მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წმინდა ჩრდილოეთური მკვლელობის უცნობი დეტალები _ რა ინფორმაცია მიაწოდა მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე შოთა კვირაიამ და რა უთხრა ედუარდ შევარდნაძემ ედპ-ს ლიდერს

ხვალ 3 დეკემბერია, დღე, როცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, გია ჭანტურია მოკლეს... მაშინ, ბნელ 90-იანებში, მკვლელობა არავის უკვირდა _ თითქმის ყოველდღე ვიღაცას კლავდნენ, ან ბრმა ტყვიას ეწირებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გია ჭანტურიას მკვლელობა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, რადგან ჯერ ერთი, ჭანტურია, როგორც აღვნიშნეთ, გამორჩეული ლიდერი იყო და მეორეც, 1994 წლის 3 დეკემბერს, საქართველოში პოლიტიკური მკვლელობების ერთგვარი სერიალი დაიწყო. დიახ, მას მერე, კიდევ არაერთ ცნობილ ადამიანს მოკლავენ, თუმცა ყველა ეს მკვლელობა ან თაროზე შემოიდება, ან მკვლელობის მიზეზი არ დადგინდება. ჭანტურიას მკვლელობის საქმეშიც, 16 წელია, არაერთი ბუნდოვანება არსებობს.

* * * 

„1994 წ. 3 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, საკუთარი სადარბაზოს წინ გამომავალ გია ჭანტურიას და მის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი კი მძიმედ დაიჭრა. საბოლოოდ, მკვლელობა გამოუძიებელი დარჩა, თუმცა მისი პოლიტიკური ხასიათი ეჭვს არ იწვევდა. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირის მიერ თავდასხმა ბრალდებოდა უშოშროების ყოფილ მინისტრებს _ შოთა კვირაიასა და იგორ გიორგაძეს. ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ, ედპ-ის ლიდერი მისი ქვრივი გახდა, მაგრამ პარტიის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. გიორგი ჭანტურია ქაშუეთის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული“, _ ვკითხულობთ ქართულ ვიკიპედიაში. 

... სტატია, რომელსაც დღეს გთავაზობთ, 12 წლის წინ დავწერე. ისე, ფატალური დამთხვევაა, რომ ადამიანი, რომელმაც მაშინ გია ჭანტურიასა და მის მკვლელობაზე საინტერესო ვერსიები მიამბო, ჩვენი საუბრიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ეს ადამიანი, ასევე, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ედპ-ს ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით ჭეიშვილი გახლდათ. დათო ჩემი მეგობარი იყო.... 

* * * 

1959 წლის 19 აგვისტო... ფერისცვალება... ბიჭის დაბადება ჭანტურიების ოჯახის ნათესავებისა და მეზობლების მეტს არავის გაუგია, თუმცა მოვა დრო და ამ ბიჭზე მთელი ქვეყანა ილაპარაკებს. 

მანამდე? 

მანამდე კი... 

ბავშვის ჩვეულებრივი ცხოვრება _ სწავლა, თამაში, გართობა... განსაკურებით დათოსთან მეგობრობს, ჭეიშვილთან. მათი მშობლებიც მეგობრები არიან... ბიჭების საყვარელი თამაში „ომობანაა“ _ წყალქვეშა ჯარისკაცებს „აკეთებენ“, ერთმანეთის პირისპირ აწყობენ და „ხოცავენ“... 

წარჩინებული და ჭკიანი მოწაფე ყოფილა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში სკოლის დამთავრების პირველსავე წელს ვერ ჩაუბარებია და აი, რატომ: 

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, თავისუფალი თემა _ „ვინ მინდა გამოვიდე“ შეხვედრია. დაუწერია, არქეოლოგობა მინდაო. ნაშრომში შლიმანიც მოუხსენიებია, „ტროას ცხენის“ აღმომჩენი. თავიდან „ორიანი“ დაუწერიათ, მერე რომ გაუპროტესტებია, „ოთხიანად“ გადაუკეთებიათ, აქაოდა, ფაქტობრივი შეცდომები გაქვსო. 

ისე, გამომცდელებს უთქვამთ, უმაღლესი შეფასება რომ დაგიწეროთ, სამსახურიდან დაგვითხოვენო. შეიძლება, მართლა ასე მომხდარიყო, რადგან იმ დროს, გია ჭანტურია უკვე ეროვნული მოძრაობის წევრი გახლდათ... 

