126 ახალი სტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 7 აგვისტოს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს.

1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს, პარკი „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 2 მოქალაქე დაჭრა. ამის შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს ამხილეს და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ ა.ა.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი მიმდინარე წლის 6 იანვარს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის 2 პისტოლეტი, "WEİHRAUCH MELLRİCHSTADT"-ის მოდელის რევოლვერი, 3 მჭიდი, 47 ვაზნა და 2 დანა.

ა.ა.-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.