მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ნაციონალების კულუარულ მტრობაზე ხმა არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ყველაფერი საზოგადოებას, როგორც წესი, მითი ეგონა. ახლა, პირდაპირ შეიძლება, არც ყოფილი პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში ყველა ერთმანეთს ექიშპებოდა, მაგრამ ის, რასაც გოგი თათუხაშვილი ექსკლუზიურად ,,ვერსიას'' უყვება, ჩვეულებრივი სკანდალია. დიახ, გენერალი, რომელიც წლებია, სტრასბურგში ცხოვრობს, რამდენიმეწლიან დუმილს არღვევს და ყველაფერ იმაზე, რაც ნაცმოძრაობაში ხდებოდა, საჯაროდ ლაპარაკობს. მოკლედ, გთავაზობთ გოგი თათუხაშვილთან არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს მეოთხე ნაწილს.


_ ბატონო გოგი, სააკაშვილი გენდობოდათ, მაგრამ 2006 წელს თადარიგში გახვედით. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეთ თუ თქვენი კარიერა შიდაინტრიგებს შეეწირა?
_ თუ საქართველოს უახლეს ისტორიას მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, თავისი ცოდვების გარდა, ასევე, იზოლაციაში იყო და გარემოცვის მიერ იმართებოდა, რაშიც ჩართული იყო მოსკოვი, სამთავრობო დაცვა, ესა თუ ის ძალოვანი სტრუქტურა, ნათესაობა, წითელი ინტელიგენცია და სხვა...
_ თადარიგში გასვლაზე გკითხეთ და, უკაცრავად, შევარდნაძე რა შუაშია?
_ გეტყვით... რევოლუციის შემდეგ მიზანმიმართული მუშაობა დაიწყო, რომ აწყობილ სტრუქტურებს მიშაც იგივე ჩარჩოებში ჩაესვათ ანუ იზოლაციაში მოექციათ და მართვადი გაეხადათ.
ამისთვის, პირველ რიგში, ჩემი განეიტრალება იყო საჭირო.
_ გაგანეიტრალეს?
_ ვაღიარებ: ამ ,,დავალებას'' თავი თითქმის ერთ წელიწადში მშვენივრად გაართვეს!
ისე, თავს გარკვეულწილად დამნაშავედ ვთვლი და იმასაც ვაღიარებ, რომ ის, რაც მოხდა, თუნდაც სიცოცხლის ფასად არ უნდა დამეშვა, თუმცა ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, რაც შემეძლო, ვაკეთებდი.
თითქმის ერთ წელიწადში მიშა ნაციონალური მოძრაობის იდეალისტ-ფანატიკოსების გარეშე აღმოჩნდა. ისტორიულად კიდევ ერთხელ და ამჯერად ჩემს თვალწინ, ასრულდა ბისმარკის სიტყვები _ ,,რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები''.
_ მაშასადამე, საუბარი იქით მიგყავთ, გოგი ბატონო, რომ მიშა ავაზაკების გარემოცვაში აღმოჩნდა?
_ პირველი ორი ეტაპის გავლის შემდეგ, ავაზაკების ხანა დაიწყო...
დიდძალი რუსული აგენტურის, ამდენი მედროვისა და მოღალატის გვერდით, მიკვირს, მიხეილ სააკაშვილმა რევოლუცია ან უამრავი სიკეთის გაკეთება როგორ შეძლო?!
რამდენი გამოჩნდა და კიდევ რამდენი გამოჩნდება, ვინც ცხრა წლის განმავლობაში პუტინის სურათს გულის ჯიბით ატარებდა და ელოდა დაძახებას. მე რომ ყველაფერი ეს გადადგომისას მეთქვა, ვინმე დაიჯერებდა? რომ მეთქვა, ესეც რუსული პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იქნებოდა.
შინაგანი ჯარების დაშლაზე მუშაობდა საქართველოში მყოფი რუსული აგენტურა. დიახ, პუტინმა შინაგანი ჯარის დასაშლელად და ჩემს გასანეიტრალებლად რესურსები აამუშავა, რასაც საქართველოში, სხვა ოპერაციებთან ერთად, უშიშროების აკადემიის აკადემიკოსი, კონფლიქტოლოგი, გენერალ-პოლკოვნიკი იური ნეტკაჩოვი ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ თანამდებობით არ მოღვაწეობდა, ამ სტატუსით ოფისიც კი არ ჰქონდა. ოფიციალურად, აჭარაში, ასლან აბაშიძის მრჩეველი იყო... ის ჩემი პირველი მტერი იყო, მე კი _ მისი.
ერთმანეთს პირისპირ არ შევხვედრივართ, მხოლოდ სატელეფონო საუბრები გვქონდა. მთავაზობდა-ვთავაზობდი, მაშინებდა-ვაშინებდი. განსაკუთრებით ყურადღებით ვუსმენდი შეთავაზება-დავალებებს, რადგანაც ვიცოდი, რომ ჩემი უარის შემდეგ, ამას სხვას დაავალებდნენ.
_ რას გთავაზობდათ?
_ მთავაზობდა, მოსკოვისთვის მემუშავა და რევოლუციის, ასევე, ბათუმის მოვლენების დროს, მისი დავალებები შემესრულებინა.
მუქარა მიმართული იყო ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების წინააღმდეგ. ასევე მემუქრებოდნენ მინიმუმ, შინაგანი ჯარის დაშლითა და უმუშევრად დატოვებით...
რაც შეეხება დაპირებებს, მეუბნებოდა, რომ მექნებოდა მუდმივი სტატუსი და მხარდაჭერა მოსკოვიდან, კარგი ფული... ეს ფსიქოლოგიური ომი რომ წამეგო, ახლა მილიონერი, ,,წარმატებული'' ბიზნესმენი ვიქნებოდი, რაც ჩემი ცხოვრების მიზანი არასოდეს ყოფილა.
ბათუმის მოვლენებამდე, პირადად მე, შინაგანი ჯარი მთლიანად ავაცალე და მის მიერ მომზადებული სპეცრაზმის დიდი ნაწილი გადმოვიბირე (სპეცრაზმის ნაწილი უგულავამაც გადმოიყვანა _ მაშინ უშიშროებაში მუშაობდა). ბათუმიდან გაქცევის შემდეგ, სამაჩაბლოში მოგვევლინა (ბათუმსა და სამაჩაბლოზე საუბარი მოგვიანებით გავაგრძელოთ).
მისი ბოლო იდეა-შემოთავაზება იყო, რომ ჩემი ჯარი არ დამეშალა და პრეზიდენტს დავპირისპირებოდი, რაზეც სიცილით ვუპასუხე, ეს ხომ ძველი სცენარია, ახალს ვერაფერს იგონებ-მეთქი?
მოვა დრო და მიშა თვითონ იტყვის, პუტინმა ჩემს გამო რამდენჯერ დაურეკა; მოვა დრო და მიშა იმასაც იტყვის, პუტინმა პირველივე შეხვედრაზე, ძველი ტრადიციისამებრ, ძალოვანი ხელმძღვანელების დანიშვნა როგორ მოითხოვა, მაგრამ მიშა ღირსეულად დაუდგა _ ერთიც არ დაუნიშნა.
კრემლმა უფრო დიდი რესურსი ჩართო.
_ და ეს ,,უფრო დიდი რესურსი'' რა იყო?
_ რა და, მართვა და მიზნის განხორციელება შემოვლითი გზებით. მას, ვინც რუსეთს ეურჩება, წითელი ინტელიგენციის ხელით ანადგურებენ. ამის მწარე გაკვეთილი უკვე გვაქვს ზვიად გამსახურდიას სახით _ როცა მისი მართვა ოპერატიული საშუალებებით არ გამოუვიდათ, ეს მშვენივრად მოახერხეს გადატრიალებით. პრაქტიკულად, ყველაფერი ასე მოხდა: ჯერ ზვიადს უბიძგეს, აიძულეს, გვარდია დაეშალა... მერე, გვარდიის ნაწილი უკვე მზადყოფნაში იყო.
ანალოგიური მუშაობა წავიდა მიშას წინააღმდეგ. აგენტურული ქსელი საქართველოში ძლიერია, თუმცა არა _ რაოდენობით, მაქსიმუმ 2-3 პროცენტს წარმოადგენს. ეს სიძლიერე მოსკოვის ზურგია, ამიტომაც ყოველთვის სხედან ხელმძღვანელ, საკვანძო თანამდებობებზე, რაც აბლაბუდას პრინციპით იერარქიულად ვრცელდება. შესაბამისად, როცა ორმოცდაათი ადამიანი გეტყვის, მაწონი შავიაო, მიდი და ნუ დაიჯერებ!
ბევრი მაგალითისა და გვარის ჩამოთვლა შემიძლია...
_ გისმენთ, დაასახელეთ!
_ ამას ცოტა ხანში ვიზამ, თუმცა ხუთ წელიწადში ერთიც არ გამოუვლენიათ...
რევოლუციის შემდეგ, თელეთში ამოდიოდნენ ჩემი სახლის სანახავად. თუ რა სახლი მაქვს და როდის ავაშენე. დაიწყეს ჩემი ოპერატიული დამუშავება, გადაღებები, ხალხის გამოკითხვა. ყველა ერთხმად ეუბნებოდა, ეს სახლი დიდი ხნის აშენებულია, თექვსმეტი წლის იყო, ამ სახლის მშენებლობა რომ დაიწყოო.
რევოლუციის შემდეგ ზურაბ ჟვანიამ დამიბარა. მეთერთმეტე სართულზე, კაბინეტში ვიღაცები ისხდნენ, თათბირობდნენ. ჩემი შესვლისთანავე შეწყვიტეს ლაპარაკი და ჩემს გასაგონად სხვა საუბარი წარიმართა. ჟვანიამ გამოაცხადა, მიხეილ სააკაშვილს ახლა სერიოზული დაცვა სჭირდებაო. ეგრევე ვკითხე, ამით რის თქმა გინდათ, აქამდე არასერიოზული დაცვა ჰყავდა-მეთქი?
არა, რასაკვირველია, თქვენ შესანიშნავად შეასრულეთ თქვენი ამოცანა, მაგრამ ახლა უფრო მაღალი კვალიფიკაციის დაცვა სჭირდებაო და გააგრძელა, შეიძლება საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ ან შეიძლება, აქ შევარჩიოთო. იქვე, პირდაპირ ვუთხარი, რაც ვიფიქრე, რომ მიშას დაცვა კი არ აინტერესებთ, არამედ მისი იზოლაცია უნდოდათ; ისიც ვუთხარი, იცოდეთ, ამ საუბარს მიშას აუცილებლად მოვახსენებ-მეთქი.
_ რა გიპასუხათ?
_ სანამ მიშასთან წახვალ, კანდიდატურა გვყავს შერჩეული, იქნებ, გაესაუბრო და მოგეწონოსო. კანდიდატი იქვე იჯდა. გავედით სალაპარაკოდ. ვისაუბრეთ.
_ ეს კანდიდატურა ვინ იყო?
_ ჩვენი საუბრიდან ყველაზე შთამბეჭდავი ერთი მომენტი გახლდათ, რაც დღემდე კარგად მახსოვს _ მითხრა, პირველ რიგში, მიშას დაცვის წევრები უნდა დავითხოვო, რადგანაც შესწავლილი არ მყავს და არ ვენდობიო. მივახალე, თქვენ მიშას დაცვას არ ენდობით, მიშას დაცვა კი თქვენ არ გენდობათ-მეთქი. მასაც ასევე ვუთხარი, რომ ჩვენს საუბარს აუცილებლად მოვახსენებდი მიშას. მან კი თავისი მხრიდან მითხრა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მნიშნავს ამ თანამდებობაზეო.
მოკლედ, ყველაფერი გასაგები იყო...
_ პრეზიდენტის მოვალეობას, თუ არ მეშლება, ნინო ბურჯანაძე ასრულებდა, არა?
_ მიშას დაცვის უფროსად გიორგი ალექსიძე მცირე ხნით მაინც დაინიშნა, მაგრამ იმ პერიოდში, თუ სადმე სერიოზული გასვლა იყო, ისევ მე ვასრულებდი პირადი დაცვის უფროსის მოვალეობას _ მიშა მირეკავდა, რომ გავყოლოდი.
რევოლუციის შემდეგ, მიშამ მალევე გამომიძახა და მკითხა, სად გინდა, დაგნიშნოო, რაზეც ვუპასუხე, კიდევ კარგი, ჩემი ხასიათი იცი, რომ ცხოვრებაში არც თანამდებობა მითხოვია, არც _ წოდება, სადაც საჭირო ვიქნები, იქ გამიშვი-მეთქი. მომიგო, მაშინ პირველ მოადგილედო. ცოტა ხანს დაფიქრდა და მითხრა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გააკონტროლებ შინაგან ჯარს და სპეცდანიშნულების დანაყოფებსო. გავუმეორე, სადაც ვარ საჭირო, იქ ვიმუშავებ-მეთქი. ასე აღმოვჩნდი მინისტრ გია ბარამიძის პირველ მოადგილედ, რომელსაც ძალიან გაუხარდა ეს გადაწყვეტილება და გაკვირვებულმა იკითხა, გოგის მაძლევო?
მინდა, დავაფიქსირო პატივისცემა გია ბარამიძის მიმართ.
დანიშვნის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ბარამიძემ, ჟვანიას თანდასწრებით, მითხრა, შინაგან ჯარებს ვერ გააკონტროლებ, რადგან შინაგანი ჯარების სარდალი ჩემი პირველი მოადგილეა და პირადად მე მემორჩილებაო. სტრუქტურულად მართლაც ასე იყო. შინაგანი ჯარების სარდალი ითვლებოდა პირველ მოადგილედ. შემდეგ ერთად წავედით გულუას სპეცდანიშნულების რაზმში, სადაც თათბირზე პირდაპირ გამოაცხადა, რომ გულუას სპეცდანიშნულების რაზმი პირადად მას დაემორჩილებოდა. როგორც კი გამოვედით, მანქანაშივე ვუთხარი, თუ შინაგანი ჯარები შენ გემორჩილება, სპეცდანიშნულების რაზმიც და შენი პირველი მოადგილეც მე კი არა, გია შერვაშიძეა, მაშინ მე რაღა მინდა სამინისტროში. კაბინეტს დახარბებული კი არა ვარ, ვიჯდე და ბუზები ვთვალო-მეთქი?!
გიამ მომიბოდიშა, რაღაც სწორად ვერ გაიგეო, თუმცა ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო და პირდაპირ ვუთხარი, წავალ და მოვახსენებ მიშას, რომ მის ბრძანებას ვერ ვასრულებ, ვერც პირველი მოადგილე ვხდები, ვერც შინაგან ჯარს ვკურირებ და ვერც _ სპეცრაზმებს-მეთქი.
ასეც მოვიქეცი _ ზემოაღნიშნული მიშას მოვახსენე, თან დავამატე, ახლა კაბინეტებში ჯდომის დრო არ არის, ბევრი საქმეა. პლუს, ნებისმიერ დროს შეიძლება, კონტრრევოლუცია მოხდეს. მინისტრის უფუნქციო მოადგილეობას ჯობია, სადმე ასეულის მეთაურად ვიმუშაო-მეთქი.
დაფიქრდა და ეგრევე მიიღო გადაწყვეტილება _ შინაგანი ჯარების სარდლად დამნიშნა.
ძალოვან სტრუქტურებში, ასევე, კონტრდაზვერვაში თითქმის იგივე ხალხი დარჩა, ვინც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. მიშა სიცილით მეუბნებოდა ხოლმე, სხვადასხვა პოლიტიკოსსა და სპეცსამსახურს ჩემზე მასთან რა ინფორმაციები მიჰქონდა.
ასევე, მუდმივი თემა იყო, შინაგანი ჯარი დასაშლელია და ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდესო. ყველაზე ხშირად ამ თემას პრემიერ-მინისტრი ახმაურებდა. პრეზიდენტისა და ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ნატო-ს ყურს ცუდად ხვდება საბჭოური გადმონაშთის სახელწოდება _ შინაგანი ჯარი, მაშინ სახელი გადავარქვათ და საფრანგეთის, ესპანეთის ანალოგიურად, ჟანდარმერია ან კარაბინიერები დავარქვათო.
