შფოთვითი აშლილობა, უძილობა და მეხსიერების გაუარესება - როგორ გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ სიმპტომებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ცხოვრება მრავალმხრივ შეცვალა და როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნაში, საქართველოშიც ეკონომიკური პრობლემების, სირთულეების და უდიდესი გამოწვევების მიზეზი გახდა. მიუხედავად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი სამსახურის მიღმა დარჩა, შესაბამისად, ამან ადამიანებში დაინფიცირების შიშთან ერთად სტრესიც გაზარდა. ასევე დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც ბევრისთვის დამატებითი შფოთვის მიზეზად იქცა. სწორედ ამიტომ, პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური სტრესი და  ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება გახდა. ის, რასაც ადამიანები კოვიდის გადატანის შემდგომ ყველაზე ხშირად უჩივიან, მეხსიერების გაუარესება,უძილობა და კონცეტრაციის დაქვეითებაა. იმის შესახებ თუ რა ზიანი მიაყენა კორონავირუსმა თავის ტვინსა და ნერვულ სისტემას, ასევე როგორ უნდა გავუმკლავდეთ პოსტკოვიდურ სტრესსა და დეპრესიას, „ვერსია“ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტს, ფსიქიატრ, დიანა ვერძაძეს ესაუბრა:

_რა ზეგავლენას ახდენს კოვიდი ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და რა სახის სიმპტომები ჩნდება ვირუსის გადატანის შემდგომ?

_მოგეხსენებათ, კორონავირუსი უკვე მესამე წელია მძვინვარებს. მსოფლიო მასშტაბით არაერთი კვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდი აზიანებს არამხოლოდ რესპირატორულ სისტემას, არამედ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და თავის ტვინზეც. აქედან გამომდინარე ვირუსის გადატანიდან გარკვეულ პერიოდში, ისეთი სიმპტომები იჩენს თავს,როგორიცაა დაქვეითებული გუნება-განწყობა, მომავლის შიში,უიმედობის განცდა, ყურადღების და კონცენტრაციის დაქვეითება.

_რატომ აყენებს კორონავირუსი ზიანს თავის ტვინს?

_კვლევებით ერთი საინტერესო ფაქტი დადასტურდა, ვირუსი,ცხვირ-ხახაში შეჭრის შემდგომ,ყნოსვის ნერვის გაყოლებით თავის ტვინამდე აღწევს და სწორედ იმ უბანში ხვდება,რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ქცევებზე, გუნება-განწყობაზე, ძილსა და მადაზე.მენტალური პრობლემებიდან კოვიდის დროს, ყველაზე მეტად გამოიკვეთა დეპრესია და შფოთვითი აშლილობა. აღნიშნული პრობლემები შეიძლება ჰქონოდა ადამიანს და კოვიდის შემდგომ უფრო გამწვავდა, ან მანამდე არ აღენიშნებოდა და კოვიდის შემდეგ გამოუვლინდა.კვლევებით, მენტალური პრობლემები კოვიდის შემდეგ 12 %-ით გაიზარდა. ხშირად გვეკითხებიან, განსხვავდება თუ არა ჩვეულებრივი დეპრესია პოსტკოვიდური დეპრესიისგან? კვლევების მიხედვით, კოვიდის შემდგომ დეპრესიის მაჩვენებელმა 50% ით მოიმატა. რაც შეეხება განსხვავებას, დეპრესია, ეს არის იმ სიმპტომების ერთიანობა,რომელიც გრძელდება 2 კვირაზე მეტ ხანს-ესენია დაქვეითებული გუნება-განწყობა,უმადობა ან პირიქით მადის მომატება, ძილის დარღვევა, შფოთვის განცდა, მომავლის ვერ ხედვა, უიმედობის განცდა,დაქვეითებული კონცენტრაცია და სუიციდური აზრები. უშუალოდ სიმპტომების მხრივ განსხვავება არ აღენიშნება, თუმცა ამ შემთხვევაში დეპრესიის გამომწვევი არის კორონავირუსი, დაავადების მიმდინარეობა და ხანგრძლივობა კი შესაძლოა მცირედით განსხვავდებოდეს.

_ ხშირად  მოგმართავენ თუ არა ის ადამიანები,რომლებიც კოვიდის გადატანის შემდგომ ფსიქიკურ პრობლემებს ებრძვიან და რამდენად სერიოზული დარღვევები აღენიშნებათ მათ?

