როგორ მიმდინარეობს კოვიდინფექცია ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში და შეიძლება თუ არა მათი აცრა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 1 პროცენტს (65 მლნ.) აქვს. ეპილეფსიით დაავადებულებში დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. გულყრის დროს ადამიანს შეცვლილი აქვს ქცევა, განიცდის უჩვეულო სიმპტომებს და შეგრძნებებს გონების დაკარგვის ჩათვლით. 50%-ში ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება, ხოლო ეპილეფსიის მქონე პაციენტების 50%-ში იგი ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან: გენეტიკური გავლენა, თავის ტრავმა, ინფექციური დაავადებები, პრენატალური დაზიანება და განვითარებითი დარღვევები. აშშ-ის მონაცემებით, 100 ადამიანიდან 1-ს შესაძლოა თავის ცხოვრების მანძილზე ერთხელ დაემართოს არაპროვოცირებული (რაიმე ფაქტორით გამოწვეული) გულყრა. თუმცა ერთჯერადი გულყრა არ ნიშნავს ეპილეფსიას. მხოლოდ 2 არაპროვოცირებული გულყრის (ტიპი არ კონკრეტდება) შემთხვევაში ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ მედიცინის მუშაკები აკვირდებიან, როგორ მიმდინარეობს კოვიდ-19 ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში. საინტერესოა, თუ რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებით ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის, ამიტომ „ვერსია“ ამ თემაზე ნევროლოგ ალექსანდრე წერეთელს ესაუბრა.

_ბატონო ალეკო, ჯანმრთელ ადამიანთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირება ეპილეფსიით დავადებულისთვის უფრო საშიში ხომ არ არის?

_დღეისათვის არ გვაქვს ამის მტკიცებულება. რისკები მინიმალურია იმ ეპილეფსიის მქონე პირებში, ვისაც ადეკვატური მკურნალობის ფონზე აქვთ ეპილეფსიური გულყრების სრული კონტროლი. რისკი მეტია პაციენტების იმ ჯგუფში, ვისაც აქვს მაღალი ტემპერატურული რეაქციით პროვოცირებული გულყრები (უპირატესად ბავშვები), რაც აიხსნება ინფექციების ფონზე განვითარებული ტემპერატურული რეაქციების მიზეზით. ასევე, შედარებით მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ის პაციენტებიც, რომლებსაც ეპილეფსიასთან ერთად აღენიშნებათ სხვა ჯანმრთელობის პრობლემები: დაქვეითებული იმუნური სისტემის აქტივობა სხვადსხვა დაავადების და მდგომარეობის გამო, ხანდაზმულები, ასევე ისეთი ქრონიკული დაავადებები როგორიცაა დიაბეტი, სიმსივნური დაავადება და ფილტვების ქრონიკული პათოლოგიები.

_როგორ მიმდინარეობს კორონავირუსი ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებში და რა უნდა გაითვალისწინონ დაავადების შემთვევაში?

_ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანებში კორონავირუსი უფრო მძიმედ მიმდანარეობს, ვიდრე ზოგად მოსახლეობაში, არ მოიპოვება. დამატებითი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება ეპილეფსიის მქონე პირების იმ ნაწილს, რომელსაც ეპილეფსიათან ერთად აქვს მოძრაობის დარღვევები, ყლაპვის სიძნელეები, კუნთთა დამბლები, დასწავლის პრობლემები, გააჩნიათ სუნთქვის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკი. სხვა შემთხვევებში, კორონავირუსის გართულებების რისკი სათანადო რეკომენდაციების დაცვის პირობებში დაბალია.

ხაზგასმით უნდა აღინიშოს, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, ხშირად საჭირო ხდება სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატებით ან ანტიბიოტიკებით მკურნალობა, რომლებმაც, შესაძლოა გავლენა მოახდინონ ანტიეპილეფსიური მედიკამენტების მოქმედებაზე და შესაბამისად გააუარესონ ეპილეფსიის მიმდინარეობაც. ამიტომ, კორონა ინფექციის დროს სპეციფიკური მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია  ექიმს მიაწოდოთ სრული ინფორმაცია თქვენი ეპილეფსიისა და სამკურნალო პრეპარატების შესახებ (წამალი, დოზა, მიღების ჯერადობა). აღნიშნული ინფორმაცია დაეხმარება ექიმს, განსაზღვროს კორონავირუსის მართვის ინდივიდუალური ტაქტიკა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ურთიერთქმედებისა და ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გათვალისიწნებით.

