ტოქსიკური ბიჟუტერია ქართულ ბაზარზე - რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას სამკაულები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 ოდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, როგორია თქვენი სამკაულის შემადგენლობა? ყველაფერი, რასაც ვეხებით, ვჭამთ, ვატარებთ, ვსუნთქავთ, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზოგჯერ შეიძლება, იყოს ტოქსიკური, არატოქსიკური, აუცილებელი ან არააუცილებელი. მოდის აქსესუარები არის ნივთები, რომლებიც პირდაპირ ეხება კანს. ეს შეიძლება იყოს ყელსაბამი, საათი, სამაჯური, ბეჭედი და ა.შ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ბიჟუტერია ტოკსიკურ ნივთიერებებს შეიცავს და ეს პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მის დასამზადებლად ხშირად იყენებენ ტყვიას და კადმიუმს ჩინეთში, ინდოეთსა და კორეაში, შემდეგ კი ისინი  მთელ მსოფლიოში მსხვილი კომერციული ქსელის მაღაზიების და  ბუტიკების დახლებზე ნაწილდება.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, პროდუქციის მოხმარების, სამკაულის ტარების დროს. ლითონები გროვდება სხეულში და სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმლებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას. 

2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, ბრენდული მაღაზიების დახლებზე სიცოცხლისთვის საშიში სამკაულები აღმოჩნდა. Momxmarebeli.ge - ს ორგანიზებული კვლევის მიხედვით, 24 სამკაულის ნიმუშიდან 7 ერთეულში მავნებელი ნივთიერებები ასეულ ან ათასეულჯერ აჭარბებდა დაშვებულ ნორმებს. ვებგვერდის ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა ისეთი ბრენდების სამკაულები, როგორებიცაა: Yuzuk “ნავნე“,„დაიმონდი“, Fashion Jewellery,„მანდარინა“,„ბალდი”. ანალოგიური კვლევა ჩატარდა 2019 წელსაც  და მისი შედეგებიც სავალალო იყო. 29 ნიმუშიდან 12 მავნე აღმოჩნდა.

კონტროლდება თუ არა სამკაულების შემადგენლობა?

საქართველოს ხელისუფლება ტყვიასა და სხვა მავნე ნივთიერებეზე მხოლოდ გარკვეულ პროდუქციას ამოწმებს, მაგრამ მათ შორის არ არის სამკაულები, ამ საკითხის დასარეგულიებლად არ არსებობს კანონიც. ევროკავშირი დიდი ხანია, საქართველოს სტანდარტების მიღებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ამ მხრივ ნაბიჯი ამ დრომდე არ გადადგმულა. ამ საკითხზე „ვერსია“ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც განგვიცხადეს, ინფორმაციას არ ფლობენ და აღნიშნული მათ უწყებას არ ეხება.

როგორ დავიცვათ თავი მავნე სამკაულისგან?

თუ გსურთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი სამკაული უსაფრთხოა, ატარეთ მასალები, რომლებიც ცნობილია, რომ არატოქსიკურია, მათ შორის:

100% ოქრო

100% ვერცხლი

ქირურგიულ-იმპლანტის კლასის უჟანგავი ფოლადი

ვერმეილი (მოოქროვილი სახეობა, რომელშიცაა  სუფთა ოქროს ან ვერცხლს)

არალითონის ნივთიერებები, როგორიცაა ტყავი, ქსოვილი ან მინის მძივები

თუ ბავშვებს აძლევთ უფლებას, ატარონ სამკაულები, ხელი შეუშალეთ, რომ პირში არ ჩაიდონ. ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით ბიჟუტერიასთან შეხების შემდეგ.