რომელ მარშრუტებზე იმოძრავებს 15 აპრილიდან ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 15 აპრილიდან დედაქალაქის მოსახლეობას ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომატებული მგზავრთნაკადებისა და სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტის ამოქმედება.

კერძოდ, N298 ავტობუსი – უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით; N299 ავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანას ქუჩისკენ); N300 ავტობუსი – დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება. N303 ავტობუსი – მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება; N366 ავტობუსი – სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“); N396 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს – N408, იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას; N399 ავტობუსი – ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს; ავტობუსების – N373 და N379 მარშრუტებზე მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შემცირდება მოცდის ინტერვალი.

ავტობუსების მარშრუტების გარდა, ამოქმედდება მიკროავტობუსის შემდეგი ახალი მარშრუტები:

N408 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას; N420 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება; N537 მიკროავტობუსი – მეტროსადგურ „დელისიდან“ უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს; N549 მიკროავტობუსი – მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას; N552 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ „300 არაგველთან“ დააკავშირებს. გარდა ამისა, N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ იმოძრავებს გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით; N554 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დააკავშირებს; N555 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“ შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით; N556 მიკროავტობუსი – მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს; N558 მიკროავტობუსი – უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ „დელისამდე“ ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.

მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546. N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით, მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას; N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება; N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს; N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით, მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს; მიკროავტობუსი – N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას; N476 მარშრუტში განხორციელდება ცვლილება, აღნიშნული მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება.