„ომის შემდეგ გამოჩნდება, რომ მხოლოდ უკრაინას კი არა, მეზობელ ქვეყნებსაც მიადგება ეკოლოგიური ზიანი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ნინო ჩხობაძესთან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანი სარდლიშვილი

უკვე 5 თვეზე მეტია, რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები უკვე მოჰყვა. გარდა იმ უდიდესი დანაკარგისა, რაც ათასობით უდანაშაულო მსხვერპლი და უკრაინის ტერიტორიის განადგურებაა, ასევე ყურადღებამისაქცევია ამ ომისგან გამოწვეული დედამიწის ეკოლოგიური ზიანი. რუსეთის მხირიდან უკრაინაზე აგრესიული სამხედრო მოქმედებების პარალელურად, ჰუმანიტარულ კრიზისს თან დაერთო ეკოლოგიური საფრთხეებიც. ზარალი საკამოდ მაღალი და საშიშია, არავინ იცის, როდის და როგორ აისახება ეს ყველაფერი ბუნებასა და ატმოსფეროზე. მნიშვნელოვან საფრთხეს ასევე გარემოსთვის ქიმიური დაბინძურება წარმოადგენს. გარემო ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ ომს სხვადასხვა პრობლემებთან ერთად გარემოსდაცვითი პრობლემაც დაემატა. ამ თემასთან დაკავშირებით „ვერსია“ გარემოს დაცვის ექსპერტს, ნინო ჩხობაძეს ესაუბრა:

 

_ქალბატონო ნინო, რა ზემოქმედებას ახდენს უკრაინაში მიმდინარე ომი და ზოგადად, ომების დამღუპველი გავლენა ეკოლიგიასა და ბუნებაზე?

_ ომის დროს საგრძნობლად ირღვევა ეკოსისტემური წონასწორობა. იმ მომენტში, როდესაც ომი მიმდინარეობს, ვერ ვხედავთ ამ ზიანს. მოგვიანებით ვნახავთ, რომ მხოლოდ უკრაინას კი არა, მეზობელ ქვეყნებსაც მიადგა ზიანი. მათ შორის, არის ე.წ. გაფრქვევების ნაწილი, რომელიც აფეთქებების და ცეცხლის შედეგად ხდება, ნადგურდება მიკროკლიმატი და ტყეები. ზიანი არ განისაზღვრება მხოლოდ ეკოსისტემაზე ზემოქმედებით, ინფრასტრუქტურა გამოდის მთლიანად მწყობრიდან.დაბინძურება შეუქცევადი პროცესია და ვეღარ კონტროლდება ბოლომდე, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. შედეგებს დავითვლით იმის მერე, როდესაც ეს ომი დასრულდება და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ძალიან რთული სიტუაცია იქნება უკრაინაში აღდგენის თვალსაზრისით, ზიანი იქნება საკმაოდ მაღალი.

_უკრაინაში აფეთქებების დროს რომ მოხდეს რადიაციული გაჟონვა, შესაძლოა, ამან საქართველოსაც შეუქმნას საფრთხე? მაგალითად ისე, როგორც ჩერნობილის ტრაგედიის დროს მოხდა... 

_ საბედნიეროდ, კატასტროფა არ ხდება ატომურ ობიექტებზე, რომელიც არის უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო ძალიან დიდი საფრთხე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსულმა ჯარმა დაიკავა ჩერნობილის ტერიტორია, იქ მოხდა დაბინძურების გავრცელება. ამის გარდა, კიდევ იყო ხუთი მოქმედი ატომური ელექტრო სადგური, საფრთხეები იყო მაღალი და არაერთი მიმართვა გავრცელდა საზოგადოებისგან ამ ატომური სადგურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო ატომური სააგენტო ჩაერია, სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი მიავლიანა კონტროლისთვის, რათა არ მომხდარიყო ატომური ავარიები. ყოველ შემთხვევაში, ეს ახლა კონტროლდება, მუდმივი თვალყურის ქვეშაა. მეორე პრობლემა არის ქიმიური დაბინძურება, რომელიც ეხება, მაგალითად, აზოვსტალს. ეს მძიმე მრეწველობის ობიექტებია როგორც მძიმე, ასევე სხვა ტიპის მეტალურგიისათვის. ეს არის მრეწველობის ობიექტები, რომელსაც გააჩნია გარკვეული მარაგი ქიმიური ნივთიერებებისა, რომელიც სჭირდება მრეწველობასა და ტექნოლოგიებს. რამდენადაა ეს ყველაფერი დაცული, არ ვიცით, ინფორმაცია არ გვაქვს. არადა, ამან შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფა, თუ მოხდა გაჟონვა. საკმარისია, ერთი ყუმბარა ჩავარდეს ისეთ ობიექტზე, სადაც, მაგალითად, ინახება რომელიმე ქიმიური ნივთიერება და ეს გამოიწვევს სერიოზულ დაბინძურებას. ამიტომ საფრთხე ომთან მიმართებაში ყოველთვის არის, განსაკუთრებით იმ საწარმოებთან მიმართებაში, რომელიც იყო მოქმედი, რომელსაც გააჩნია მარაგი ქიმიური ნივთიერებებისა. 

_ ქალბატონო ნინო, მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ომის შემდეგ დაბინძურებული გარემოსა და ატმოსფეროს გაწმენდა ამ მავნე ნივთიერებებისგან?

_ ომის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ხდება სრული აღრიცხვა ზარალის. ამ ანალიზს სჭირდება საკამაოდ დიდი თანხა. ასევე, ომის შემდეგ დაიწყება კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების მომზადება აღდგენისთვის. უკრაინის არასამთავრებო ორგანიზაციების მოწოდებაა, არ დაველოდოთ ომის დასრულებას და უკვე დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, თუ როგორი ახალი ტექნოლოგიებით უნდა აღდგეს ძველი საწარმოები და რა ტიპის ტექნოლოგიები უნდა იყოს მოზიდული უკრაინაში. ჩვენ ვსწავლობთ, რა უნდა გაკეთდეს, რადგანაც მსგავსი არაფერი მომხდარა მეორე მსოფლიო ომის დროს. ნელ-ნელა ქვეყნები იშუშებდნენ შედეგებს, მაგრამ ახლა უფრო მძიმეა ეს შედეგები. ამიტომ ვხვდები, რომ ეს მარტო უკრაინის პრობლემა კი არა, მთელი ევროპის კონტინენტის პრობლემაა.

_ რა რეგულაციები უნდა გატარდეს მსოფლიოში გარემოს ზიანის შესამცირებლად, რათა ხალხი საფრთხეში არ აღმოჩნდეს?

_ შემიძლია აღგიწეროთ სცენარი, რომელიც შეიძლება საქართველოში მოხდეს. რომელიმე ნაგავსაყრელი ავიღოთ - წარმოიდგინეთ, იქ რომ ცეცხლი გაჩნდეს, იქვე დაიწყება წვა, ცეცხლს ვერ გავაჩერებთ, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ნაგავსაყრელზე წარმოიქმნება მეთანი, რომელსაც მოეკიდება ცეცხლი. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტორი, რადგან წვის დროს ხდება გარემოს დაბინძურება, ვიღაცას ალერგიული დაავადება ეწყება და ა.შ. რატომ არის გარემოს საკითხები გადაჯაჭვული ქვეყნის უსაფრთხოებასთან? - იმიტომ, რომ საკმარისია, მაგალითად, წყალმომარაგების სისტემაში ვიღაცამ ჩაუშვას რაიმე მავნე ნივთიერება, იმ ობიექტიდან გავრცელებული ეს გაჟონვა შეიძლება, გავრცელდეს ძალიან დიდ დასახლებულ პუნქტზე. ამიტომ ომის ან არაკონტროლირებადი სიტუაციების დროს, უპირველეს ყოვლისა, ხდება გამოყოფა ყველაზე სტრატეგიული ობიექტებისა, ეს არის: წყალსადენები, ნარჩენების ობიექტები, ისეთი საწარმოები, სადაც ინახება ქიმიური ნივთიერებები. ეს მთლიანობაში უნდა იყოს აღრიცხული და ეს არის ოპერატიული უსაფრთხოების თემა. 

 მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ააფეთქეს ნაწილობრივ და  იქ დაიტბორა მთელი სოფელი. ამიტომ მხოლოდ ატომურს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურებსაც, როგორი იქნება მათი დაცვა, რადგან შეიძლება იმ უნებლიე წყალდიდობამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. ამიტომ წესით, სახელმწიფოს ეს აღრიცხული და ყველა ობიექტი დაცული უნდა ჰქონდეს.