საქართველოში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა კვალიფიციური ფსიქოლოგების დეფიციტია?! - რატომ გახშირდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და გამოუძიებელი საქმეები

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტები მედიასაშუალებებიდან, ალბათ, ყველა სმენია. ასეთი შემთხვევები კი განსაკუთრებით ყურადღებას მაშინ იპყრობს, როდესაც სექსუალური ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ ხდება. 2020 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის  55 შემთხვევა დაფიქსირდა. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მოცემული სტატისტიკა საგანგაშოდ შეიძლება, ჩაითვალოს. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები თვეობით ან წლობით გრძელდება, რასაც ბევრი მიზეზი განაპირობებს. საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე, უკვე გამოვლენილ ქმედებას მალავენ და შესაბამისად, დამნაშავე დაუსჯელი რჩება. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს დახვეწილი კანონმდებლობა, პრაქტიკა და კომპეტენტური სპეციალისტები, რომლებიც ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხზე იმუშავებენ.

სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე შეიძლება, სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან გამორჩენის მიზნით განხორციელდეს, რაც მოიცავს: სექსუალურ გარყვნას, ეროტიულ ალერსს, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, სექსუალური შინაარსის ფილმების ან ჟურნალების ნახვის ნებართვას ან ხელშეწყობას, გაუპატიურებას ან გაუპატიურების მცდელობას, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას, სხეულით ვაჭრობის იძულებას და სხვა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქმედებები შეიძლება, ხდებოდეს როგორც ბავშისთვის უცხო პირიდან და უცნობ გარემოში, ასევე ოჯახში, ნაცნობისგან, ინცესტის სახით და ხანგრძლივი დროით.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა ხშირად ტაბუდადებული თემაა, რადგან ადამიანები ერიდებიან ამ ფაქტის გახმაურებას. მათთვის ეს ოჯახის სირცხვილთან ასოცირდება. თავად მსხვერპლი ბავშვები კი ხშირ შემთხვევაში ფაქტს წლობით მალავენ, ზოგი საერთოდ არ ამხელს, ამიტომ, როდესაც საქმე შესაბამის ორგანოებამდე მიაღწევს და გამოძიება იწყება, მტკიცებულებების არარსებობის გამო დამნაშავე დაუსჯელი რჩება.

სისტემური პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებს სახალხო დამცველის გავრცელებული სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე გამოძიება შეწყდა. საქმეების ნაწილში შეწყვეტის საფუძველი მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა. ასევე, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით გამოიკვეთა, რომ:

-საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ, არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.

-მართლმსაჯულების განხორციელებისას არ ხდება ბავშვზე მორგებული მიდგომების უზრუნველყოფა და არასრულწლოვნების დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმების აღსრულება. 

-ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე მომუშავე სპეციალისტების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის მკვეთრი შეუსაბამობაა ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ საჭიროებასთან და მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციაზე ორიენტირებული სერვისების სიმცირე არსებითად აფერხებს ბავშვის ინტერესების სრულფასოვნად დაცვას და მათი საჭიროებების უზრუნველყოფას.

-გადასახედია ბრალდებულის დაცვის მხარის/ადვოკატების მიერ სასამართლო სხდომაზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის დაკითხვის მეთოდოლოგია, მიმართვის ფორმები და დასმული კითხვები, რომლებიც ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას და წარმოშობს ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის ძალიან დიდ რისკს.

-ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ასევე საზოგადოებაში არსებული სტიგმა, დისკრიმინაციული და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რაც ამცირებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების შეტყობინების რიცხვს ან ხდება დაგვიანებული მიმართვიანობის საფუძველი.

სახალხო დამცველის ანგარიშში გამოკვეთილ ფაქტს, რომ ქვეყანაში არ მოიძებნება კომპეტენტური სპეციალისტები ადასტურებს ის, რომვერსიარამდენიმე კვირის მანძილზე ცდილობდა ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ფსიქლოგთან გასაუბრებას, რაზეც ათობით მათგანმა უარი განაცხადა ინტერვიუზე, თავი აარიდა ან აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არ იყვნენ კომპეტენტურნი.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაკითხვის მეთოდზე, მართლმსაჯულების აღსრულებაზე და კანონში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით „ვერსია“ „საფარის“ იურისტ/ადვოკატს თამარ ლუკავას ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის გამოკითხვა უმეტეს შემთხვევაში ხდება გამომძიებლის მიერ, ფსიქოლოგის, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისა და ადვოკატის  თანდასწრებით ხდება.

_თამარ, რამდენად რთულია, ბავშვის დაკითხვა, ზრდასრულ ადამიანთან შედარებით?

ბავშვის გამოკითხვა ზრდასრულ ადამიანთან შედარებით არის  რთული პროცესი. იმისათვის, რომ ბავშვისგან მივიღოთ სრულყოფილი, თანმიმდევრული და სარწმუნო ჩვენებ, საჭიროა გამოკითხვის პროცესი ჩატარდეს სპეციალისტის მიერ. 

დაზარალებული/მოწმე ბავშვისგან მაქსიმალურად სრული და სარწმუნო ჩვენების მისაღებად გამოიყენება NICHD პროტოკოლი. ეს არის აშშ-ს ბავშვის ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ნაციონალური ინსტიტუტის (NICHD) დაკითხვის/გამოკითხვის სტრუქტურირებული ინსტრუმენტი. NICHD პროტოკოლი სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, დაზარალებული/მოწმე ბავშვისგან ხარისხიანი ინფორმაცია მიიღონ. ეს კი იმის გარანტიაა, რომ სამართლიანი ზომები იქნება მიღებული. 

_თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც წლების მანძილზე საქმე გამოუძიებელი ყოფილა და რატომ?

პროკურატურის მიერ, სქესობრივი დანაშაულების გამოძიება სისტემურად ჭიანურდება შეუსაბამოდ დიდი დროით, არ ხდება მსხვერპლისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ხოლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდგომ არ ხდება  სავარაუდო დამნაშავე პირის მიმართ დევნის დაწყება, რაც მსხვერპლს უჩენს დაუცველობის და დამნაშავე პირის დაუსჯელობის განცდას. საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოები ცალკეულ შემთხვევებში ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც არ არის შემხებლობაში საქმესთან, ასევე გამოკითხვისას ხშირია ისეთი კითხვების დასმა, რომელიც არ არის რელევანტური საქმესთან. რაიონული სასამართლოების  მიერ, ხშირია გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევები. სასამართლო გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა შეუსაბამოდ მაღალი სტანდარტით. სასამართლოებში კვლავ პრობლემად რჩება  მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება, მოსამართლეებს კვლავ არ აქვთ მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენების უნარები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება არასრუწლოვნებს. კვლავ ხშირია მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის შემთხვევები.

სტატისტიკა, სახალხო დამცველის ანგარიში, ჩვენს მიერ ჩატარებული ინტერვიუ, მრავალი გამოუძიებელი ბავშვთა სექსუალური ძალადობის შემთხვევა და არსებული ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში ეს თემა საკმაოდ პრობლემურია და სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიების გატარებას საჭიროებს.

 ავტორი: ია გრიგალაშვილი