„იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების რიცხვი გაზრდილია, შეუძლებელია ბავშვების მუდმივად სახლში გამოკეტვა“- დავით ფერაძე

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი შესაბამისი რეგულაციების მიხედვით სკოლებში და საბავშვო ბაღებში სწავლა 17 იანვარს განახლდა. კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე სამინისტრომ ახალ სემესტრშიც დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა დაუშვა. „პანდემიის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება“ - განაცხადეს საქართველოს განათლების სამინისტროში. მას შემდეგ, რაც საკლასო ოთახებში სწავლა განახლდა, 1 კვირაზე მეტი გავიდა და „ვერსია“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა სკოლებში რეგულაციების დაცვის კუთხით; გრძნობენ თუ არა პედაგოგები და მოსწავლეები თავს დაცულად იმ ფონზე, როცა ბოლო 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსის 18000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა? - აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს ესაუბრა:

_ ბატონო დავით, რა მდგომარეობაა სკოლებში მას შემდეგ, რაც სწავლა საკლასო სივრცეში განახლდა?

_ სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა სკოლა მეტნაკლებად მზად იყო სწავლის დასაწყებად, განსაკუთრებით, ალბათ, კერძო სკოლები. თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. მეორე მხრივ იმის მიუხედავად, რომ ინფიცირების რიცხვი გაზრდილია, შეუძლებელია ბავშვების მუდმივად სახლში გამოკეტვა.

_ დიახ, მნიშვნელოვანია, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მასწავლებლები და მოსწავლეები სასკოლო გარემოში...

_ რა თქმა უნდა, სასკოლო გარემო სრულიად უსაფრთხო არ არის, რადგან კონტაქტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ სასწავლო გარემოშია. რა ღონისძიებებიც არ უნდა გავატაროთ, შეუძლებელია ამდენი ბავშვის გაკონტროლება, განსაკუთრებით დასვენებების პერიოდში. რადგან გავრცელების შესაძლებლობა კონტაქტით ხდება, ამიტომ ყველაზე ბევრი მაჩვენებელი სწორედ სკოლაში ფიქსირდება დაბალ კლასებში. რაც შეეხება მასწავლებლებს, ეს მათი პრობლემაც არის. იმის გამო, რომ აცრა არ ნიშნავს კოვიდისგან სრულ დაცვას. საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა 70-75% აცრილია, მათ შორის ბევრი ე.წ. ბუსტერ დოზით, მაგრამ გადადების საშიშროება მაინც არსებობს, აქედან გამომდინარე საფრთხის მაჩვენებელი იმატებს.

_ რა რაოდენობის დადასტურებული კოვიდშემთხვევებია სკოლებში, თქვენი ინფორმაციით?

_ ოფიციალური ინფორმაციით, ამ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენიმე ერთეული სკოლა, ერთეული კლასებიდან კი რამდენიმე ასეული, ასევე რამდენიმე ასეული ცალკე აღებული კლასი გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

_ხომ არ გაუჭირდათ სკოლის მოსწავლეებს საკლასო სივრცეში დაბრუნება?

_ რა თქმა უნდა, გაუცხოების ხარისხმა ბავშვებში ძალიან მოიმატა, განსაკუთრებით უფროსკლასელებში შეინიშნება კომუნიკაციის პრობლემები. დაბალი კლასის მოსწავლეებს ახალი ურთიერთობების აღდგენა შედარებით მარტივად შეუძლიათ. ადამიანები მიეჩვივნენ კომუნიკაციას, დისტანციურ ურთიერთობებს ტექნიკური გზებით და სოციალური ქსელებით. კორონავირუსის დაწყებამდე აღნიშნული პრობლემა არსებობდა, მაგრამ პანდემიის პროცესმა ამის მაჩვენებელი უფრო მეტად გაზარდა.

 ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი