რა უნდა ვიცოდეთ და როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპის ვირუსისგან-ნუგზარ უბერის რჩევები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველწლიურად, შემოდგომა-ზამთრის ცივ  სეზონს, ვირუსული ინფექციები ახლავს თანმათთან ბრძოლა კი ადამიანების მუდმივი პრობლემაა. გრიპის ვირუსული დაავადებებით ნებისმიერი ასაკის ადამიანი ინფიცირდება და თუ მათ შორის არიან ქრონიკული დაავადებების მქონენი, მათში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ბოლო ერთი თვეა გრიპის ვირუსი ბავშვებში გავრცელდა, რაც კლინიკების გადატვირთვას იწვევს. „ვერსია“ შეეცადა გაერკვია, თუ რა სახის ვირუსული ინფექციებია მოსალოდნელი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას საწყის ეტაპზე. ამ ყველაფრის შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნუგზარ უბერი გვესაუბრა:

_ბატონო  ნუგზარ, რომელი ვირუსული ინფექციებია გავრცელებული ამ სეზონზე და  რა  სახის სიმპტომებით იჩენს თავს?

_ შემოდგომის მიწურულს, ჩვეულებრივ ე.წ სეზონურ ინფექციებს ვხვდებით. როგორც ექიმები ამბობენ ეს არის მწვავე რესპირაციული, სასუნთქი სისტემის დაზიანებით მიმდინარე  ვირუსული ინფექციები, რომლებიც  უმეტესად თვითგანკურნებადია. ინფექციები ვლინდება ცხელებით, სურდოთი,  ცემინებით, ხველებით, ყელის ტკივილით და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, საერთო მდგომარეობის მოშლის კუთხით. სეზონზე სხვადასხვა ვირუსებია: რინო ვირუსი, ადენო ვირუსი, პარაგრიპი, ადრეული ასაკის და წლამდე ასაკის ბავშვებში რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი. 

_რა გზებით გადადის აღნიშნული ინფექციები?

_ ძირითადად, ვირუსული ინფექცია ორი გზით ვრცელდება. ესენია: კონტაკტური გზა, როდესაც ხელის ჩამორთმევის დროს ან დაბინძურებულ გარემოსთან კონტაკტის შედეგად ხვდება ვირუსი სხეულის ზედაპირზე და ასევე, ჰაერწვეთოვანი გზა, როდესაც ცემინების ან ხველის დროს ვირუსი ხვდება  სასუნთქი სისტემის ლორწოვანზე.

_ყველაზე ხშირად რა ასაკის ბავშვები ავადობენ რესპირაციული ვირუსული ინფექციით?

_ სასუნთქი გზების ინფექციებით განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან. მშობლები, ხშირად, სვამენ კითხვას, თუ რამდენჯერ შეიძლება ბავშვმა მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია გადაიტანოს? 5 წლამდე ასაკის ბავშვი, წელიწადში, 6-8 ეპიზოდი, მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციას გადაიტანს. ავადობა იმ ბავშვებში, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებებში დადიან, პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-15% მეტია, იმ ბავშვებთან შედარებით, რომლებიც არ დადიან ბაღში, მაგრამ სამაგიეროდ სკოლის პერიოდში უფრო ხშირად ავადობენ. ბავშვი, რომელსაც სუსტი იმუნიტეტი , ან  ქრონიკული პათოლოგია აქვს, მაგალითად, გულის, ფილტვის, ან ცენტრალური ნერვული სისტემის, ექიმების რჩევაა არ ატარონ  ბაღში, რადგან ამ ეტაპზე, მისი ავადობა არ არის სასურველი.  სკოლაში მას აუცილებლად შეხვდება ის ვირუსები, რომლებიც ბაღის პერიოდში უნდა გადაეტანა, თუმცა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმჯობესია ეს მოგვიანებით მოხდეს, რადგანაც ამ დროს ბავშვის იმუნიტეტი მეტნაკლებად მომოწიფებულია და მზადაა ვირუსთან საბრძოლველად.

_ურჩევთ თუ არა მშობლებს ბავშვები აცრან გრიპზე?

_ ექიმები, ხშირად ვიმეორებთ, რომ  ბავშვმა წელიწადში 8 -10 ჯერ უნდა იავადოს და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს რეკომენდაციები  ევროკავშირის ქვეყნებშია შეფასებული და  ჩვენი სტატისტიკა არ გახლავთ. საქართველოში სხვანაირად დგას ეს საკითხი, იქ თუ  ბაღში მოსიარულე ბავშვი, წელიწადში 8 ჯერ, მსუბუქად ავადობს , ჩვენთან ამ სიხშირით ავადობა, იგივე ვირუსის შემთხვევაში, გაცილებით უფრო მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ამას კი ბევრი ფაქტორი განაპირობებს. გარემო ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია იმუნიზაციის სწორი წარმართვა. მინდა აღვნიშნო, რომ  წინა წლებთან შედარებით, წელს, გრიპზე აცრის უკეთესი მონაცემები დაფიქსირდა, თუმცა, ჯერჯერობით  ისე არ არის გავრცელებული, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ გრიპის ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპის ვირუსით გამოწვეულ ინფექციებს.   ხშირად, მშობლებს უთქვამთ , რომ ბავშვი გრიპის ვირუსზე აცრის მიუხედავად,  მაინც გახდა  ავად. რასაკვირველია, გახდება ავად, რადგან ეს ვაქცინა მხოლოდ გრიპის ვირუსებისაგან იცავს ადამიანებს და არა სხვა ვირუსებისაგან.

_გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად, მრავალი სხვა ინფექციებისგან თავდასაცავად, უმჯობესია ბავშვებს სახლში ვუმკურნალოთ, რა შემთხვევაში ხდება აუცილებელი მათი საავადმყოფოში გადაყვანა?

_ კლინიკურ მედიცინას ბავშვის ავადმყოფობის ე.წ საგანგაშო ნიშნები აქვს ჩამოყალიბებული.  მიუხედავად იმისა, რომ ცხელებას დამცველობითი ფუნქცია აქვს, მის ხანგრძლივობას და მდგომარეობასაც აქვს ზღვარი. როდესაც ტემპერატურა მაღალ რიცხვებს აღწევს და დამწევებს ცუდად ექვემდებარება, ასევე, თუ ბავშვი მივარდნილია ან პირიქით, მკვეთრად აღზნებულია,  არ ღებულობს საკვებს ან სითხეს, იგი  საჭიროებს გადაყვანას და ცხელების მართვას გადაუდებელი დახმარების განყოფილება არეგულირებს. მას შემდეგ რაც ბავშვი  კოვიდ ინფექციაზე დაიტესტება,  ირკვევა, ინფექცია ვირუსულია თუ ბაქტერიული. შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია. ვირუსულ ინფექციას, ბაქტერიული ინფექციისგან განსხვავებით, არ სჭირდება ანტიბიოტიკი. თუ სიცხე ბაქტერიულითაა გამოწვეული, სწორად შერჩეული მკურნალობის მეშვეობით, ანტიბიოტიკი დროულად საჭირო და ეფექტურია. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება  მივაქციოთ ხველას, რადგან ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. მშობლებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ერთხელ მაინც ექნებათ გაგებული,   ვირუსული კრუპის სინდრომის შესახებ, რასაც პარაგრიპოზული ინფექცია იწვევს. იგი ვლინდება  ხმის ტემბრის შეცვლით, იშვიათი, მაგრამ მყეფარე ხასიათის ხველით და  ხმაურიანი სუნთქვით. მედიცინაში, მყეფარე ხასიათის ხველა მიმანიშნებელია მშობელისა და ექიმისთვის რადგან   ამ ტიპის ხველით ხვდებიან რასთან აქვთ საქმე. ძირითადად ხველების პროცესი მსუბუქი და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, რამოდენიმე საათის განმავლობაში, კი  პრობლემა რომელსაც მშობლები აწყდებიან ბავშვის ხველების დროს, სწორი და კორექტული მკურნალობით ადვილად გვარდება. ამგვარ ხველებას სხვა მიზეზებიც აქვს, თუმცა ყველაზე გავრცელებული და ხშირი, ვირუსული ინფექციაა. მსგავსი ხველების დროს გირჩევთ ბავშვი მიიყვანოთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ასევე  მინდა აღვნიშნო, რესპირაციულ სინციტიალური ვირუსი, წვრილი ბრონხების ანთების, რომელიც არის უხშირესი, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. იგი ხშირად, მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არსებობს ფორმები, როდესაც ამ ინფექციით გამოწვეულ წვრილი ბრონხების ანთებას, სტაციონარში მკურნალობენ.

_როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ვირუსის განმეორებითი ეპიზოდისაგან ბავშვების დასაცავად?

_ ჩემს საექიმო პრაქტიკაში ძალიან ხშირად მხვდება ისევე, როგორ ყველა ჩემს კოლეგას, გარემოება, როდესაც მშობლები ვერ იცავენ ბავშებს. ბავშვს, რომელმაც გადაიტანა სასუნთქი გზების ფორმა, ერთ შემთხვევაში ბრონხების ანთება და მეორე შემთვევაში ფილტვების ანთება,  შესაძლოა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, სახლში, ბაღში მოსიარულე ან სკოლაში მოსიარულე მსუბუქად ინფიცირებული დედმამიშვილის ან ოჯახის რომელიმე წევრისგან კვლავ შეხვდეს ვირუსი და  სწორედ, ეს იქცეს  საავადმყოფოდან გამოწერილი ბავშვის, კვლავ კლინიკაში მოხვედრის მიზეზად.

ავტორი: ლიკა თორთლაძე