„არც ერთი პანდემია 3 წელს არ გასცდენია... ოპტიმისტები ვიყოთ“ - ლადო კახაძე „ომიკრონის“ გავრცელებაზე საუბრობს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კორონავირუსის დომინანტი შტამი „ომიკრონი“ , საქართველოში ძალიან სწრაფად გავრცელდა, როგორც ეპიდემიოლოგები განმარტავენ, „ომიკრონი“  4- ჯერ უფრო სწრაფად გადამდებია, ვიდრე „დელტა“ შტამი.  ამასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები შემცირდა...

 კორონავირუსის ახალ შტამსა და პანდემიურ ვითარებაზე „ვერსია“ ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს, ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ბატონო ლადო, თქვენი აზრით, რამდენად სწორია გადაწყვეტილება იზოლაციის და კარანტინის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით?

_კარგ კოორდინაციაში ვართ როგორც ჯანმოსთან, ასევე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან და მათ გამოცდილებას ვითვალისწინებთ. ეპიდემიოლოგები განმარტავენ, რომ ამ შტამის გადადება ადვილად ხდება, მაგრამ კლინიკური გამოვლენაც და გამოჯანმრთელებაც მალევე ხდება. ამ რეკომენდაციას ვიზიარებ, როგორც ერთი ინდივიდი. 14-დღიანი კარანტინი ჯერ 10 დღეზე შემცირდა, მერე 8-ზე, ახლა კი რეკომენდაცია არის 5 დღეზე დაყვანა. ასეთ დროს ეპიდემიოლოგებს და ვირუსოლოგებს უნდა ვენდოთ, სხვანაირად არ გამოვა.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთება „ომიკრონის“ დასამარცხებლად?

_ცალსახად მომხრე ვარ ვაქცინაციის. ვირუსულ პათოლოგიასთან ბრძოლა სასურველია ვაქცინაციასთან ერთად. ამიტომ ყოველთვის ვაქცინაციის მხარეს ვიდექი, მარტო ამ კონკრეტულ შემხვევაში კი არა,  ყველა იმ ძირითად ვირუსულ გამოწვევებთან, რომლის გამოცდილებაც დააგროვა მსოფლიომ და ამ შემთხვევაშიც ვაქცინის მხარეს ვარ. იმუნური სისტემა ადამიანს უფალმა გამოატანა, როგორც დაცვის საშუალება, ამას სჭირდება მეთვალყურე და გამომაფხიზლებელი. ვაქცინაცია პანდემის დროს არის საუკეთესო მოწოდება, მე ასე მიმაჩნია. მე ყველა ოჯახის წევრი აცრილი მყავს. ასევე მომხრე ვარ ბუსტერ დოზის.

_საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუსტერ დოზა უფრო ძნელად გადასატანია, ვიდრე - წინა ორი, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

_ჩემს ირგვლივ ყველა აიცრა ბუსტერ დოზით, ყველამ გადაიტანა ნორმალურად. ადგილობრივი რეაქციები ყველას სხვადასხვანაირი აქვს, ნემსის ჩხვლეტის დროსაც შეიძლება, ერთს ტკივილი ჰქონდეს, მეორეს არა. მთავარია ორგანიზმი იყოს ბრძოლისუნარიანი. ბევრმა ქვეყანამ წარმატებულად გაიარა ბუსტერი, ჩვენთანაც ჯერჯერობით ყველასთან კარგად იმოქმედა ბუსტერ დოზამ.

_რამდენად საკმარისად იცავს ვაქცინის ორი დოზა ადამიანს ?

_რადგან ბუსტერ დოზაზე გამახვილდა ყურადღება, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში პირველი ორი აცრის შემდეგ გამოყოფილი ბრძოლისუნარიანი ელემენტების დონე ნელა-ნელა მცირდება და ამიტომ არის საჭირო ბუსტერი. მეცნიერები ცალსახად ამბობენ და მეც ზუსტად ამ კუთხით ვლაპარაკობ, რომ მოსახლეობაში ვაქცინაცია არასწორი კუთხით არის აღქმული და ჩვენც არასწორად ვაწოდებთ საზოგადოებას ამას. ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ არ დაავადდებით. ვაქცინაცია ვირუსის შეჭრისაგან კიარ იცავს ადამიანს, ის იცავს გართულებისა და სავალალო შედეგისაგან. ვაქცინა აქ არის მეურვე და დამცველი, თორემ ადამიანი შეიძლება, დაავადდეს. ყველაზე მარტივად ასე თუ განვუმარტავთ მოსახლეობას.

_როგორ ფიქრობთ, რა დროა საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებაში ვაქცინაცია დამკვიდრდეს და არსებული ეჭვები გააქარწყლოს?

_ორასი წელია ვაქცინაციის თემა არის, მაგრამ ანტივაქსერები ყოველთვის არიან. ამის პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ. ისევე, როგორც ნებისმიერი წამალი, აი, ჩვენ უკვე ხომ ვიძახით, რომ წამალი შემოვა და მოგვარჩენს... ძალიან კარგი იქნება, თუ ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერება ანტივირუსულ მედიკამენტს გამოიგონებს და ეს იქნება უსაფრთხო. წამალი რომ შემოვა, იმის მოწინააღმდეგეც გამოჩნდება, იტყვიან, რომ კლავს და არ დალიოთო. ასეთი ხალხი ყოველთვის იქნება.

_ ბატონო ლადო, აგვიხსენით, რამდენად საშიშ შტამად ითვლება „ომიკრონი“ ?

_ ვირუსი ორგანიზმში ეძებს სუსტ ადგილს. ჩვენს ორგანიზმში უამრავი ვირუსია, რომელიც ვერაფერს გვავნებს და - პირიქით. ვირუსს როგორც კი ორგანიზმში სუსტი რგოლი დახვდება, იმაც „ჩაეჭიდება“ და ორგანიზმს დააზიანებს. ამიტომ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც ორგანიზმში მოხვდება, ეს იქნება მიკრობი, პარაზიტი, ვირუსი თუ სხვა რამ, ის დააზიანებს სუსტ რგოლს. ამიტომ ვიძახით, რომ იმუნური სისტემის გაძლიერება და ცხოვრების ჯანსაღი წესი არის საჭირო. მედიკამენტებთან ძალიან გონივრული დამოკიდებულებაა საჭირო. მსოფლიო ანტიბოტიკებს ისე მიეძალა, რომ ბაქტერიები გაანადგურა და ვირუსები წამოვიდნენ წინა პლანზე. ამ შტამზე, როგორც მეცნიერები ამბობენ, ძალიან სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მისი მომაკვდინებელი თვისება შედარებით ნაკლებია. დღეს მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც აცრის პროცენტული მაჩვენებელი მაღალია, ამ შტამმა ნაკლებად გამოავლინა თავისი ავი თვისება, ხოლო აუცრელ ქვეყანაში ჯერ კიდევ შეუცნობადია.

 აცრა მაშინ არის კარგი, როდესაც დროის პატარა მონაკვეთში ბევრი ადამიანი იცრება, თორემ თუ ნელა წავიდა ვაქცინაციის პროცესი, ახალ შტამს დაბადების მეტი საშუალება აქვს და მოგეხსენებათ, კორონას ბევრი შტამი აქვს.

_ როგორ ფიქრობთ, „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს?

_მსოფლიო ოპტიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს. ექიმები ცოტა ფრთხილები არიან. ვიყოთ რეალისტები, ეს შტამი ახლახანს გავრცელდა და შვედეთში კიდევ სამი ახალი შტამის შემთხვევა დაფიქსირდა, „ომიკრონს“ დაახლოებით 34 შტამი მოჰყვება.  პანდემია სამ წელიწადს არ გასცდენია. ვაქცინაციის პროცესიც ასე თუ ისე მიდის და ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერების მეშვეობით ვირუსის რელევენტობა ვეღარ ვნებს. ამასთან, შტამები ერთმანეთს ანაცვლებს, „ომიკრონმა“ „დელტა“ ჩაანაცვლა და ეს იმედის მომცემია მეცნიერებისთვის, „ომიკრონს“ დაზიანების ხარისხი არ აქვს დიდი და ესეც იმედის ნაპერწკალია ყველასთვის.

ოპტიმისტები ვიყოთ, მაგრამ გულზე მჯიღის დარტყმა ჯერ ცოტა ადრეა. მინდა, გავაფრთხილო საზოგადოება, რომ საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერების კურთხით. რეგულაციები, რომლებიც გვაქვს,  უნდა დავიცვათ, პატივით მოვეპყრათ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ვფიქრობ, რომ ამ წლის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწიოს გავრცელებამ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ ვამბობ ვიყოთ უფრო გონივრულები.

 

ავტორი-სალომე ნოზაძე