_არსებობს თუ არა კვლევები კორონავირუსის და ეპილეფსიის ურთიერთქმედებაზე?

_კვლევა კორონავისუსის და ეპილეფსიის ურთიერთქმედებაზე მუდმივად მიმდინარეობს, რაშიც აქტიურად არის ჩართული ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგა, რომელიც აგროვებს ეპილეფსიის მქონე პირებში კოვიდ ინფექციის მიმდინარეობაზე ინფორმაციას და შესაბამის რეკომენდაციებს აქვეყნებს თავის საიტზე. ამ ინფორმაციით ვსარგებლობთ ეპილეფსიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალიც.

_ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა გულყრების გააქტიურება მოხდეს?

_ ამ კითხვაზე, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (განსაკუთრებით ბავშვებში), ოფლიანობა, ღამით ხშირი შეღვიძებები და ზოგადი სისუსტე, შესაძლოა მოახდინოს ეპილეფსიურ გულყრების პროვოცირება. თუ თქვენ ამ კატეგორიის დაავადებულთა შორის ხართ, განსაკუთრებით დაიცავით სოციალური დისტანცია და თვითიზოლაციის პრინციპები.

_შეიძლება თუ არა ეპილეფსიით დავადებულის აცრა და რომელ ვაქცინას ურჩევენ მათ ექიმები?

­_ჩვენ ვხელმძღვანელობთ ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის რეკომენდაციებით, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს მტკიცებულა იმისა, რომ ეპილეფსია კოვიდ-19 ვაქცინაციისთვის წარმოადგენს რაიმე დამატებით რისკს. ეპილეფსიის მქონე ადამიანმა, ვაქცინაციამდე ექიმს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ. ასევე, შემდეგი ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით როგორიცაა: ალერგიული რეაქცდა, განსაკუთრებით ვაქცინის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე,  ალეგიული რეაქცია სხვა ჩატარებულ ვაცინებზე (მაგ, გრიპის ვაქცინა და სხვა), ცხელებით მიმდინარე დაავადებებით ავადობაზე ვაქცინაციის მომენტში ან ახლო წარსულში, იმ  მედიკამენტებზე, რომელსაც ვაქცინაციის მომენტში იღებს პაციენტი, განსაკუთრებით იმაზე, რაც ახდენს იმუნური სისტემის დაქვეითებას, ან ანტიკოაგულანტებზე, ფეხმძიმობის შესახებ ან თუ გეგმავს ფეხმძიმობას უახლოეს მომავალში.

ვაქცინაციის შემდეგ მაღალი ტემპერატურული რეაციის დროს, აუცლებელია ტემპერატურის დროული დაწევა, ეპილეფსიის მქონე პირების ინ ჯგუფში ვისაც აქვს მაღალი ტემპერატურით პროვოცირებული გულყრები (ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა). არის მონაცემები, რომ სინოფარმის ვაქცინა არ შეიძლება არაკონტროლირებული, წამლის მიმართ რეზისტენტული ეპილეფსიების დროს, თუმცა ეს ეპილეფსიის მქონე პაციენტების მცირე ნაწილია და შეტევების გახშირებაც იშვიათია. რაც შეეხება, რომელი ვაქცინაა უმჯობესი, პასუხი მარტივია, რომელიც ხელმისაწვდომია. თუ არჩევანი არსებობს, ამერიკის წამლის და საკვების ასოციაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ რეკომენდებული ვაქცინებს (ასტრა ზენეკა, ფაიზერ ბიონტეკი, მოდერნა, იანსენი, ჯონსონი და ჯონსონი) ვანიჭებთ უპირატესობას. ამასთან საყურადღებოა, რომ ვაქცინაცია არ წარმოადგენს კორონავირუსის ინფიცირებისგან დაცვის გარანტიას. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდეგაც აუცილებელია დავიცვათ უსაფრთხოების ჰიგიენური ნორმები, სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი