მკვლელობა, რომელშიც შეყვარებული წყვილი და ავლაბრელი ქალი ფიგურირებს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს ასეა - მარკეტების უმრავლესობაში მარტივად შეგიძლიათ ეგზოტიკური ხილი შეიძინოთ და ბანანი, ანანასი, მანგო თუ ავოკადო დააგემოვნოთ. ადრე კი ასე არ იყო და დასახელებული ხილი ფუფუნებად ითვლებოდა, იშვიათად იყიდებოდა და თუ იყიდებოდა, ძირითადად რუსეთისა და უკრაინის დედაქალაქის უდიდეს მაღაზიებში. შესაბამისად, „აკრძალული ხილი“ ბევრისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და ფასიც ისეთი ჰქონდა, ყველა რომ ვერ იყიდდა...
თბილისის ზღვასთან მამაკაცის ცხედარი სათევზაოდ წასულმა პენსიონერმა იპოვა. თავიდან ეგონა, რომ მთვრალი კაცი ისვენებდა, რადგან სახე სხვა მხარეს ჰქონდა მიტრიალებული, მაგრამ როცა მეორე მხრიდან შეხედა, მიხვდა, გარდაცვლილი იყო. პენსიონერი ჭკუით მოიქცა, თავად კი არ წავიდა მილიციაში დასარეკად, არამედ, სხვა მეთევზე გაგზავნა, თვითონ კი ადგილსა და მიცვალებულს ყარაულობდა, შემთხვევით ვინმეს კვალი რომ არ წაეშალა... მიცვალებულთან ახლოს, მცირე ქვიშაში ფეხსაცმლის მკაფიო კვალი ჩანდა.
„გარდაცვლილი ფიზიკურად ძლიერი ჩანდა, ამიტომ, მისი მარტივად მოკვლა შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა ბრძოლის კვალიც არსად ჩანდა, შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გარდაცვლილმა მკვლელი ძალიან ახლოს მიუშვა, მან კი ამით ისარგებლა და კაცს თავში ქვა ჩაარტყა. ქვაც იქვე ეგდო, მაგრამ სამწუხაროდ, თითის ანაბეჭდები არ ჰქონდა, თუმცა ფეხსაცმლის კვალმა დაგვაინტერესა და მისი ყველა შესაძლო ნიმუში ავიღეთ“, - იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.
გარდაცვლილს ჯიბეშ საბუთები არ ედო, თუმცა მისი ვინაობა მალე დაადგინეს - ის ბათუმელი მეზღვაური იყო და რა უნდოდა თბილისში, არავინ იცოდა. მით უმეტეს, რომ ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, თბილისში ნათესავი არ ჰყავდათ და საერთოდ, არც კი იცოდნენ, მეზღვაურის გემი რეისიდან თუ დაბრუნდა. წესით, ის პორტში ორი კვირის შემდეგ უნდა შემოსულიყო.
„როგორც გვითხრეს, გემს რაღაც გაუფუჭდა, ამიტომ, ერთ-ერთ პორტში აღარ შევიდა და პირდაპირ აჭარისკენ აიღო გეზი, თუმცა საბოლოო ჯამში, ფოთში ჩამოდგა და არა - ბათუმში, იქ უნდა გაერემონტებინათ. გარდაცვლილი შინ არ მივიდა, პირდაპირ თბილისში გამოეშურა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. როგორც სასტუმროს მომსახურე პერსონალმა გვითხრა, მეზღვაური მათთან სამი დღის წინ დაბინავდა, ამ ხნის განმავლობაში სტუმრად არავინ მისულა, თავად კი საღამოობით მუდმივად გარეთ გადიოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვლილს ბანანი და ანანასი ჰქონდა ნაჭამი, ანანასის წვენი კი თმაზე, სახესა და ტანსაცმელზეც ეცხო, თითქოს ვიღაცამ ჭიქით შეასხა. სამართალდამცავები ახლო-მახლო რესტორნებს ეწვივნენ და დაინტერესდნენ, ვინ ყიდდა ანანასის წვენს. წვენი მხოლოდ ერთგან აღმოჩნდა და იქ დაადასტურეს, რომ მეზღვაური ვიღაც გოგონასთან ერთად იყო, შემდეგ მას ბიჭმა მოაკითხა, კამათი დაიწყეს და რესტორნიდან ერთად გავიდნენ. წვენიც სწორედ ბიჭმა შეასხა სახეში. ბიჭიც და გოგოც სამართალდამცავებმა მალე იპოვეს, მაგრამ ორივე ერთსა და იმავეს ამბობდა - მეზღვაურმა გოგონა გაიცნო, რესტორანში ანანასის წვენზე დაპატიჟა, ამ დროს შეყვარებულმა ფანჯრიდან დაინახა, მაგიდასთან მივიდა, სკანდალი ატეხა და წვენიც შეასხა. რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ კი, მეზღვაურმა ისეთი მოსდო ყბაში შეყვარებულს, ლამის მოკლა და ის საავადმყოფოშ წავიდა. გოგონაც მას გაჰყვა. წყვილის ვერსია ექიმებმა დაადასტურეს და თქვეს, რომ დილამდე ბიჭს აკვირდებოდნენ და ეჭვი ტვინის შერყევაზე ჰქონდათ.
