რატომ იმატებს პოსტ-კოვიდურ პერიოდში მადა და როგორ შევივსოთ D ვიტამინის დეფიციტი - ენდოკრინოლოგის რჩევები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

კორონაპანდემიის დროს ხშირად გვესმის ტერმინი - „პოსტკოვიდური სინდრომი“, რაც გულისხმობს პათოლოგიურ ჩივილებს, რომლებსაც კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი განიცდის. გარკვეული სიმპტომები ხანგრძლივი დროით გრძელდება, ზოგი კი მალევე ქრება. ერთ-ერთი ასეთი, რომელსაც ბოლო დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი უჩივის, ვირუსის გადატანის შემდეგ მომატებული მადაა.

როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა კოვიდის გადატანის შემდეგ ჩვენი მადა დღითიდღე ძლიერდება? ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემა აწუხებთ, მომატებულ მადასთან ერთად, მომატებულ კილოგრამებზეც საუბრობენ და გამოსავლის გზებს ეძებენ.

პაციენტთა დიდი ნაწილი დაავადების მიმდინარეობისა და მისი გადატანის შემდეგაც, სისუსტეს, მოდუნებულობას უჩივის. როგორ ვმართოთ პოსტკოვიდური პერიოდი და რა უნდა ვიცოდეთ ჯანსაღი კვების შესახებ - „ვერსიას“ ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ესაუბა:

_ კოვიდის და პოსტ-კოვიდის პერიოდში კვებასთან დაკავშირებით განსაკუთრებით რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

_ როგორც მოგეხსენებათ, კოვიდი გარკვეულ პათოლოგიურ ცვლილებებს ტოვებს ჩვენს ორგანიზმში. ის ხშირად დაკავშირებულია მაკრო და მიკროელემენტების დეფიციტთან, რაც თავის მხრივ, შემდგომში ისეთ მნიშვნელოვან გართულებებს იწვევს, როგორიცა D ვიტამინის და თუთიის დეფიციტია. შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტის დეფიციტი, როგორიც მაგნიუმია, რომელიც ჩვენი კუნთოვანი ქსოვილის გამართული ფუნქციონირებისათვის არის მნიშვნელოვანი.

 კოვიდის და პოსტკოვიდურ პერიოდშიც ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კვებას, რადგან ეს მაკრო და მიკროელემენტები ჩვენს ორგანიზმში კვებით უნდა მოხვდეს, თუმცა ხშირად ეს შეიძლება, იყოს შეუძლებელი და დაგვჭირდეს დანამატების გამოყენება, თუმცა მაინც უნდა ვეცადოთ, რომ კვება იყოს მოწესრიგებული, რადგან პოსტკოვიდურ პერიოდში ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მეტად მძლავრი იყოს და შესაბამისად, თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა ტიპის გართულებები.

გაზაფხულზე ორგანიზმი გამოფიტულია, იმუნური სისტემა დაქვეითებული და მიმღებლობა სხვადასხვა ინფექციების და ვირუსების მიმართ საკმაოდ მაღალია, ამიტომ ჩვენს ჯანმრთელობას და ორგანიზმს უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ ახლო წარსულში გვქონდა კორონავირუსი.

იმისათვის, რომ არ ვიგრძნოთ სისუსტე, უძალობა, გუნება-განწყობის ცვლილებები, დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, მნიშვნელოვანია კვებითი ქცევის მოწესრიგება. ამ სეზონზე ბუნებაც თვითონ გვაძლევს ისეთ პროდუქტებს, რაც უნდა მივიღოთ, მაგალითად, ხილი და ბოსტნეული, რომელიც მდიდარია უამრავი მაკრო და მიკროელემენტით. კენკრა მდიდარია c ვიტამინით და რკინით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რძის პროდუქტები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მეტაბოლოზმისთვის და ნივთიერებათა ცვლისთვის, ხორცი და თევზის პროდუქტები, წყალი.

_ არის თუ არა მადის მატება პოსტკოვიდური სიმპტომი და როგორ ვაკონტროლოთ ის?

_ გარკვეული მინერალების და ვიტამინების დეფიციტი მადის მატების მაპროვოცირებელი ფაქტორია. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ასეთ პაციენტებთან გარკვეული დიაგნოსტირების ჩატარება და კონკრეტული მინერალების და ვიტამინების დანიშვნა, რომლის დეფიციტსაც ორგანიზმი განიცდის.

ხშირად პაციენტებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტების დეფიციტი აქვთ, გვიწევს ვიტამინების დანიშვნა, ხშირად ისმის კითხვა - „ხომ არ გამასუქებს?“ წონის დასაკლებად როდესაც არის ადამიანი მოსული, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუნიშნავთ ისეთ პროდუქტს, რომელმაც შეიძლება ასე იმოქმედოს. ისეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს, რომ თუ ვიტამინს სვამ, აუცილებლად გაგასუქებს, მაგრამ სინამდვილეში ზოგიერთი ვიტამინის დეფიციტი იწვევს სიმსუქნეს და ამიტომ აუცილებელი ხდება ხოლმე, პირიქით ვიტამინის დანიშვნა, რომ წონის კორექცია ანუ კლება მოხდეს.

_ არის თუ არა სხეულისთვის საზიანო მომატებული მადის გამო საკვების გაზრდილი რაოდენობით მიღება?

_ მომატებული მადის გამო ზედმეტი ოდენობით საკვების მიღება უარყოფითად მოქმედებს, რადგან ამ დროს ძირითადად მიირთმევენ დიდი რაოდენობით ტკბილეულს, რაც ორგანიზმისთვის, იმუნური სისტემისთვის საზიანოა. ამიტომ როდესაც პოსტ-კოვიდურ პერიოდში ვიმყოფებით, კონტროლი მნიშვნელოვანია. 

_ რატომ არის ასეთი აქტუალური კოვიდის პერიოდში და შემდგომაც თუთიის და D ვიტამინის მიღება?

_ D ვიტამინის მიღება არა მხოლოდ კოვიდის დროს, არამედ ზოგადად, ეკოლოგიური ფაქტორების და მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო რეკომენდებულია, რადგან ამ ვიტამინის არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემისთვის და გამართული ფუნქციონირებისთვის. კოვიდის დროს მისი გახარჯვა ძალიან აქტიურად ხდება სწორედ იმუნური სისტემის აქტივობის ფონზე. აქედან გამომდინარე, კოვიდის დროს ბევრად უფრო აქტუალური გახდა დე ვიტამინის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის და ამიტომაც ექცევა ყურადღება.

D ვიტამინს მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სამკურნალო, არამედ გამოყენებული უნდა იყოს პრევენციული დოზა.