19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც ამ დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდეთ

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვალ ნათლისღებაა, ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ნათლისღება არის ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი (6) 19 იანვარს აღნიშნავს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება. ნათლისღება ის ძირითადი აქტია, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლის განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურღიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტუალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.

დღესასწაულის განმასხვავებელი ნიშანი არის დიდი წყალკურთხევა. იგი სრულდება თვით დღესასწაულის წინა დღეს და მეორე დღეს, სადღესასწაულო ლიტურღიის შემდეგ. პირველ დღეს წყალი, ჩვეულებისამებრ, იკურთხება ემბაზში, რომელიც ტაძრის შუაში დგას, მეორე დღეს კი – ახლომდებარე ბუნებრივ წყაროზე – რუზე, ჭაზე, მდინარეზე ან ზღვაზეც კი.

მსახურება იწყება განსაკუთრებული საგალობლითა და წყლის სხურებით. აუზი, რომელიც მორთულია ყვავილებითა და სანთლებით, არის ღვთის პირველქმნილი შესაქმის სილამაზისა და ამ ქმნილების ქრისტეს მიერ ცათა სასუფეველში საბოლოო განდიდების სიმბოლო.

ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღაღადებს და იტყვის, მოვედით და მიიღეთ ყოველთა, სული სიბრძნისა, სული მეცნიერებისა, და სული შიშისა ღვთისა, რომელი გამოგვიჩნდა ჩუენქრისტე;

დღეს წყალთა იგი ბუნება წმიდა იქმნების, და განახლდების იორდანე, და თვისითა ღელუათა დინებასა დააყუდებს, რამე თუ უფალსა გხედვიდა ნათლისღებად;

ვითარცა კაცი მდინარედ მოხვედ, ქრისტე მეუფეო, და მონებრივისა ნათლისღებისა გენება მიღება იოანესაგან, ცოდუათა ჩუენთათვის კაცთმოყვარე“.

შემდეგ იკითხება სამი მონაკვეთი ესაიას წინასწარმეტყველებიდან მესიანური ჟამის შესახებ:

„იხარებდ, უდაბნო წყურიელი. და იშუებდინ უდაბნოჲ და ყუაოდენ, ვითარცა შროშანნი... წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რავდენთა არა გაქუს ვეცხლი, მოარულთა იყიდეთ, და ჭამეთ და ვიდოდეთ და იყიდეთ თვინიერ ვეცხლისა და ფასისა ღვინოჲ და ცმელი... უგალობდით უფალსა ... აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა. სთქუა მას დღე საშინა: უგალობდით უფალსა, ხმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიხსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი... იხარებდით და იშუებდით...“ (ესაია, 35:1-2, 55:1-2, 12:3-6). სამოციქულოს (1 კორინთ. 1:10-14) და სახარების (მარკოზ, 1:9-11) წაკითხვის შემდეგ წარმოითქმება განსაკუთრებული დიდი კვერექსი, რომლითაც სულიწმინდის მადლი მოიწვევა წყალსა და ყველა იმათზე, ვინც ამ წყალს სვამს. იგი მთავრდება მთელი სამყაროს ღმერთის სადიდებელი ლოცვით, რომელშიც მოუხმობენ იესო ქრისტეს, აკურთხოს წყალიც, ყველა ადამიანიცა და მთელი ქმნილებაც – სამყაროში თავისი მაცხოვნებელი და მაკურთხებელი ღვთაებრივი მყოფობით წმინდა, კეთილი და ცხოველმყოფელი სულიწმინდის დავანების მეშვეობით. დღესასწაულის ტროპარის გალობით მღვდელი ჯვარს სამჯერ შთაფლავს წყალში, ხოლო შემდეგ წმინდა წყალს ასხურებს ქვეყნიერების ოთხივე მხარეს (ამავე წყლით იგი აკურთხებს ხალხსა და მათ საცხოვრისს).

არსებობს მოსაზრება, რომ წყლის კურთხევა, მისი დალევის და პკურების ჩვეულება წარმართული ქმედებაა და იგი მხოლოდ შეცდომით შემოვიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს ჩვეულება ძველ აღთქმაში არსებობდა და ქრისტიანულ ეკლესიაში მას ძალიან მნიშვნელოვანი და ღრმა აზრი აქვს.

როცა ღვთის ძემ ადამიანის ხორცი შეისხა და შთაიფლა იორდანეს დინებაში, მასში მთელი მატერიალური სამყარო იკურთხა და განიწმინდა ეშმაკისა და ადამიანის ცოდვისაგან ნამემკვიდრევი სიკვდილის მატარებელი თვისებებისაგან.

უფლის განცხადებაში მთელი შექმნილი სამყარო ისევ „ფრიად კეთილი“ ხდება, ისეთი, როგორიც დასაბამიდან შექმნა და დაინახა თავად უფალმა, როცა „სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (და ბად. 1:2) და როცა მასში მყოფობ და „სული სიცოცხლისა“ (დაბად. 1:30; 2:7). როცა სამყარო სიბინძურით,ხრწნილებით და სიკვდილით ივსება, უფალი ისევ იხსნის მას სულიწმინდის მადლით ქრისტეში „ახალი ქმნილების“ მოვლინებით. ამ დღეს წყლის კურთხევით მთელი სამყარო (მისი „პირველ საწყისი ელემენტი“ – წყალი) დგება კოსმიური შესაქმის, უფლის სასუფევლის კურთხევისა და განდიდების პერსპექტივაში. „ახალი ზეცა და ახალი მიწა“, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მეშვეობით აღგვითქვა, უკვე ჭეშმარიტად იმყოფება ჩვენთან ქრისტესა და მისი ეკლესიის საიდუმლოში.

ამგვარად, ნათლობის წყლის კურთხევა წარმართული რიტუალი კი არ არის, არამედ ადამიანის, მისი ცხოვრებისა და მისი სამყაროს ქრისტიანული თვალსაზრისით ხედვაა. ესაა ლიტურღიკული მოწმობა იმისა, რომ შექმნილი სამყაროს მოწოდება და ხვედრი არის აღვსება „ყოვლითა სავსებითა ღმრთისაჲთა“ (ეფ ეს. 3:19).

ავტორი: სალომე ნოზაძე