ახალგაზრდობის ხმა - რა ხდება რეალურად თსუ-ში და რატომ აუჯანყდნენ სტუდენტები რექტორს

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პროტესტანტ სტუდენტებს უნივერსიტეტიდან გარიცხვით ემუქრებიან

 ავტორი: თათია გოჩაძე

 რამდენიმე დღეა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყურადღების ცენტრშია. სტუდენტებმა რექტორის კაბინეტში შესვლა ძალით სცადეს, რასაც საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. აღშფოთება იმ კადრებმა გამოიწვია, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, რამაზ ხომერიკი ახალგაზრდებს კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიიდან ძალით გაჰყავთ... საგულისხმოა, რომ სტუდენტებმა პროტესტი ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყეს და მათი მოთხოვნა ჰიბრიდული სწავლება იყო, რაც უნივერსიტეტმა მაშინ დააკმაყოფილა. ახლა კი, როგორც ირკვევა, სტუდენტები ითხოვენ ფინალური გამოცდების ონლაინრეჟიმში ჩატარებას მხოლოდ მიმდინარე სემესტრში, რადგან მათი თქმით, თბილისში ჩამოსვლა ფინანსური პრობლემების გამო უჭირთ. რას აპროტესტებენ და რას ითხოვენ თსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორ გია შარვაშიძისგან? – „ვერსია“ აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, სოფი მოლაშხიას ესაუბრა:

 

- ჩვენი პირველი და მთავარი მოთხოვნა საერთო საცხოვრებლის მშენებლობაა. გვინდა, გვქონდეს გარანტია, რომ რაც შეიძლება, მალე აშენდება. ასევე, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფინანსურ გამჭვირვალობას ვითხოვთ, რადგან გვაქვს კითხვები ხარჯებთან დაკავშირებით.

მესამე მოთხოვნა კი მხოლოდ ამ სემესტრში გამოცდის ფორმატის ცვლილებაა და მინდა, ეს კარგად ავხსნა - იქიდან გამომდინარე, რომ თსუ-ში სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულად, ბევრმა სტუდენტმა დისტანციურ რეჟიმზე გააგრძელა სწავლა და ვერ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას. უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა კიდევ ორი საგამოცდო ქალაქი - ქუთაისი და ახალციხე, მაგრამ ვინც საზღვარგარეთაა დარჩენილი ან შორსაა, ვთქვათ, ლაგოდეხში ან ხულოში, მათთვის ეს სამი ქალაქიც ვერ გადაჭრის პრობლემას. ესაა ფინანსური და საბინაო პრობლემები. ამიტომ უნივერსიტეტს ვთავაზობთ, რომ მხოლოდ ამ სემესტრში შეცვალოს გამოცდის ფორმატი - ან ეს გამოცდა ყველასთვის იყოს დისტანციური, ან საგამოცდო გახადონ ყველა დიდი ქალაქი.

თავიდან უნივერსიტეტს შევთავაზეთ, რომ გამოცდები ყოფილიყო ჰიბრიდული, მაგრამ ამაზე გვიპასუხეს, რომ ეს არათანაბარ პირობებს შექმნიდა შეფასების მხრივ და სწორედ აქედან წამოვიდა სტუდენტების მოთხოვნა, რომ გამოცდა ონლაინრეჟიმში ჩატარდეს.

ჩვენი მეოთხე მოთხოვნა რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილებაა, რათა არჩევის პროცესი ბევრად გახსნილი იყოს.

