ექსკლუზივი: თსუ-ს სტუდენტები, რომლებიც აქციებს მართავენ ერთმანეთს პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

რამდენიმე თვეა რაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტში პროტესტი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სტუდენტები, ბაგებში საერთო საცხოვრებლის მოწესრიგებას, რექტორის არჩევის წესის ცვლილებას და ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარებას ითხოვენ. როგორც „ვერსია“-მ გაარკვია, მოგვიანებით, სტუდენტების პროტესტში სხვა სახის პრობლემა წარმოიშვა - სტუდენტები ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებების გამო დაუპირისპირდნენ. „ვერსია“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია აღნიშნული დაპირისპირება, რის შემდეგაც ორივე მხარეს დავუკავშირდით. ერთ-ერთი ორგანიზატორი სოფი მოლაშხია, „ვერსიას“ უყვება, რომ იგი მოძრაობიდან „ბრძოლა განათლებისთვის“ გარიცხეს, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება დააბრალეს:

 _სოფი, მოძრაობას „ბრძოლა განათლებისთვის“ ტოვებ, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი?

_როდესაც რექტორის კაბინეტში შევედით, ყოველთვის ჩვეულებრივ ვკონტაქტობდით ჟურნალისტებთან.

სტუდენტების მოთხოვნა იყო, რომ „მთავარ არხს“ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით სიუჟეტი გაეკეთებინა, ამიტომ ერთ-ერთ ჟურნალისტს, ბექა ყორშიას მივწერე, რადგან საერთო სურილი იყო, რომ სიუჟეტი ბექას გაეკეთებინა და ასეც მოხდა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტები იყვნენ, რომლებსაც ყორშიას მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ, ჩემ მიმართ ბრალდებები და დისკრედიტაცია წამოვიდა.

ამ დროს პროცესებში ყოფილი „აუდიტორია 115“-დან გიორგი ჯავახაძე აქტიურად ჩაერთო, რომელსაც ბექა ყორშიასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და ჯავახაძემ გადაწყვიტა, რომ ამ პროცესების ნაწილი ყოფილიყო და მე, ორგანიზატორი, რომელმაც ორი თვის განმავლობაში აღნიშნული პროცესები წავიყვანე, ჩამოვეშორებინე ყველაფრიდან. სტუდენტებს უთხრა, რომ შეიძლება მე პოლიტიკური პარტიების მხრიდან მართული ვყოფილიყავი და თავისი ინტერესების ფონზე გამივრცელა, რომ კონკრეტული ჟურნალისტი, ამ შემთხვევაში ბექა ყორშია, მმართავს.

შემდეგ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ეკა კვესიტაძის შემოთავაზება იყო, მის გადაცემაში მივსულიყავით მე და ერთი სტუდენტი, ნიკო მანაგაძე, რის შემდეგად სტუდენტებს შორის განხეთქილება დაიწყო, უნდა წავსულიყავით თუ არა. იმ სტუდენტებმა, რომლებიც საორგანიზაციოში იყვნენ და არ მოსწონდათ "მთავარი არხი", გადაწყვიტეს, რომ არ უნდა წავსულიყავით. მაგრამ ბევრი სტუდენტი ჩვენ მხარს გვიჭერდა.

_რა გახდა იმის მიზეზი, რომ პარტიულ ჭრილში განიხილეს შენი პოზიცია და დამოკიდებულებები რომელიც გქონდა?

_თავიდან საერთო აზრი იყო, რომ ყველა მედიასაშუალება და პლატფორმა უნდა გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ საზოგადოებას რეალურად სცოდნოდა, რა ხდებოდა თსუ-ში, და სწორედ იმის გამო, რომ „მთავარ არხში“ მივედით, რატომღაც ისევ ამ საორგანიზაციოში მყოფი რამდენიმე ადამიანის და უკვე გარეშე პირისგან, გიორგი ჯავახაძისგან, კვლავ დისკრედიტაცია წამოვიდა, რატომ იყავით თქვენ ამ არხზეო და ა.შ.

ბუნებრივია, რომ ყველას ჰყავს მეგობარი და ზოგიერთი მათგანი შეიძლება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავადაც პარტიული ხარ. იმის გამო, რადგან ყორშიას მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი და ზოგადად მეგობრები მყავს, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, გადაწყვიტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოვადგენ.

როდესაც ჩვენთან სახალხო დამცველი მოვიდა, ამასაც დაპირისპირება მოჰყვა, რომ არ უნდა ჩართულიყო ის ამ საქმეში. ადამიანის მიმართ, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენი პრობლემა მოეგვარებინა, არ მესმის, რატომ გაჩნდა აგრესია.