მეორე კურსზე რომ გადავიდა, დააპატიმრეს. დათო ჭეიშვილიც დაიჭირეს, მაშინ დათო პირველ კურსზე სწავლობდა... 

მას შემდეგ წითელ იდეოლოგებს ბიჭებისთვის თვალი არ მოუცილებიათ... მეტიც, გიას მეგობრებს დღემდე სჯერათ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი, სწორედ წითელი ინტერვენციის მსხვერპლი გახდა. 

მართალია, გია ჭანტურიას მკვლელობისთვის, თავის დროზე, რამდენიმე ადამიანი გაასამართლეს, მაგრამ საზოგადოებაში დღემდე არსებობს ეჭვი, რომ ისინი ნამდვილი დამნაშავეები არ იყვნენ, უფრო სწორად, შემსრულებლები დაისაჯნენ, მკვლელობის შემკვეთები _ არა. 

და მაინც, რა მოხდა 1994 წლის 3 დეკემბერს, ხილიანზე? იყო თუ არა გია ჭანტურიასთვის 1991-92 წლების მოვლენების ანუ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულ ედუარდ შევარდნაძის გვერდით დადგომა საბედისწერო შეცდომა? 

ჭანტურიას მკვლელობის საქმეში მხოლოდ ეს კი არა, სხვა, მეტ-ნაკლებად უპასუხო კითხვებიც არსებობს... 

* * * 

ყველა, ვინც გია ჭანტურიას პირადად იცნობდა, ამბობს, რომ ედპ-ს 35 წლის ასაკში მოკლული ლიდერი დასავლური ყაიდის პოლიტიკოსი იყო, პოლიტიკაში „ბინძურ თამაშებს“ ეწინააღმდეგებოდა და პირდაპირობას არჩევდა. 

ეს შეფასება, შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ გია ჭანტურია რომ ქართულ პოლიტიკაში თავისი თამაშის წესების დამკვიდრებას ცდილობდა, ამას რამდენიმე ისტორიაც მოწმობს: 

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიჯნაზე ანუ მას შემდეგ, როცა საბჭოთა სპეცსამსახურებმა „ცისფერ ეკრანებზე“ ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიება გაავრცელეს, ედპ-ს ჯგუფი, რომელიც იმხანად მხოლოდ ახალგაზრდების იატაკქვეშა, ასე ვთქვათ, კლუბი იყო, ნუცუბიძის ქუჩაზე, ლიზიკო ქავთარაძის სახლში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ ზვიად გამსახურდიასთან ურთიერთობა გაეწყვიტათ. 

სხვათა შორის, ძველი „ედეპელები“ ლიზიკო ქავთარაძეს დღემდე თავიანთ პედაგოგად თვლიან... 

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, 80-იან წლებში ანუ მაშინ, როცა ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია და ზვიად გამსახურდია, პრინციპში, უპირობო ლიდერი გახდა, გია ჭანტურია მას შეურიგდა. ჭანტურიას ზოგიერთი მეგობარი, მათ შორის, დათო ჭეიშვილიც მიიჩნევს, რომ ეს შეცდომა იყო, თუმცა პოლიტიკას თავისი წესები აქვს. ეს, როგორც ჩანს, ჭანტურიამაც კარგად იცოდა და ხვდებოდა, რომ ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირების გამო, ხალხი ზურგს შეაქცევდა. 

საბოლოოდ, ჭანტურიასა და გამსახურდიას გზები მაინც გაიაყარა. მეტიც, 1991 წელს, როცა თბილისის ომისა და გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის კონტურები უკვე გამოკვეთილი იყო, თბილისის აეროპორტში, იმჟამინდელი ხელისუფლების ბრძანებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვში მიფრინავდა, „ჰაერიდან მოხსნეს“. 