- რექტორის გადადგომას რატომ ითხოვთ?
- ორ თვეზე მეტია, პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ვმართავთ. ბევრმა აქციამ ცოტა სხვა სახე მიიღო და მასშტაბური გახდა... ჩვენ ვითხოვდით, რომ შეგვხვედროდა რექტორი, ბატონი გია შარვაშიძე. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, მას აქტიური კომუნიკაცია აქვს სტუდენტებთან, მაგრამ რეალურად, ყველაფერი ეს ჯანსაღი კომუნიკაციის არარსებობამ გამოიწვია. ბატონი გია ერთხელ შეგვხვდა სტუდენტების მცირე ჯგუფს და გვითხრა, ჩვენ გადაწყვეტილებას არ შევცვლით, სწავლა დაიწყება 2 მაისს და სტუდენტებმა უნდა გაიჭირვონო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს პასუხი მიუღებელი იყო, რადგან სტუდენტები განათლების პროცესს მიღმა რჩებოდნენ და ამიტომ აქციებმა სხვა ფორმა მიიღო. რექტორს ვთხოვდით შეხვედრას, მის კაბინეტთან მივდიოდით და არ გვხვდებოდა. ორი ღამე გავათენეთ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იმის მოთხოვნით, რომ რექტორი დაგვდებდა პატივს და შეგვხვდებოდა. რის შემდეგაც მოუწია, შეეცვალა გადაწყვეტილება და სწავლა ჰიბრიდულად გაეგრძელებინა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამხელა უნივერსიტეტში, რომელსაც 60 მილიონზე მეტი დაფინანსება აქვს, არაა გამართული ინტერნეტი და ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს ლექტორების მიერ ნაყიდი მეგაბაიტების ხარჯზე. ისიც ვერ უზრუნველყვეს, რომ სასწავლო პროცესი ყოფილიყო გამართული!

უნივერსიტეტში გვეუბნებიან, ორი თვით ადრე გავაკეთეთ განცხადება და უნდა მომზადებულიყავითო, მაგრამ აქვე ჩნდება ლოგიკური კითხვა - თავად უნივერსიტეტს ორწელნახევარი ჰქონდა პანდემიის პერიოდში, რათა დაზოგილი თანხა გამოეყენებინა ჰიბრიდული სწავლების მომზადებისთვის.

 გამოცდის ფორმატი, რომელსაც ვითხოვთ, სხვა უნივერსიტეტების მიერ გამოცდილი მეთოდია, სხვაგანაც წერენ გამოცდებს დისტანციურად.

- სოფი, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექეცით საზოგადოებისგან, როცა მწვავე დაპირისპირების კადრები გავრცელდა... რამ განაპირობა თქვენი ასეთი გაბრაზება?

- პირველ რიგში, იმან გაგვაბრაზა, რომ უნივერსიტეტისთვის სტუდენტი არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ისინი იღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. როცა ვამბობდით, რომ განათლების მიღმა ტოვებდნენ სტუდენტებს, მედიასაშუალებებში გამოდიოდნენ და ამბობდნენ, თსუ-ში 27 000 სტუდენტია და მხოლოდ იმიტომ, რომ განათლების მიღმა შეიძლება, 3000 სტუდენტი რჩებოდეს, ამას ვერ გავითვალისწინებთო. ასევე, იყო მათი მხრიდან ცინიკური დამოკიდებულება... სტუდენტები ვდგავართ, ვთხოვთ, რექტორთან შეგხვედრას და ის იპარება 15 წუთით ადრე უკანა კარიდან! აქცია გვაქვს გამართული უნივერსიტეტში და უცებ ქვეყნდება ფოტო, რომ ბატონო გია სადღაც ექსპედიციაზეა, სუფრასთან ზის ჭიქა ღვინით ხელში... ყველაფერი ეს მისი მხრიდან დამამცირებელი იყო.

შეხვედრაზე გვითხრა, როცა გისმენდით, პირბადის მიღმა მეღიმებოდა, რადგან ყველაფერი კარგად ვიცი და ამ თემაზე გვისაუბრიაო... ასევე, დამამცირებელია უნივერსიტეტის დამოკიდებულება, როცა გვთავაზობს ბაგების საერთო საცხოვრებელს. თუ ძალადობაზე საუბრობენ, ძალადობა სხვადასხვა ფორმისაა! კი, აქციაზე მოხდა გადაცდომები, რაც მართლაც, მაგათ უყურადღებობამ წარმოშვა, მაგრამ ისიც ძალადობაა, როცა სტუდენტს ბაგების საერთო საცხოვრებელს სთავაზობ, რომელიც სრულიად შეუფერებელია საცხოვრებლად. ამის ამსახველი კადრებიც არსებობს, თუ რა ხდება საერთო საცხოვრებელში.