_ჯგუფში - „ბრძოლა განათლებისთვის“ ამ ეტაპზე აღარ ხარ, რა გახდა ამის მიზეზი?

_ჩვენ გვაქვს „ფეისბუქ“ პლატფორმაზე გვერდი, „ბრძოლა განათლებისთვის“, რომელიც პირადად დავაფუძნე და როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, ამ გვერდის ადმინი ვიყავი, ჩემს საორგანიზაციო ჯგუფში სტუდენტებისთვის ნათქვამი მქონდა, რომ თუ მოხდებოდა ისეთი რამ, რის გამოც პროცესებიდან წასვლას გადავწყვეტდი, აღნიშნულ ჯგუფს ჩემი ნებით დავტოვებდი, რის შესახებაც მათ „ფეისბუქ“ პოსტის საშუალებით შევატყობინებდი. იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფში გარკვეული ამბების და ადამიანების მხილებას ვაპირებდი, ასევე იმ მიზეზების დასახელებას, თუ რატომ მივდიოდი საორგანიზაციოდან, მათ გადაწყვიტეს, სანამ ამ პოსტს დავწერდი, გამოვეგდე ჯგუფიდან.

_იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ადამიანი დაგიპირისპირდა, რეალურად მოთხოვნები კვლავ საერთო გაქვთ, როდესაც ჯგუფში აღარ იმყოფებით, ახლა როგორია თქვენი პოზიცია, რის გაკეთებას აპირებთ?

_ჯერჯერობით ყველას მიზანია, დაწყებული ბოლომდე მივიყვანოთ. თუმცა აღნიშნული დაძაბული ფონის შემდეგ ერთმანეთს არ შევხვედრივართ და არაფერზე გვისაუბრია.

ის ადამიანები, რომლებმაც ჩემ მიმართ ბრალდება წამოაყენეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წარმომადგენელი ვარ, ეკატერინე მაისურაძე, ნიკოლოზ შაფაქიძე, ილია ჭანტურია და გიორგი ჯავახაძე არიან და ამჟამად პროცესებს მართავენ, რომელიც მე დავიწყე. მათ გადაწყვიტეს, რომ დანარჩენი სტუდენტებისთვისაც თავს მოეხვიათ საკუთარი მცდარი შეხედულებები ჩემთან დაკავშირებით. იმ ადამიანების აზრი, რომლებიც დღესაც მხარს მიჭერენ, არავინ გაითვალისწინა და ასე ოთხმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მე უნდა წავსულიყავი. გიორგი ჯავახაძე აქამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრი არ ყოფილა, მაგრამ რატომღაც ახლა გადაწყვიტა, რომ აქტიურად ჩართულიყო ამ პროცესში და მართვის სადავეები აეღო.

რატომ მოხდა სტუდენტებს შორის დაპირისპირება და როგორ მიმდინარეობს რექტორთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნული პროცესები, ამ თემაზე  „ბრძოლა განათლებისთვის“ მოძრაობის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ეკატერინე მაისურაძეს ვესაუბრეთ:

_რა შედეგით დასრულდა რექტორის და სტუდენტების შეხვედრა?

_პირველ რიგში ვერ ვიტყვი, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილდა, დამატებით სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც განიხილავენ აღნიშნულ საკითხებს:

  1. საერთო საცხოვრებლის პრობლემას
  2. ფინანსური გამჭვირვალობისა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს
  3. რექტორის არჩევის წესს

გამოცდის ფორმატის ცვლილება, გუშინაც ითქვა, რომ არ იქნება.

აქედან გამომდინარე, სანამ ამ სამუშაო ჯგუფების  შეხვედრები არ შედგება და არ გადაიდგმება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები, სტუდენტები რჩებიან კვლავ რექტორის კაბინეტში.

ჩაინიშნა კონკრეტული დღეები, როდესაც გაიმართება შეხვედრა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

_სტუდენტური თვითმმართველობა თუ დაინტერესდა თქვენი პრობლემით და გიჭერენ თუ არა მხარს?

_სტუდენტურმა თვითმმართველობამ გუშინ განცხადება გააკეთა, რომელიც მოიპარა ჩვენგან. 2 თვის წინ დაწერილი ჩვენი ტექსტი აიღეს და უბრალოდ, წაიკითხეს. გვეუბნებიან, რომ გვემიჯნებიან, მაგრამ რეალურად ვითომ აქ არიან, თვითმმართველობის პოზიცია ჩემთვის გაუგებარია.