თვითმფრინავში გია ჭანტურია და მისი მეუღლე, ირინა სარიშვილი ისხდნენ. იმხანად ითქვა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად მიდიოდნენ, თუმცა დათო ჭეიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს:

„მაშინ ყველა თვითმფრინავი ევროპაში მოსკოვის გავლით მიფრინავდა, თან გიას გარდა, თვითმფრინავში 150 კაცი იჯდა, მათ შორის, გოგა ხაინდრავაც. დანამდვილებით ვიცი, რომ გია შევარდნაძეს არ უნდა შეხვედროდა!“ 

კარგი, დავუშვათ, რომ ჭანტურია იმხანად მართლა არ აპირებდა შევარდნაძესთან შეხვედრას, მაგრამ მათი გზები მაინც გადაიკვეთა, თან ისე, რომ გია ჭანტურიას მკვლელობასთან ექსპრეზიდენტს, პირდაპირ თუ ირიბად, აკავშირებენ. ყოველ შემთხვევაში, ჭანტურიას დაკრძალვაზე მისულ შევარდნაძეს, ედპ-ს აქტივისტებმა სიტყვა არ მისცეს და მას მკვლელობის თანამონაწილე უწოდეს. ამ ბრალდებამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: 

1992 წლის 7 მარტს, საქართველოში დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ კარგად იცის, რომ ჯაბა იოსელიანის „მხედრიონითა“ და თენგიზ კიტოვანის გვარდიით, თავისი პოლიტიკური კარიერა, შესაძლოა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენოს ანუ მას პოლიტიკური დასაყრდენი სჭირდება, რითაც ცივილიზებულ დასავლეთს თვალს აუხვევს და დაუმტკიცებს, რომ „კანონიერ ქურდად“ მონათლული ჯაბა იოსელიანი ზვიადისტების დასაშოშმინებლად სჭირდება, თორემ მისი საყრდენი, სინამდვილეში, დასავლური ორიენტაციის ძალაა. იმჟამინდელი პოლიტიკური სპექტრი ასეთი და, საერთოდ, პოლიტიკური ძალების სერიოზულ დეფიციტს განიცდიდა და ამ ფონზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, უფრო ზუსტად, გია ჭანტურია შევარდნაძეს შეუმჩნეველი არ დარჩენია. 

ვინ ითავა გია ჭანტურიასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის შუამავლის ფუნქცია? ეს გარდაცვლილი პოლიტიკოსის უახლოესმა მეგობრებმაც არ იციან, თუმცა აღიარებენ, როცა გიამ გვითხრა, შევარდნაძესთან გარკვეულ ურთიერთობას ვიწყებთო, გაგვიკვირდა. 

* * * 

დათო ჭეიშვილი, გია ჭანტურიას მეგობარი: „_ გია პოლიტიკოსი იყო და ლავირება შეეძლო. მაგალითად, მონანიების შემდეგ, სპეცსამსახურებმა ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ გამსახურდია ციხიდან გმირის სტატუსით დაბრუნდა და გია მიხვდა, რომ მასთან ბრძოლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. 

_ ანუ, ედუარდ შევარდნაძის გვერდითაც იმიტომ დადგა, რომ „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ არ უნდოდა? 

_ შევარდნაძე გიას იყენებდა. 

_ რაში? 

_ შევარდნაძე ცდილობდა, რომ გია, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულობის თვალსაზრისით გამოეყენებინა და ეს მოახერხა კიდეც“. 

* * * 

აი, ასე: შეიძლება ითქვას, რომ ჭანტურიასა და შევარდნაძის ურთიერთობა, თავდაპირველად, ურთიერთგამოყენებაზე იყო აწყობილი ანუ თუ შევარდნაძე ჭანტურიას ე.წ. ეროვნულ პოტენციალს იყენებდა, ჭანტურია, თავის მხრივ, ცდილობდა, შევარდნაძესთან ურთიერთობით, სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოეხდინა. 

ალბათ, სწორედ ამიტომ დასთანხმდა, რომ ირინა სარიშვილი პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო. შევარდნაძის მთავრობაში, ედპ-ს კიდევ ორი წევრი იყო _ მიხეილ ჯიბუტი და ბესო ჯუღელი. ირაკლი ქადაგიშვილი კი საბაჟოს ხელმძღვანელობდა. 

დათო ჭეიშვილი: „_ გიამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ როგორც პოლიტიკოსი, მოვლენებს ვერ მიუშვებდა. შევარდნაძესთან ურთიერთობით, გიამ გარისკა!“ 

გია ჭანტურიას ეს გარისკვა სიცოცხლის ფასად დაუჯდა... 

* * * 

ედუარდ შევარდნაძისა და ედპ-ს ლიდერის ურთიერთობა, შეიძლება, ეტაპობრივად იძაბებოდა, მაგრამ დაპირისპირებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა შევარდნაძემ საქართველოს დსთ-ში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ედპ-ს სიით გასულმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვეს. 

მეტიც, გია ჭანტურიას გადაწყვეტილებით, ედპ-ს ყველა წევრმა მთავრობა დატოვა. ეს დემარში ედუარდ შევარდნაძისთვის, როგორც ჩანს, შოკისმომგვრელი იყო. ყოველ შემთხვევაში, უთქვამს, ასეთი დისციპლინა, როგორიც ედპ-შია, კომუნისტებსაც არ ჰქონიათო... 

ცდილობდა თუ არა გია ჭანტურია, ედუარდ შევარდნაძესთან ურთიერთობით, ხელისუფლებაში მოსვლას? 

ყველა პოლიტიკოსის მიზანი, ცხადია, ხელისუფლებაში მოსვლაა. ეს მიზანი, ბუნებრივია, გია ჭანტურიასაც ექნებოდა, მით უმეტეს, დასავლეთი მასზე გარკვეულ „სტავკას“ აკეთებდა: 

1990 წელს პრაღაში, ვაცლავ ჰაველის ინიციატივით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების დისიდენტთა შეკრება ტარდება, რომელსაც საქართველოდან გია ჭანტურია, ედუარდ და თენგიზ გუდავები და დათო ჭეიშვილი ესწრებიან. 

პრაღის შემდეგ, გია ჭანტურია და ედპ-ს დელეგაცია ბრიუსელში ჩადის და შეხვედრებს ნატო-ში მართავს. ნატო-ს შტაბ-ბინაში, ეს ქართველების პირველი ვიზიტია... 

დათო ჭეიშვილი: „_ ნატო-ში მიწვევით, გიამ საქართველოს ევროპისკენ პირველი ფანჯარა გახსნა. მას უყურებდნენ, როგორც დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსს“. 

იმხანად, ედპ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის წევრი გახდა. ეს ორგანიზაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინამორბედად ითვლება... 

საქართველოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძეც ევროპულ ფასეულობებს მხარს ღიად უჭერს ანუ ამ ფონზე, ძნელი სათქმელია, რომ გია ჭანტურიას ლიკვიდაცია სახელისუფლებო ელიტის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა დათო ჭეიშვილი, გია ჭანტურიას მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, აცხადებს: 

„გიას სიკვდილი სახელისუფლებო ელიტის იმ ნაწილის ინტერესში შედიოდა, რომლისთვისაც დასავლური ღირებულებები მიუღებელი იყო!“ 

ჭეიშვილის თქმითვე, სახელისუფლებო ელიტის ამ ნაწილისა და კრემლის ინტერესები ერთმანეთს რომ არ დამთხვეოდა, დღის წესრიგში ჭანტურიას ლიკვიდაცია, შესაძლოა, არ დამდგარიყო. 

* * * 

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სწორედ მაშინ, როცა გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს გაემიჯნა და საჯაროდ ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა, პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოსული იყო მწვანეთა პარტიის იმჟამინდელი ლიდერი, ზურაბ ჟვანია, რომელზეც 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში, შევარდნაძემ ფსონი დადო. 

ჭანტურიას მსგავსად, ჟვანიაც მკვეთრად დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი იყო და, ჭანტურიას მსგავსადვე, მანაც სიცოცხლე და კარიერა ფატალურად დაასრულა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა... 

მკვლელობის მიზეზი _ პირადი ანგარიშსწორება? 

ამ ვერსიას არსებობის უფლება, რასაკვირველია, აქვს და აი, რატომ: გია ჭანტურია საჯაროდ მოღალატეს მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს კი არა, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანსაც ეძახდა ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ იმხანად საქართველოში სრული განუკითხაობა იყო, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ჭანტურიას ლიკვიდაციას საფუძვლად, სწორედ პირადი ანგარიშსწორება დაედო, თუმცა დათო ჭეიშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ედპ-ს ლიდერის მკვლელობა, პოსტსაბჭოთა საქართველოში, პირველი პოლიტიკური მკვლელობა იყო. 

* * * 

გია ჭანტურია 1994 წლის 3 დეკემბერს, ედპ-ს ყრილობის მესამე დღეს მოკლეს. იმხანად ითქვა, რომ ყრილობაზე ჭანტურია რაღაცის თქმას აპირებდა. 

რა იყო ეს „რაღაც“? _ არავინ იცის... 

