როგორ ვებრძოლოთ ომის შედეგად მიღებულ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას - ფსიქოლოგის რჩევები

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

ალბათ, ყველა ჩვენგანი იცნობს ერთ ადამიანს მაინც, რომლის ცხოვრებაც წარსულის ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. მოვლენა ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს – ახლობლის გარდაცვალება, ძალადობა, სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა, სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა თუ სხვა...

ზოგი მატრავმირებელი გამოცდილების შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დამოუკიდებლად ვეღარ უბრუნდება, კარგავს სულის სიმშვიდეს, ეწყება უძილობა, ხდება ჩაკეტილი, დეპრესიული, აღენიშნება ძლიერი შფოთვა და ზოგჯერ - სუიციდური აზრებიც.

ამგვარ მდგომარეობას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) ეწოდება და იგი ფსიქიატრიაში, ფსიქიკურ აშლილობადაა კლასიფიცირებული.

როგორ ვმართოთ პოსტტრავმული სტრესი - აღნიშნულ საკითხზე „ვერსია“ ფსიქოთერაპევტს, პროფესორ ელენე ჯაფარიძეს ესაუბრა:

_ ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს,საინტერესოა, როგორია ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ ადამიანებისა, ვის თვალწინაც ომის საშინელებები ხდება?

_ისეთი კრიზისული მდგომარეობის დროს, როგორიც ომია, ადამიანის მდგომარეობა პირველ ეტაპზე არის შოკური. ფსიქიკას ძალიან უჭირს იმისი აღქმა და დაჯერება, რომ ეს რეალურია. ამ დროს ადამიანი საფრთხეს განიცდის და წარმოიშობა ორი რეაქცია - ან ვშეშდებით, ან გავრბივართ. სწორედ ამ რეაქციებს ვაწყდები ლტოლვილებშიც, რომლებთანაც ვმუშაობ, ან არიან სრულიად შოკირებული, გაშეშებულნი და ძალიან უჭირთ ნორმალურ მდგომარეობაში გადმოსვლა.

ამ მდგომარეობიდან გამოსვლას ართულებს ის, რომ როდესაც მატრავმირებელი ეფექტის მქონე მოვლენა ხდება, შემდეგ რჩება სასრულობის განცდა, თითქოს დაუჯერებელია, რომ ეს საშინელება დასრულდა.

ომი არის დროში განვრცობილი პროცესი და იქიდან გამოღწევის შემდეგ ადამიანები სინანულს განიცდიან. განცდა, რომ რეალურად რაღაც დამთავრდა, არ აქვთ და ბუნებრივია, ამიტომაც პერმანენტულად ძალიან დაძაბულ შფოთვით მდგომარეობაში იმყოფებიან.

ომის მონაწილეებში შეინიშნება უსაფრთხოების განცდის რღვევა, როგორც უფროსებში, ასევე ბავშვებში და ბავშვებში განსაკუთრებულია ეს გრძნობა, რადგან ძალიან დიდი უნდობლობით არიან განწყობილნი ყველაფრის მიმართ. ლტოლვილთა ბანაკში ყოფნა, როგორი მოწყობილიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. სიახლესთან შეგუება, რომელიც არ არის კომფორტული და რაიმე სასიამოვნოსთან კავშირში, არის ურთულესი პროცესი.

_როდესაც ომში მონაწილეები სახლში ბრუნდებიან, მათი მდგომარეობა ოჯახის წევრებზეც ახდენს გავლენას. როგორ უნდა შეძლონ ოჯახის წევრებმა ამ მდგომარეობასთან გამკლავება?

_ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი პროცესი, რადგან ადამიანი ბრუნდება ჯოჯოხეთიდან, აბსოლუტურად სხვა რეალობიდან და ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ, შეუძლებელია შევიგრძნოთ, რა გარემოში მოუწიათ მათ ყოფნა.

მაგალითად, ვეტერანებში ხშირია გაუცხოების მომენტი. ის აქ მოცემულ დროს ვერ ცხოვრობს, ვერ ივიწყებს იმას, რაც ნახა და გამოიარა, აქვს დისოციაციის განცდა, იწყება უძლურების განცდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დასრულდა ომი, ანუ გამარჯვებული დაბრუნდა, თუ მიმდინარე პროცესი დატოვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ მათთან საუბრის ფორმა. „არა უშავს, მთავარია, გადარჩი“, „დაივიწყებ“, ეს არაა შესაბამისი სიტყვები, რისი მოსმენაც ადამიანს სჭირდება.