ექსპერტიზის მორიგი დასკვნით, სასტუმროს იმ ნომრიდან ამოღებულ ორ ჩემოდანში, სადაც მეზღვაური იყო გაჩერებული, ბანანის და ანანასის შემადგენლობა იპოვეს, ანუ ჩემოდნებში ხილი იყო და ეს სიურპრიზი არავისთვის ყოფილა - მეზღვაურები სხვადასხვა ქვეყნიდან არამარტო ეგზოტიკურ ხილს ეზიდებოდნენ და ყიდდნენ.
„იმ ხალხის ძებნა დავიწყეთ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა და დღის ბოლოს განყოფილებაში ოთხი კაცი მეჯდა. უფრო სწორედ, სამი კაცი და ერთი ავლაბრელი სომეხი ქალი. დაკითხვაც ქალისგან დავიწყე და არ შევმცდარვარ. მან მაშინვე ამოიცნო გარდაცვლილი. ის საქმეში ახალბედა იყო, მეზღვაური შემთხვევით რამდენიმე თვის წინ გაიცნო, შეუთანხმდა და როგორც კი შანსი გამოჩნდა, ხილი იყიდა და ერთ საათში გაყიდა კიდეც, ანუ ამ ქალს რეალურად მოტივი არ ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გადამყიდველმა თქვა, ის იყო, რომ დაკავებული კაცებიდან ერთ-ერთი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ მეზღვაურზე, მაგრამ ქალმა უკეთესი ფასი შესთავაზა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
სანამ კაცის დაკითხვას აწარმოებდნენ, მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და სწორედ ის ფეხსაცმელი იქნა ნაპოვნი, რომლის კვალიც შემთხვევის ადგილზე იყო. იმის მიუხედავად, რომ ეს საკმარისი მტკიცებულება არ გახლდათ, გამოძიებამ სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი თანამშრომელი დაუპირისპირა დაკავებულს, რომელმაც ხმამაღლა და დაბეჯითებით თქვა, რომ ღამით თევზაობდა და სწორედ ეს კაცი დაინახა გარდაცვლილი მეზღვაურის გვერდით. მასაც აღიარების გარდა არაფერი დარჩენოდა.
„ორი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი ხილი მე მქონდა, მაგრამ მერე ეს ქალი გამოტყვრა, მეტი შესთავაზა და იმ ჩემი ცოდვით სავსემ უარი მითხრა. რესტორნიდან რომ გამოვიდა და ვიღაც ბიჭს ხელი დაარტყა, შემთხვევით დავინახე, მანქანაში ჩავისვი, იქნებ მოვილაპარაკოთ-მეთქი, თან ზღვაში ქვებს ვისროდით, თან ვსაუბრობდით და შემაგინა. პატარა ქვის ნაცვლად, დიდი ქვა ავიღე და მოულოდენლად ჩავარტყი. მოკვლა არ მინდოდა, მაგრამ უხმოდ დაეცა და ადგილზე მოკვდა“, - აღიარა დაკავებულმა.
სპეკულიანტობის ბრალდებით ყველა დაკავებულს სასამართლომ 2-2 წელი მიუსაჯა, მკვლელს კი განზრახ მკვლელობა არ დაუმტკიცდა და გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის 7 წელი მისცეს.
ბათო ჯაფარიძე