შვილის მკვლელი - რატომ აკმარეს მამას მხოლოდ 8-წლიანი პატიმრობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვერ გეტყვით, რამდენად კარგია, რომ დღეს მასწავლებლებს უფლებები ძალიან შეზღუდული აქვთ და საკმარისია, პედაგოგმა ხმას აუწიოს, მოსწავლეების უმრავლესობა ან არასამთავრობო ორგანიზაციაში რეკავს, ან მშობელთან ჩივის და მშობელიც საქმეში მთელი რესურსით ერევა. როგორც გვეუბნებიან, ეს ბავშვის დამოუკიდებლობისა და ფსიქოლოგიური მდგრადობისთვისაა საჭირო, თუმცა არ იყვნენ ჩვენს დროს არასამთავრობოები და მასწავლებლებიც ბევრად დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მოსწავლეების მხრიდან. შესაბამისად, თუ მასწავლებელი სკოლის დღიურში ჩაწერდა, რომ მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცეოდა, ან არ სწავლობდა, შინ კარგი დღე ნამდვილად არ ელოდა.


„შეტყობინება მოვიდა, ნაძალადევში, ბარაკებში მცხოვრები დამამთავრებელი კლასის მოსწავლე დაიკარგა. ის სახლში არ დაბრუნდა და მშობლები მაშინვე ჩვენ მოგვადგნენ. რა თქმა უნდა, ბავშვის დაკარგვა (მოსწავლე საბჭოთა კავშირში ყველა საზომით ბავშვი იყო და დამოუკიდებელი ცხოვრება არ ჰქონდა) სერიოზული საქმე გახლდათ. მაშინ არც სათვალთვალო კამერები არსებობდა, არც - მობილურები, ამიტომ, გოგონას სურათით ქალაქსა და სადგურებში ოპერმუშაკები გავიდნენ“, -იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი ბატონი თენგიზი.
მილიციას იმედი ჰქონდა, რომ გოგონა, უბრალოდ, გაიპარა და შინ შიშის გამო არ დაბრუნდა. როგორც გაირკვა, იმ დღეს მასწავლებელმა დაინახა, თუ როგორ კოცნიდა გოგო თანაკლასელს, შესაბამისად, ყველაფერი ეს დღიურში ჩაუწიკწიკა და მოითხოვა, ხვალ რომ მოხვალ, ამ ჩანაწერის ქვეშ მამის ხელმოწერა იყოსო. მამა კი გოგოს ძალიან მკაცრი ჰყავდა და ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ის შიშის გამო არ გამოჩნდა სახლში. ბოლოს, ის მეგობარმა ნახა. სკოლიდან გამოსული გოგო თანაკლასელთან ერთად გაჩერებაზე ავტობუსს ელოდა, ამ დროს ავტომობილი გაჩერდა, მანქანიდან თავი შუახნის მამაკაცმა გამოჰყო და გოგონებს უთხრა, დაბრძანდით, სადაც მეტყვით, იქ მიგიყვანთო. დაკარგული ჩაჯდა, მეორეს - შეეშინდა და გარდა იმისა, რომ მხოლოდ მანქანის ფერი დაიმახსოვრა, მეტი ვერაფერი თქვა.


