„განათლებაში ამხელა დანაკლისი არასდროს გვქონია, ამას ვერაფრით ავინაზღაურებთ“ - ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან

განათლება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლის საბაზისო საფეხური მოზარდის ჩამოყალიბების იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც ბევრი გარდამტეხი ცვლილება იწყება. ამ დროს საკუთარი თავის ძიება და გარემოს ემოციური აღქმა ბევრად გამძაფრებულია, 12-15 წლის მოსწავლე განსაკუთრებით კრიტიკულია გარემოს მიმართ და ცდილობს, საკუთარი სურვილები თუ მისწრაფებები განსაკუთრებით დაიცვას. ამ ასაკში სასწავლო გარემოს ყველა ნაკლოვანება მეტად შესამჩნევი ხდება და სამომავლო პერსპექტივების გადაფასებაც აქტიურია. განსაკუთრებული როლი აღნიშნულ საკითხში მასწავლებლებს ეკუთვნით, რადგან მოზარდი დღის დიდ ნაწილს სწორედ რომ სკოლაში მასწავლებლების და თანატოლების გარემოცვაში ატარებს. რამდენად გართულებულია სწავლის პროცესი და რა შედეგები ახლავს დისტანციურ სწავლებას?-  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა აღნიშნულ საკითხებზე „ვერსიასთან“ საუბრობს:

- ბატონო ლადო, როგორ აისახა სკოლის მოსწავლეებზე კორონავირუსის გამო დისტანციურ რეჟიმში სწავლის დაწყება?

- დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც კოვიდ-19 ის პირობებში სკოლაში სწავლა დისტანციურად დაიწყეს, წერა-კითხვა არ იციან, შეზღუდული აქვთ სოციალური უნარები, რაც ზოგადად ყველა მოსწავლეზე აისახა. მაგალითად, ახლანდელ მე-12 კლასის მოსწავლეებთან ისეთი აქტივობების განხორციელებას ვგეგმავდი, რომელიც სხვადასხვა უნარ-ჩვევებზე, დამოკიდებულებებზეა დაფუძნებული. გადაიდო პროექტები, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს, რაც მათი შემდგომი წინსვლისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

-არის თუ არა შესაძლებლობა, რომ მოსწავლეები აქტივობებში დისტანციური სახით ჩაერთონ?

-არსებული კოვიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტები კი არა, აქტივობის ჩატარებაც არ შეგვიძლია, ბავშვები გუნდურად ვეღარ მუშაობენ, მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარი არ უვითარდებათ, კონფლიქტებთან გამკლავების გზებს ვერ სწავლობენ. განათლებაში ამხელა დანაკლისი არასოდეს გვქონია, ამ ყოველივეს ვერაფრით ვერ ავინაზღაურებთ, საზაფხულო სკოლები ვერ ჩავატარეთ, ვერც დამატებით ახალი პროგრამები შევთავაზეთ მოსწავლეებს და ბევრი მათგანი ვერც ონლაინ სწავლებას ესწრებოდა. არსებული მდგომარეობით საბოლოოდ რას მოვიმკით, ახლა ვერც წარმოგვიდგენია. მასწავლებლები ვცდილობთ, რომ რაც შეგვიძლია ვასწავლოთ, მაგრამ წაკითხვა და ცოდნა ერთია, სოციალური უნარები კი აუცილებელი ფაქტორია.

როდესაც კარანტინი გამოცხადდა და ბინიდანაც ვერ გამოვდიოდით, იმ დროს მიღებულ სტრესს ახლა ვიმკით. ასეთი შემთხვევა მქონდა, დისტანციური სწავლების მიმდინარეობის დროს, ბავშვებს დავალება მივეცი, ერთ-ერთმა მოსწავლემ, იმის მაგივრად, რომ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს წაეკითხა საკუთარი ნამუშევარი, „ჩატში“ გამომიგზავნა.

-რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა, რომ არსებული ვითარების მიუხედავად, მოსწავლეს მოტივაცია აუმაღლდეს?

_ კორონავირუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დაგვტოვებს. რაც შეეხება მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებას, საქართველოში კარგი მასწავლებელი ბევრია, როდესაც სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, ჩვენ კონკრეტული აქტივობების განხორციელება შეგვეძლო, პრეზენტაციებს ვაწყობდით, რომელიც მოსწავლეებს თვითშეფასების ამაღლებაში და გარკვევაში ეხმარება. მე მედიაციის კურსს ვატარებდი, სადაც მოსწავლეები ერთმანეთთან საუბრობენ, რამდენიმე ბავშვს დასვამ და თუ მათ შორის კონფლიქტია, ისინი ერთმანეთთან საუბრობენ საკუთარ პრობლემებზე. ასეთ მდგომარეობაში მოსწავლეები თავად ხვდებიან, რა შეცდომა დაუშვეს ერთმანეთთან ურთიერთობის დროს.

ბავშვი აღსაზრდელია და შეიძლება ერთ დღეს კონფლიქტში შემოვიდეს, მასწავლებლის მოვალეობაა, ამ კონფლიქტს არ აჰყვეს, პირიქით, ეს სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავაკვირდეთ, რა უნარებს და დამოკიდებულებებს გამოავლენს ბავშვი, შემდეგ კი მისი მოგვარების და გადაჭრის საშუალება გვეძლევა. ყველა მოსწავლეს თანატოლივით ვექცევი, რის შედეგადაც ისინი მარტივად შემოდიან კონტაქტში. ჩემი პრაქტიკით, ამ მიდგომამ ნამდვილად გაამართლა, ამ დროს შენიანად გთვლიან.

- როგორ ფიქრობთ, რატომ სჭირდებათ სკოლის მოსწავლეეს დამატებით რეპეტიტორებთან მომზადება, რა იწვევს აღნიშნულ მოთხოვნას?

-განათლების დონის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, საქართველო საკმაოდ არასახარბიელო ადგილას არის. სკოლა სახელმწიფოს პატარა მოდელია, რა პროცესებიც ქვეყანაში ხდება, სკოლაშიც ის მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ ყველაფერი დალაგდეს, თუ ასე არ მოხდება, კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება განათლების კუთხით.

სკოლებში სწავლის მიუხედავად, გამოცდების ჩასაბარებლად ბევრ მოსწავლეს დამატებით რეპეტიტორთან მომზადება უწევს, თუმცა უამრავი ბავშვია, რომლის მშობელსაც არ აქვს მატერიალურად ისეთი მდგომარეობა, რომ შეძლოს დამატებით ბავშვის გადამზადება. რამდენიმე სკოლაში რომელშიც ვასწავლი, კონკრეტული მოსწავლეებისთვის ოჯახის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველ თვიური 200 ლარიანი სტიპენდია დავნიშნეთ. ახლა მათ შეუძლიათ რეპეტიტორთან მომზადება ან დამატებითი ლიტერატურის შეძენა. როდესაც ვხედავთ, რომ მოსწავლე მოწადინებულია ქეისებს ვწერთ, მშობელთან და ბავშვთან შეთანხმებით. შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციის მობილიზება ხდება და მათ ვეუბნებით, რომ თუ ამ ბავშვს დაეხმარებით, ეს მოსწავლე კარგი სტუდენტი და მოქალაქე თქვენი დამსახურებით იქნება. ვფიქრობ, რომ მასწავლებლებმა მხოლოდ საგანი კი არ უნდა ვასწავლოთ, უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, გვერდში დავუდგეთ, მოტივაცია ავუმაღლოთ ამ ყველაფრით. ამჯერად სამ სკოლაში ვასწავლი, აქედან 2-ში კაფეტერია არ არის, სკოლასთან ახლოს პატარა საცხობი გაიხსნა, ბავშვები გადადიან და მთელი დღე ჭამენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მშივრები მოდიან სახლიდან. ბევრი ბავშვის მშობელი საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული, თავად კი ბებია-პაპასთან უწევს დარჩენა, რომლებიც ვერ ახერხებენ, რომ შვილიშვილს საგზალი გაატანონ.

-როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება სკოლებში უფასო კვების დანერგვა?

-სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება, ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ გაკვეთილებს შორის კვება, რათა შეძლონ კონცენტრირება. თუ სახელმწიფოს ნება იქნება და სკოლებში უფასო კვების პროგრამას განახორციელებენ, მე მხოლოდ მივესალმები.

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი