99 ახალი სტატია

პატიმარმა საკანში თავი ჩამოიხრჩო - კრიმინალური დრამის დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „პეპსი“ერთხელ მაინც არ ჰქონდეს გასინჯული. ევროპული თუ ამერიკული გამაგრილებელი სასმელები დღეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა იყო დრო, როცა „პეპსი“ ფუფუნების საგნად ითვლებოდა და რაც მთავარია, მისი ყიდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახლდათ. „პეპსის“ საბჭოთა კავშირში გზა ნიკიტა ხრუშჩოვმა გაუხსნა, როცა აშშ-ში ერთ-ერთი ვიზიტისას, სწორედ „პეპსი“ გაასინჯეს, თუმცა მისი ყიდვა მხოლოდ დედაქალაქში იყო შესაძლებელი, ისიც რამდენიმე მაღაზიაში და იმ დროისათვის ათი ბოთლი ლიმონათის ფასზე ძვირი ღირდა. ღირებულება ერთია და „პეპსის“ დახლს ქვემოდან ყიდდნენ, როგორც ფუფუნების საგანს და იშვიათ პროდუქტს, შესაბამისად, რიგით მოკვდავებს მასზე ხელი კარგა ხანს არ მიუწვდებოდათ.
„პირადად მე, „პეპსი“ გასინჯული არ მქონდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა თბილისის გარეუბანში, რაღაც ქოხში, მკვლელობაზე გამოგვიძახეს და ოთახში შესულებს, მაგიდაზე „პეპსის“ოთხი ცარიელი და ერთი სავსე ბოთლი დაგვხვდა, ანუ იმ გაღატაკებულ სახლში, სუფრაზე იდო „პეპსი“, კონიაკი „ვარციხე“, ხიზილალა და სხვა იშვიათი პროდუქტი. გარდაცვლილი კაცი და ქალი იყვნენ. კაცი ეზოში ეგდო, გულთან ახლოს დანით მიყენებული ჭრილობა ეტყობოდა, ქალი კი - ეზოს ბოლოში, ღობესთან. მას სახეზე რამდენიმე სერიოზული სისხლჩაქცევა ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი ის ჭრილობა უნდა ყოფილიყო, რომელიც ყელთან აღენიშნებოდა. ისე ჩანდა, რომ ქალი ჯერ ცემეს, შემდეგ ყელი გამოჭრეს. ქალის გვერდით მიწა, დაახლოებით, ნახევარ მეტრზე იყო ამოთხრილი, ბარიც იქვე ეგდო, ანუ კრიმინალისტებს საქმე თავზე საყრელი ჰქონდათ, ზუსტად ისე, როგორც ჩემს ბიჭებს“, - იხსენებს ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
მეზობლების დაკითხვამ გამოძიებას ბევრი ვერაფერი მისცა. მათი თქმით, ქალი მარტო ცხოვრობდა, მამაკაცი კი თვეში ერთხელ, 2-3 დღით აკითხავდა, შემდეგ კი უჩინარდებოდა. უბნის რწმუნებულმა უფრო მეტი თქვა. მან ზუსტად იცოდა მამაკაცის ვინაობაც და ქალსაც კარგად იცნობდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, უბნის რწმუნებული ამტკიცებდა, ისინი საყვარლები არ იყვნენ, რადგან რამდენჯერმე, როცა კაცი ჩამოვიდა, სახლთან ჩუმად მივედი, მათ საუბარს ყური დავუგდე, ბავშვობის ამბებს იხსენებდნენ და ყოველთვის სხვადასხვა ოთახში წვებოდნენო.
„ამასობაში ექსპერტიზის დასკვნაც წამომეწია. ქალი გაუპატიურებული არ იყო, სახეზე სისხლჩაქცევები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული და ორივე, სავარაუდოდ, ერთსა და იმავე დროს, მაქსიმუმ, 10-15 წუთის ინტერვალით მოკლეს. საბუთების მიხედვით, ქალი ინვალიდობის გამო უმუშევარი გახლდათ და პენსიას იღებდა (60 მანეთს), კაცი კი ქუთაისში, რომელიღაც საწყობში დარაჯად მუშაობდა. საწყობი არ იყო ისეთი, კაცს იქიდან რამე გაეტანა და ფული ეშოვნა, შესაბამისად, კითხვა, საიდან ჰქონდათ დეფიციტური და საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტები, პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამასთან, კაცს მკლავზე სვირინგი ჰქონდა - ხმალზე დახვეული გველი. გველს ოთხი რკალი ჰქონდა და კრიმინალების ენაზე ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი ოთხჯერ იყო „ნაჯდომი“, თუმცა საბუთების მიხედვით, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთხელაც კი არ გახლდათ ნამყოფი.
