"სირაქლემის პოზაში ვიქნებით, თუ შევხედავთ სიმართლეს თვალებში?! - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას "ომიკრონის" შესახებ აფრთხილებს

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

საქართველოში  "ომიკრონი" მძვინვარებს. 18000-მდე დადასტურებული შემთხვევა უკვე ყოველდღიურობად იქცა და როგორც მედიკოსები ამბობენ, ეს მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება. საინტერესოა, რა ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით მსოფლიოში და რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელმაც, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მოიცვა?- "ვერსია" ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტ გიორგი ფხაკაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ საქართველოში ხდება ის, რაც ჩემი ექსპერტული დასკვნებით ვთქვი, რომ იანვრის ბოლოს იქნებოდა კოვიდაფეთქება - "ცუნამი". ადამიანებს ეს სიმართლე არ მოსწონთ და ზღაპრების მოსმენა სურთ საქართველიში. ევროპაში მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინირებულია, "ომიკრონის" ამ ტალღას იოლად ლახავენ.  სამჯერ ვაქცინირებული ადამიანების 90%-ს ვირუსი არ ხვდება, ძირითადად ინფიცირდებიან არავაქცინირებულები და ერთხელ ან ორჯერ ვაქცინირებულები. იმ ადამიანებს, რომელთაც გადაიტანეს კოვიდი, შეიძლება ერთ კვირაში დაემართოთ "ომიკრონი". ეს შტამი უფრო იოლად ლახავს  ჩვენს იმუნურ ბარიერებს ვაქცინების ჩათვლით და ამიტომ ყველაზე ეფექტური ვაქცინების "ფაიზერის" და "მოდერნას" ოჯერადი დოზა მხოლოდ 30%-მდე გიცავთ. ამიტომაა საჭირო ბუსტერ-დოზა. სამწუხაროდ, სხვა ვაქცინები არაეფექტურები აღმოჩნდა "ომიკრონის" საწინიაღმდეგოდ.

_ დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს განცხადებას, რომ თუ ვაქცინირებული ადამიანი გადაიტანს კოვიდს, შემდეგ კიდევ 3-ჯერ უნდა აიცრას. იქნებ განგვიმარტოთ, ეს რატომ თქვით?

_ თუ ადამიანი დაინფიცირდა, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინამ უკვე მაქსიმუმი გააკეთა. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა არაეფექტური ვაქცინითაა აცრილი. როცა ადამიანი ინფიცირდება, შემდეგი რამდენიმე თვე შეიძლება, იყოს დაცული. წინა გამოცდილება გვეუბნება, რომ კოვიდის ახალი ვარიანტების იმუნური დაცულობა მეტნაკლებად 4-5 თვეა. შესაბამისად, ვიცით, რომ "ომიკრონის" მეორე ტალღა იქნება ივნისში. ამიტომ ვინც ახლა დაინფიცირდება "ომიკრონით", 30 დღის შემდეგ ხელახლა უნდა აიცრან. თუმცა "ფაიზერის" ვაქცინის ერთი და ორი დოზა ეფექტური არაა. ამიტომ ადამიანი უნდა იყოს დაცული ძლიერი ვაცქინით კოვიდინფიცირების გადატანის შემდეგ 30 დღეში, მეორე დოზა უნდა გაიკეთოს 28 დღეში და ბუსტერ-დოზა სამ თვეში. ასე "ომიკრონის" მეორე ტალღას უფრო მომზადებული და დაცული შეხვდება.

_ ბატონო გიორგი, ხომ არ მუშაობს "ფაიზერი"იმაზე, რომ ხანგრძლივმოქმედებიანი ვაქცინა შექმნას, რათა ბევრჯერ ვაქცინაცია აღარ დაგვჭირდეს?

_ 200 კომპანია მუშაობს კიდევ სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე. "მოდერნამ" დაიწყო ახალ ვაქცინაზე მუშაობა, რომელიც უფრო ფართო სპექტრზე იქნებოდა გათვლილი. "ფაიზერმა" რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ შექმნა ახალი ვაქცინა და ახლა მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ეს არის კონკრეტულად "ომიკრონზე" გათვლილი ვაქცინა, რომელსაც ერთ წლიანი მოქმედება ექნება. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ბაზარზე გამოჩნდება ძალიან საინტერესო ვაქცინები, რომელსაც წელიწადში ერთხელ გავიკეთებთ, როგორც გრიპის ვაქცინას.

_ დიდი ემედით ელოდება ხალხი კოვიდსაწინააღნდეგო წამალსაც. ამ კუთხით არის დადებითი სიახლე მსოფლიოში?

_ 200-მდე ფარმაკომპანია მუშაობს, რომ ნახონ გამოსავალი. "ფაიზერმა" ახლა გამოუშვა ე.წ. სამკომპონენტიანი წამალი. "მერსკიმაც" გამოუშვა და ზოგმა ქვეყანამ დაიწყო ამ წამლების შესყიდვა, მაგრამ როცა ანოტაცია დეტალურად წავიკითხე, ასეთი ტიპის წამლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ძალიან განვითარებულ ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი კარგადაა გამართული. სამწუხაროდ, საქართველოსთვის არც "ფაიზერის" და არც "მერსკის" წამალი არაა მისაღები, რადგან ძალიან ბევრი უკუჩვენება აქვს და პრაქტიკულად, უნდა იყო ჯანმრთელი, ახალგაზრდა ამ წამლის მიღება რომ შეძლო. ყველა ის წამალი, რომელიც დღემდე არსებობს, შესწავლილი იყო იქამდე, სანამ "ომიკრონი" შემოვიდოდა, შესაბამისად, არ ვიცით, არსებული წამლები როგორ მუშაობენ ამ ახალი შტამის მიმართ. კლინიკური წამლები კი 10-ზე მეტია, რომელსაც კლინიკებში იყენებენ ექიმები, რომ შეუმსუბუქონ პაციენტებს მდგომარეობა. ყოველ 2-3 კვირაში ახალი წამალი შემოდის ამ მიმართულებით, მიდის მუშაობა და კარგი პროგრესია.

_ "ომიკრონის" შესახებ მედიკოსების აზრი იყოფა. თქვენსა და ღოღობერიძის შორის დაპირისპირებაც ვნახეთ. ის ამბობს, რომ ეს საკმაოდ მსუბუქი შტამია, თქვენ კი აცხადებთ, რომ საქმე ასე მარტივად არაა. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, იქნებ განგვინარტოთ?

_ "ომიკრონი" არის კოვიდი და კოვიდი არ არის სეზონური გრიპი. ეს იგივეა, ცხენი და ტრაქტორი რომ ერთმანეთს შევადაროთ. შესაძლებელია, ორივეს ერთნაირი სიმპტომები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე დაავადებაა. ამაში ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა შეცდა, ზოგს გამოცდილება არ აქვს, ზოგს ცოდნა, მაგრამ არაუშავს, ისწავლიან. კოვიდის ყველაზე დიდი ვერაგობა ისაა, რომ ტოვებს პოსტკოვიდურ გართულებებს. ამის გამო მსოფლიოში დიაბეტის რაოდენობაა გაზრდილი. კოვიდი 80% შემთხვევაში ასიმპტომურია. ადამიანმა შეიძლება, ვერც კი გაიგოს, რომ კოვიდი გადაიტანა. სიმპტომური ადამიანების უმრავლესობა კი, შეიძლება მსუბუქად წარიმართოს, მაგრამ თუ ასეთი მუსუბუქი გრიპია, რატომ გვყავს რეანიმაციაში ამდენი ადამიანი? ყოველ დღე რატომ იღუპება ამდენი ხალხი? ანუ "ომიკრონი" არ არის გრიპი. კორონავირუსი ცდილობს ადაპტირებას იმ გარემოში, სადაც არის. სამწუხაროდ, "ომიკრონს" ბევრი მუტაცია აქვს.  მას გაუჩნდა უკვე ორი "შვილი". მეცნიერები აცხადებენ, რომ იქნება კიდევ ახალი ვარიანტები კორონავირუსისა. ანუ ჩვენ მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ოღონდ მნიშვნელოვანია, ამას როგორ გავაკეთებთ - სირაქლემის პოზაში ვიქნებით თუ შევხედავთ სიმართლეს თვალებში და ვიქნებით შეიარაღებული.  დღეს კი საუკეთესო შეიარაღება ორმეტრიანი დისტანცია, ვენტილაცია, სამედიცინო პირბადე და საუკეთესო ვაქცინებია -  "მოდერნა" და "ფაიზერი". სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ანტივაქსერული მოძრაობაა, რომელიც მხარდაჭერილია ბევრი პოლიტიკური ინტერესის გამო და ამიტომ ჩვენი მოსახლეობა არის გაყოფილი. ექიმები კი პოპულისტები გახდნენ და ლაპარაკობენ იმას, რაც მოსახლეობას სიამოვნებს. არადა, ექიმმა უნდა ილაპარაკოს სიმართლე და ტყუილი არასდროს უნდა თქვას. ამ გაგებით, მე კარგი ექიმი არ ვარ და ღმერთმა დამიფაროს, ვიყო. მირჩევნია, ვთქვა სიმართლე, როგორი მწარეც არ უნდა იყოს და ეს სიმართლე ეხმარება საზოგადოებას, რომ უკეთ მოემზადოს და ვირუსს შეიარაღებული დახვდეს. ეს არის ჰიპოკრატეს ფიცი.

_ სხვათაშორის, ბევრს თქვენი სიმართლე "აბრაზებს" და ამბობენ, გიორგი ფხაკაძე უარყოფითი ინფორმაციით გვავსებსო. ამაზე რას ფიქრობთ?

_ რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა. საინტერესოა ის, რომ ბატონმა ზაზა წერეთელმა, რომელიც ევროპაში მუშაობს, თქვა, რომ კოვიდის გამო სპერმის ხარისხი ვარდეობა. ამაზე რეაქცია საზოგადოებაში იყო ნული. მე რომ დავდე ეს სტატია, ინტერნეტი აფეთქდა. არადა, ეს ცდა მე კი არ ჩამიტარებია, შევაგროვე მსოფლიოში არსებული ინფორმაცია და ადამიანურ ენაზე გადმოვეცი. ამაზე მითხრეს, რატომ გვაშინებო? არადა, ჩატარებულია კვლევები, მათშორის პოსტკოვიდურ სინდრომზეც და როცა ამაზე ვსაუბრობ, გასაგებია, რომ მოსახლეობას, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, შესაძლოა, არ ესმოდეს და ვუხსნი, მაგრამ როცა ექიმებს არ ესმით... სხვათაშორის ბევრ კოლეგას ვაკრიტიკებ პროფესიონალურად, თუმცა პირადში არასდროს გადავდივარ.

_ "მწვანე პასპორტის" წესის გამარტივებაზეც უნდა გკითხოთ - გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მათზეც გაიცეს "მწვანე პასპორტები", რომელთაც ტესტით არ დაუდასტურდებათ, თუმცა კლინიკური სურათის მიხედვით, ექიმი გადაწყვეტს, რომ კოვიდი აქვთ. ამ საკითხს როგორ აფასებთ?

_ "მწვანე პასპორტი" არის დოკუმენტი, რომელიც პანდემიის მართვაში ერთ-ერთი იარაღია. თავიდანვე არასწორი იყო პანდემიის მართვის სისტემა საქართველოში. პირველად რომ ვაცქინაციის გეგმა დაიწერა, პირველმა გავაკრიტიკე, რადგან სადღეგრძელოების ფურცელი იყო. ახლა კიდევ ახალ ვაქცინაციის გეგმას ქმნიან. საერთოდ, როცა რამეს აკეთებ, გჭირდება სტრატეგია. როცა სახლს აშენებ, ჯერ ფუნდამენტი გინდა, შემდეგ კედლები და ბოლოს სახურავი. ჩვენ ახლა სახლი არ გვაქვს და  ვლაპარაკობთ სახურავის ფერზე. "სახურავის ფერი"კი კოვიდპასპორტია. ამიტომ ვფიქრობ, ახალი ბორბლის გამოგონება არ გამოგვდის და შეერთებული ვართ ევროკავშირის ე.წ. კოვიდბარათს და სჯობს, ამას მივხედოთ. გადავიდეთ ევროპულ ბარათზე, რადგან ეს საბუთი ჩავარდა ქვეყანაში, არავინ ხმარობს, პრაქტიკულად.

_ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემზადებიან, რომ გაზაფხულიდან "ფაიზერით" 9 წლის ასაკიდან დაიწყოს ვაქცინაცია. რას იტყვით ამაზე?

_ რომ გადავხედოთ ბოლო მონაცემებს დანიაში, ინფექცია ძირითადად 0-2 წლის ასაკშია გავრცელებული. პრაქტიკულად, ეს ვირუსი ბავშვებსაც აინფიცირებს. ასევე პოსტკოვიდი ემართება ბავშვსაც და მოზარდსაც. მხოლოდ დიაბეტზე რომ ვილაპარაკოთ, საშინელებაა. ევროპაში ვაქცინაცია კეთდება 5 წლიდან მშობლის თანხმობით. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს პირობებში ჯერ ჩვენი ბებიები და ბაბუები ავცრათ. ჯერ ის ადამიანები უნდა აიცრან, ვინც ყველაზე მეტად შეიძლება დაზიანდნენ ინფიცირებისგან. ასაკობრივად როცა ყველა აცრილია 18 წლის ზემოთ, შემდეგ ჩამოდიხარ ქვემოთ და საქართველოში ბებია და ბაბუა არაა აცრილი და ბავშვის აცრას იწყებენ. უკუღმა მოქმედებენ და ასე არ შეიძლება. სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, ქრონიკული დაავადებების პაციენტებზე და ჩვენს პენსიონერებზე ორიენტირებული. ეს ორი ჯგუფი უნდა იყოს პრიორიტეტი.