ექსკლუზიური ინტერვიუ ლადო აფხაზავასთან: „კამპანიას აღარ ვაგრძელებ, რადგან ჩემზე ამბობენ, პოპულისტიაო...“ - როგორ შეაგროვა ჩიბათელმა პედაგოგმა 700 000$

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი-სალომე ნოზაძე 

მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხა, 100 დღეზე მეტი გავიდა. ომის დაწყებისთანავე უკრაინელების დახმარების სურვილი ბევრმა ქართულმა კომპანიამ და რიგითმა ადამიანმა გამოთქვა. ერთ-ერთი კი მასწავლებელი ლადო აფხაზავაა. ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  ლადო აფხაზავამ, საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში $700 000 (შვიდასი ათასი ამერიკული დოლარი) შეაგროვა უკრაინელების დასახმარებლად. როდის გაუჩნდა ეს იდეა და როგორ მოხდა ამ თანხის შეგროვება - დეტალების გასარკვევად „ვერსია“ ლადო აფხაზავას დაუკავშირდა:

„ომი ახალი დაწყებული იყო, როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ. მარტის დასაწყისში პოსტი დავდე და სიუჟეტი გავაკეთეთ. მაშინ იყო ნახევარი მილიონი, შემდეგ იყო შვიდასი ათასი, თუმცა აღარ გავაჟღერეთ ინტერნეტში, რადგან ეს კამპანია რომ წამოვიწყე, ჩემზე ამბობდნენ პოპულისტია ეს ბიჭიო. სიკეთე გადამდებია და თუ ვინმეს შენი აქტივობით სიკეთეს გააკეთებინებ, ამაში ცუდი არაფერია.

მართალი რომ გითხრათ, ამხელა თანხას  თუ ავაგროვებდით, არავის ეგონა. ძალიან მიხარია, რომ გლობალური ჯილდოს მასწავლებლებისგან შემდგარმა 39 ქვეყანამ შეაგროვა ამხელა თანხა. ჩვენთან ერთად 39 ქვეყანაა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად ამ კამპანიას აწარმოებს.

როცა ვარკის ფონდის ელჩის დამადასტურებელი მონეტა გამოვფინე სოციალურ ქსელში და გაყიდვა დავაანონსე, ამის შემდეგ 39 ქვეყანაში ჩემი სტატუსი გადათარგმნეს, გავრცელდა ეს სტატუსი და შემდეგ დაიწყო პროცესი. უცხოეთიდან ადვილად რომ გადაერიცხათ, ისეთი ანგარიში მივაწოდეთ. რადგან დედის ბეჭედს და ჯილდოს ვყიდდი, ამიტომ შეგროვდა ეს თანხა.

ზვიად კორძაძემ იყიდა ჩემი ჯილდო, თუმცა შემდეგ დაგვიბრუნდა მონეტა და თანხა ჩაგვირიცხა. ამის გარდა, კიდევ შეგროვდა სამი ათასი ლარი. საქართველოში რომ ჩამოდიოდნენ ომიდან გამოქცეული ოჯახები, მათ ვუგზავნიდით თანხას. ოჯახებს, რომლებსაც ძალიან უჭირდათ ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო. საქართველოდან შეგროვებული სამი ათასი ლარი სწორედ ასე დაიხარჯა. აღარ ვწერდით ინტერნეტში, რადგან უკვე ყველა წერდა და აგროვებდა უკრაინისთვის ნივთებს და თანხას, მთელი საქართველო ეხმარებოდა უკრაინას“.

ლადო აფხაზავა განმარტავს, თუ ვის გადაეცემა შეგროვებული თანხა უკრაინაში:

„საქართველოში ვერ აგროვდებოდა ფიზიკურად ამხელა თანხა. ჩვენ თავიდან დაგეგმილი გვქონდა, რომ უკრაინელი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის ჩაგვერიცხა. ერთ-ერთი სურათი გავრცელდა ინტერნეტში, სადაც მასწავლებელი თავშესაფარში ატარებს გაკვეთილს და ეს იყო ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი სურათი, რამაც ეს კამპანია დამაწყებინა.  თანხა, როდესაც შეგროვდა, გადავწყვიტეთ, იმ ორგანიზაციისთვის გადაგვერიცხა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იყო შექმნილი. მოკლედ, ისეთ ორგანიზაციას გადავურიცხეთ, რომელიც ყოველთვიურად გვაწვდის ინფორმაციას, თუ სად, რამდენი იხარჯება...

მიხარია, რომ ეს თანხა მარტო მოსწავლე-მასწავლებლებისთვის კი არა, ყველა უკრაინელისთვის არის. კიდევ ვიმეორებ უშუალოდ საქართველოდან ჩაირიცხა, ზვიად კორძაძემ დაგვირიცხა 2500 ლარი და ამის გარდა, კიდევ აგროვდა 3000 ლარი.

აღარ გვაქვს ეს კამპანია, რადგან ხალხის რაღაც ნაწილი უკმაყოფილო იყო და ამბობდნენ, ლადო აფხაზავა პოპულისტიაო. ამიტომ აღარ გავაგრძელეთ, თორემ უფრო მეტ თანხასაც მოვაგროვებდით. ყველას ძალიან დიდი მადლობა კრიტიკისთვის და მადლიერების გამოხატვისთვის.“