ჟვანიამ თათბირზე პირდაპირ თქვა და პრესაშიც გაჟონა, ჟანდარმერიის გაკეთება გოგი თათუხაშვილის კაპრიზიაო, რაზეც მიშამ უპასუხა, გოგის დანიშვნამდე ჟანდარმერიაზე პირველი და რამდენიმე განცხადება გია ბარამიძემ გააკეთაო. მიშას სიტყვები გიამ დაადასტურა და დაამატა, წლების განმავლობაში, საქართველოში დიდი მუშაობაა ჩატარებული შინაგანი ჯარის ჟანდარმერიად გარდაქმნისთვის. კადრების მოსამზადებელი სასწავლებელიც კი არსებობდა _ თურქეთის აკადემიაში მზადდებოდნენ ჩვენი ოფიცრები და ამხელა სამუშაოს უარყოფა და ახლის დაწყება, უბრალოდ უაზრობააო.
მეც დავაფიქსირე პოზიცია და ვთქვი, თუ ჩემს არჩევანზეა საუბარი, მე, რა თქმა უნდა, მიყვარს და მირჩევნია შინაგანი ჯარი, რადგან იქ მიმსახურია, მიბრძოლია და მისი სახელით სისხლი დამიღვრია, მაგრამ თუ ეს პრინციპული საკითხია, მაშინ ნებისმიერი სახელი დავარქვათ-მეთქი.
ყველა ხვდებოდა, რომ საქმე სახელწოდებაში არ იყო...
_ აბა, რაში იყო?
_ ერთხელ, მიშამ გამომიძახა და მკითხა, რომელ ქვეყანაში ან სად გინახავს, კონტრდაზვერვას ჯარში არ უშვებენო? მივუგე, როგორ არ ვუშვებ, ერთობლივად ვმუშაობთ. ეს კი არა, ვანოს ორჯერ მივმართე, თანამშრომლები, რომლებიც შინაგან ჯართან მუშაობენ, წაახალისოს-მეთქი. მერე, იქვე მჯდომ მერაბიშვილს მივუბრუნდი და ვკითხე, ასე არ იყო, ვანო-მეთქი? კიო, დამიდასტურა. მიშასაც ხომ მეტი აღარ უნდოდა...
მოკლე, როგორც აღვნიშნე, ინტრიგა უხვად იყო, თუმცა უნდა ითქვას, მიშა შესანიშნავად უმკლავდებოდა.
ასევე, აღსანიშნავია მიშას მოსმენის, ანალიზისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. 2004-ში, შინაგანი ჯარი სამაჩაბლოშია. რამდენიმე მინისტრს ვთხოვე, შეძლებისდაგვარად ჩამოსულიყო და ადგილზე შეგვედგინა ერთობლივი მოქმედებების გეგმა.
ჩამოვიდნენ, კარგად ვიმუშავეთ. ამასობაში მიშა მირეკავს:
_ გოგი, პრეზიდენტი შენ ხარ თუ მე? რა მინისტრების თათბირებს ატარებ?
მივხვდი, სიო საიდანაც უბერავდა.
_ საიდან უბერავდა?
_ ამაზე მიშასთან ჩემთან ჩამოსულ მინისტრებს არ ულაპარაკიათ. ...მიშას ვუთხარი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი თქვენ ხართ, მე უბრალო სარდალი ვარ-მეთქი.
_ მაინც, ვერ გავიგე, რაში გჭირდებოდა, მინისტრები რომ დაიბარე? _ ვიფიქრე, ელემენტარულ რაღაცებზე არ ღირდა თქვენი შეწუხება. რისი გადაწყვეტაც შედარებით დაბალ დონეზეა შესაძლებელი და ფუნქციურად გვევალება კიდეც, სჯობს, თვითონ მოვახერხოთ. ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვე, მოსულიყო, რადგან ერთობლივი ღონისძიებების გეგმა შევადგინეთ საომარი მოქმედებების შემთხვევაში დაჭრილი ჯარისკაცებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ევაკუაციის, უახლოეს ქალაქებში მათი გადაყვანის-მეთქი...
_ კულტურის მინისტრი რაღაში გჭირდებოდა? _ დაინტერესდა მიშა.
_ მთელი ჯარი საველე პირობებშია. დამსვენებელი ჯგუფისთვის კულტურული ღონისძიებები დავგეგმეთ _ პოეტების, მომღერლების, პუბლიცისტების და ა.შ. ჯართან კვირაში ერთხელ შეხვედრა.
_ კი, მაგრამ საგზაო სამსახური მაინც რაღად გინდოდა?
_ საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ავიაცია იქნება, არტილერია თუ დივერსიული ჯგუფები, დაარტყამენ ხიდებს, გვირაბებს, ცენტრალურ გზებს. ამისთვის წინასწარაა საჭირო მუშაობა შემოვლით გზებზე, რაც წლების განმავლობაში მიშვებული იყო. საჭიროა ძველი შემოვლითი გზების აღდგენა და ახლის გაყვანა (თუმცა, რომელ შემოვლით გზებზეა საუბარი, ყველას გვახსოვს, ცენტრალური გზებიც რა დღეში იყო!).
მოკლედ, მიშამ აღარ გამაგრძელებინა და მითხრა, თვეში ორჯერ ჩაატარე მინისტრებთან შეხვედრები და შედეგი მომახსენეო.
2004 წლის მოვლენების დროს, შინაგან ჯარს, სამწუხაროდ, ერთი ჯარისკაცი _ გველუკაშვილი დაგვეღუპა, ნათელში იყოს მისი სული... ზუსტად იმ დღეს ჩემს ბაზაზე მობრძანდნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი, დაზვერვის ერთი წარმომადგენელი და გია გეწაძე, აღარ მახსოვს, სად მუშაობდა მაშინ. ის რევოლუციის დროს მოწინააღმდეგის პარტიაში იყო და მაშინ ახალი განაციონალებული გახლდათ. მოკვლევა უნდა ჩავატაროთ, ეს ჯარისკაცი როგორ დაიღუპაო. ვუთხარი, ჯერ ჩამოსვენებული არაა, ველოდები. დაწვრილებითი ინფორმაცია არ მაქვს-მეთქი.
ირაკლის მივმართე, შენი გენერალური ინსპექცია, რომელიც აქ იმყოფება, უკვე ადგილზეა, შეისწავლის და მოგვახსენებს-მეთქი. ამასობაში შემატყობინეს, რომ მისაღებში იყვნენ გენერალური ინსპექციის უფროსი თემურ ჩაჩანიძე და სხვა სამხედროები. შემოვიდნენ. ბიჭები დაღლილები, დამწუხრებულები და სისხლიანები იყვნენ. ვთხოვე, ძალიან მოკლედ მოეყოლათ საქმის ვითარება. მოყვნენ და ვუთხარი, დაისვენეთ, დანარჩენი ხვალ ვისაუბროთ-მეთქი.
რასაც ბიჭები ყვებოდნენ, თემურ ჩაჩანიძე ადასტურებდა. ამასობაში, ლევან ნიკოლეიშვილს, თურმე, წინასწარ მომზადებული ვერსია ჰქონია. დაუწყო ბიჭებს ზედმეტი კითხვების დასმა, რისი საშუალებაც არ მივეცი. მეომრებს მადლობა გადავუხადე და გავუშვი დასასვენებლად, რის შემდეგაც, ცოტა არ იყოს, უხეშად ვუთხარი, მოკვლევას ატარებს ამისთვის გამოყოფილი და უფლებამოსილი ხალხი. თქვენ დაშოშმინდით, მოკვლევაში უცხო პირების ჩარევა არაა მიზანშეწონილი-მეთქი.
მოკლედ, წავიდნენ უკმაყოფილოები. ეს ჩემს მოთმინების ფიალას დამატებული ბოლო წვეთი იყო _ დავწერე პატაკი და დავიწყე პირადი ნივთების ჩალაგება.
მახსოვს, თემურ ჩაჩანიძემ მითხრა, თუ შენ მიდიხარ, აღარც მე დავრჩები თანამდებობაზე, აღარ ღირს ამათთან მუშაობაო. მადლობა და მარადიული ხსოვნა მას!
ამ დრო მიშა ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა, დავურეკე და მოვახსენე, პატაკი მაქვს გადადგომაზე დაწერილი, რომ ჩამოხვალ, დაგხვდება... ასეთ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელია _ უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაზვერვა, კონტრდაზვერვა და სხვა ძმანი მათნი მუშაობენ ჩემს საწინააღმდეგოდ, სანამ შენ მეტყვი, მღალატობ და წადიო, მანამ სჯობს, თვითონ დავწერო პატაკი გადადგომაზე-მეთქი.
_ მიშა დაგთანხმდათ?
_ არა, მითხრა, არ დაწერო, მალე ჩამოვალო.
ჩამოვიდა მიშა, მოვახსენე, რომ შინაგანი ჯარი, შვიდი-რვა თვეა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ბიჭებს ოჯახები არ უნახავთ, სულ მივლინებაში არიან, ჯარი გადაიღალა. ასევე, მთელი ძალოვნები ჩემს წინააღმდეგ მუშაობენ-მეთქი. მომისმინა და ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინაგან ჯარებს სამაჩაბლოში ჩაანაცვლებდა თავდაცვის სამინისტროს შენაერთები.
ასევე, დაუკავშირდა ძალოვანი სამსახურების ხელმძღვანელებს და უთხრა, შინაგან ჯარებზე ნუღარაფერს მომახსენებთ, შინაგან ჯარებს სარდალი ჰყავს და მას უთხარითო.
შევხვდი ირაკლი ოქრუაშვილს კაბინეტში... ვისაუბრეთ, წარსული ინციდენტები გაუგებრობად ჩაითვალა და სამსახური გავაგრძელეთ.
ისე, 20 სექტემბერს, ერთ-ერთი ლეგენდარული სპეცოპერაციის _ ,,კოდორი-2007''-ის 10 წლისთავი იყო. ამ სპეცოპერაციას თავისი ღირსეული ადგილი აქვს 1993 წლის 16 მარტსა და სხვა ერთეულ გამარჯვებას შორის, რომელიც ქართველებს მოუპოვებიათ უახლეს ისტორიაში. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ამ სპეცოპერაციაში გარკვეულწილად მეც ვიყავი ჩართული, ან იმიტომ კი არა, რომ სპეცოპერაციას ჩემი შვილი ხელმძღვანელობდა და მასში ძირითადად შინაგანი ჯარის ყოფილი ოფიცრები მონაწილეობდნენ. მოსალოდნელ პროვოკაციებს, აფეთქებულ გზებსა და სხვა დივერსიებს რომ თავი გავანებოთ, რომელსაც ის განეიტრალებული რუსული რაზმი გეგმავდა, ყოველ გამარჯვებასა და წარმატებას თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ და ვიამაყოთ. ეს ჩვენს ხვალინდელ დღეს სჭირდება!
არ უნდა დავივიწყოთ და გვახსოვდეს ეს სპეცოპერაცია თავისი ტრაგიკული გაგრძელების გამოც _ ექვსი სპეცრაზმელის სიცოცხლე, რამდენიმეს გაურკვეველი ვადით პატიმრობა და ბევრის ემიგრაციაში გადახვეწა მოჰყვა იმ გამარჯვებას, რომელიც პუტინის მოთხოვნით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თითქოს ნათელი და გასაგებია, გოგი თათუხაშვილი შინაგანი ჯარის სარდლობიდან რატომ გადადგა, თუმცა გენერალი ამბობს, რომ სამსახურის დატოვების მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. მაშ, რატომ წავიდა შინაგანი ჯარიდან? _ ამის თაობაზე გოგი თათუხაშვილი ,,ვერსიის'' შემდეგ ნომრებში ისაუბრებს.
(გაგრძელება იქნება)
ვანო პავლიაშვილი