დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მერაბ კოსტავა იყო საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი და უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე, პოეტი. 1974 წლიდან მის ტრაგიკულ დაღუპვამდე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე გამორჩეული ლიდერი. ის მუდმივად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეწეოდა დისიდენტურ და ადამიანის უფლებათა დამცველ საქმიანობას, ებრძოდა საქართველოში დამყარებულ საბჭოთა რეჟიმს, საკუთარი შეხედულებებისა და ფასეულობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს.

დაიბადა თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში, 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ალბათ, ესეც ერთგვარი სიმბოლო იყო, რადგან მთელი სიცოცხლე საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას მიუძღვნა. მისი, როგორც ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ადამიანის აქტიურობა და სიბეჯითე სკოლის პერიოდიდან დაიწყო. 1946 წელს იგი თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია) შეიყვანეს. ყოველთვის გამორჩეული და წარჩინებული მოსწავლე იყო. ამ სკოლაში გაიცნო ზვიად გამსახურდია და აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისათვის. მეგობრების და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

1956 წლის დეკემბრის სუსხიან დღეებში თბილისში, რუსთაველისა და პლეხანოვის გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”. ანტისაბჭოთა პროკლამაციების გაკვრა-გავრცელების გამო საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანის” წევრები დაიჭირეს. ასე მოხვდნენ სკოლის მერხიდან საპყრობილეში იმდროინდელი თბილისის ელიტური ოჯახების შვილები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი… მერაბ კოსტავა მაშინ მეათე კლასის მოსწავლე იყო. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.


მერაბ კოსტავამ, როგორც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ სწავლა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში გააგრძელა, რომელიც 1958 წელს დაამთავრა. შემდგომ კი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობდა. კონსერვატორია რომ დაამთავრა მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ასევე, იყო ჟურნალის „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ რედაქტორი. წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისათვის მინიჭებული აქვს ორი პრემია — დავით აღმაშენებლის და მწერალთა კავშირისა. მის კალამს ეკუთვნის ნაწარმოებები: „ფიქრები საქართველოს მისიაზე"; „ფიქრები ქართულ კულტურაზე" და ა.შ.

1975 წელს ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) წევრად აირჩიეს. ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა „საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი“. 1977 წელს, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდიასთან ერთად დააპატიმრეს. მერაბი 3 წელი პერმში იჯდა, 2 წელი გასახლება მიუსაჯეს; გათავისუფლებამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, როცა პროვოკაცია მოუწყვეს, 5 წელი დაუმატეს, როგორც „ხულიგანს“ და ციმბირში (ტაიშეტის ოლქი, სოფელი კვიტოკი) გაამწესეს. ციმბირში ყოფნის დროს, 1985 წელს, თბილისში მერაბის ვაჟი — 25 წლის ირაკლი კოსტავა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. მერაბ კოსტავა პატიმრობიდან 1987 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის. ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნის პერიოდს მერაბი ასე იხსენებს: „პერმის საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას კარცერში ჩამაგდეს, ტრუსების ამარა, 40-გრადუსიან ყინვაში. რკინის გისოსები მჭიდროდ მქონდა შემოჭერილი. მხოლოდ სიმაღლეში იყო დარჩენილი 10-15 სანტიმეტრი და მთელი ღამე ხტუნვაში გავატარე. როცა მეორე დილით, ზედამხედველები ჩემს „გასატანად" მოვიდნენ, გაოგნებული დარჩნენ, როცა დავუძახე: „პრივეტ, ბრატცი!"

მერაბ კოსტავა ზვიადთან ერთად ხელმძღვანელობდა მიტინგებს 1988 წლის ნოემბრის დღეებსა თუ 1989 წლის აპრილში. 9 აპრილის ღამეს უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით. ხალხმა მას სიყვარულით „შავლეგო" შეარქვა და შალვა ახალციხელივით მარადისობას აზიარა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. მერაბს ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, ის პასუხობდა: „მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებ". სამწუხაროდ, ვერც სოფლად დასახლება და ქვეყნისთვის მეტი სიკეთის გაკეთება ვეღარ მოახერხა. 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისს მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დღეს თბილისის ქუჩებმა ლამის მთელი საქართველო დაიტია - ყველამ გულწრფელად დაიტირა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული მამულიშვილი. სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. შემდგომში იქვე დაკრძალეს ზვიად გამსახურდიაც.

2013 წლის 26 სექტემბერს, მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

ავტორი: ია გრიგალაშვილი