122 ახალი სტატია

ექსკლუზივი გლდანის ციხიდან - რატომ არიან პატიმრები ექიმების მიმართ აგრესიულად განწყობილნი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამას წინათაც დავწერეთ, რომ პენიტენციალურ დაწესებულებებში კორონავირუსის გამო, სერიოზული პრობლემებია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ყველაზე მეტი შემთხვევა გლდანის ციხეშია დაფიქსირებული. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ეს იმიტომ, რომ გლდანის ციხე გამტარია, ახლადდაკავებულები პირველად სწორედ იქ მიჰყავთ, გლდანიდან კი „ზონებში“ ანაწილებენ და მთავარი მიზეზიც ეგაა.
როგორც ერთ-ერთი პატიმრის დამ ჩვენთან საუბარში თქვა, ექიმები პატიმრებთან შესვლას ერიდებიან და ერიდებიან იმიტომ, რომ უყურადღებობის გამო, არაერთ პატიმარს სერიოზული აგრესია აქვს ყველას და ყველაფრის მიმართ. ადგილობრივი ექიმები კი არ არიან იმ კვალიფიკაციის, კორონას სიმპტომებსა და შემდეგ მკურნალობაზე ისაუბრონ. ამიტომაა, ბოლო დღეებში, პატიმრების ოჯახის წევრებმა ხმაური რომ დაიწყეს. ადმინისტრაციამ რაც გააკეთა ყველაზე ცუდი, ეს ტელეფონების გათიშვაა. აუკრძალეს პატიმრებს დარეკვა. არადა, როცა რეკავდნენ, უფრო მშვიდად იყო ყველა - ვიცოდით, რა სჭირდათ და რა სჭირდებოდათ, ახლა არაფერი ვიცით...
სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაამატეს 30-მდე მუხლი ამნისტიის იმ პროექტს, რომელიც ერთი შეხედვით, 200-მდე პატიმარს უნდა შეხებოდა და ახლა 1300-1400 პატიმარი დატოვებს საპყრობილეს. საზოგადოებაში გაურკვევლობას ის პუნქტი იწვევს, რომელიც სამუდამო მისჯილ პატიმრებს ვადას 20 წლამდე უმცირებს. ჯერჯერობით გარკვევით არ უთქვამთ, ამ 20 წლის ათვლა ამნისტიის მიღების დღიდან დაიწყება თუ მოხდილი სასჯელიც შევა ამ 20 წელიწადში?
თუ გახსოვთ, 2012 წელს მიღებული ფართომასშტაბიანი ამნისტია სამუდამო პატიმრობამისჯილებს არ შეეხო და მაშინ ეს უსამართლოდ შეფასდა, თუმცა ისიც ვთქვათ, რომ სამუდამო პატიმრობა ბევრს ისეთი დანაშაულების გამო აქვს მისჯილი, 20 წელი კი არა, მეორე სამუდამოც არ იქნება საკმარისი. დღეს პარლამენტი კანონს მესამე მოსმენით დააჩაქუჩებს და...
სტატისტიკის თანახმად, ამნისტირებული პირების 60% ციხეში თავისუფლებაზე გამოსვლიდან 2 თვეში ბრუნდება. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, გაგებით.

ბათო ჯაფარიძე