რა ელის ქართულ ენას გალის სკოლებში

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ახალი სასწავლო წლიდან აფხაზეთის გალის რაიონის სკოლის მოსწავლეები ქართულად აღარ სწავლობენ – ბოლო, მე-11 კლასები, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, რუსულად სწავლებაზე გადავიდნენ. ამგვარად დასრულდა ადგილობრივი სკოლების გადასვლა რუსულენოვან პროგრამაზე, თავად ქართული ენის გაკვეთილების გარდა. ამან მწვავე რეაქცია გამოიწვია თბილისში, სადაც აფხაზური ხელისუფლება „ქართული ენის აკრძალვასა“ და ეთნიკურ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.
დღეს, აფხაზეთის გალის რაიონის ყველა, 18-ვე სკოლა რუსულად ითვლება. მშობლიური ენისა და ლიტერატურის შესწავლას 26 საათი ეთმობა. ასევე პროგრამის სავალდებულო საგანია, ისევე როგორც აფხაზეთის ყველა სკოლაში – აფხაზური, როგორც სახელმწიფო ენა, მასზე 28 საათია გამოყოფილი. დანარჩენი საგნები რუსულ ენაზე ისწავლება.
სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებას 14 სექტემბერს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი გამოეხმაურა.
“მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურებას და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად”, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, ქართული მხარე ძალ-ღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და სხვა ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.
27 ოქტომბერს, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაციის გამო “აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები”.
გალის ქართული სკოლების რუსულ ანაზე გადაყვანის პროცესი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2015 წლიდან დაიწყო.
ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2020 წელს გამოაქვეყნა მოხსენება გალის რაიონში ქართული ენის სწავლების მდგომარეობის შეახებ.
“ქართული ენა, როგორც უცხო ენა ისწავლება მხოლოდ გალის ერთ და საზღვრისპირა სოფლების რამდენიმე სკოლაში. სკოლამდელ დაწესებულებებს რაც შეეხება, გალის რაიონში მთლიანად არის აკრძალული სკოლამდელი განათლების მშობლიურ ენაზე მიღება”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
“ეს პროცესი აფხაზეთის ხელისუფლების მიერაა მართული და იგი ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკის ნაწილია. აფხაზეთის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი ასეთია – გალის სკოლებიდან ეტაპობრივად უნდა გაქრეს ქართული ენა.”, – მიაჩნია ორგანიზაციას.
ამ პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, უკანასკნელი ნაკადი, რომელსაც ქართულ ენაზე გაკვეთილი აქვს ნასწავლი, სკოლას 2022 წელს დაასრულებს. 2022 წლიდან გალის რაიონში ქართული ენა განათლების სისტემიდან უკვე სრულად იქნება ამოღებული, აღნიშნულია მოხსენებაში.
მშობლიურ ენაზე სწავლების მხარდაჭერის მიზნით, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
თითოეული აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით – 2 250 ლარით ფინანსდება. ამ გადაწყვეტილებამ პირველივე წელს გალიდან და ახალგორიდან ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა გააორმაგა.
გალის რაიონი აფხაზეთის ადმინისტრაციული ერთეულია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, გალში პრაქტიკულად მხოლოდ ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ (მოსახლეობის 98.21 პროცენტი).

2018 წელს შერიგების საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებამდე გალის რაიონში 58 სკოლა იყო, მათ შორის, 52 ქართული, 2 რუსული, 3 ქართულ-რუსული და 1 ქართულ-აფხაზური. გალში 1992-1993 წლების ომის შემდეგ დარჩენილი 31 ქართული სკოლა ეტაპობრივად რუსულენოვან სწავლებაზე გადავიდა. 2015 წელს დარჩენილი 11 ქართული სკოლაც გაუქმდა.

 

წყარო: jam-news.net

ავტორები: მარიანა კოტოვა
სალომე ფარცვანია