_სოფი მოლაშხია „ვერსიასთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ იგი თავისივე შექმნილი ჯგუფიდან, „ბრძოლა განათლებისთვის“ გამოაგდეთ, რა გახდა ამის მიზეზი?

_როგორც ყველა დიდ ჯგუფს, ბუნებრივია, რომ გარკვეული წესები გვაქვს. დემოკრატიულ მიდგომებს ვემხრობით და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ ვიღებთ. როდესაც რაღაც მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან განვიხილავთ და ხმის მიცემით ვთანხმდებით. სოფი ჩვენ საწინააღმდეგოდ იქცეოდა, მოჰყავდა სხვადახვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რაც ჯგუფში უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან ჩვენ არ გვინდოდა რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობასთან. სოფის ნათქვამი, რომ თითქოს სახალხო დამცველის გამოჩენამ ჩვენ გაგვაღიზიანა, ეს არის ტყუილი.

სოფიმ ჯგუფის დატოვების წინა დღეს გვითხრა, რომ გამოაქვეყნებდა პოსტს და უნდა წაგვეკითხა, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა ის მომდევნო დღეს გაცეცხლებული მოვიდა, მე რატომ არ მიჭერთ მხარსო, შეურაცხყოფა მოგვაყენა.

_რა მიზნით უნდოდა სოფის პარტიული ჯგუფების მოყვანა?

_ახალგაზრდული პარტიული ჯგუფები უნდოდა მოეყვანა, მაგალითად, ნახსენები იყო გვარები, ხაბეიშვილი და ასე შემდეგ. სოფი მსგავს გადაწყვეტილებებზე ამბობდა, ყველანაირი დახმარება გვჭირდებაო, თუმცა ჩვენ ამის წინააღმდეგი ვიყავით. ვეუბნებოდით, რომ არც ერთი პოლიტიკურ პარტია ჩვენთან არ უნდა ყოფილიო გაიგივებული. თუმცა მას ჩვენი ამგვარი პასუხი აღიზიანებდა. ახალგაზრდული ჯგუფებიდან სხვადასხვა წარმომადგენლები მოჰყავდა,  ესენი იყვნენ, მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც თავად გვეუბნებოდნენ, რომ როგორც პარტია, ასე ითანამშრომლებდნენ ჩვენთან. ერთ-ერთ ორგანიზაციას „მეხუთე ელემენტი“ ერქვა, ასევე იყო „ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა“, რაზეც ჩვენ მკაფიო უარი განვაცხადეთ, ამის გამო სოფი ძალიან გამწარდა, კარი გაიჯახუნა, საკმაოდ ბევრი უსიამოვნო სიტყვები გვითხრა. შემდეგ ჯგუფის დანარჩენ წარმომადგენლებს საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ შეიძლებოდა, მას ამ ყოველივეს შემდეგ დეზინფორმაცია გაევრცელებინა ჩვენი „ფეისბუქ“ გვერდის სახელით და ადმინის სტატუსი გავუუქმეთ, არსაიდან არ  გაგვიგდია.

ჯგუფიდან, „სტუდენტური სოლიდარობა“, რომელიც ინფორმაციის გავრცელების წყარო იყო ჩვენი მოძრაობისთვის და რომლის ადმინიც ყველა ორგანიზატორი ვიყავით, თავად წაგვშალა სოფიმ.

ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ყველას პარტიული განწყობა, მაგრამ ამას 2 თვის განმავლობაში არ შეუქმნია პრობლემა და ახლა რატომ შექმნიდა... კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც აღნიშნული ჯგუფების შემოყვანა უნდოდა. სოფის რამდენჯერმე ჰქონდა წასვლის სურვილი, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოვიდა, პროვოკაციების მოწყობას ცდილობდა, მოიყვანა ორგანიზაცია „მეხუთე ელემენტი“-ს წარმომადგენლები, რომელიც ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან იკვეთება. ასევე დღეს ყველა სტუდენტს, რომელიც ჩვენს გვერდით იყო მისწერა, რომ ახალ მოძრაობას ვაყალიბებ და შემოგვიერთდითო.

_რას გეგმები გაქვთ იქამდე, სანამ თქვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება?

_რექტორთან რამდენიმე შეხვედრა ჩავნიშნეთ, თუმცა რექტორატს არ ვტოვებთ, რადგან ძალიან ბევრი დაპირება მოვისმინეთ, თუმცა ამ დრომდე არაფერი შესრულებულა, აქედან გამომდინარე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გაჩერებას არ ვაპირებთ.