ისე, თუ ჭანტურიამ „რაღაც ისეთი“ იცოდა, მაგალითად, ის, თუ ვინ და რით აიძულა ედუარდ შევარდნაძე, საქართველო დსთ-ში შეეყვანა, მის გასაჩუმებლად მაინცდამაინც სიკვდილი იყო საჭირო? 

„გაჩუმების“ სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად, ციხე. 

დათო ჭეიშვილი: „გიას ვერ დაიჭერდნენ, ან როგორ უნდა დაეჭირათ? უსუფთავესი პიროვნება იყო... 

_ კი, მაგრამ ამბობენ, პოლიტიკა ბინძურიაო... 

_ „პოლიტიკა ბინძური არ არის, პოლიტიკა ბინძური მაშინ ხდება, როცა მას ბინძური ხალხი აკეთებს“, _ ამ ფრაზას გია ხშირად ამბობდა“. 

* * * 

ასე იყო თუ ისე, გია ჭანტურია ბინძური პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და ამას მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. 

საინტერესო დეტალი: იმჟამინდელი ორი ძალოვანი მინისტრი, როგორც დრომ აჩვენა, კრემლის კადრი იყო _ შოთა კვირაია, რომელსაც შს და უშიშროების მინისტრის პოსტები ეკავა, საქართველოს ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, დსთ-ს ქვეყნების უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. იგორ გიორგაძე კი დღემდე, საქართველოს წინააღმდეგ, კრემლის მთავარი კოზირია. 

ამ ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ გია ჭანტურია რუსული ინტერვენციის მსხვერპლი გახდა... 

* * * 

მოკლედ, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, შს იმჟამინდელი მინისტრი, კვირაია გია ჭანტურიას ატყობინებს, რომ ედპ-ს ოფისში მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული. ასევე, კეთდება მინიშნება, რომ „ჟუჩოკი“ იგორ გიორგაძემ დაამონტაჟა. 

ჭანტურია საგანგებო ბრიფინგს იწვევს და ჟურნალისტებს უცხადებს, რომ მისი ლიკვიდაცია იგეგმება. ასეთი განცხადებები, როგორც წესი, ლიკვიდაციის პრევენციაა, მაგრამ ჭანტურიას მაინც კლავენ... 

მკვლელობამდე ორი-სამი დღით ადრე, ედუარდ შევარდნაძე ჭანტურიას ხვდება და ეუბნება, თურქმენეთში მივდივარ და იქიდან რომ დავბრუნდები, ქვეყანა შენ უნდა გადმოგაბაროო. 

თურქმენეთიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს, ჭანტურია მოკლული ხვდება... 

* * * 

კიდევ ერთი, საინტერესო დეტალი: მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ განცხადების გაკეთების პარალელურად, ედპ ითხოვს, რომ ჭანტურიას სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს, მაგრამ მოთხოვნა არ კმაყოფილდება. მოტივი _ ლიკვიდაციაზე ლაპარაკი გაზვიადებულია... 

* * * 

ვინ და რა სარგებელი მიიღო ჭანტურიას მკვლელობით? 

დათო ჭეიშვილი: „_ საერთოდ, მკვლელობით რამის მიღება არ შეიძლება, მაგრამ გიას მოკვლით იმას მიაღწიეს, რომ კარგა ხნით გადაიდო საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში. ჭანტურიას მოკვლა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის 15-წლიანი პაუზად, ტერიტოროების დაკარგვად და დღევანდელ მოვლენებად დაუჯდა“. 

* * * 

ერთი სიტყვით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და დასავლური ღირებულებების პოლიტიკოსი, გია ჭანტურია რუსული ინტერვენციის მსხვერპლი გახდა. 

რუსული ინტერვენცია დღესაც გრძელდება... 

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ გია ჭანტურიას მკვლელობიდან ზუსტად 14 წლის შემდეგ, საქართველომ დსთ დატოვა... 

* * * 

ცნობისთვის: გია ჭანტურიას, როგორც გამოძიებით დადგინდა, რამდენიმე სნაიპერი ესროდა. 300 ტყვიიდან ჭანტურიას, მინიმუმ, 150 მოხვდა. ძაფებად ქცეულ ტანსაცმელს გიას დედა, ქალბატონი ლილი მარჯანიშვილი გარდაცვალებამდე ინახავდა... 

P.S. ხვალ გია ჭანტურიას მოკვლის დღეა...

ვანო პავლიაშვილი