როგორ დავიცვათ თავი ჰაერის დაბინძურებისგან - ინტერვიუ „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელთან

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დაბინძურებული ჰაერი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც თითქოს ყველა იაზრებს, მაგრამ ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა ზიანი მოაქვს  ჯანმრთელობისთვის. მოძრაობის - „ჩემი ქალაქი მკლავს“ 2022 წლის მონაცემებით, თბილისში, წლის განმავლობაში, ჰაერი 263 დღე იყო განსაკუთრებით დაბინძურებული, რაც ასთმის, ბრონქიტის, კიბოსა და სხვა დაავადების რისკებს ზრდის. თბილისში დაბინძურების მთავარი მიზეზი კვლავ ავტომობილების გამონაბოლქვია.

ასევე, ერთი კვირის წინ, დედაქალი „ნისლში“ იყო გახვეული, რომელიც სინამდვილეში, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც გაავრცელა. როგორც ცნობილი გახდა, ტრანს სასაზღვრო დაბინძურება, ჩვეულებრივი ჰაერის დაბინძურებისგან განსხვავდება.

რა არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, როგორ დავიცვათ მისგან თავი და რა მდგომარეობაა საქართველოში ჰაერის დაბინძურების მხრივ - „ვერსია“ „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძვნებელ გიორგი ჯაფარიძეს ესაუბრა.

- გიორგი, რა არის ტრანსსასაზღვრო დაბინძურება და როგორ დავიცვათ მისგან თავი?

- ეს სხვა ქვეყნიდან შემოსული დაბინძრებული ჰაერია, ხშირ შემთხვევაში, საჰარის უდაბნოდან, ცენტრალური ან შუა აზიიდან, რომელიც ქარს მოაქვს. თუ არ არის შესაბასმისი კლიმატური პირობები, მაგალითად, ქარი და ა.შ., თბილისში ტრანსსასაზღვრო დაბინძურება სხვა ქალაქებთან შედარებით დიდხანს რჩება (რამდენიმე დღე),  ჩემი დაკვირვებით, ხუთიდან ათ დღემდე. დედაქალაქი ჩახერგილია კორპუსებით, არ გვაქვს საკმარისი მწვანე სივრცეები, სწორი განაშენიანება, ამიტომ ვერ ხდება განიავება. პირბადე ერთ-ერთი დამცავია, თუ სახლში ან მანქანაში ხართ, დახურეთ ფანჯრები - ამ დროს, 50-70%-ით მცირდება ჰაერის დაბინძურება. ქუჩაში გადაადგილდით სპეციალური პირბადით, ოღონდ არა სამედიცინო, არამედ, მტვრის მასისგან დამცავით და მოერიდეთ გარე აქტივობებს. რისკჯგუფებში არიან ხანდაზმულები, ორსულები, ბავშვები და ფილტვის დაავადების მქონე პირები.

- შესაძლებელია თუ არა ტრანსსასაზღვრო დაბინძურების აცილება?

- სამწუხაროდ, ამას ვერაფრით ავიცილებთ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ერთადერთი გამოსავალი, მსოფლიოში დაბინძურების შემცირებაა.

- ჩვეულებრივ დღეებში, როდესაც არ არის მსგავსი დაბინძურება, როგორი ჰაერია ქალაქში?

- დაბინძურებულია. ახლა, როდესაც გაიარა ამ ტრანსსასაზღვრო დაბინძურებამ, ქალაქში მაინც ძალიან ცუდი ჰაერია. სტატისტიკა რომ ავიღოთ, 2021 წლის მონაცემებით, თბილისში 263 დღე არ იყო სუფთა ჰაერი, რუსთავში - 305 დღე, ბათუმსა და ქუთაისში, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ეს დადგენილია მთავრობის აპარატებით. წელს, პირველად საქართველოში, ვაპირებთ, დავიწყოთ ჰაერის გამზომველი აპარატების წარმოება, რომელიც ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება. ვგეგმავთ აპლიკაციის შექმნასაც, რათა თითოელ მოქალაქეს ჰქონდეს წვდომა მონაცემებთან.

დასაწყისისთვის, 30-მდე პატარა აპარატი შეიქმნება, რომელიც თბილისის გარდა, კიდევ ხუთ ქალაქში - რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ჭიათურასა და კასპში დამონტაჟდება. ამ პროცესში გვინდა ბიზნესის ჩართულობაც, რადგან მხოლოდ 30-50-მდე აპარატისთვის გვაქვს თანხა. თუ სხვადასხვა ბიზნესი ხელს შეგვიწყობს, ბევრად მეტს შევქმნით და დავამონტაჟებთ ყველგან, რის შემდეგაც მოსახლეობას შეექმნება სრული სურათი, თუ რა ჰაერს ვსუნთქავთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაბინძურებაზე პრევენციული ღონისძიებები ჩატარდეს და ვიბრძოლოთ დამაბინძურებლების წინააღმდეგ. ტრანსსასაზღვრო დაბინძურების წინააღმდეგ ვერ ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას არ ეხება, თუმცა შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაში არსებული დამბინძურებლები შევაჩეროთ. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ყველაფერ ამაში, შედეგიც ბევრად უკეთესი იქნება.

- რომელი უბნებია თბილისში ყველაზე დაბინძურებული და რომელი - შედარებით სუფთა?

- ყველაზე დაბინძურებულია წერეთლის გამზირი, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, ეს გამოწვეულია ფერფლოვანი დაბინძურებით. ასევე, ცენტრალურ ქუჩებზეც ცუდი მდგომარეობაა. სუფთა, ალბათ, უფრო ზედა გარე უბნებია, თუმცა როცა ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, ეს ყველგანაა და არა მარტო თბილისში.  ბოლოს, თითქმის, მთელ აღმოსავლეთ საქართველოში იყო, ამიტომაა მთავარი მონიტორინგი.

- გიორგი, რა მდგომარებაა რეგიონებში, არის თუ არა, შედარებით უკეთესი ჰაერი?

- სამწუხაროდ, რეგიონებში ვერ ვახერხებთ ხოლმე ჰაერის გაზომვას. რამდენჯერმე ვიყავით კასპში, ბათუმში, ჭიათურაში, ქუთაისსა და ზესტაფონში, პატარა რეგიონებში არა, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, თუ გვექნება რესურსი, რომ შევამოწმოთ, უკან არ დავიხევთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონებისა და პატარა სოფლების შემოწმებაც, რადგან შესაძლებელია, იყოს წერტილოვანი დაბინძურება ნებისმიერი ტიპის დამაბინძურებლისგან და ამაზე ინფორმაცია არ გვქონდეს. ხალხი ფიქრობს, რომ სოფელია და მაინც კარგი ჰაერი იქნება. ასევე, აუცილებელია კურორტების მუდმივად შემოწმება, რადგან ვიცოდეთ, სად და როგორ ჰაერზე მივდივართ.

- რამდენიმე წელია, ქვეყანაში სავალდებულო ტექდათვალიერების კანონი ამოქმედდა, მაშინ ყველას იმედი გვქონდა, რომ ჰაერის დაბინძურება შემცირდებოდა, თუმცა აშკარაა, ასე არ მოხდა...

- დიახ, ავტომობილების უმეტესობას კატალიზატორი არ აქვს - ან მოპარეს, ან თვითონ ჩააბარა, ამიტომ მხოლოდ ტექინსპექტირება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ძველი ავტოპარკი გვაქვს, ავტომობილების 80% საკმაოდ ძველია და სწორი იქნებოდა ქუთაისის ელექტროქარხნის ამუშავება. სუბსიდირება მოსახლეობისთვის, ვისაც ძველი ავტომობილი ჰყავს, ჩანაცვლება მომხდარიყო, როგორც შვედეთმა გააკეთა. ეს ცვლილებები სწრაფად არის შემოსაღები ჰაერის დაბინძურებისა და სიკვდილიანობიდან გამომდინარე.

საკმაოდ ცუდი მდგომარეობა გვაქვს საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 2020-2021 წლებში, სასუნთქი სისტემით 150 000-მდე ადამიანი დაავადდა, აქედან 50 000-მდე - 9 წლამდე ბავშვი იყო, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული სიკვდილიანობით, 2019 წელს, ევროპაში მეორე ადგილზე ვიყავით. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გავაკეთოთ, თუმცა მთავრობის ეკოლოგიური პოლიტიკა შესაცვლელია, რომელიც ახლა მარკეტინგზეა მორგებული. უნდა გადაიდგას უფრო მკაცრი ნაბიჯები, რადგან საპირწონედაა თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა. ვიღაცას შეუძლია იმკურნალოს, ვიღაცას - არა, მაგრამ სანამ მკურნალობამდე მივალთ, აუცილებელია, მივიღოთ პრევენციული ზომები. არსებობს სხვა ქვეყნების მაგალითები და მონიტორინგი, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა.