ამ დროს მნიშვნელოვანია, გულწრფელები ვიყოთ და გავიგოთ, რომ ადამიანს ახლა ასეთი მოცემულობა აქვს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება, გამოსწორდეს იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად კონტაქტური გახდეს, დაუბრუნდეს ინტერესი, ჰქონდეს უფრო მეტი სურვილი მეგობრებთან, ახლობლებთან კომუნიკაციის, სოციალიზაციის.

მაგრამ თუ ეს გარკვეული პერიოდის შემდეგ არ შეიმჩნევა და დინამიკაში პოზიტიური ცვლილებები არ ხდება, აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა, რადგან ტიპურ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან გვაქვს საქმე და რაც უფრო მალე დაიწყება ამ საკითხზე მუშაობა, უფრო მეტი შანსია, რომ სწრაფად მოხდეს პოსტტრავმულ გამოცდილებების დაძლევა.

_ შესაძლებელია თუ არა პოსტტრავმულ სტრესის სრულად აღმოფხვრა?

_როდესაც ადამიანი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, სწორად დაგეგმილი ფსიქოთერაპიის შედეგად შეიძლება, დაიბრუნოს საკუთარ თავზე დადებითი ფიქრები, სამყაროს მიმართ მეტი ნდობა გაუჩნდეს.

როდესაც გრძნობენ, რომ კონტროლი საერთოდ არაფერზე აქვთ და რაც არ უნდა გააკეთონ, ვერაფერს ცვლიან, ამ დროს ურწმუნობის და უიმედობის განცდა ჩნდება. ფსიქოთერაპიის შედეგად შეიძლება, რომ ეს ფიქრები შეიცვალოს, გამოსწორდეს მეხსიერების პრობლემები, ჩაერთოს სიახლეებში, დაიბრუნოს ინტერესი ძველი საქმიანობების მიმართ.

ტრავმირებულ ადამიანს ბრაზი და აგრესია, რომელიც არ იცის, ვისზე გადაიტანოს, ხშირად ახლობლებზე გადააქვს, თუმცა ისინი რეალურად მათზე კი არა, გამოვლილი საშინელებების გამო, მთელს სამყაროზე არიან გაბრაზებულნი. ასევე დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნება ჭარბობს ადამიანებში, „გადარჩენილის დანაშაულის განცდა“ განსაკუთრებით იმ მებრძოლებს აქვთ, რომლებსაც დაეღუპებათ თანამებრძოლი, რაციონალურად ესმით, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ემოციურად ვერ იღებენ საკუთარ უსუსურობას და უძლურობას. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ იმის დავიწყება, რაც გადაიტანე, შეუძლებელია, უბრალოდ, შენი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი ტოქსიკური, რომ ყოველდღიურობა მოწამლოს, დარეგულირდება გარკვეული პრობლემები, რომლებიც პოსტტრავმულმა სტრესმა დატოვა.

ოჯახს, მეგობრებს ძალიან დიდი როლი აქვთ. ამ ადამიანის გამოცდილება არ უნდა გააუფასურონ, არ უნდა დააყენონ ჩვეულებრივი მოვლენები იმაზე მაღლა, რაც მან გადაიტანა, რადგან ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტო და უსუსურად გრძნობს ადამიანი თავს.

_მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც უშუალოდ ომში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, როგორ უნდა ებრძოლოს სტრესს?

_ რა თქმა უნდა, კრიზისის ინტერვენციაში გაცნობიერებულ ფსიქოლოგს უნდა მიმართონ. თვითრეალიზებას უნდა შეეცადონ, მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგრძნოს, ცოცხალია, თუმცა უნდა გაიაზროს, რომ ლიმიტი აქვს, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს მისი გამოფიტვა.

ძალიან კარგი იქნება, რომ ამ დროს გვერდით გყავდეს ის, ვისთანაც საკუთარ სტრესზე ისაუბრებ. ადამიანს მოქმედება, მოძრაობა, სიცოცხლის განცდას აძლევს.

ასე რომ, მნიშვნელოვანია, აკეთოს იმდენი, რაც შეუძლია და ფუნქციურობა შეინარჩუნოს იმისთვის, რომ დროში გაახანგრძლივოს საკუთარი ქმედებები.