"მერია დაგვთანხმდა დაფინანსებაზე, ოთარ რამიშვილის სახელობის სკვერში 29 ოქტომბერს კონცერტი გაიმართება" - მიხეილ რამიშვილი

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თათია გოჩაძე

ცნობილი მომღერლის, ოთარ რამიშვილის შვილი, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ წერდა, რომ კონცერტის ჩატარებას მამის დღეზე გეგმავდა, თუმცა თარიღი შეიცვალა და დაგეგმილი ღონისძიება ხვალ გაიმართება. 

„29 ოქტომბერს 14:00 საათზე, საბურთალოზე, ოთარ რამიშვილის სახელობის სკვერში, ჩატარდება პატარა კონცერტი, სადაც შესრულდება მის მიერ შექმნილი ძველი და ახალი სიმღერები. დასწრება თავისუფალია.
მის: საირმის ქუჩის
# 11-12 შორის მდებარე სკვერი.“- წერს Facebook-ში მიშიკო რამიშვილი 

 

„ვერსია“ მიხეილ რამიშვილს რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდა და კონცერტის შესახებ ესაუბრა:

„ინტერვიუს სამძიმრით დავიწყებ. ძალიან ვწუხვარ გუშინ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს. უდიდესი ტრაგედიაა და უპასუხისმგებლობაა ბევრი ადამიანის, რომელთაც სამართლის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

რაც შეეხება ჩემს სოციალურ ქსელში დაწერილ განცხადებას... საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოზე მიცკევიჩის ქუჩიდან საირმეზე ასასვლელი ქუჩა და იქვე სკვერი ოთარ რამიშვილის სახელობის გახდა. იყო შეთავაზებები, რომ ეს ქუჩა გალამაზებულიყო, მაგრამ როგორც ყოველთვის, ლოდინის რეჟიმში აღმოვჩნდი...

დაახლოებით ერთი თვის წინ დამიკავშირდა ჩემი ახლიბელი და მითხრა, რომ ლევან მშვილდაძეს, რომელიც მამაჩემის ნამოწაფარი იყო და რომელმაც ზაქარიაძის ქუჩა გაამწვანა და გაალამაზა, სურდა, 24 ოქტომბერს მამაჩემის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაემართა კონცერტი. ამ ადამიანმა თავის ხელით, მეგობრებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოთარის სახელობის ქუჩაზე სკამები გააკეთა, სადაც სკამების საზურგეებზე მამაჩემის ციტატები წერია. ლევანმა შეძლებისდაგვარად გაამწვანა ეს ქუჩა და გეგმავს, რომ ციტატების გარდა, ოთარის ლექსებიდან ამონარიდების ეწეროს, რადგან ახალგაზრდები რომ მივლენ, ლექსებს წაიკითხავენ და შარმი და სიმშვიდე იგრძნობოდეს მამაჩემის სახელობის ქუჩაზე და სკვერში.

მოკლედ, ღია ცის ქვეშ ოთარ რამიშვილის სახელობის პატარა მუზეუმის გაკეთება გვინდა. იდეის მიხედვით, 24 ოქტომბერს კონცერტზე მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვინც იცნობს ოთარ რამიშვილის შემოქმედებას და წარმატებით ასრულებს მამაჩემის სიმღერებს. ამისთვის საჭიროება დადგა სცენისა და იმ მინიმალური პირობების შექმნისა, რაც პატარა კონცერტისთვის არის საჭირო. ეს არ იქნება ფასიანი კონცერტი, დასწრება იქნება თავისუფალი, რაც მცირე ბიუჯეტს ითვალისწინებს, თუმცა განცხადება რომ დავწერეთ, მუნიციპალიტეტისგან მივიღეთ უარი. აგვიხსნეს, რომ თბილისობის გამო, ბიუჯეტში საკმარისი თანხა აღარ იყო.

ამის შემდეგ დავწერე კრიტიკული პოსტი, რადგან გამიკვირდა, როგორ არ მოიძებნებოდა მინიმალური თანხა ამ იდეისთვის. ეტყობა, შემდეგ მაინც გამოიძებნა ეს თანხა, დაუკავშირდნენ ლევანს და შეპირდნენ აბსოლუტურად ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც ამ კონცერტის გამართვას სჭირდება ანუ ქალაქის მერიამ თანხმობა განაცხადა ამ კონცერტის დაფინანსებაზე.

კონცერტის გამართვას 24 ოქტომბერს ვაპირებთ. მამა 88 წლის გახდებოდა... ზოგადად, იდეა გვაქვს, რომ ყოველ შაბათ-კვირას, ასეთ სკვერებში პატარა-პატარა კონცერტები გავმართოთ ჩვენივე ძალით, რათა ადამიანებს კომუნიკაცია ჰქონდეთ ერთმანეთთან და ურთიერთობები გაჯანსაღდეს, რაც ყოველთვის იყო დედაქალაქში. მახსოვს, ქუჩაში სიმღერ-სიმღერით რომ მივდიოდით, ფანჯრები იღებოდა და სახლებში გვპატიჟებდნენ. ასეთი შარმი მინდა, დაუბრუნდეს თბილისს და ამისთვის მხარდაჭერაა საჭირო, რადგან მართლა გვინდა, რომ სიცოხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობდეთ. იმედი მაქვს, ამ ინიციატივაზეც დაგვიჭერენ მხარს."