"დანით მოკლეს, გვამი კი დაწვეს" - საფრანგეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის საქმის ექსკლუზიური დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი უჩინარდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უდიდეს ნაწილს პოულობენ, თუმცა საკმაოდ სოლიდური ნაწილის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. მეტიც, არცთუ იშვიათად, ვერავინ ხვდება, რატომ და რისთვის გაქრა ადამიანი, რომელიც ხელს თითქოს არავის უშლიდა და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოქალაქე იყო. ხშირად, ადამიანებს (განსაკუთრებით, ბავშვებს) გამოსასყიდის მიღების მიზნით იტაცებენ, თუმცა... რამდენიმე წლის წინ, საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ სპორტული დირექტორის გოგონა გაიტაცეს და ყველას ეგონა, რომ ის გამოსასყიდის მიღების მიზნით წაიყვანეს. კლუბის მაშინდელმა მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა სატელევიზიო მიმართვაც კი გაავრცელა და აღნიშნა, რომ 8 წლის ბავშვის სანაცვლოდ, ნებისმიერ თანხას გადაიხდიდა, თუმცა გოგონა დღემდე დაკარგულად ითვლება - მის სანაცვლოდ, ფული არავის მოუთხოვია.

 

გასულ კვირას, საფრანგეთში, ელბრუს გარაჯაევის გვამი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქე გახლდათ და ოჯახი მის მონახვას ათი თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ. როგორც დაკარგულის დედა ამბობდა, მისი შვილი ძმასთან ერთად საუზმობდა, რა დროსაც ტელეფონზე დაურეკეს. ელბრუსი სახლიდან გავიდა, თქვა, რომ 5 წუთში დაბრუნდებოდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. დაკარგულს, ძმასთან ერთად, სახლში ორსული ცოლი და სამი წლის შვილი ელოდა. როგორც გვიყვებიან, გაუჩინარებიდან სამ დღეში, ძმამ ტელეფონზე შეტყობინება მიიღო. მესიჯში ეწერა, რომ ეს მისი ძმა იყო, რომელიც სახლში მალე დაბრუნდებოდა და ოჯახს პოლიციაში არ უნდა განეცხადებინა. ძმები საფრანგეთში ფიზიკურად, მშენებლობაზე მუშაობდნენ, კრიმინალი არ ჩაუდენიათ და მესიჯის მიღების მიუხედავად, გაუჩინარების შესახებ, ძმამ სამართალდამცავებს შეატყობინა. მეტიც, მან პირველივე დღეს მიმართა პოლიციას, მაგრამ კანონის მიხედვით, ძებნის დაწყება მხოლოდ სამი დღის გასვლის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი და ძმამ ძებნა დააწყებინა.

ჩვენს ხელთ არსებული დაზუსტებული ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საფრანგეთში საქართველოს შსს-ს ატაშე. დაკარგულს ეძებდნენ ყველგან, დაკითხეს უამრავი ადამიანი, მაგრამ არავინ იცოდა, სად გაქრა 30 წლის მამაკაცი. რაც მთავარია, ის სახლიდან მანქანით გავიდა და გამქრალი იყო ავტომობილიც, რომელსაც პოლიციამ ვერ მიაგნო. გაჩნდა ვერსია, რომ დაკარგულ მამაკაცს, შესაძლოა, საფრანგეთიდან შვეიცარიაში არალეგალები გადაეყვანა (ან პირიქით). ასეთი საქმით არაერთი ადამიანია დაკავებული, თუმცა ეს განსაკუთრებით პოლონეთი-გერმანიის საზღვარზე ხდება და საფრანგეთიდან შვეიცარიაში გადასვლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვე გავიდა, ოჯახი დანებებას არ აპირებდა. ყველაზე მეტად კი დედა აქტიურობდა, რომელიც საქართველოდან აზერბაიჯანში გადავიდა და იქ სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. გადაცემა დაკარგულ ადამიანებს ეძღვნება, ზოგი მეგობარს ეძებს, ზოგი ოჯახის გაშვილებულ წევრს, ზოგიც დაკარგულს და ელბრუს გარაჯაევის დედაც თავის შვილზე მოჰყვა. ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძების პროცესში აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც ჩაერთნენ. მეტიც, ისინი საფრანგეთის ქალაქ ნანტში ჩავიდნენ და დეტალურად შეისწავლეს მომხდარი, იქაური პოლიციაც შეაწუხეს და... დაზუსტებით არავინ ამბობს, ვინ ვისზე მიიტანა ეჭვი, მაგრამ სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს, საიდანაც სამი - საფრანგეთის მოქალაქეა, ერთი - გერმანიის, ერთი - რუსეთის და ერთიც - საქართველოსი. იმასაც ამბობენ, რომ გარაჯაევის მკვლელობის შესახებ იცოდა მისმა მეუღლემაც, თუმცა არაფერს ამბობდა. მეტიც, ისიც ითქვა, რომ მკვლელობა სწორედ ცოლმა შეუკვეთა და 22 წლის საყვარლის ხელით განახორციელა კიდეც. დაკავებულები საფრანგეთის მოქალაქეები კი არიან, მაგრამ როგორც ადგილობრივი პოლიცია ამბობს, ისინი ეთნიკური ფრანგები არ გახლავთ, ორი მათგანი ალბანელია და ერთიც ბოშა, ბოშაა გერმანიის მოქალაქეც.

როგორც საფრანგეთის პოლიცია ამბობს, ელბრულს გარაჯაევი დაკარგვის დღესვე დანით მოკლეს (მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული), ის ავტომობილთან ერთად დაწვეს, ძვლები კი დამარხეს. დაკარგულის ძვლების ადგილსამყოფელი ერთ-ერთმა დაკავებულმა მიუთითა პოლიციას. ყველა მათგანს საფრანგეთის კანონმდებლობით გაასამართლებენ. ჯერჯერობით, დაკავებული არ არის გარდაცვლილის მეუღლე, თუმცა ფრანგულ პოლიციას კითხვები მასთანაც აქვს.

 

რუსეთის პოლიცია ქართველ „ჭინკას“ ეძებს

„კანონიერი ქურდი“, გიორგი მანუკიანი (მეტსახელად, „ჟორა თბილისკი“ და „ჭინკა“) რუსი სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 1993 წელს, „კანონიერი ქურდის“ ტიტული პირადად ასლან უსოიანმა („დედ ჰასანი“) უბოძა. უსოიანი ქურდის გვირგვინს ტყუილად რომ არავის დაადგამდა, ყველამ იცოდა და ამიტომ, ძალოვნებმა მანუკიანი კონტროლზე აიყვანეს, თუმცა მოგეხსენებათ, 90-იანი წლები, პოსტ-საბჭოთა სივრცეში კრიმინალების რენესანსის ხანა იყო და ამიტომ, მანუკიანსაც პრობლემები არ ექმნებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ძალოვნებმა სულ უფრო ნაკლებად დაიწყეს გავლენიანი კრიმინალების გათვალისწინება, პრობლემები „ჭინკასაც“ შეექმნა, რომელსაც სამართავად, ლამის, მთელი კრასნოდარის ოლქი ებარა.

ის რუსმა სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს, როცა ერთ-ერთმა მოქალაქემ უჩივლა, მილიონ რუბლს მძალავდაო. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი სამართალდამცავების მოფიქრებული იყო, თუმცა სასამართლომ მაშინ მანუკიანს 8-წლიანი სასჯელი მიუსაჯა. ადვოკატები არ დანებდნენ, აპელაცია შეიტანეს, საბოლოოდ, 2020 წელს, მანუკიანს ყველა ბრალდება მოეხსნა და იგი გაათავისუფლეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი გააჩაღა, „კანონიერი ქურდებისთვის“ ნაკლებად სცხელა. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ არაერთ კრიმინალს რუსები ბრძოლის ველზე მიერეკებიან და ამ ყველაფერში ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ხელიც ურევიაო. თუმცა, როგორც ჩანს, მანუკიანთან რაღაცაზე შეთანხმება ვერ მოხდა, ან ის, უბრალოდ, ხელს უშლიდა ადგილობრივ სამართალდამცავებს და მასზე ძებნა გამოაცხადეს. მეტიც, დაუსწრებლად სასამართლოც კი გაიმართა და მანუკიანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალად კი „ჭინკას“ კრიმინალურ სამყაროში უმაღლესი იერარქიული საფეხურის დაკავება ანუ „კანონიერი ქურდობა“ წარუდგინეს.

როგორც იქაური მედია იუწყება, მანუკიანის ძებნა იმდენად აქტიურად დაიწყეს, რომ მას ორიოდ კვირაში, აუცილებლად დააკავებენ. მისი ფოტო არა მარტო ყველა პოლიციის განყოფილებაშია გამოკრული, არამედ, მისი სახე ყველა მეეზოვემაც კი იცის. თუ უახლოეს ორ კვირაში ვერ იპოვნიან, სამართალდამცავები მისი ადგილსამყოფელის გამხელისთვის ჯილდოს დააწესებენ.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე