ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ საკუთარ სახლში ომის მუზეუმი მოაწყო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გორში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარე სოფელ ერგნეთში, ადგილობრივმა ლია ჩლაჩიძემ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, „ომის მუზეუმი“ გახსნა. მუზეუმში ის ნივთები და ფოტოებია თავმოყრილი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს ომის ამბებს ჰყვება. ომის ამბავს ჰყვება თავად სივრცეც – სარდაფი, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიწვა.

ლია ჩლაჩიძე, რომელსაც ამ მუზეუმის გახსნაში არაერთი ადამიანი ეხმარებოდა, ამბობს, რომ ეს მუზეუმი არის შესაძლებლობა ადამიანებისთვის, გაიაზრონ – რა მოაქვს ომს.

ამ მუზეუმის გაკეთების ინსპირაცია, კაპსის ოკუპაციის მუზეუმში სტუმრობამ მომცა. ეს იყო 2017 წლის ივნისის ბოლოს. როგორც კი ამ მუზეუმშ ჩავდგი ფეხი, მეგობრებს ვუთხარი, რომ 8 აგვისტოს ჩემს სარდაფში გაიხსნებოდა ომის მუზეუმი და მართლაც გავაკეთეთ ეს. აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა იგრძნო, რა გადავიტანეთ. ხეობიდან დევნილები იყვნენ 30 კაციანი დელეგაცია, ერთი ქალი სურათის წინ დადგა ხმამაღლა ატირდა, ვერ ვაჩერებდი. როცა ვკითხე, რატომ ტიროდა, მითხრა, რომ ეს იყო პირველი სურათი, მისი სახლის სურათი, ალმოდებული სახლი იყო. ეს იყო პირველი სურათი და ახლა ვიცი როგორ დაიწვა ჩემი სახლ-კარიო.  მე ცხინვალში დავიბადე, იქ დავამთავრე სკოლა, ინსტიტუტი, ეს იყო ქალაქი, სადაც სახლის კარი არასდროს იკეტებოდა. ჩვენ არ ვარჩევდით ეროვნებას. მე ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ ოდესმე ეთნიკურ ოსებზე მოგვიწევდა საუბარი, ან მათ მოუწევდათ ეთნიკურად ქართველებზე. ერთნი ვიყავით, ინსტიტუტში არასდროს იყო გარჩევა ქართველის და ოსის. არ ვიცი როგორ მოახერხა მესამე ძალამ, რომ ასეთნაირად გავერიყეთ ერთმანეთისგან. პირადად ჩემი და ალბათ ბევრი ადამიანის ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო, ომამდე და ომის შემდეგ. ეს მუზეუმი არის იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიაზრონ რას აკეთებენ, თავიანთი ქმედებები, საომარი მოქმედებები, რა მოაქვს ომს... მე არ ვამბობ, რომ მარტო ერთი მხარე ზარალდება ომით, მეორე მხარეც ზარალდება. როგორ შეიძლება, დედას შვილის ჰყავდეს იქით, მავთულხლართებს გადაღმა და თვითონ აქ თავისუფლად ცხოვრობდეს, ან პირიქით. არის შემთვევები, როდესაც აქ მცხოვრების ქართველის მეუღლეს იქით მამა მოუკვდა, დედა მოუკვდა დ ავერ ახერხებს წასვლას, ეს ხომ ადამიანური ტრაგედიაა.  მშვიდობას არასოდეს ალტერნატივა არა აქვს...

მე პირადად ძალიან განვიცდი, რომ ის გზა ჩაკეტილია და ვერ მივსულვარ ჩემი მამის საფლავზე, რომელიც 13 წელია იქით არის. მინდა ქალთა სამშვიდობო ორგანიზაცია გავაკეთო, ორივე მხარეს, დეოკუპაციითვის. ვიცი დადგება დრო, რომ ეს მავთულხლართი, ეს მახინჯი საზღვარი ჩვენს გულებსა და ფიზიკურ ყოფაში აუცილებლად ამ მუზეუმის ექსპონატი გახდება“ - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

2008 წლის ომში ქართული მხრიდან 412 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ოსური მხრიდან – 365. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო. 20 ათასი ეთნიკური ქართველი დევნილად იქცა. საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამატებით 125 სოფელზე.

 წყარო: jam-news.net