- ავტომობილების გამონაბოლქვის გარდა, რა არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი?

- მაგალითად, ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება, რის წინააღმდეგაც შევიმუშავეთ კანონპროექტი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ამტვერება, მშენებლობა და ა.შ. ბევრი დამაბინძურებელია, მაგრამ პირველი მაინც ავტომობილია. აუცილებელია გზების მორეცხვა, რაც თითქმის არ ხდება, როცა გზა არ ირეცხება, ამ მტვერს ვსუნთქავთ -  ყოველდღიურად თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც უნდა ირეცხებოდეს. ამისთვის არსებობს სპეციალური მანქანები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში გზები ყოველდღიურად ირეცხება.

- ცალკე პრობლემაა საზოგადოების თვითშეგნება, ვფიქრობ, ქართველებმა ვერ გამოვიმუშავეთ ის კულტურა, რომ ევროპელების მსგავსად, იშვიათად გადავაადგილდეთ ავტომობილით, გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ან ახლო მანძილზე ფეხით წავიდეთ... ეს რომ გაიაზროთ, საჭიროა სხვადასხვა კამპანია, მეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, კამპანიები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს უნდა იგეგმებოდეს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, თუმცა ასეთი მასშტაბური არაფერი მახსენდება. ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, რაც შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სოციალურ ქსელში.

- ეს ძალიან კარგია...  რა იყო მოძრაობის - ჩემი ქალაქი მკლავსდაარსების მიზანი და რა გეგმები გაქვთ?

- 2018 წელს, როდესაც „ჩემი ქალაქი მკლავს“ დავაფუძნეთ, მაშინ მთავარი მიზანი იყო ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისგან ჰაერის დაბინძურების შემცირება და ყვითელი „მარშუტკებისა“ და ავტობუსების ჩანაცვლება. საბედნიეროდ, წარმატებულად მოხდა ყველაფერი ეს... შემდეგ იმდენი პრობლემა დავინახეთ, რომ გავაგრძელეთ  მუშაობა.

ზოგადად, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური და სოციალური პრობლემები მოვაგვაროთ. ვიბრძვით უკეთესი ქალაქისა და მომავლისთვის. პრიორიტეტია ჰაერის, საკვებისა და წყლის ხარისხის მონიტორინგი. 30-მდე მოხალისე მუშაობს ჩვენთან, თუმცა არავინ გვაფინანსებს. დღემდე ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენზეა 10 გაჩერებული მშენებლობა, სადაც გაკეთდა გამწვანებები, 14 ათასი მოგვარებული პატარა პრობლემა, 25 მილიონი ადამიანისთვის მიწოდებული ინფორმაცია სოციალურ ქსელებში, 20-მდე დასუფთავებისა და 200-მდე საპროტესტო აქცია, რომელთა უმეტესობამ შედეგი გამოიღო. ახალ წელს, საზოგადოების ჩართულბით, 50 000 ლარამდე თანხა შევაგროვეთ, პლუს, საჩუქრები და საბოლოოდ, 450-ზე მეტ ადამიანს ავუსრულეთ საახალწლო სურვილები, შშმ პირებს ვაჩუქეთ ეტლი, სხვადასხვა პირველადი დახმარების ნივთი, საკვები და ტანსაცმელი. გვაქვს ორი ეკო წიგნი, დავდივართ სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად, ვმუშაობთ ჰაერის საზომი აპარატის შექმნაზე, აპლიკაციაზე და ა.შ.  შევაგროვეთ 30 ათასი ხელმოწერა კანონპროექტისთვის, რომლის მიხედვითაც ხილულად შესამჩნევი გამონაბოლქვიანი ავტომობილი დაჯარიმდება. ასევე, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მონიტორინგზე. სამომავლოდ გვაქვს ახალი კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე, ქვის მშრალი მეთოდით დამუშავებასა და კატალიზატორის ჩაბარების რეგულაციებთან დაკავშირებით. გვაქვს ბევრი იდეა, რომელსაც ეტაპობრივად მოგაწვდით.

ავტორი: ია გრიგალაშვილი