და ჭირვეულები არიან „ჩორტ პაბერი!..“, ხოლო სომხეთში შემოსვლისას ან იქნებ სწორედ არუსის თვალებში ჩახედვისას იფიქრებენ, რომ სომეხი ქალები, აჰ..., უზომოდ ნაღვლიანნი და ძალიან ტანდაბალნი არიან.

- მაგრამ თვალები!.. ლამაზი თვალები... მათი ბადალი არსად არის!..

და ასე მიაგებენ ლამაზ თვალებს საკადრისს, ლამაზ თვალებში ჩამოირეცხავენ ზღვის მარილსა და სანაპიროს ჭუჭყს, ბედს შეურიგდებიან და მომავალ ზაფხულამდე თავს იმით ინუგეშებენ, რომ არც ისე უაზროა ცხოვრება ზღვისა და სანაპიროს ქალების გარეშე.

უქმროდ, მარტოდ მცხოვრები ქალი ის გასასვლელია, რომლითაც ოჯახური ცხოვრების ყოველდღიური კატასტროფით პანიკამოცული მამაკაცები გარეთ გარბიან, - არუსი მათთვის ხსნის კარი იყო. ყოველშემთხვევაში, მის გარშემომყოფ მამაკაცებისთვის იგი ყველაზე მახლობელი, ცდუნების კარი იყო, რომლის ზღურბლთან მომლოცველთა ნაკლებობა არ იგრძნობოდა. არ იგრძნობოდა იმიტომ, რომ არუსი გულქვა არ იყო და როდესაც უარს ამბობდა, მაამებლად პატიობდა კიდეც უსიტყვო მედუქნესავით - „თქვენ რაც გსურთ, დღეს არ გვაქვს, ხვალ მობრძანდით“. ისინიც მოდიოდნენ ხვალ, ზეგ, წლების მერე... და მისი არჩევანი დაუძრახავი იყო. ის, იმ სოფლელ ქალს არ ჰგავდა, რომელიც ბაზარზე საქონლის გატანის დროს მყიდველს სახეში არ უყურებს - ოღონდ კი როგორმე ძვირად გაყიდოს, ალბათ ამიტომაც მარტო დარჩა, როგორც უდაბნოში კენტი საზამთროს იმედზე მყოფი მწყურვალე, რომელმაც ჯერ საზამთროს გული შეჭამა, მერე დარჩენილი წითელი გამოღრღნა და ბოლოს - ქერქზე გადავიდა... და მაინც, მისი არჩევანი დაუძრახავი იყო.

სხვა რა უნდოდა გოგოს? - სახლი, მოსიყვარულე მეუღლე, ერთი მეორეს ტანსაცმელში გაზრდილი და ერთმანეთის მხარში მდგომი ბავშვები, ცოტაც იღბალი ოჯახში... და ეს წამი, როდესაც თითქოს დადგა, ის თავის ოცნებას გაჰყვა.

გაბედული იყო ბიჭი, გაბედული და ლამაზი. სოფელში სატვირთო მანქანას ისე დააქროლებდა, როგორც უნაგირზე გაზრდილი მხედარი  - სურვილისამებრ ლაგმავდა, უბიძგებდა, ათამაშებდა და ისღა დარჩენოდა, რომ მანქანით ხეზე ასულიყო... მისი სიცილი ულაყის ჭიხვინს ჰგავდა. წელმაგარი და ტანმაღალი იყო, შუბლის სიგანეზე ღრმა ნაჭრილობევი გასდევდა და პირდაპირ გოგოს გულში იჭრებოდა... ამ ტიპის მამაკაცები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. ასეთი მამაკაცები ასაკოვან ქალებს მჩატედ, გასართობად უყვართ, მათი სიყვარულით ბედნიერდებიან, სიყვარულს იღბლად მიიწერენ, სარგებლობენ და უფრთხილდებიან, მაგრამ ერთ დღესაც ხელიდან უშვებენ, რომ გოგონებმა მათთან მტანჯველი სიყვარული გააბან, რომ მათ კუბოებს პროცესიის ბოლოში შეუმჩნევლად გაჰყვნენ და საფლავზე ერთი მუჭა მიწის მოყრის ღირსნი არ გახადონ, რომ ისინი თავიანთ გულებში დამარხონ და საფლავის სუნი დაგვიანებული ქორწინების სარეცელზე გაიყოლონ.

გოგომ ეს არ იცოდა და რომ სცოდნოდა, მაინც გაჰყვებოდა. წავიდა კიდეც სახლიდან.

თაფლობის თვე გავიდა, თვეებიც გავიდა, ეგონა, რომ წინ დათაფლული ცხოვრება კიდევ იყო. რა თქმა უნდა, ყოველდღიური საზრუნავიც იყო, თუმცა ცოლ-ქმრულ სარეცელს იყოფდნენ და სიყვარულს ფრთას ასხავდნენ... წინ დათაფლული ცხოვრება ჯერ კიდევ იყო.

მაგრამ სხვა თაობა მოდიოდა, ქალთა რაღაც სხვა მოდგმა, ლეღვის ხის ფოთოლჩაცმული, რომლებიც მამაკაცებს მზერით შამფურზე აგებდნენ და თავისი ფასიც იცოდნენ. ამ განსაცდელისგან ის დაუცველი აღმოჩნდა. მისი შენარჩუნება შეუძლებელი იყო. ან როგორ შეინარჩუნებდა მას, ვინც გოგონებს მტანჯველი სიყვარულით უყვარდებათ და ვინც, ასაკში შესულ ქალბატონებს მჩატედ და გასართობად უნდათ.

მეუღლე თანდათანობით წაიყვანეს. დღე იყო, სახლში შუაღამისას მოდიოდა, ღამე იყო და სახლში საერთოდ აღარ მოდიოდა, შემდეგ შორეული რეისები დაიწყო და ერთ დილასაც, ვიღაც ქალთან ერთად სატვირთოს კაბინაში დალეწილი იპოვეს. უპატიო სიკვდილით მოკვდა. ერთი ფასი ჰქონდა შავების ჩაცმას ან არჩაცმას, დარჩენას თუ მამისეულ სახლში დაბრუნებას, საიდანაც, ერთ დროს თავისი ნებით წამოვიდა... უპატივცემულო ქვრივობაში დარჩა, დარდით, გულისტკივილითა და შუბლზე დაღით.

ახალგაზრდა ქვრივს მარტო არ ტოვებენ. მამაკაცებმაც მარტო არ დატოვეს. მამაკაცთა მოდგმის მიმართ ზიზღით განმსჭვალული ქვრივიდან დროებით თავი შორს დაიჭირეს, შორიდან, დახვეწილად, ბინის გადაცვლის საკითხი მოუგვარეს, რამდენიმე კვირის შემდეგ ახალი თანამდებობა მისცეს, დღითიდღე, გლოვიდან ფრთხილად გამოიყვანეს, თითო-თითო ძაფებით ლმობიერების სათუთი აბლაბუდა მოუქსოვეს... და, როდესაც გულისხეთქვამდე მადლიერებით აღსავსე, გულისრევამდე შურისძიებით მთვრალი გონზე მოვიდა - მამაკაცების ტყვე აღოჩნდა.                

და ამის მერე, უკვე იმედდაკარგულმა, უკვე გულგრილმა, ცხოვრება გაატარა ისე, როგორც მათ სურდათ, უხეში ვნებების შტორმში მოყოლილი გემივით, ხან მარჯვნიდან შეახეთქეს, ხან - მარცხნიდან, შემდეგ თავთხელში ჩაეფლო, სიყვარულის მსგავსი ღამეების მონაცვლეობით დღეები მოვიდნენ და წავიდნენ... 

... სასადილოდან სადგურის ბაქანი რამდენიმე ნაბიჯზე იყო. დღეში, ერთი მიმართულებით ოთხი სამგზავრო მატარებელი დადიოდა და ოთხიც - საპირისპიროდ. შავი დღისთვის მცირეოდენი ფული ჰქონდა გადანახული. თან წაიღებდა და ყველაფერ დანარჩენს მიაფურთხებდა, - ცოტა ფული, ერთი ჩემოდანი და თავისი ახალგაზრდობა საკმარისი იქნებოდა... მხოლოდ თავისი ახალგაზრდობაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო, მაგრამ...

ახლა უკვე გვიანი იყო. დიდი ხანია გვიანი იყო.