კიდევ ერთი ძაფის ბოლო, რომელზეც მყარად ვიყავი ჩაბღაუჭებული, ეზოში ნაპოვნი ორმო იყო. ცხადია, მკვლელმა ზუსტად იცოდა, რომ ეზოში რაღაც იმალებოდა და იმ რაღაცას მოაკითხა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
ვინაიდან და რადგანაც, სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, იპოვა თუ არა მკვლელმა ის, რასაც ეძებდა, მთელი ეზოს შემოწმება მეტალო-დეტექტორით გადაწყდა. ერთი ალუმინის ქვაბის, ერთი ტაფის და კიდევ წვრილ-წვრილი რკინეულობის პოვნის შემდეგ, მეტალო-დეტექტორმა ოქროც იპოვა. მიწაში დაახლოებით 30 სანტიმეტრზე ჩამარხულ რკინის ყუთში, ოქროს 50-მდე ბეჭედი და 15 ათასი მანეთი იყო დამარხული. ახლა უკვე ცხადი გახდა, რისთვის მოკლეს ქალი და კაცი, მაგრამ ვინ?!
„გარდაცვლილი მამაკაცი თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ის ყალბი საბუთებით ცხოვრობდა და რაც მთავარია, ძებნილი კრიმინალი იყო. რადგანაც ის სხვა რესპუბლიკებში იძებნებოდა, საქართველოში თავს მშვიდად გრძნობდა. როგორც გვითხრეს, მისი უახლოესი მეგობარი და თანამესაკნე მოკლული ქალის საყვარელი იყო. ის რუსეთის ციხიდან ორი კვირის წინ გათავისუფლდა და, როგორც ჩანს, საქართველოშიც ჩამოაღწია. დავადგინეთ, რომ მას ჩვენთან ერთადერთი ადგილი ჰქონდა, სადაც მიესვლებოდა და აკი, მივიდა კიდეც - რაჭაში, ძველ მეგობართან. სწორედ იქ დავაკავეთ და ჩემდა გასაოცრად, დაკითხვებზე ბევრი წვალება არ დამჭირვებია - აღიარებითი ჩვენება მეორე დაკითხვაზევე მოგვცა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
როგორც გაირკვა, მეგობარს სამალავის შესახებ სწორედ დაკავებულმა უთხრა და სთხოვა, მისი მეგობარი ქალისთვის მიებარებინა, ნაწილი თავად გამოეყენებინა. ჰოდა, ცოტა ხანში მას ციხეში ამბავი მიუტანეს, შენი მეგობარი და ცოლი ყირაზე გადადიან, სისხლით ნაშოვნს ანიავებენო. ჰოდა, ისიც მხოლოდ ერთს ნატრობდა, შური ეძია. ციხიდან გამოსულმა გზის ფული იშოვა და საქართველოში ჩამოვიდა, შემდეგ მეგობარს და ცოლს არც კი მოუსმინა, ისე წამოაგო დანაზე, თუმცა მანამდე ქალს სამალავის შესახებ ათქმევინა. ჰო, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ძვირფასეულობა ორ ნაწილად ჰქონდათ დამალული და როგორც კი ერთი სამალავის ადგილ დაასახელა, კაცმა მაშინვე მოკლა. შედეგად, მეორე სამალავის არსებობა არც კი იცოდა.
„დაკავებული ხელში კინაღამ მაშინ ჩამაკვდა, როცა პრაქტიკულად, ასპროცენტიანი სიზუსტით ვუთხარი, ქალი არ გღალატობდა-მეთქი. ექსპერტიზის დასკვნებიც კი ვაჩვენე, რომ ქალს ინტიმური კავშირი არ ჰქონია და საყვარლები რომ ყოფილიყვნენ, თვეში ერთხელ სტუმრად ჩასული კაცი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა“, - დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.
სასამართლომ დაკავებულს სასჯელის უმაღლესი ზომ მიუსაჯა, თუმცა განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ - პატიმარმა საკანშ თავი ჩამოიხრჩო.
ბათო ჯაფარიძე