„მხოლოდ მანქანის ფერით ავტომობილის ძებნა წარმოუდგენელი იყო. იმის მიუხედავად, რომ არ არსებობდა მობილური, თბილისში ახალგაზრდა გოგოს დაკარგვის შესახებ ხმა მალე გავრცელდა და ისიც ითქვა, ვიღაც კაცმა მანქანით წაიყვანაო. მეორე დღეს ეს კაცი განყოფიულებაში თავის ფეხით მოვიდა, ვიღაც კი არა, მე წავიყვანე. ორი წლის წინ, შვილი დამეღუპა, ისიც სკოლის მოსწავლე და მას შემდეგ, სადაც სკოლის მოსწავლეებს ვხედავ, მანქანას ვუჩერებ და პატარა ბავშვივით ვემსახურებიო“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.
მძღოლის მონაყოლით, გოგონა რუსთაველის ძეგლთან ჩამოვიდა, ანუ სწორედ იქ სთხოვა წაყვანა. სანამ კაცს განყოფილებაში ჰკითხავდნენ, ვიღაც „კეთლისმყოფელმა“ გოგონას მშობლებს უთხრა, რომ მილიციას ეჭვმიტანილი ჰყავდა დაკითხვაზე და განყოფილებას არამარტო მშობლები, არამედ, რამდენიმე ათეული ადამიანი მიადგა და მის დასჯას ითხოვდა. ამ არეულობაში, გოოგნას დედა ავტომობილს ეცა, შუშა ჩაამტვრია, კარი გააღო, თითქოს სალონში რაიმეს გატეხვა სურდა და ბოლო ხმაზე იყვირა:
- ეს არის მკვლელი, აგერ, ჩემი შვილის თმის სამაგრი!
რა თქმა უნდა, ხმაურზე სამართალდამცავები გარეთ გამოვიდნენ. მანქანაში აღმოჩენილი თმის სამაგრის დანახვაზე მძღოლი გაოცდა, პირველად ვხედავ, შესაძლოა, ეკეთა კიდეც იმ ბავშვს და შემთხვევით მოსძვრა, მე ნამდვილად არ მომიხსნიაო, მაგრამ მას უკვე აღარავინ უსმენდა - ის იყო მთავარი ეჭვმიტანილი, არსებობდა არაპირდაპირი, მაგრამ მაინც ნივთმტკიცება და მილიციაში თავის ფეხით მისული კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში შეაგდეს.
საღამოს, განყოფილებაში იმავე სკოლის სხვა მასწავლებელი მივიდა და ფოტოები მიიტანა. იმ დღეს, როცა გოგონა დაიკარგა, რუსთაველის ძეგლთან ბავშვები ჰყავდა წაყვანილი, სურათები გადაუღო და კადრში ის დაკარგული გოგონაც მოხვდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მძღოლი არ ტყუოდა, გოგონა ნამდვილად რუსთაველის ძეგლთან მიიყვანა, თუმცა...
„რადგან გოგონა უკანა კადრზე იყო და შორს იდგა, სურათები გამადიდებელი ლუპით დავათვალიერე და მოულოდნელობისგან ლამის ვიყვირე - ორ სურათში გოგო ზურგით იდგა და ორივე შემთხვევაში თმაზე ის სამაგრი ეკეთა, რომელიც მძღოლის მანქანაში დედამ იპოვა. რა გამოდიოდა? კაცმა გოგონა მიიყვანა, მერე ისევ ავტომანქანაშ ჩასვა და სამაგრიც ამის შემდეგ მოსძვრა? მაგრამ, ჩვენ დაკავებულის იმ დღის მარშრუტი წუთობრივად გვქონდა შესწავლილი და გოგონას ძეგლთან დატოვების შემდეგ, ის, დაახლოებით, 20 კაცთან ერთად, რომელიღაც ღონისძიებაზე იყო და მუდმივად თვალთახედვის არეში, ანუ ვეღარ შეძლებდა გოგონას წამოყვანას. მაშ, როგორ მოხვდა სამაგრი მანქანაში მაშინ, როცა გოგონას ის სურათებში თმაზე ეკეთა? ეს იყო კითხვა, რომელზე პასუხიც საიდუმლოს ფარდას ახდიდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.


ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, დაკარგული გოგონას სახლი გაეჩხრიკათ. ეს კი იმიტომ გადაწყდა, რომ დაკავებულის მანქანის საქარე მინა დედამ ჩაამტვრია, თმის სამაგრიც მან იპოვა და თუ ვინმეს შეეძლო მისი იქ დაგდება, ეს, პირველ რიგში, დედა იყო. ჩხრეკამ შედეგი გამოიღო, სამართალდამცავებმა სარდაფში მიწის ახალ გროვას მიაგნეს და ცოტა ხანში გოგონას გვამიც იპოვეს. მშობლები მაშინვე დააკავეს და დანაშაული არც მათ დაუმალავთ.
„როცა შვილი შინ ბრუნდებოდა, მის დღიურს მუდმივად ვამოწმებდი. ასე იყო იმ დღესაც და როცა წავიკითხე, რომ ვიღაცისთვის უკოცნია, ხელი შემოვარტყი, ვერ მოვზომე, ძლიერად მომივიდა. შვილი წაიქცა და საფეთქელი კედლის კუთხეს მიარტყა. ერთიც არ დაუკვნესია, ისე გათავდა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დამარხვა და დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებაც. თმის სამაგრიც იმ კაცს სპეციალურად შევუგდეთ მანქანაში“, - ეს არის ამონარიდი მამის ჩვენებიდან.
გაგიკვირდებათ და, სასამართლომ გოგონას მკვლელობა გაუფრთხილებლობის მუხლით ჩაატარა და მამას 8 წელი აკმარა, დედას კი დანაშაულის დაფარვისთვის სამი წლით პირობითი სასჯელი მისცეს. როგორც მაშინ ამბობდნენ, სასამართლო ასე იმიტომ მოიქცა, რომ ორივეს დაპატიმრების შემთხვევაში, ორი მცირეწლოვანი უპატრონოდ რჩებოდა.
ბათო ჯაფარიძე