რა არის კვებითი აშლილობა და მისი სიმპტომები - ფსიქოლოგის რჩევები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვებითი აშლილობ რთულ ფსიქიკურ დარღვას წარმოადგენს, რომელიც ხშირად საჭიროებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას.  კვებითი აშლილობები იწყება ადამიანის მიერ სხეულის წონის, ფორმის ან მისი რომელიმე ნაწილის აკვიატებით. ეს არის მთელი რიგი ფსიქოლოგიური პირობები, რომლებიც იწვევენ არაჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას. მას ყველა ადამიანში სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ კვების დარღვევებმა ესაძლოა გავლენა მოახდინოს ნებისმიერი სქესის ადამიანზე, ისინი ყველაზე ხშირად გვხვდება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებში. ზუსტად რა იწვევს კვებით აშლილობას და რა სიმპტომები ახასიათებს მას? „ვერსია“ ფსიგოლოგსა და ფსიქოტერაპევტს ნინი ჭიჭიას ესაუბრა.

_ ქალბატონო ნინი, რას ნიშნავს კვებითი აშლილობა და რა სიმპტომები ახასიათებს მას?

_ კვებითი აშლილობა კრებითი სახელია და რამდენიმე დაავადების სახეს აერთიანებს. ეს არის ფსიქიკური აშლილობა, სადაც წამყვანი არის საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები. მიზეზები კომპლექსურია, ეს არის ხშირად ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით გამოწვეული.  კვებით აშლილობას ასევე ხელს უწყობს მემკვიდრული წინასწარ განწყობა, დიდ ზეგავლენას ახდენს პიროვნების ხასიათი და სოციალურ-კულტურული გარემო, ვგულისხმობ მოდას, სილამაზის სტანდარტებს, რომელიც არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში. კვებითი აშლილობის მართვა შესაძლებელია. მე არ მიყვარს სიტყვა განკურნება, თუმცა ეს დაავადება არის მართვადი. ხშირად საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობაც, მაგრამ ფსიქოთერაპია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც კვებითი აშლილობის დროს ადამიანს ეხმარება ისწავლოს საკუთარი ქცევების, რწმენა-წარმოდგენების მართვა, ამით საკუთარ ცხოვრებას ხდის უფრო ჰარმონიულს, ეფექტურს და ბედნიერს.

_ რა არის პირველი სიმპტომი, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ კვებითი აშლილობა გვაქვს?

_ მთავარი არის კვებასთან დაკავშირებული ქცევები, მაგალითად: მუდმივი წონის კონტროლი, კალორიების თვლა, დიეტები, კონკრეტული საკვები პროდუქტების უარყოფა ან პირიქით ფიქსირება ერთფეროვან კვებაზე, თუ გვაქვს კვების დროს უხერხულობის განცდა, ან გვაქვს კვებითი რიტუალები, ეს ყველაფერი არის ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს კვებით აშლილობასთან.

_ ქალბატონო ნინი, უპირველესად ვის უნდა მივმართოთ ამ დაავადების დროს, როდესაც ვხვდებით, რომ რისკ ჯგუფში ვართ?

_ აქ აზრები ორად იყოფა, მთავარია, რომ დიაგნოსტირება მოხდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფსიქოლოგი იქნება, ფსიქიატრი თუ ნერვოლოგი, მარტივად ამოსაცნობია. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ, როდესაც ჩვენ კვებითი ქცევის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, კვებასთან დაკავშირებული ქცევა სისტემური ხასიათის უნდა იყოს. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ დღესასწაულებზე, ერთჯერადად ჩნდება უხერხულობის განცდა, ეს არ არის ის ნიშანი, რომელიც კვებითი ქცევის აშლილობასთან გვაქვს საქმე. ჩვენ, როდესაც ყოველდღიურ ქცევაში, კვებასთან დაკავშირებული განწყობები ხდება წამყვანი ადამიანის ცხოვრებაში და ფაქტობრივად ფიქსაცია ხდება ამ შინაარსებზე, ზუსტად ასეთ დროს გვაქვს საქმე კვებით აშლილობასთან და აუცილებელია მაშინვე დავიწყოთ მისი მართვა.

_მედიკამენტები ახსენეთ... შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების მხოლოდ მედიკამენტებით მკურნალობა?

_მხოლოდ მედიკამენტებით, რა თქმა უნდა, არ ხდება, მისი ჩარევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს უჭირს კონცენტრაციის უნარი, თუმცა ეს არის ძალიან მიშვებული შემთხვევები, მაგალითად, როდესაც არის მკაფიოდ გამოყოფილი ნერვული ანორექსია ან ბულემია. კვებითი ქცევითი აშლილობა, როდესაც გვაქვს თვითმკურნალობით წარმოუდგენელია ეფექტის მიღება, ეს არის ძალიან კომპლექსური და სიღრმისეული პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანი მიხვდეს საიდან მოდის ეს დაავადება და მისი შინაარსი კარგად გაიაზროს.

_ და ბოლოს, როდესაც ადამიანი იგებს, რომ აქვს კვებითი აშლილობა, როგორ შეიძლება მისი მართვა დაიწყოს, სანამ მივა კრიტიკულ მდგომარეობამდე?

_ნებისმიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დიდწილად დაკავშირებულია ემოციურ სიცარიელესთან, საკუთარი თავის მიუღებლობასა და თვითშეფასებასთან. ამიტომ პირველი, პრევენციის მიზნით, სანამ ზოგადად, კვებითი ქცევითი აშლილობა ან ნებისმიერი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობოლემა ჩამოყალიბდება მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარ თავთან ჰარმონიაში იმუშაოს და თუ რამით უკმაყოფილოა საკუთარ თავში, უნდა გაიაზროს, რომ ეს არ არის უპირობო მოცემულობა, ყველაფრის განვითარება და ცვლილება შეიძლება, მთავარია რისთვის გვჭირდება ეს ცვლილება და რას მოიტანს იგი ჩვენს ცხოვრებაში. სამწუხაროდ ამ გადატვირთულ და აჩქარებულ სამყაროში ადამიანებმა დაკარგეს ყოველდღიური სიამოვნების მიღების განცდა.  ეს იწვევს თავისთავად შფოთვის მომატებას და ეს სტრესი, რა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაში გადაიზრდება, შეუძლებელია ვივარაუდოთ, თუმცა საკუთარი თავის მიუღებლობა და ყოველდღიური სიამოვნების დაკარგვის შესაძლებლობა გვიბიძგებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისაკენ. ბევრი ფაქტორია და სად აისახება ეს წინასწარ ვერავინ ვერ გათვლის. თუ ჩვენს წინაპრებს ან ოჯახის წევრებს ჰქონდათ კვებითი აშლილობა, ეს არის ნიშანი, რომ პრევენციის ზომები უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ არ განვავითაროთ. მემკვიდრეობითი არ ნიშნავს იმას, რომ იგი აუცილებლად აისახება ჩვენზეც. უბრალოდ კარგია, როდესაც უკვე ვიცით, რომ არსებობს რაღაც ტიპის დაავადებები, რომლებიც მემკვიდრეობით წინასწარ განწყობას გვიქმნის და ეს ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ცხოვრების ჰარმონიის შესაქმნელად.

 

ავტორი: ანი სარდლიშვილი