კრიმინალი სანტა - რა მოხდა რკინიგზელთა კულტურის სახლში და რატომ არ დაიჭირეს ეჭვმიტანილი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალ წელს ბევრი ისეთი დანაშაული ხდება, რომელიც კონკრეტულად ამ დღეს უკავშირდება. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა თოვლის პაპის ფორმში გამოწყობილ ადამიანს ბინა დაუყაჩაღებია, ძარცვა ჩაუდენია, მაგრამ...

„ხომ წარმოგიდგენია, რა დამემართებოდა, როცა 2 იანვარს მინისტრის მოადგილემ დამირეკა და მითხრა, თბილისში, რკინიგზელთა სახლში მივსულიყავი. იქ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი უნდა გამართულიყო და თოვლის პაპას საჩუქრები დაერიგებინა, თუმცა საჩუქრები მოიპარეს. მინისტრის მოადგილემ მითხრა, შენზე მალე ამ საქმეს ვერავინ გახსნის, ქურდი არ მაინტერესებს, ბავშვებს საჩუქრები დაუბრუნეო. თავიდან ყველაფერი ხუმრობა მეგონა, მაგრამ როცა ადგილზე მივედი, მივხვდი, დაკარგული საჩუქრები სასწრაფოდ უნდა მეპოვა - 200-ზე მეტი ბავშვი ბოლო ხმაზე ტიროდა და საჩუქარს ითხოვდა. თოვლის პაპა ყურებჩამოყრილი იდგა, მშობლები განაწყენებული სახეებით იყურებოდნენ. პირველ რიგში ის მოვიკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა ახალი საჩუქრების მოტანა, რომ ბავშვები დაწყნარებულიყვნენ, მაგრამ ამას ერთი დღე სჭირდებოდა, რადგან დაფასოება დიდ დროს წაიღებდა. ორი უზარმაზარი ტომარა იყო გამქრალი და ერთადერთ იმედს ის იძლეოდა, რომ რკინიგზელთა სახლის დირექტორი ამბობდა, შენობიდან შეუმჩნევლად ვერ გაიტანდნენ, გარეთ მშობლები და ბავშვეი იდგნენ, აუცილებლად შეამჩნევდნენ, ნაწილ-ნაწილ გატანა კი გამორიცხული იყო, რადგან დანაკარგი მალე შენიშნეს და დირექტორმა იმდენი მოახერხა, თანამშრომლები გარეთ დააყენა და ყველას კონტროლი დაავალა“, - იხსენებს საახალწლო ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელიც მაშინ მკვლელობების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და ამ უცნაურ ქურდობაზე მხოლოდ გამოცდილებისა და გამომძიებლის იშვიათი ალღოს გამო გაუშვეს.

ორი ტომარა უზარმაზარი ნაძვის ხის უკან იყო დადებული. საჩუქრები თოვლის პაპამ და ფიფქიამ რეპეტიციის დროს ნახეს, შემდეგ სცენიდან გავიდნენ და ზუსტად ხუთ წუთში დამლაგებელმა ქალმა თქვა, რომ საჩუქრები გაქრა. სამართალდამცავებმა ქალი დაკითხეს, დამლაგებელი 60-ს გადაცილებული იყო და ბავშვებზე არანაკლებ წუხდა. ნახეს სცენის მუშებიც, მოკლედ, ყველა, ვისი დაკითხვაც შეიძლებოდა და ყველაფერი ეს ძალიან სწრაფ ტემპში ხდებოდა, რადგან ბავშვებს ვერ აჩერებდნენ.
„ჩემი შვილიშვილების დამსახურებით, ახლა ვიცი, რომ მაშინ გრინჩს ვეძებდი, ბოროტ კაცს, რომელმაც ბავშვებს ახალი წელი და ოცნება მოპარა. ყველა ძალიან გავბრაზდით, ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება, არ შეიძლება, ასეულობით ბავშვს ერთ დღეში ყველაფერი დაუმსხვრიო. რადაც უნდა დამჯდომოდა, საჩუქრები უნდა მეპოვა და შენობის ყველა კუთხე-კუნჭული დავათვალიერეთ. დირექტორმა კი მითხრა, აზრი არ აქვს, ჩემს თანამშრომლებს უკვე ყველაფერი შევამოწმებინეო, მაგრამ პირადად უნდა დავრწმუნებულიყავი. ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო და საგონებელში ჩავვარდით“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

ის იყო, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ მაძებარს ხელი უნდა ჩაექნია, რომ თანამშრომელმა უთხრა, ადრე სტუდენტურ თეატრში ვიყავი და ძალიან ბევრი ატრიბუტი სცენაზე ჭერიდან ჩამოდიოდა, ჭერში ცალკე სათავსო იყოო. სათავსოში ასვლა სამართალდამცავებს არ დასჭირვებიათ, სცენის მაღლა აიხედეს და ჭერში, ბოლომდე აწეულ თოკზე, ორი ტომარა დაინახეს. საჩუქრები ადგილზე იყო, წარმოდგენა დაიწყო, ბავშვებმა გაიხარეს, მაგრამ მთავარი კითხვა, ვინ იყო „გრინჩი“, უპასუხოდ რჩებოდა.

„ორივე ტომარა ძალიან მძიმე იყო. შესაბამისად, ის, ვინც მათ ჭერში ბოლომდე აწევდა, აუცილებლად კაცი უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, ძალაც ჰქონოდა. პარალელურად, მექანიზმის მიხედვით, თოკი ხელით უნდა აეწიათ და შემდეგ დაემაგრებინათ სამაგრზე. ამიტომ, ექსპერტს მამაკაცი თანამშრომლების ხელები დავათვალიერებინე და მან გამნათებელს დაადო ხელი, ეს იყოო. გამნათებელმა იუარა, თუმცა ვერ ახსნა, რატომ ჰქონდა ხელზე სისხლჩაქცევები“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
იმის გამო, რომ გამოძიებას პირდაპირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, თან ყველაფერი კარგად დასრულდა, გამნათებელი არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ რკინიგზელთა სახლიდან მეორე დღესვე წავიდა. განცხადება საკუთარი სურვილით დაწერაო, ასე ამბობდნენ.

პ.ს. სხვათა შორის, კრიმინალისკენ მიდრეკილი თოვლის პაპები ახლაც არიან. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დღეებია, იგივე სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა, რომ თბილისში თოვლის ბაბუების „მაფია“ მოქმედებს, ანუ როგორც ირკვევა, სანტას ფორმაში გადაცმული ადამიანები სახლის კარზე აკაკუნებენ, მასპინძელი თოვლის პაპას რომ ხედავს, კარს სიხარულით უღებს და... აი, სწორედ ამ დროს ირკვევა, რომ სანტა სინამდვილეში მოწყალების მთხოვნელია, რომელიც, თუ არ დაეხმარეთ, თურმე აგრესიული ხდება. ასე რომ, მართალია, ახალი წელი ოთხი დღის წინ მოვიდა, მაგრამ ძველით ახალი წელი, ასევე, შობაც წინაა. ჰოდა, მაინც იფრთხილეთ!

ბათო ჯაფარიძე