რა დრო სჭირდება გადამწვარი ტყის აღდგენას და რას გულისხმობს კანონი გარემოს დაბინძურებით ხანძრის გაჩენის შესახებ - ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

ბოლო დროს ბორჯომში ხანძარი თითქმის ყოველ წელს ჩნდება. წელს ხანძარი 19 აგვისტოს ქვაბისხევი-ზორეთის ტყეში გაჩნდა, ძლიერი ქარის და მაღალი ტემპერატურის შედეგად, ცეცხლი ჯერ დგვარის ტყეს გადაედო, შემდეგ ახალციხისკენ გადაინაცვლა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ხუთი ვერტმფრენი. ცეცხლის გაძლიერების გამო, საჭირო გახდა, თურქეთის დახმარებაც და ხანძარს სამი სპეციალიზებული თურქული სახანძრო თვითმფრინავიც ებრძოდა.

წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, 100 ჰექტრამდე ტყე არის დამწვარი. საგულისხმოა ხანძრების სტატისტიკა - თუ 2009 წელს, მხოლოდ 7 ტყის ხანძარი იქნა აღრიცხული, 2020 წელს ეს რიცხვი უკვე 118-მდე გაიზარდა. 2009-2020 წლებში, ოფიციალური მონაცეებით, საქართველოში ხანძრით მოცულმა ტყის ფართობმა, 5520 ჰექტარი შეადგინა. შესაბამისად, ტყის ხანძრები საქართველოსთვისაც სულ უფრო მზარდი და რთული გამოწვევა ხდება. განსაკუთრებით, 2017 წლის ხანძრის შემდეგ, როცა იმავე ბორჯომში 1100 ჰექტარი ტყე დაიწვა - წერია „ამერიკის ხმის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

წელს ბორჯომის გარდა, ხანძარი საქართველოს არაერთ ლოკაციაზე გავრცელდა და მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზის დადგენა - იყო ეს ორთვიანი გვალვა, ადამიანის მიერ გარემოს დაბინძურება თუ დივერსია? - ყველაფერი ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს... მასშტაბური ხანძრების შესახებ „ვერსია“ ორგანიზაცია ,,საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“-ის თავმჯდომარესა და გარემოსდამცველ ნინო ჩხობაძეს ესაუბრა:

ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ ახლა ზუსტდება, თუ რა ზარალი მიადგა საქართველოს წელს განვითარებული ხანძრებით:

რომ გაწვიმდა, ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველგან ხანძარი ჩამქრალია. ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორი არსებობს - ერთია კლიმატის ცვლილება, რადგან გახშირებული ხანძარი, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩვეულებრივი ამბავი გახდა საქართველოსთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალბათ, გამოწვეულია ანთროპოგენული ანუ ადამიანის ფაქტორით, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, საიდან დაიწყო ხანძარი და რა იყო ეპიცენტრი“.

ჩხობაძის განმარტებით, ტყის ხანძარი ძალიან რთული მოვლენაა და ჩაქრობის თვალსაზრისით, დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს:

რთული გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, ხანძრის ჩაქრობა მიწიდან შეუძლებელი ხდება, როცა ხეობაშია და ქარის გამოც ძალიან სწრაფად ვრცელდება. ტემპერატურა ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ მაღალი და ხანგრძლივი. ასეთი ექსტრემალური ტემპერატურა ყოველთვის იყო, მაგრამ არ ყოფილა ასეთი ხანგრძლივი. დაახლოებით 2 თვის განმავლონაში წვიმა არ იყო არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ საქართველოში. ძლიერი წვიმა კი ზუსტად ის ფაქტორია, რომელიც მარტივად აქრობს ხანძარს“.

გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ხანძრები:

მეორე ფაქტორი ჩვენთვის უცნაურია, რადგან ბევრი ადამიანი არ ფიქრობს ამაზე, რომ მინის ბოთლის გადაგდებამ შეიძლება, გამოიწვიოს ხანძარი. წყლით სავსე პლასტიკის ბოთლიც იწვევს ხანძარს. ნარჩენი, რომელიც რატომღაც არის დაგროვრბული ტყეებში, ასევე პრობლემაა. ანუ ტყეს ყოველთვის სჭირდება ყურადღება იმ თვალსაზრისით, რომ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველთვის უნდა ტარდებოდეს, რადგან გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება კიდევ ხანძრები და გაძლიერდება“.

ნინო ჩხობაძის თქმით, მზადება პრევენციული ღონისძიებებისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი:

აგრეთვე მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ტერიტორიებზე არსებობდეს მოსახლეობის მოხალისე ჯგუფები, რომელთაც შეუძლიათ უფრო სწრაფად რეაგირება ხანძართან მიმართებაში, ოღონდ ეს უნდა იყოს გაწვრთნილი, მომზადებული ჯგუფი თავისი შესაბამისი აღჭურვილობით. ჩვენ კი ეს ყველაფერი გვიჭირს. არაა საკმარისი, მხოლოდ გეგმა გქონდეს, რადგან ამის აღსრულება ბევრ შემთხვევაში რთულია.“

ჩხობაძე მიიჩნევს, რომ ხანძართან მიმართებაში ერთ-ერთი პასუხისმგებელი უნდა იყოს სატყეო დეპარტამენტი და არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი:

სატყეოს და დაცულ ტერიტორიებს უნდა ჰყავდეთ კვალიფიციური კადრები, რომელთაც შეეძლებათ ხანძრის მართვა და სწორი გადაწყვეტილების მიღება ადგილზე, ასევე მნიშვნელოვანია ტექნიკის არსებობა. ჩვენს პირობებში აუცილებელია ხანძარსაწინააღმდეგო ავიაციის არსებობა. მესმის, რომ ეს გარკვეულ თანხასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ხანძრით მიყენებული ზიანი უფრო მეტია, არამხოლოდ ტყის გადაწვით, არამედ დაკვამლიანებით, რომელიც იყო მთელ ბორჯომში, რამაც ეკონომიკურად დააზარალა მოსახლეობა. ტურისტული სეზონი ჩავარდა, რაც ძალიან დიდი პრობლემაა, მითუფრო, რომ ბევრი ტურისტი იყო წელს საქართველოში და მაღალი ტემპერატურის გამო, ცდილობდნენ, ტყისთვის შეეფარებინათ თავი. კოცონს ანთებდნენ თუ არა, ამას ხშირად ვერ ვაკონტროლებთ და არ ხდება ამის სწორი მართვა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პირველ რიგში გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა იყო ხანძრის მიზეზი და ეს ყველასთვის ცნობილი უნდა გახდეს, რადგან ეს ერთგვარი პრევენციაა. არ აქვს მნიშვნელობა, ვიპოვით თუ არა დამნაშავე პირს, მთავარია, ვიცოდეთ, რისგან წარმოიშვა ხანძარი."

ჩხობაძე იმასაც განმარტავს, თუ რას გულისხმობს კანონი სიგარეტის ნამწვით, ბოთლის გადაგდებით და სხვა ნარჩენებით ბუნების დაბინძურების შესახებ:

"ნარჩენების შესახებ კოდექსი" გულისხმობს, რომ არ შეიძლება, მანქანიდან სიგარეტის გადაგდება და წესით, უნდა ხდებოდეს იმ ადამიანების დაჯარიმება, ვინც აბინძურებს გარემოს. ამ შემთხვევაში 3 პასუხისმგებელი უწყება არსებობს: პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური. ამიტომ კანონის გამკაცრება კი არა, აღსრულება უნდა ხდებოდეს“.

გარემოსდამცველი განმარტავს, რომ თუ დანაგვიანებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულთან და შესაბამის სასჯელთან გვაქვს საქმე. ჩხობაძე ასევე საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენად იოლად დასადგენია ექსპერტიზის საშუალებით ხანძრის გამომწვევი მიზეზი:

დღევანდელი მონაცემებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ამის დადგენა შესაძლებელია. უბრალოდ, დამნაშავე პირის დადგენა უფრო რთულია.“

ნინო ჩხობაძე მსოფლიო პრაქტიკაზეც საუბრობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით:

მუშაობენ მოსახლეობასთან, რათა იყოს მომზადებული. ამის გარდა, მუდმივად წვრთნიან და აღჭურვავენ იმ სამსახურებს, რომელიც პასუხისმგებელია. უკვე დიდი ხანია, გამოიყენებენ ავიაციას, განსაკუთრებით ჩვენნაირი ტიპის ქვეყნები, რადგან ყოველთვის იოლი არაა ხანძრის მართვა. თვენახევრის წინ პორტუგალია-ესპანეთი-საფრანგეთის საზღვარზე იყო დიდი ხანძარი და ძალიან გაუჭირდა ევროპასაც კი ჩაქრობა, რადგან რთული ვითარება იყო მაღალი ტემპერატურის გამო. ჩვენ გვჭირდება სერიოზული აღჭურვა იმ სამსახურებისა, რიმლებიც პასუხისმგებელი არიან და მუდმივი მომზადებაა საჭირო იმიტომ, რომ ზიანი ყოველთვის აღემატება იმ დანახარჯს, რომელსაც სახელმწიფო გასწევს ასეთი სტრუქტურების მოსამზადებლად. სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ ნებისმიერი მოქალაქე დაცულად გრძნობდეს თავს და სახელმწიფო უნდა იყოს ამისთვის მზად.“

გარემოსდამცველი განმარტავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც გულისხმობს ამ საკითხის რეგულირებას:

„ეს გულისხმობს საუკეთესო მართვას და ტყესთან მიმართებაში მართვა ეხება ბუნებრივ კატასტროფებს. მათშორის ხანძარს, წყალდიდობას, მეწყერს და ა.შ. ახლა წვიმა თუ დაიწყო და გაგრძელდა, გაჩნდება მეწყერების გაჩენის საფრთხე, რადგან ნიადაგი იმდენად გამომშრალი იყო, რომ ძლიერი წვიმის დროს შეიძლება განვითარდეს მეწყერი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა გეგმებიცაა მიწოდებული ადილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, იცოდნენ ამ დოკუმენტების კითხვა. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ადგილებზე არ გვყავს შესაბამისი კადრები, ქვედანაყოფები, რომელთაც შეუძლიათ ამაზე მუშაობა. განყოფილებები თითქმის არსადაა და ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტშია პირი, რომელიც გარემოსდაცვით ღონისძიებებზეა პასუხისმგებელი. ამას სჭირდება სპეციალისტები.“

ნინო ჩხობაძის თქმით, საქართველოში დაახლოებით 3 წელი სჭირდება გადამწვარი ტყის აღდგენას, რისთვისაც, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.