"თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა" - უკრაინელი ლტოლვილები სასტუმროებს ტოვებენ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები საქართველოში სასტუმროებს ტოვებენ. თბილისის მერიის განცხადებით, თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. მათი განმარტებით, ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. უკრაინის მოქალაქეები სასტუმროებს ტოვებენ ბათუმშიც.

როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა.

“რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.” – აცხადებენ თბილისისა და ბათუმის მერიებში.

უკრაინის მოქალაქეები ამბობენ, რომ 300 ლარად საქართველოში ბინის დაქირავება ფაქტობრივად შეუძლებელია.
პარტია “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მთავრობის მიერ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამის დასრულებას გამოეხმაურა და საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გასულები ვართ იმ ლოკაციებზე საიდანაც ყრიან ამ ადამიანებს [უკრაინელებს]. 2300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით, 1000-მა ან მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, ფაქტობრივად, ომის დროს ისინი საქართველოდან განვდევნეთ. ახლა დაახლოებით დარჩენილია 1000მდე ადამიანი.

გონიო-ქობულეთიდან გამოგვყავს 21 ოჯახი. ამჟამინდელი მონაცემებით, თბილისის სხვადასხვა სასტუმროებიდან 30 ოჯახი გამოგვყავს და უნდა გადავანაწილოთ სხვადასხვა სასტუმროებში ან ოჯახებში. დღის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სურათა იმისა თუ რამდენი ადამიანი ითხოვს ელემენტარულ პირობებს.” – განაცხადა “დროას” ლიდერმა ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ივნისში საქართველოში იმაზე ნაკლები უკრაინელი შემოვიდა ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში: ივნისში საქართველოს საზღვარი უკრაინის 19 585-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და გასული წლის ივნისთან შედარებით საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა.

ამის პარალელურად 340 პროცენტითაა გაზრდილი რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც ივნისში საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს – ივნისში საქართველოში 135 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

2022 წლის მარტი-ივნისის ჯამური მონაცემებით საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა წლიურად 355 პროცენტით, 299 094-მდე გაიზარდა. ამასთან, უცნობია რამდენი მათგანი დარჩა ქვეყანაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა 30-მდე ორგანიზაციამ ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უვიზო მიმოსვლა რუსეთთან.

საქართველოს და რუსეთს შორის პოზიტიური ურთიერთობები ორმხრივია – მიმდინარე წლის 22 ივლისს რუსეთის ფედერაციამ გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია, რომელშიც საქართველო ვერ მოხვდა. უცხო ქვეყნების სიას, რომლებიც სჩადიან „არამეგობრულ ქმედებებს“ რუსეთის წინააღმდეგ მოსკოვი 2018 წლიდან აქვეყნებს.

წყარო: https://jam-news.net