რაც შეეხება უნივერსიტეტის რესურსს, ინტერნეტი რომ არ არის, ეს ყველამ კარგად იცის. ასევე, უნივერსიტეტისთვის სრულიად ნოვაციას წარმოადგენს პროექტორის არსებობა და ამაზე ლექტორებმაც კი ისაუბრეს ერთ-ერთ გადაცემაში.

- დიახ, იაგო კაჭკაჭიშვილი საუბრობდა ამ პრობლემაზე...

- ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ვითხოვთ, უნივერსიტეტმა შეწყვიტოს ეთიკის კომისიის გამოყენება სტუდენტებისა და ლექტორების რეპრესიის მიზნით. ადრე იაგო კაჭკაჭიშვილს ემუქრებოდნენ, ახლა კი ჩვენ, სტუდენტები, ვართ ამ მუქარის მსხვერპლი და გვეუბნებიან, რომ გადაგვცემენ ეთიკის კომისიას, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს ყოფნა-არყოფნას უნივერსიტეტში.

- ანუ, უნივერსიტეტიდან გარიცხვით გემუქრებიან?

- დაახლოებით, ეგრე გამოდის.

- ვინ არიან ეთიკის კომისიის წევრები?

- ჩვენც ახლახანს შევიტყვეთ, რომ ეს კომისია არსებობს თსუ-ში, მაგრამ როგორც გავიგეთ, ამ „მანქანას“ იყენებენ ურჩი სტუდენტებისა და ლექტორების დასჯის მიზნით. ჩვენი ინფორმაციით, ამ კომისიაში შედის ბევრი „ყურმოჭრილი“ ლექტორი და ლექტორებს ლექტორების ხელით „აშავებენ“.

- რას გულისხმობთ?

- ამ ეთიკის კომისიის წევრები არიან ლექტორები და გამოდის, რომ ლექტორები განიხილავენ სხვა ლექტორების საკითხს.

- და რა სანქციის გამოტანა შეუძლია ეთიკის კომისიას ?

- დეტალები არ ვიცი, ამ მექანიზმის შესახებ მაშინ დავინტერესდი, როცა თსუ-ში გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენს საქმეს ამ კომისიას გადასცემდნენ.

- საინტერესოა, ლექტორები თუ გიჭერენ მხარს და თქვენს პროტესტს იზიარებენ?

- კი, ლექტორები ჩვენს აქციაზეც გამოსულან, გადაცემაშიც აშკარად დააფიქსირეს პოზიცია, მაგრამ ეს ლექტორები უნივერსიტეტიდან საყვედურს იღებენ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ესენი გაზარმაცებული ლექტორები არიან, რომლებიც თქვენ გაქეზებენო...

- სოფი, როგორც მივხვდი, სტუდენტებს ფინალურ გამოცდებზე ჩამოსვლის პრობლემა აქვთ...

- დიახ, უნივერისტეტში ამბობენ, ხომ იცოდნენ, რომ გამოცდები ექნებოდათ და მომზადებულიყვნენო, მაგრამ პანდემია რომ იქნებოდა, ეს არავინ იცოდა და პანდემიის პერიოდში ბევრმა სტუიდენტმა, ვისაც ძალიან უჭირდა, არ ჰქონდა ინტერნეტი, ნოუთბუქი, თავისი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა, რომ ონლაინსწავლება უზრუნველეყო.

- ესე იგი, უნივერსიტეტმა არ იზრუნა ასეთი სტუდენტებისთვის, რომ ინტერნეტით და ტექნიკით უზრუნველეყო დისტანციური სწავლების დროს?

- დიახ, უნივერსიტეტს ამისთვის არაფერი გაუკეთებია. ეს ბავშვები სრულიად იმაზე იყვნენ გადართულნი, რომ დისტანციური სწავლება შესძლებოდათ და ამ დროს სთხოვ, ჩამოვიდეს მაშინ, როცა ბინები გაძვირებულია, სრულიად ალოგიკური და დიდი შეცდომა იყო უნივერსიტეტის მხრიდან შუა სემესტრიდან სწავლის აუდიტორიებში გაგრძელება.

ასევე, ხაზგასასმელია, რომ ქულათა ყველაზე დიდი წილი მოდის გამოცდებზე. ფინალური გამოცდა ახლა 40-ქულიანია და თუ სტუდენტი გამოცდაზე ვერ გავა, არ აქვს მნიშვნელობა, იქამდე რა ქულები დააგროვა, ეს ნიშნავს, რომ სემესტრს ვერ დახურავს.

- განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვთ. დაგიკავშირდნენ უკვე ჩხენკელის უწყებიდან?

- არავინ გამოგვხმაურებია. იმას არ ვითხოვთ, რომ მინისტრი უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩაერიოს, უბრალოდ, სახელმწიფოს და განათლების მინისტრს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას საერთო საცხოვრებელთან დაკავშირებით და ამაზე გვინდა მასთან საუბარი, რომ გადაიდგას საცხოვრებლის მშენებლობისთვის ნაბიჯები, რასაც 2018 წელს დაგვპირდნენ.

ადრე განათლების სამინისტრო გამოეხმაურა ჩვენს აქციებს და მოუწოდა უნივერსიტეტს, გაეთვალისწინებინა სტუდენტების მოთხოვნა. ახლა კი განცახდება არ გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ გმობენ ძალადობას და გამოხატვის ეს ფორმა მათთვის მიუღებელია.

- საუბარმა მოიტანა და გკითხავთ - იქ იყავით თუ არა, როცა დაპირისპირება მოხდა და როგორ აფასებთ სტუდენტების მხრიდან ამგვარ ქმედებას?

- დიახ, იქ ვიყავი და საზოგადოებამ არ იცის, რა უძღვოდა ყველაფერ ამას. მანამდეც მივსულვართ რექტორის კაბინეტთან, რომ კარი გაეღო, მაგრამ ცარიელ კაბინეტს ამაგრებდა დაცვის 50-ზე მეტი თანამშრომელი. სხვადასხვა კორპუსიდან გადმოჰყავდათ დაცვის თანამშრომლები, მათთან ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ეს მათი სამსახურეობრივი მოვალეობა და ჩვენი აქცია იყო, რომელიც გამწვავდა. მაქვს ისეთი კადრებიც, სადაც ჩანს, რომ წინა დღის აქციაზე მე მარტყამს დაცვის თანამშრომელი, ძირს ვვარდები, მაგრამ ეს კადრები არ გაგვისაჯაროებია და არ გვითქვამს, ჩვენზე ძალადობენ-თქო.

ეს იყო ორმხრივი შეხლა-შემოხლა და ყველა აქციას მოჰყვება ხოლმე მსგავსი დაპირისპირება. ჩვენ არ ვიყავით გაბოროტებული ჯგუფი, რომელიც მიზანმიმართულად ურტყამდა დაცვას. შეხტომის კადრები რომ ჩანს, კარის გამოღებას ვცდილობდით, რადგან არ გვაძლევდნენ იქ შესვლის უფლებას და ეს ოთახი ჩვენთვის ბერკეტი იყო, რადგან სხვანაირად ყურადღებას არ გვაქცევდა და ვფიქრობდით, თუ ამ ოთახში შევიდოდით, იქნებ, მაშინ მაინც გამოჩენილიყო ჩვენი რექტორი.

 ახლა კი უნივერსიტეტი იმაზეა ორიენტირებულია, რომ გამოგვიყვანოს მარგინალურ დაჯგუფებად. იმ აქციაზე დაშავდნენ სტუდენტებიც და პირველი სასწრაფო დახმარება სტუდენტისთვის იყო გამოძახებული, იმავე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს დაცვის თანამშრომელიც და როგორც გავარკვიეთ, მათ არ ჰქონდათ სერიოზული დაზიანებები, უბრალოდ, დაჟეჟილობა ჰქონდათ და ასეთი დაჟეჟილობები გვაქვს ჩვენც. ამის ამსახველი ფოტოებიც გვაქვს და რადგან კლინიკაში არ გადავედით, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავზიანდით.

რაც შეეხება დეკანს, რამაზ ხომერიკს, რატომღაც არსაიდან გამოჩნდა ეს ადამიანი და იცავდა რექტორის კაბინეტს. რატომღაც გვგონია, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, შეიძლება, უნივერსიტეტის მიერ იმისთვის, რომ ჩვენ ძალადობრივ ჯგუფად გამოვეყვანეთ, ჩვენი პრობლემები გადაეფარათ...

- ანუ, ფიქრობთ, რომ ხომერიკი განგებ გამოვიდა თქვენთან?

- შეიძლება... იმიტომ, რომ როცა დეკანატთან შეხვედრას ვითხოვდით, მაშინ ეს ადამიანი არ გამოჩენილა. მანამდე მისი კადრები გავრცელდა, სადაც სტუდენტს ეუბნება, თუ არ გაქვს საშუალება და ვერ ჩამოხვალ, რა გავაკეთო, ვერ ისწავლიო... იმ აქციაზე კი უცებ არსაიდან გაჩნდა, მას მართლა ვთხოვდით, დაეტოვებინა იქაურობა, რადგან იქ მხოლოდ ორგანიზატორები არ ვიყავით, იქ მოსულები იყვნენ სტუდენტები, რომლებიც ძალიან გაბრაზებული იყვნენ და ჩვენ ვერ ვიღებდით პასუხისმგებლობას. ამიტომ ვთხოვდით ბატონ რამაზს, დაეტოვებინა ის ადგილი, მაგრამ ჯიუტად იდგა და ემოციურ ფონზე მოხდა მისი გაყვანა უხეში ფორმით. გაყვანის ფორმა არასწორი იყო, მაგრამ იმასაც გააჩნია, რისთვის იყო გაყვანილი - იმისთვის, რომ უფრო უარესი რამ არ მომხდარიყო.

- შესაძლოა, ვინმემ თქვენს პროტესტს პოლიტიკური სარჩული დაუდოს...სოფი, რომელიმე პარტიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია გაქვთ?

- ზოგი  „ნაცს“ გვეძახის, ზოგი - „ქოცს“, მაგრამ აქ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ მოსულა. სულ თავიდან აქციები რომ დავიწყეთ, რომელიღაც პარტიიდან (არც „ნაცებიდან“, არც „ქოცებიდან“) მოვიდა ერთი ქალი, დადგა ჩვენთან ერთად კიბეზე, ბანერი დაიჭირა, მაგრამ ჩვენ ვუთხარით, შეეძლო, ყოფილიყო მაყურებლის როლში, მაგრამ არ გვსურს ყველაფერ ამის გაპოლიტიზირება-თქო, რადგან  გვაწუხებს სტუდენტური პრობლემა და არ გვინდა, ვიღაცამ პოლიტიკური ნიშა მოგვაწებოს.
რაც შეეხება მედიას, „იმედი“ არის ის მედიასაშუალება, რომელიც ყველანაიარად ცდილობს ჩვენს ცუდად წარმოჩენას. ჩვენს ინტერვიუს ისე ჭრიან, რომ გამოვყავართ სტუდენტები, რომლებსაც გამოცდის გადაწერა უნდათ.

სხვათა შორის, ჩვენი რექტორიც მხოლოდ ტვ „იმედზე“ მიდის და არც ერთხელ გამოჩენილა სხვა მედიასივრცეში.