_მე და ჩემს კოლეგებს ხშირად განგვიხილავს, რომ მომართვიანობა პოსტკოვიდური დეპრესიითა და პოსტკოვიდური შფოთვით ძალიან გახშირდა. განსაკუთრებით, 2020 წლის ბოლოსა და 2021 წლის შუა პერიოდში, შფოთვითი აშლილობის საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პაციენტები გვეუბნებოდნენ, რომ მუდმივად უსიამოვნების განცდა ეუფლებოდათ და დღეებისა ან რამდენიმე კვირის განმავლობაში უჭირდათ კონცენტრაცია.გამუდმებით ფიქრობდნენ მომავალზე, იმაზე, თუ როდის დასრულდებოდა პანდემია, ჰქონდათ ახლობელი ადამიანების დაკარგვის და ეკონომიური კრიზისის შიში. კოვიდმა, ასევე, იმ პირებში გაამწვავა მდგომარეობა, რომლებსაც დადასტურებული ჰქონდათ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. აღნიშნული პრობლემის დროს, ადამიანს აქვს აკვიატებული ფიქრები, რომლებსაც წინააღმდეგობას ვერ უწევს და ეს შემდგომ რიტუალურ, კომპულსიურ ქმედებებს იწვევს. აკვიატებული ფიქრი ბევრნაირი შეიძლება იყოს, ერთ-ერთი კი დასნებოვნებისა და სიკვდილის შიშია. კომპუსლიებიდან ყველაზე გავრცელებული უთოს ან გაზის შემოწმება, ნივთების სიმეტრიულად დალაგება, გადაჭარბებული ჰიგიენა და ხელების მრავალჯერადი დაბანაა. პანდემიის და პოსტ პანდემიის პერიოდში, ასეთი ადამიანების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა,განსაკუთრებით კი იმ პირების, რომელთაც აღენიშნებოდათ დაბინძურების შიში, ე.წ მიზოფობია და ხელების მრავალჯერადი დაბანა. პირადად მინახავს მათი დაკოჟრილი და აქერცლილი ხელები აღნიშნული პრობლემის გამო.

_ვირუსის გადატანიდან  დაახლოებით რამდენ ხანში ვლინდება დარღვევები? ემთხვევა თუ არა ერთმანეთს პაციენტების გამოცდილება?

_დარღვევაზე როდესაც ვსაუბრობთ, საყურადღებოა ის განვიხილოთ პირებში, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და რომლებსაც არ გადაუტნიათ. ცალკე მინდა აღვნიშნო,ემოციური გადაწვა,რომელიც ყველაზე ხშირად მედპერსონალისთვის იყო დამახასიათებელი. ის დაახლოებით,მეორე ტალღის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გამოვლინდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც კოვიდით დაინფიცირებული ადამიანების გამოსაჯანმრთელებლად და გადასარჩენად იბრძოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანებს დაინფიცირებიდან 3-4 დღეში დაეწყოთ შფოთვა, 3-4 თვეში კი გამოვლინდა დეპრესიული სიმპტომატიკა.ასევე ზოგიერთს პანდემიის დაწყებისთანავე გამოუვლინდა და შემდეგ გაუგრძელდა შფოთვა.ძალიან ბევრ პირში, აღნიშნულმა ვირუსმა დატოვა უძილობის პრობლება, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება. როდესაც აშლილობებზე ვსაუბრობთ,აუცილებელად ინდივიდუალურად, პიროვნებებზე უნდა ვისაუბროთ. გვყავს პაციენტები, რომლებსაც აღნიშნული სიმპტომები გამოუჩნდათ კოვიდის გადატანიდან ზუსტად 3 დღეში ან 1 თვეში და ასევე ისეთებიც შეგვხვდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ კოვიდის გადატანიდან მეორე-მესამე დღეს უკვე მეხსიერების პრობლემები შენიშნეს.

_როდის დაიწყო აქტიური კვლევა ამ საკითხზე და რა კვლევები ჩატარდა საქართველოს მასშტაბით?

_ კვლევები, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება, 2020 წლის ივნისის თვიდან დაიწყეს. მსოფლიო მასშტაბით კვლევები ეხება იმას, თუ როგორ იმოქმედა კოვიდ-19-მა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ კვლევებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად და ფონდთან,„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში,“ ჩაატარა კვლევა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიცვალა მენტალური ჯანმრთელობა პანდემიურ პირობებში. როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, მენტალური პრობლემების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულ თემატიკაზე, 2020 წლის მაისი-ივნისის თვეში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფარგლებში, ბატონი გუგა სიხარულიძის ხელმძღვანელობით,  ,,სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრმა’’ ჩაატარა კვლევა. ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. აღნიშნულ თემატიკაზე საქართველოში არ გვაქვს სტატისტიკური მაჩვენებელი, სწორედ ამიტომ ,მე და ჩემმა ხელმძღვანელმა ბატონმა დავით ზურაბაშვილმა, გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა კვლევა და ჩვენი სადოქტოროს ნაშრომის მთავარ თემატიკად ავირჩიეთ კოვიდ-19-ის როლი ობსესიურ-კომპუსლიურ აშლილობაში’’.

_რატომ გადაწყვიტეთ ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზე ჩაგეტარებინათ კვლევა?

_როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ თემატიკაზე, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა. სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ პირებს, რომელთაც ეს დაავადება დადასტურებული ჰქონდათ, ძალიან გაუმწვავდათ კოვიდის პერიოდში. მკითხველს დაებადება შეკითხვა, თუ რა კავშირშია ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან, კავშირი კი საკმაოდ საინტერესოა. მე ავხსენი რას ნიშნავს ო.ს.დ. ახლა წარმოვიდგინოთ ამ პრობლემის მქონე ადამიანი. მისი ყოველდღიური ქცევა შემოიფარგლება შემდეგი ქმედებებით: მრავალჯერადი ხელის დაბანა, მუდმივად დაბინძურების და დასნებოვნების აკვიატებული ფიქრები,ნივთების ზედმიწევნით დალაგება, გარეცხვა-დასუფთავება,ტანსაცმლის მრავალჯერადი გარეცხვა.დადგა 2020 წელი, პანდემიის ერა და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგვაწოდა რეკომენდაციები რომლებიც ვირუსისგან თავდასაცავად უნდა დაგვეცვა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჯანმოს რეკომენდაცია  ემთხვევა აღნიშნული პრობლემის მოქნე ადამიანის  ყოველდღიური ცხოვრების წესს,  საინტერესო იქნება ვნახოთ,რა ზეგავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა მათზე. 1980 წელს, შიდსის ვირუსზე ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ო.ს.დ-ით დაავადებული პირების პრობლემა ძალიან გაწვავადა ვირუსის მძვინვარების პერიოდში, რომელმაც  ბევრი პრობლემა შეუქმნა სოციალური აქტიოვობის მხრივ. კვლევა მოგვცემს საშულებას სწორად შეფასდეს პრობლემის სიმწვავე, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ამ ადამიანებს შევუქმნათ სწორი პირობები სოციუმში ჩასართავად.

_შესაძლებელია სრულიად გამოჯანმრთელება პოსტკოვიდური აშლილობისაგან? მაგალითად,  პანდემიის შედეგად  დაქვეითდა მეხსიერების და ასევე კონცეტრაციის უნარი, თუ არსებობს იმის მცირედი ალბათობა მაინც,სამუდამო ზიანი მიადგეს ადამიანის ფსიქიკასა და თავის ტვინს?

_დეპრესია და შფოთვითი აშლილობა აბსოლუტურად ექვემდებარება მკურნალობას. როდესაც ეს პრობლემები კოვიდის შემდგომ იჩენს თავს, ვმკურნალობთ ანალოგიურიად,სიმპტომების მიხედვით, ეს მოიაზრებს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე ფსიქოთერაპიას, იგივე ეხება ინსომნიას, ანუ ძილის დარღვევას. მეხსიერების და კონცენტრაციის პრობლემებს რაც შეეხება, სამწლიანი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ექვემდებარება თავისთავად აღდგენას, მაგრამ შესაძლოა იყოს დროში გაჭიანურებული. ერთი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში მეხსიერება აღდგა ორ თვეში, ხოლო მეორეს აღუდგა ერთ წელიწადში.რით შემიძლია მივეხმარო ამ დროს მე ჩემს ორგანიზმს, ჩემს თავის ტვინს? მეცნიერების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით კონცენტრაციისა და მეხსიერების აღსადგენად, ძალიან სასარგებლოა ლექსების დაზეპირება და კითხვა. დღეში ერთი ლექსის დაზეპირება და ასევე, ახალი უცხო ენის შესწავლა,დადებითად მოქმედებს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე.

რაც შეეხება დეპრესიას, შფოთვასა და სხვა მენტალურ პრობლემებს, ამ შემთხვევაში უმჯობესი და აუცილებელიცაა მიმართონ სპეციალისტს, რადგან კონკრეტული პრობლემები თავისით მოგვარებასა და აღდგენას არ ექვემდებარება.

_რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ფორმებში გადავიტანთ კორონავირუსს?

_კოვიდ-19 უპირველესყოვლისა, აზიანებს რესპირატორულ სისტემას, ახასიათებს გაცივების მსგავსი სიმტპომები, შეიძლება არ მიმდინარეობდეს პნევმონიით, მაგრამ ახასიათებდეს კუნთების და სახსრების,ასევე თავის ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა,ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. გვყოლია პაციენტები, რომლებმაც თქვეს რომ ძალიან მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს ვირუსი,თითქმის უსიმპტომოდ, კარგად გრძნობდნენ თავს, მაგრამ გადატანიდან 3-4 დღში შფოთვა და მოუსვენრობა დაეწყოთ,დაუქვეითდათ გუნება-განწყობილება და  გაჩნდა დეპრესიის მსგავსი სიმპტომები. ამ შემთხვევაში კოვიდის სიმპტომებს მსუბუქ ფორმაში გადავიტანთ თუ რთულად, გავლენას არ ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

_რა მეთოდებით მკურნალობთ და ეხმარებით პაციენტებს კორონავირუსის შემდგომ სტრესთან გამკლავებაში?

_სტრესი გამოვლინდება იმ მომენტების გახსენებით, რომლებიც ჩვენზე ცუდად აისახება -ვიხსენებთ და გვეცვლება გუნება-განწყობა,მუდმივად დაძაბულობის შეგრძნება გვეუფლება და გვიჩნდება შიშის განცდა, რომ შეიძლება ეს ყოველივე განმეორდეს. გვყოლია პაციენტები, რომლებიც გადარჩნენ მაგრამ,რეანიმაციაში ერთი თვის მანძილზე იმ ადამიანების გვერდზე იმყოფებოდნენ, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გაუმკლავდნენ ვირუსს და გარდაიცვალნენ.დამეთანხმებით, ძალიან მძიმედ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, როდესაც გვერდით მყოფი ადამიანის სიკვდილს უყურებს.როგორ ვეხმარებით ამ დროს პაციენტს? პირველ რიგში ვაფასებთ სიმპტომებს და შემდგომ ვიწყებთ მკურნალობას.  ამ ყველაფრის დიაგნოსტირებას ახდენს ფსიქიატრი. იგი აფასებს მდგომარეობას,-რამდენად მწვავეა ის, სვამს შეკითხვებს:როდის გადაიტანა პაციენტმა, რა პირობებში იყო და რა გამოცდილება ჰქონდა ამ მხრივ. მკურნალობა ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ იწყება. მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: მედიკამენტური და ფსიქოთერაპია. მკურნალობის მეთოდს პაციენტის თანხმობით სპეციალისტი არჩევს.აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი,რასაც ჩემი კოლეგებიც ხშირად აღნიშნავენ ,რომ თვითნებურმა მედიკამენტოზურმა მკურნალობამ ადამიანი შესაძლოა ძალიან მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანოს. შეიძლება ორ ადამიანს ერთმანეთის მსგავსი სიმტპომები აღენიშნებოდეთ და ანალოგიურად მიმდინარეობდეს, მაგრამ ერთ შემთხვევაში, მედიკამენტმა კარგად იმოქმედოს და მეორე შემთხვევაში პიროვნებას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას, ამიტომ დიდი თხოვნით მივმართავ ჩვენს მკითხველებს რომ სპეციალისტის გარეშე მოერიდონ მედიკამენტების თვითნებურ მიღებას.

_რას ეტყოდით მას ვინც ვირუსის გადატანის შემდგომ თავს უჩვეულოდ გრძნობს და ჯერ არ მოუმართავს?

_როდესაც ადამიანი თავს უჩვეულოდ გრძნობს, აღარ არის სოციუმთან ისე, როგორც წარსულში და ირღვევა მისთვის ადრინდელი მდგომარეობა, შეფერხებულია მისი პროდუქტიულობა და შრომისუნარიანობა, ეს არის სიგნალი, რომ რაღაც არის შესაცვლელი. ამ შემთხვევაში ყველას ვურჩევ, მიმართონ სპეციალისტს,რომელიც დაეხმარება პიროვნებას პრობლემის გაანალიზებაში,  სოციალურ აქტიურობაში ჩართვასა და  ადრინდელი მდგომარეობის აღდგენაში.

ავტორი:ლიკა თორთლაძე